QronikaPlus
სოსოს რეკვიემი

სოსოს რეკვიემი

2017-01-11 10:04:04

წინასიტყვაობის ნაცვლად აკაკის ლექსი-იგავი: „ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: იმ უსამართლო ბუნებამ თაგვად რად გამაჩინაო? მე სხვაგან ყოფნა მინდოდა, მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!“ სიტყვა ჰოროსკოპი, შეიძლება, ითარგმნოს, როგორც „ვაკვირდები საათს“. ასტროლოგია კაცობრიობის ყველაზე ძველი მეცნიერებაა. ხშირად ცხოვრება თავად გვაძლევს მინიშნებებს _ ზოგიერთს თვითონ ვხედავთ, ზოგიერთს კი ყურადღებას არ ვაქცევთ. რომ იცოდეთ, რას გიმზადებთ ბედი, ალბათ, ნაკლებს ინერვიულებდით მიზეზიანად თუ უმიზეზოდ. და რადგან 2016 წლის გაზეთის ეს ნომერი ბოლოა, ამით დავასრულებთ მაიმუნის წელიწადს, სამაგიეროდ, ერთმანეთს უკვე მამლის წელიწადში შევხვდებით... ამიტომ გადავწყვიტე, წლის ბოლოს ნომერში ცოტა მეც მემაიმუნა და ჩვენი სოსოს ჰოროსკოპს გადავხედე. გადავხედე და რა გავიგე, ჰოი, საოცრებავ! _ ჩვენი სოსო ჰოროსკოპით ვირთხა ყოფილა... ვირთხაზე კი ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ: იგი ყოველთვის გონივრულად და დინჯად ეკიდება გარშემო ატეხილ აურზაურს, ზის თავის ბუნაგში. მომავალ წელს ქარიშხლის მძვინვარებაა მოსალოდნელი, რაც ვირთხის გარემოზეც აისახება. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იუწყება, ცეცხლოვანი მამლის წელიწადში: „სიფრთხილე და წინდახედულობა ვირთხის წელიწადში დაბადებულებს განსაკუთრებით მართებთ“. ეს უნდოდა კიდევ ამ ზემო მაჩხაანელ ბიჭს, ჯერ წელიწადიც არ დაწყებულა და მას ვარსკვლავები არ სწყალობენ... სჯერა თუ არა სოსოს ჰოროსკოპის, ეს უცნობია, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რომ ასტროლოგია და ზოდიაქო სარწმუნოა, ეს ყველამ ვიცით. იმის გარდა, რომ გოგაშვილი წლის  ჰოროსკოპით ვირთხაა, თვეების მიხედვით სოსო კურო ბრძანდება. აქ კი ასტროლოგია კიდევ ერთხელ ახსენებს: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან კარგი ინჟინრები, ექიმები, მუსიკის მასწავლებლები და რაც მთავარია, სოფლის მეურნეობის მუშაკები. თუ „ანტრიკოდა“ თავის მომავალს გადახედავს, წესით, უნდა მიხვდეს, რომ დრო მოვიდა, სოფელში დაბრუნდეს და დაჟანგებული ვაზის სასხლავი დაძებნოს, აგერ, ზამთარიც ჩაივლის, მოვა თებერვალი, ვენახს გასხვლა უნდა. სახელმწიფოს დიდად არ არგო, მაგრამ სახელმწიფო კი გამოადგა სუს-ის შვებულებაში გასულ გომელაურის მოადგილეს... სოსოს კარიერა ზენიტში სწორედ მაიმუნის წელიწადში ავიდა, მაგრამ რადგან მაიმუნი მაიმუნია, წელიც მაიმუნივით დაუსრულდა და ოჯახშიც დაბრუნდა. გამაიმუნებულ მეფის ტოლა კაცს აქეთ-იქიდან ორ-ორი მოადგილე დაუსვა გომელაურმა, დეპარტამენტებთან წვდომა შეუზღუდა და ქიზიყელი ბიჭი გააბრაზა... ახლა კი იმ ნაწილზე გადავიდეთ, სადაც არ ვიმაიმუნებ და მოვყვები ამბავს პაატასა და სოსოს შერკინებისა...   სოსო და პაატა   ამბის მოყოლამდე მადლობას ვუხდი სუს-ის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ასე უანგაროდ, გულით და სულით, იშრომა ჩემთან ერთად, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, ვინ იყო სოსო... _ გარკვეული პერიოდის წინ სუს-ის რაიონული ორგანიზაციებიდან გოგაშვილის დავალებით რამდენიმე კაცი გაათავისუფლეს. განთავისუფლებულები ვერ იგებდნენ სამსახურიდან მათი გაშვების რეალურ მიზეზს, ჯამში კი სამსახურიდან წასულმა დაზარალებულებმა გაარკვიეს, რომ მათი გაშვება უშუალოდ სოსო გოგაშვილის კაპრიზს უკავშირდებოდა. _ ოფიციალურად რა მიზეზით? ანუ სამსახურიდან მათი წასვლის საფუძველი რა გახდა? _ საფუძველი არ არსებობს, უფროსებმა დაუძახეს და უთხრეს, რომ დაეწერათ განცხადებები და წასულიყვნენ, რადგან ზემოდან იყო ასეთი დავალება. ბიჭებმა დავალება შეასრულეს, მაგრამ, ბუნებრივია, გარკვევა დაიწყეს, რატომ, რისთვის, ასე მოწმენდილ ცაზე რა გახდა ძირითადი მიზეზი მათი განთავისუფლებისა? ვინც ამ ბიჭების დანიშვნას, თავის დროზე, რეკომენდაცია გაუწია, პაატა ბატიაშვილი იყო. შესაბამისად, ყველამ პაატას მიაკითხა. _ დიდი ხანია, რაც ეს ადამიანები მუშაობდნენ? _ არ მახსოვს, მაგრამ, სავარაუდოდ, 2013 წლიდან... _ რა გაარკვია ბატიაშვილმა?! _ მე როგორც ვიცი, ჯერ ერთმა რომ უთხრა, გამიშვესო, ჩვეულებრივ, ალბათ, იფიქრა, რომ რაღაც მოხდა და გაუშვეს, მაგრამ რამდენიმეს წასვლა სამსახურიდან ასე ერთობლივად უკვე კითხვის ნიშანს აჩენდა. ბოლოს გაარკვია, რომ ყველა სოსოს მოთხოვნით გაუშვეს. _ ეს გახდა სოსოსა და პაატას ჩხუბის მიზეზი?.. _ არა მარტო. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, მაგრამ სხვაც არის _ რა? _ როგორც ვიცი, ბატიაშვილსა და გოგაშვილს საერთო ინტერესი ჰქონდათ გარკვეულ მიწებზე. აღმოჩნდა, რომ გოგაშვილმა ის მიწები დაითრია და ბატიაშვილი მშრალზე დატოვა. მაშინ პაატას უთქვამს, რომ ამას არ შევარჩენო. მერე უკვე როცა გოგაშვილმა იგრძნო, რომ სამსახურიდან წასვლის დრო უახლოვდებოდა, გადაწყვიტა, მის წასვლამდე პაატას კადრებით გაეწმინდა სუს-ი. _ რატომ? _ პაატა რომ დაბრუნდეს, საყრდენი გუნდი ხომ უნდა? _ ალბათ, კი... _ ჰოდა, პასუხიც მარტივია, _ სოსო გაბრაზებულია, ფიქრობს, რომ მისი კარიერის დაძირვა პაატას უკავშირდება... ისიც გამიგია, პირადად შენზე უთქვამს ხოლმე, _ როგორ შეიძლება, ეს ამბები მაგან გაიგოს, თუ ვიღაც არ ეუბნებაო... _ მაგრამ ჩვენ არც ბატიაშვილზე საუბრის დროს ვყოფილვართ თევზის როლში, არც ბატიაშვილი მწყალობს, ზუსტად ვიცი, და მისი გინების ადრესატიც ხშირად ვარ. ეს ხომ აბსურდია? _ სოსო ძალიან ეჭვიანი, ფრთხილი და მშიშარაა. სუსი-დან წასულ ბატიაშვილს ყოველთვის თავის კონკურენტად და დიდ საფრთხედ მიიჩნევდა, ეჭვიანობდა და ებრძოდა. სწორედ ამიტომ გაუშვა პაატას ხალხი სამსახურიდან, სწორედ ამიტომ დააჭერინა ვიღაც-ვიღაცებიც ადრე, რადგან პაატას ახლობლებად თვლიდა. _ ე. ი. სუს-ში დიდი არეულობა ყოფილა. _ ვიცი, რომ ამ საიტზე ძალიან იჩხუბეს, ოღონდ არა შენობაში, სხვაგან შეხვდნენ, სადაც სუს-ის რამდენიმე თანამშრომელიც იყო. _ ბატიაშვილი ხომ არ ბრუნდება სამსახურში უკან? _ არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული არაფერია!  
  1. S. ახლა კი სრული მაიმუნობის გარეშე...
სანამ მამალი სამჯერ იყივლებდეს, ვირთხის წელიწადში დაბადებულებს შეუძლიათ, მშვიდად და წყნარად ისხდნენ ბუნაგში. გარეთ დიდი პოლიტიკური ქარიშხალია. წელს ბევრს დაიჭერენ, ბევრს უკან მიატანინებენ, რაც უშოვიათ. სიფრთხილე კარგია, მაგრამ მთავარი აკაკის იგავია ღამურაზე: „გადაგვარების მოსურნე ბუნებისაგან კრულია! მისი პირადი ღირსება ყოველგან დაჩაგრულია!“   მაკა მოსიაშვილი        

გაზიარება