QronikaPlus
რა სკანდალური მასალები გადასცა ირმა ნადირაშვილს როლანდ ახალაიამ და რატომ არ გაახმაურა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ?“

რა სკანდალური მასალები გადასცა ირმა ნადირაშვილს როლანდ ახალაიამ და რატომ არ გაახმაურა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ?“

2016-12-19 08:26:01

საკმაოდ გახმაურებულ „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში“ ფიგურირებს ერთი მოწმე, რომელსაც იმდენად უნიკალური და ზეადამიანური თვისებები აქვს, რომ თამამად შეუძლია განაცხადოს პრეტენზია გინესის წიგნში ნომინაციაზე საუკეთესო მხედველობის განხრით.   ამ ადამიანს, რომელიც ერთადერთი მოწმეა და მისი ჩვენების გამო სხვა ადამიანები, ანუ იმ სპეცოპერაციაში მონაწილე, ყოფილი ხელისუფლების ძალოვნები ათ და მეტწლიან სასჯელს იხდიან, იმდენად „ქორისებრ მხედველი“ თვალი აქვს, რომ მისთვის დაბრკოლებას არც ღამე წარმოადგენს, არც განათების სინაკლებე და არც რთული მეტეოროლოგიური პირობები, მაგალითად, თოვლჭყაპი და ნისლი _ ამ ყველაფრის მიუხედავად, მას, დაახლოებით, 80 მეტრის სიშორიდან შეუძლია გაარჩიოს ადამიანთა სახის ნაკვთები ისე, რომ ამოიცნოს, პეტრეა თუ პავლე.   ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მანძილიდან ადამიანი რომ ამოიცნო კი არა, ვინმეს რომ მიამსგავსო, მას უნდა ჰქონდეს, დაახლოებით, 15 სმ სიგრძის ცხვირი, ყურები, ამავე რადიუსის თვალები და ა. შ., მაგრამ ეს სულაც არ გამხდარა შემაფერხებელი გარემოება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისთვის _ მან ხელის აუკანკალებლად მოაწერა ხელი განაჩენს და მრავალი წლით ციხეში გაუშვა დათა ახალაიაც და ლევან ქარდავაც, რომლებმაც, ჯონი ჯოხარიძის (ეს სწორედ ის უნიკალური მხედველობის მქონე ადამიანია) ჩვენების მიხედვით, სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლით „ჩახოცეს უდანაშაულო ბიჭები“...   კაცმა რომ თქვას, მთავარი პროკურატურისგან ასეთი მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობა რა გასაკვირი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე ისეთი გარემოება, რომელიც ჯონი ჯოხარიძის სკანდალურ ჩვენებებს კიდევ უფრო სკანდალურად წარმოაჩენს და ბევრ რამეზე მეტყველებს.   ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, დათა ახალაიას მამამ, ყოფილმა საოლქო პროკურორმა სამეგრელოში, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ამ იურიდიული შეუსაბამობისა და ლაფსუსების ფასი, ყველაფერი ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, შეკრიბა, აკინძა და „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მთავარ ოფისს მიადგა, სადაც მასალები ირმა ნადირაშვილს გადასცა _ შემდგომი რეაგირებისა და გახმაურებისთვის. როგორც როლანდ ახალაია იხსენებს, ირმა ნადირაშვილმა მოუსმინა და განაცხადა, რომ ეს მასალები მართლაც ძალიან საინტერესო და სკანდალური იყო, ამასთან, მალე მის გასაჯაროებას და ბრიფინგზე გახმაურებასაც დაჰპირდა.   როლანდ ახალაია და სხვები ამაოდ ელოდნენ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ბრიფინგის ჩატარებას, მით უმეტეს, რომ ეს ხდებოდა პერიოდში, როცა ენმ ბრიფინგს ბრიფინგზე იწვევდა ირაკლი ღარიბაშვილის „კახური კლანის“ სამხილებლად.   ადამიანი, ვისზეც როლანდ ახალაიამ მოპოვებული მასალები ირმა ნადირაშვილს გადასცა, სწორედ ამ „კახური კლანის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, ზვიად ჯანყარაშვილის ახლობელი პირის პროტეჟე იყო.   ხელისუფლების შეცვლამდე ჯონი ჯოხარიძეს ზვიად ჯანყარაშვილთან საერთო ბიზნესი აკავშირებდა: ისინი მანქანების ექსპორტით იყვნენ დაკავებული. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჯოხარიძე პოლიციის სამმართველოს უფროსად გაამწესეს, მან ბიზნესი ოჯახის წევრზე გადააფორმა და თავი ვალდებულადაც არ მიიჩნია, ქონებრივ დეკლარაციაში რეალურად აესახა, რა ქონების პატრონი იყო. დეკლარაციას ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდეთ, ჯერ კი თვალი მივადევნოთ ჯოხარიძის კარიერულ წინსვლას და „ნავთლუღის საქმეში“ მოწმედ მის გამოჩენას.   ჯონი ჯოხარიძე, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2006 წელს დაითხოვა შსს-ს სისტემიდან, 2012 წლის ნოემბერში შსს-ს სიღნაღის რაიონის სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სულ მალე კი, ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, რიგგარეშედ მიიღო ორი _ ვიცე-პოლკოვნიკისა და პოლკოვნიკის წოდებები.   რაც მთავარია, ჯონი ჯოხარიძემ 2006 წელს მომხდარი „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ შესახებ ჩვენება 2014 წლის პირველ თებერვალს მისცა. ამასთან, როგორც იურისტები იტყვიან, მას საქმესთან ბმა არ ჰქონია:   უცებ, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, სპეცოპერაციის საქმეში მოწმის ჩვენება გაჩნდა, რომელმაც 80 მეტრის სიშორიდან, ღამე, სიბნელეში, თოვლსა და ჭყაპში კარგად გაარჩია, როგორ გამოეყო ნიღბიანების გუნდს ვიღაც, მივიდა დაჭრილ ეჭვმიტანილთან, საკონტროლო გასროლა მოახდინა და მერე კი, ჰოი, საოცრებავ! _ ნიღაბიც კი მოიხსნა, რომ ჯოხარიძეს მისი ცნობა გაადვილებოდა.   ჰოდა, ჯოხარიძესაც მეტი რაღა დარჩენოდა, 80 მეტრით დაშორებულმა დაასკვნა, _ აჰა, ეს კაცი დათა ახალაია ყოფილაო. განა, მარტო დათა ახალაია ამოიცნო? ვერ გამოიცანით, _ მან ლევან ქარდავას ნაკვთებიც ამოიცნო იმ ადამიანში, ვინც, ასევე, საკონტროლო გასროლა მოახდინა. მერე რა, რომ გამოძიების სხვა დეტალებით დადგინდა, _ ქარდავა იმ საღამოს გვიან მივიდა ადგილზე და როცა მივიდა, იარაღი საერთოდ არ ჰქონია? მთავარი აქ ის კი არ არის, რა როგორ იყო, არამედ ის გახლავთ _ რა დაინახა ჯონი ჯკოხარიძემ...   ჯონი ჯოხარიძემ ეს ყველაფერი კი დაინახა და კარგადაც დაიმახსოვრა, მაგრამ, აბა, იმ სისხლიანი ხელისუფლების დროს ხმას როგორ ამოიღებდა? დაელოდა, როდის შეიცვლებოდა იგი ჰუმანური, ჩაგრულთა დამცველი ხელისუფლებით და მას შემდეგ, რაც სიღნაღის პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნეს და ორი წოდებაც რიგგარეშედ მიანიჭეს, ყველაფერი დეტალურად გაახსენდა.   მაგრამ ჯონი ჯოხარიძე ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე დეტალებში მაინც ჩაჭრეს. ადვოკატი რომეო საჯაია იხსენებს:   „ჯონი ჯოხარიძის ჩვენება საქმეში საერთოდ მოულოდნელად გამოჩნდა. არც ერთი სხვა ჩვენება ჯოხარიძესთან არ მიდიოდა, რომ რამე ბმა ყოფილიყო _ არც ვინმეს უხსენებია, არც რაიმე კვალი არსებობდა გამოძიებისთვის, რომ ჯოხარიძემდე მიეყვანა... მანამდე ერთადერთი მოწმე ტრისტან წითელაშვილი იყო, რომელიც ასევე ამტკიცებდა, რომ დაინახა და ამოიცნო, ვინ იყო იმ საღამოს სპეცოპერაციის მონაწილეებს შორის და რა გააკეთა, მაგრამ მალე მისი ჩვენება სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან გამოჩნდა მოწმე, იმავე ბენზინგასამართი სადგურის დარაჯი, რომელმაც აჩვენა, რომ ტრისტან წითელაშვილი სპეცოპერაციის მეორე დღეს მას ეკითხებოდა, _ აქ რა მოხდა წუხელო?..  ბრალდებასაც სხვა გზა არ ჰქონდა _ უცებ მოძებნეს ჯოხარიძე“.   არანაკლებ საინტერესო ის გახლავთ, რომ მანამდე, სანამ ჯოხარიძე ჩვენებას მისცემდა, საქმეში არსებობს პროკურატურის მიერ ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს უფროს პაპიაშვილთან გაგზავნილი მიმართვა, სადაც მოთხოვნილი იყო, რომ მოეძებნათ მოწმე, რომელიც იქნებოდა „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ თვითმხილველი და მისცემდა ჩვენებას, მაგრამ პაპიაშვილმა მალევე უპასუხა პროკურატურას, რომ ასეთი მოწმე ვერ იპოვეს.   პროკურატურა, აბა, რა პროკურატურა იქნებოდა, ფარ-ხმალი დაეყარა და დაუღალავმა ძებნამაც შედეგი გამოიღო: ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ როცა სასამართლოში მოწმის სახით წარდგა, ჯონი ჯოხარიძე მოქმედი პოლიციელი იყო, ანუ მან ჩვენება იმის შესახებ, რომ 2006 წელს მომხდარ დანაშაულზე დეტალები იცოდა, პოლიციაში, თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელიწადზე მეტი პაუზის შემდეგ, მისცა.   როცა ადვოკატებმა ამაზე ყურადღება გაამახვილეს და მიანიშნეს, რომ ეს იყო დანაშაულის დაფარვა, ცხადია, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ ყურიც არ შეიბერტყეს: ჯოხარიძის ჩვენება საქმეში ჩააკრეს და ბრალის წასაყენებლად მხოლოდ ამ ერთ ჩვენებას დაეყრდნენ...   ჯონი ჯოხარიძის ჩვენების დეტალები არანაკლებ საინტერესოა: მან მისცა ჩვენება, რომ 2006 წელს, იანვარში, როცა ნავთლუღის სპეცოპარაცია ჩატარდა, მის კუთვნილ, „გოლფის“ მარკის ავტომანქანაში ბენზინს ასხამდა და ყველაფერი იქიდან დაინახა. ადვოკატების შეკითხვაზე, რა სახელმწიფო ნომერი ჰქონდა მის ავტომანქანას, ჯოხარიძე დაიბნა და ნომერი ვერ გაიხსენა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ ოფიციალური ინფორმაცია მოიძია, რომ 2006 წელს ჯონი ჯოხარიძეს არათუ „გოლფი“, საერთოდ არ ჰყავდა ავტომანქანა:   „ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ იმ დროს ჰქონდა ტელეფონი და ნომერიც მიუთითა. ჩვენ გადავამოწმეთ ანძის ჩვენების მიხედვით ლოკაცია და აღმოჩნდა, რომ იმ დროს ნომერი სულ სხვა ლოკაციაზე იყო და არა ნავთლუღში, რის შემდეგაც ჯოხარიძემ ჩვენება გადათქვა და განაცხადა, რომ იმ ნომერს მისი ცოლი ატარებდა, თვითონ კი რა ნომერი ჰქონდა, არ ახსოვდა...“, _ ამბობს ადვოკატი რომეო საჯაია.   ამავე დროს, ჯოხარიძემ კიდევ ერთხელ შეცვალა დეტალები და განაცხადა, რომ იმ დღეს იქ ყოფნა სამსახურებრივად ევალებოდა, რადგან ისანი-სამგორის განყოფილებაში მუშაობდა. ადვოკატებმა შსს-ს ამის დამადასტურებელი ამონაწერის წარდგენა მოსთხოვეს, რითაც დადასტურდებოდა, რომ იმ დროს ჯოხარიძე სამსახურებრივ მოვალეობას მართლაც ასრულებდა, მაგრამ შსს-დან ეს ცნობა ვერა და ვერ მიიღეს.   „იყო კიდევ უამრავი დეტალი, რის გამოც სასამართლოს ჯოხარიძის ჩვენება არ უნდა გაეთვალისწინებინა“, _ ამბობს რომეო საჯაია „ქრონიკა+“-თან. „მაგალითად, ის, რომ ჯოხარიძეს არ ახსოვდა დეტალები: როგორ იწვა გარდაცვლილი, სად იდო იარაღი და ასე შემდეგ... ამასთან, ჯოხარიძე ამბობდა, რომ მან პოლიციელის წიგნაკი გამოიყენა და სპეცოპერაციის შემდეგ შემოსაზღვრულ, დაცულ ტერიტორიაზე შევიდა, მაშინ როცა სასამართლოზე მოწმედ მიყვანილმა სპეცრაზმელებმა განაცხადეს, რომ დაცულ ტერიტორიაზე არავინ შეუშვიათ...   იყო კიდევ ერთი დეტალი: როცა შეეკითხნენ, ვინ გამოჩნდა სპეცოპერაციის ადგილზე და რით მივიდნენ იმდროინდელი ძალოვნები, ჯონი ჯოხარიძემ ჩვენებაში თავდაპირველად, დაახლოებით, ასეთი რამ თქვა: „მოვიდნენ შავი ჯიპებით“, _ არადა, გაირკვა, რომ კუდ-ის დაქვემდებარებაში იმ დროს (2006 წლის იანვარი, _ ავტ.) საერთოდ არც ერთი შავი ჯიპი არ იყო... მოგვიანებით, მან ეს ნათქვამი გადააკეთა და განაცხადა, რომ ფერები აერია და რომ შავი კი არა, ვერცხლისფერი ჯიპებით იყვნენ მისული...“, _ ამბობს რომეო საჯაია.   ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ აჯაფსანდალში კი ის გახლავთ, რომ ამ ჩვენების მიცემის შემდეგ ჯონი ჯოხარიძე დააწინაურეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის უფროსი გახდა. ასევე, არანაკლებ საინტერესო ფაქტი უნდა იყოს ისიც, რომ როცა პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნეს, ჯონი ჯოხარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ცემისა და მუქარის გამო.   რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, საქმე აქაც სკანდალურადაა: ადვოკატებმა წერილი გაუგზავნეს პროკურატურას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არსებული ინფორმაციით (ფაქტები მოყვანილია წერილში), ჯონი ჯოხარიძემ დამალა საკუთარი შემოსავლები და არ ასახა ის სრულად დეკალარაციაში, რითაც დაარღვია კანონი.   კერძოდ, საქმე ეხება შპს „მობილს“, რომლის დირექტორადაც ჯოხარიძე 2012 წლის ნოემბრამდე ირიცხებოდა, ხოლო შემოსავალმა შეადგინა 30.000 ლარი, რაც დეკლარაციაში მითითებული არ არის. ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ ჯოხარიძის ოჯახში ერთადერთი უძრავი ქონება ავტომანქანა „რაფ4“-ია, ხოლო ადვოკატების მიერ მოძიებული ინფორმაციით, სინამდვილეში, ჯოხარიძის მფლობელობაშია 10-ზე მეტი ავტომანქანა, რაც დეკლარაციაში, ასევე, არ არის აღნიშნული.   ადვოკატები პროკურატურას უსვამდნენ შეკითხვებს: დაიწყო თუ არა გამოძიება ამ კანონდარღვევის გამო ჯოხარიძის მიმართ და თუ დაიწყო, როდის?   წერილს თან ერთვის კანცელარიაში გატარებული ნომრის აღმნიშვნელი ბლანკი, თუმცა პროკურატურიდან პასუხი არ მიუღიათ.   ეს წერილი, ისევე როგორც ზემოთ აღწერილი სხვა სკანდალური და საყურადღებო მასალები, როლანდ ახალაიამ თვითონ გადასცა ირმა ნადირაშვილს, რომელსაც აქედან არაფერი გაუხმაურებია _ ენმ-ს ამ თემაზე ბრიფინგი არ ჩაუტარებია. როგორც როლანდ ახალაია ამბობს, მოგვიანებით, ირმა ნადირაშვილმა მას შემოუთვალა, რომ ამ მასალებთან დაკავშირებით ბრიფინგი ვერ ჩაატარა, მაგრამ ისინი ნამდვილად საყურადღებოა და რომ აუცილებლად მიაწვდის „რუსთავი 2“-ს, კერძოდ, დავით კიკალიშვილს, რათა ამ თემებთან დაკავშირებით სიუჟეტი მომზადდეს. როგორც ჩანს, მასალები არც დავით კიკალიშვილამდე მისულა.      

ლაშა ბერულავა

     

გაზიარება