როგორც იქნა, მაიმუნის წელი მიილია და, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2017 წელი ცეცხლოვანი, წითელი მამლის წელია. ასტროლოგები ამბობენ, რომ მეომარი, მებრძოლი, რევოლუციონერი და ამაყი მამალი თავის კვალს დატოვებს და ქვეყანაში რადიკალურ ცვლილებებს მოიტანს. მათივე ვარაუდით, წლის პირველი ნახევარი რთული, მეორე კი შედარებით უკეთესი იქნება.
კარგია, თუ ეს პროგნოზი ახდება და „უკეთესი“ ისეთივე შინაარსის არ იქნება, როგორიც საქართველოს არაფორმალური მმართველის _ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამ „უკეთეს წელიწადში“ იყო.
ჩვენ კი ერთად გადავავლოთ თვალი, რით იყო დასამახსოვრებელი 2016 წელი, რომელი ფრაზა, რეპლიკა, გამოსვლა დაგვამახსოვრდა ყველაზე მეტად ამ წელს და რატომ? როგორც უკვე მიხვდებოდით, ძირითადად, პარტიის ლიდერების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების პოლიტიკურ-სოციალური „გამოხტომების“ გახსენებით შემოვიფარგლებით და იმის მიუხედავად, რომ ამ მხრივ წლის ბოლო მონაკვეთი ყველაზე უხვკურიოზიან-ჰიტებიანი იყო, ქრონოლოგიას დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ და, იმის მიუხედავად, რომ წლის „ჩემპიონი“, ალბათ, დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობილი ფრაზაა, მოდით, სულაც, ალექსანდრე ჯეჯელავასგან დავიწყოთ.
ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონს ნიუტონი არ ეთანხმება
განათლების მინისტრად წელს მოვლენილმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მაშინვე დაგვამახსოვრა თავი. კაცმა რომ თქვას, ის ადრეც გვახსოვდა _ როგორც ტრენერი. ჯეჯელავა ამ ამპლუაშიც ფრიად საინტერესო ფრაზებს ისროდა, მაგრამ როცა მის საქმიანობას საზოგადოებრივ ასპარეზზე უფრო მეტი გასაქანი მიეცა, მისი ფრაზებიც უფრო აქტუალური გახდა.
ყველაზე აღსანიშნავი და დასამახსოვრებელი, ალბათ, ის პრეტენზიები იყო, რაც ჯეჯელავას კომბლესთან ჰქონდა.
„კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა“, _ მინისტრის ამ ფრაზამ კომბლეს მიმართ იმდენად სოლიდარულად განაწყო საქართველოს ინტერნეტმომხმარებლები, რომ ჰეშთეგიც კი გაჩნდა: „მე კომბლე ვარ!“
როგორც აღმოჩნდა, მინისტრს კომბლესთან ორი პრეტენზია ჰქონდა: ის, რომ ორი ცხვარი ჰყავდა (ანუ ცუდი მეცხვარე იყო) და ის, რომ ცხვრებს კი არ უვლის, კომბლებს თლის:
„ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია“.
ჯეჯელავას უცნაური და დასამახსოვრებელი ფრაზები კომბლეს ათვალწუნებით არ შემოფარგლულა. მან საზეპიროების წინააღმდეგაც გაილაშქრა, სკოლაც გააკრიტიკა და არც ფიზიკის მიმართ დამოკიდებულება დაუმალავს:
„ბავშვმა თუ იცის ფიზიკა, მაგრამ ვერ იტანს მეზობელს, რა არის ამაში მოსაწონი“, _ კვირის პალიტრა, 28 ნოემბერი;
„გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონს ნიუტონი არ ეთანხმება“, _ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, 26 სექტემბერი, 2016.
„თამადაც ვიყავი და იქაც არ გამომადგა ლექსები და საზეპიროები“, _ გადაცემა იმედის დროში, 14 ნოემბერი;
„ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებს ბავშვს სწავლას“, _ ეს კი მინისტრმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე, 31 ოქტომბერს განაცხადა.
ფრაზების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, რადგან ჯეჯელავა ის ულევი საბადოა, რომელსაც ვერასდროს ამოხაპავ, მაგრამ, ამჯერად, აქ გავჩერდეთ და სხვას დავუთმოთ ასპარეზი.
წინა ხელისუფლების დროს საწვავი დოლარნახევარი ღირდა, ახლა კი 70 ცენტი ღირს
ლარის გაუფასურებამ რომ საწვავზე და პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია, 2016 წელს განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა. ამან ხელისუფლების პოზიციის დამცველებს იმდენად აურია თავგზა, იმდენად მოინდომეს „გაპრავება“, რომ ყველაფერი მარაზმში გადაიზარდა. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ ძალიან მოინდომა და ასეთი სისულელე გამოუვიდა:
„როცა ჩვენი ოპონენტები იყვნენ ხელისუფლებაში, საწვავი დოლარნახევარი ღირდა, დღეს ბენზინი 70-ცენტი ღირს _ სწორედ ეს იყო ჯიბეში ხელის ჩაყოფა...“
ზოგადად, ლარზე, ლარის კურსზე, სოციალურ ყოფაზე პოლიტიკოსების, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები რომ აკინძო, ცალკე წიგნადაც კი გამოსცემ. რასაკვირველია, ყველას ვერ გავწვდებით, მაგრამ მაინც გავიხსენოთ ეს შედევრები, რომელთა შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიმიტრი ქუმსიშვილის სპიჩი ლიდერობას არ თმობს და, სავარაუდოდ, არც მომავალ წელს დათმობს:
დიმიტრი ქუმსიშვილს აჟრიალებს
დილით ბავშვებისთვის სუვენირების შეძენა მოვინდომე. ბრჭყვიალა ქვა _ კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, 20 ლარი ღირდა. 20 ლარი ღირს ხელით გამოთლილი პატარა სვანური კოშკი. მყავს სამი შვილი. ამოვიღე ჯიბიდან ფული, რომ მათთვის მეყიდა და ძალიან გამიხარდა: როდესაც მე ქალბატონს 100-ლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ბღუჯა ამოიღო. ქალბატონო ადა, ამოიღო ფულის ბღუჯა!
ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლით, ოღონდ ეს სხვანაირად არ კეთდება. ეს თავისით არ ხდება...“
ჰეჯირებული და არაჰეჯირებული
აგერ, ახალახან იყო, ის ბრძენი კაცი პირადი ბანკირის აყვანას გვირჩევდა იმისთვის, რომ ლარის კურსის ცვლილების გამო არ გვეზარალა. ამან გადაიარა და ახლა პირველი ვიცეპრემიერი მოგვადგა, _ თქვენო, არაფერიც არ იცით საბანკო სექტორში, სესხი რომ აიღეთ, უნდა დაგეჰეჯირებინათ და ეგრე რომ არ ჰქენით, სულ თქვენი ფინანსური ცოდნის სიმწირის ბრალიაო...
„მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდა უცხოურ ვალუტაში და მათი ფინანსური ცოდნის სიმწირის გამო მათ არ შეეძლოთ დაეჰეჯირებინათ აღნიშნული ტრანზაქციები...“.
„არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგადაა“
„ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება!“ _ ეს უკვდავი ფრაზა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი თაბუაშვილს ეკუთვნის და ჟურნალისტს ისე უთხრა, რომ კომენტარზე არც კი გაჩერებულა.
ტაძართან მიმავალი ბიუჯეტი
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, კი ის ადამიანი არ გახლავთ, ვინც კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, მაგრამ ის კი ნამდვილად გახლავთ, ვინც კოჭებში ატყობს ხოლმე ბიუჯეტს, საით მიდის. მაგალითად, 2017 წლის ბიუჯეტს დააკვირდა, დააკვირდა და დაასკვნა, რომ ის ტაძრისკენ მიემართება:
„ეს ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტია, იმისთვის, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ამ თემებზე, რასაც ლარის დევალვაცია ჰქვია, საერთოდ აღარ გვქონდეს ლაპარაკი. 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ“.
პლაგიატი ამერიკელები
ამერიკელები რომ უცნაური ხალხია, 2016 წელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ქართველობა რომ ვერ წაგვართვეს, ახლა მოგვდგნენ და ეკონომიკურ პროგრამებს ჰპარავენ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს. ასე მაგალითად, 2016 წელს „ქართული ოცნება“, არც მეტი, არც ნაკლები, ინტელექტუალურად დააყაჩაღეს და ეკონომიკური განვითარების პროგრამა სიტყვა სიტყვით გადაწერეს. მაგრამ „ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე რა დეპუტატი იქნებოდა, ამერიკელები არ ემხილებინა:
„შეერთებული შტატების პროგრამა ეკონომიკური განვითარების და წახალისების, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი“, _ თქვა მან. ახლა ველოდებით, როდის შერცხვება ნამოქმედარის აშშ-ს და როდის გაავრცელებს ბოდიშის ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩვენ კი ამის შესახებ როდის გვაცნობებს დათო ნიკურაძე...
„ჩემ ირგვლივ ვინცაა, ყველა კარგადაა“
ერთი ტელევიზიაა ამ ქვეყანაში, ლამის, ყველაფერზე სასაუბროდ გურანდა გაბუნიას იწვევს ხოლმე. ისიც დაუზარლად პასუხობს გლობალურ თუ ლოკალურ პრობლემებზე. ერთხელაც, წამყვანმა ლარის კურსზე ჰკითხა და ამ სელებრითმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, _ რა გაუფასურება, რის გაუფასურებაო. წამყვანი უხერხულად შეიშმუშნა და ბოლოს უთხრა, _ თქვენ გარშემო ხომ არიან ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა შეეხო, მათაც რომ ჰკითხოთო? _ ვკითხეო, _ გურანდა გაბუნიამ უპასუხა, _ განა არ ვკითხეო? ჰოდა, ვინც ჩემ ირგვლივ და გარშემოა, ყველა კარგადააო.
„მე რატომ მეკითხებით, მე რა ვიცი, პოლიტიკოსი კი არ ვარ. ჩემ ირგვლივ ვინც ცხოვრობს, ისინი კარგად არიან. წადით თეატრში და გაიგეთ, რამდენი მაქვს ხელფასი და ყველაფერს გაიგებთ, როგორ ვცხოვრობ, როგორ ვარ, არტისტები როგორ ცხოვრობენ. მაღაზიაში შევედი, წამლები ვიყიდე, იმავე ფასში ვიყიდე წამლები. ჩემთვის კი ვიფიქრე, სულ იძახიან, რომ რაღაც გაძვირდა... აბა, გაძვირების გარეშე არაფერი არ ხდება ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში...“
თქვენი არ ვიცი და ამაზე მე ერთი საბჭოთა ანეკდოტი გამახსენდა: ხელისუფლების წარმომადგენელი გადაჭედილ დარბაზში გამოდის, ადგილები სულ მუშებს აქვთ დაკავებული. მიჰყვა, მოჰყვა და ბოლოს ამბობს ფრაზას: „ხვალ ჩვენ უკეთ ვიცხოვრებთ, ვიდრე ვცხოვრობთ დღეს!“ _ და ამ დროს დარბაზის შუაგულიდან ისმის წამოკნავლებასავით ხმა: „თქვენ კი იცხოვრებთ, მაგრამ ჩვენ?“
და კიდევ იცით, რა გამახსენდა? ეს ქალბატონი, გურანდა გაბუნია, როცა თეატრიდან გამოსული, როცა ერთ ქუჩაში მზესუმზირის გამყიდველ ქალს შეეკამათა, ამ ხელისუფლებას რატომ იწუნებო, იმან უპასუხა: შენ, ალბათ, ბევრი ფული მოგცა ივანიშვილმა, კმაყოფილიც ამიტომ ხარო...
„ლარი რომ კუპონად გადაიქცა, ამის სუპერსათავეში ივანიშვილი დგას“
შალვა ნათელაშვილმა არც წელს უღალატა ტრადიციას და დიდებული მარგალიტები დაგვიტოვა. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ როგორც წინა წლებში, ის წელსაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიურობით გამოირჩეოდა:
„ივანიშვილისთვის, პრემიერისთვის, კალაძისთვის, ქუმსიშვილისთვის, მთელი ამ ბანდისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან კარგი, ჩვენს ხარჯზე მილიონები იშოვეს, მაგრამ ჩვენი ხალხისთვის, თუ ესენი დარჩებიან, ღმერთმა ნუ ქნას, კარგი კი არ იქნება, ქვეყნის პოლიტიკური რუკიდან გაქრობის წელი იქნება. ლარი რომ კუპონად გადაიქცა, ამის სუპერსათავეში ივანიშვილი დგას“, _ თქვა მან „იბერიის“ ეთერში.
„უკრაინის მერე რუსეთს მივხედავ“
წლის ფრაზები, აბა, რის წლის ფრაზები იქნება, თუ შიგ ერთი მაინც მიხეილ სააკაშვილისა არ ურევია. ბოლო დროს მისივე პარტიის წევრების მიერ შერისხული და დაბალრეიტინგიანად გამოცხადებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში წლის პოლიტიკოსად დაასახელეს, ხოლო მისი ფრაზა, პენსიის ასაკი რომ მომიწევს, რუსეთს უნდა მივხედოო, უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლებისთვის ჰიტადაა ქცეული:
„არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას, რუსეთს მივხედავ, იმათაც უნდათ დახმარება, არა? უკრაინას შევუერთებთ, ცივილიზაციას შევიტანთ. სახელს გადავარქმევთ და Новороссия-ს დავარქმევთ“.
რასაკვირველია, სტატიის ფორმატში ყველა საინტერესო, აქტუალური, თავზარდამცემი, ან ღიმილისმომგვრელი ფრაზა ვერ ჩავატიეთ. იმედია, პოლიტიკოსები, სელებრითები, ჩემი კოლეგები და, თუნდაც, ქუჩაში გამვლელი მოქალაქეები არც ცეცხლოვანი მამლის წელიწადს დაიზარებენ და მარგალიტებს დაყრიან, ჩვენ კი ისინი მომავალი წლის ბოლოს ავკრიფოთ.
მე შენ გეტყვი და, გაგვიჭირდება ან დაყრა, ან აკრეფა. ახალ წელს გილოცავთ და მხიარულ, შინაარსიან წელიწადს გისურვებთ!..
ლაშა ბერულავა