QronikaPlus
„სამუშაო ადგილებზე წელიწადში 42 ადამიანი იღუპება, 80 ადამიანი მძიმე ტრავმებს იღებს“

„სამუშაო ადგილებზე წელიწადში 42 ადამიანი იღუპება, 80 ადამიანი მძიმე ტრავმებს იღებს“

2016-12-18 06:17:16

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 2016 წლის 3 დეკემბერს, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პატარიძის სახელობის მაღაროზე, 22:30 საათზე, უბედური შემთხვევის შედეგად, ელმავლის მემანქანე პაატა ღავთაძემ სიცოცხლისთვის არათავსებადი ტრავმა მიიღო, რომელიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციის თანახმად პაატა ღავთაძემ ცარიელი ვაგონები უბნის ასაქცევში დატოვა და თვითონ დატვირთული ვაგონების გამოსატანად მაღაროში შევიდა. უკან მადნით დატვირთული ვაგონები წამოიყვანა და ასაქცევს მიუახლოვდა, ელმავლიდან თავი გამოყო, რათა დაენახა პარალელურ ლიანდაგზე მდგარი ცარიელი ვაგონები და ორ შემადგენლობას შორის არსებული მცირე მანძილის გამო თავზე ტრავმა მიიღო. პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, პაატა ღავთაძის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის. მისივე თქმით, აღნიშნული კომისია დაადგენს, იყო თუ არა ეს უბედური საწარმოო შემთხვევა? ღავთაძე მაღაროში მემანქანედ 3 წელი მუშობდა. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მაღაროელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. იგი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ: „აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, ჩაატარონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისთვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), #129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), #155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი. ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს“, _ ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. თავის მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს: „ძალიან შემაშფოთებელია, რომ ამის გამო ადამიანები იღუპებიან. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი XXI საუკუნეში. ამას მრავალი განმაპირობებელი აქვს, თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს შრომითი ინსპექცია, რომელიც ობიექტების ინსპექტირებას მოახდენს, რომ მსგავსი პრობლემებისგან ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. არ ვფიქრობ, რომ ის მდგომარეობა, რომელიც შრომითი უფლებების მიმართულებით არის შექმნილი, მხოლოდ სოციალური და შრომითი უფლებებია. ჩვენ უკვე არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა ადამიანები იღუპებიან და ვფიქრობ, აქ უკვე შეიძლება არა მხოლოდ შრომის, არამედ სიცოცხლის უფლებაზე დაისვას საკითხი. აღნიშნული მძიმე მდგომარეობით რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო და ქვეყანაში უსაფრთხო შრომითი პირობები მხოლოდ დეკლარირებული ღირებულება არ უნდა იყოს“.   „ქრონიკა+“ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელს, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება: _ ბოლო ინფორმაციით, პაატა ღავთაძემ ცარიელი ვაგონები უბნის ასაქცევში დატოვა და თვითონ ელმავლით დატვირთული ვაგონების გამოსატანად შევიდა მაღაროში. უკან მადნით დატვირთული ვაგონები წამოიყვანა და ასაქცევს მიუახლოვდა; მოძრავი ელმავლიდან მთლიანი ტანით და უკან მიტრიალდა, რათა დაენახა, თუ როგორ გადმოივლიდა ლიანდაგის შეერთების ადგილს (ე. წ. კრესტავინას) ის დატვირთული ვაგონები (რომლებიც მის ელმავალს ჰქონდა ჩაბმული). ამ დროს კი ზურგით დაეჯახა იმ ცარიელ ვაგონებს, რომელიც პარალელურ ლიანდაგზე იყო გაჩერებულ მდგომარეობაში. ყოველივე ამის შედეგად პაატა ღავთაძემ, სავარაუდოდ, ხერხემლის, ნეკნებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება მიიღო, რაც, საბოლოო ჯამში, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგამოძიებო ორგანომ იმუშავა, გარდაცვლილს კი ტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოძიების დასრულების შემდეგ შეიქმნება ფაქტის კვლევის კომისია, რომელშიც პროფკავშირის შრომის ინსპექტორების ჩართვასთან დაკავშირებით კომპანიამ თანხმობა უკვე განაცხადა. ამ ეტაპზე შეუძლებელია გაკეთდეს შეფასებები ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რადგან კონკრეტული დეტალები მხოლოდ კვლევის შემდეგ იქნება ცნობილი, თუმცა იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. 2007 წლიდან 2016 წლამდე სტატისტიკის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, სამუშაო ადგილებზე წელიწადში 42 ადამიანი იღუპება და 80 ადამიანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ტრავმებს იღებს. დინამიკა კლებადი არ არის. მეტიც, 2015 წლის 12 თვეში რამდენი სასიკვდილო შემთხვევაც იყო, 2016 წელს იმდენივე იყო 6 თვის მონაცემებით, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა არაეფექტიანია და აუცილებელია როგორც შრომის ინსპექციის შექმნა და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მიღება, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციების რატიფიცირება, რომელიც შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ეხება. სახელმწიფო სტრუქტურებს, პროფკავშირებს, მასმედიასა და არასამთავრობო სექტორს ამჟამად მხოლოდ იმის შესაძლებლობა აქვს, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ რეაგირება მოახდინოს, შესაბამისად, აუცილებელია შრომის უსაფრთხოების მართვის იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც საპრევენციო ხასიათის პროცესებს უზრუნველყოფს. _ გამოძიების დასრულების შემდეგ კონკრეტულად რა დეტალების გამორკვევა დაევალება კომისიას? _ პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორი, რომელიც ფაქტის კვლევის კომისიაში იმუშავებს, კვლევის პროცესში დაინტერესდება შემდეგი საკითხებით: 1. შემთხვევის დადგომისას ხომ არ იმყოფებოდა პაატა ღავთაძე ზეგანაკვეთური შრომის პროცესში და თუ ასე იყო, დოკუმენტურად გაფორმებული იყო თუ არა ეს გარემოება? 2. როგორი იყო განათების ხარისხი შემთხვევის ადგილას და შეესაბამებოდა თუ არა დადგენილ ნორმებს? 3. პაატა ღავთაძეს აღნიშნული სამუშაო უნდა შეესრულებინა მარტო, თუ უნდა ჰყოლოდა დამხმარე? 4. წესრიგში იყო თუ არა ლიანდაგის ის მონაკვეთი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა? 5. რატომ დასჭირდა პაატა ღავთაძეს მთლიანი ტანის ელმავლის გაბარიტების გარეთ გადმოწევა? და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები... _ მანამდე კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ: რა სისტემურ პრობლემაზე ვსაუბრობთ? _ არ არსებობს შრომის ტექნიკური ინსპექცია! არ გვაქვს კანონი „სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“! არ გვაქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენცია, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს ეხება! ყოველივე ამის შედეგად სამუშაო ადგილებზე დასაქმებულებს ისეთი სამუშაო გარემო ექმნებათ, როდესაც იძულებული ხდებიან, შრომის უსაფრთხოების ნორმები დაარღვიონ. შრომის ნორმების დასაქმებულთა მიერ დარღვევას, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ ან ირიბად დამსაქმებლების მიერ შრომით-სამართლებრივი ნორმების დარღვევა იწვევს. _ ამ ფონზე რა შედეგი მოაქვს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურის საქმიანობას? _ აღნიშნული დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა, შესაბამისად, 2015 და 2016 მისი სამუშაო წლები იყო. როგორც შრომის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რამდენიმე ათეული კომპანიის მონიტორინგი მოახდინეს კიდეც, თუმცა რამდენიც სამუშო ადგილებზე მთელი 2015 წლის განმავლობაში გარდაიცვალა (41 ადამიანი), 2016 წლის ივნისის მონაცემებით გარდაცვლილი თითქმის იმდენივე (40 ადამიანი) იყო. ამ დეპარტამენტის მუშაობა არაეფექტიანი რომ არის, სტატისტიკაც გვაჩვენებს. _ გამოსავალი? _ უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია, როგორც შრომის კანონმდებლობისა და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების აღმასრულებელი ორგანო. მას უნდა ჰქონდეს უფლება, ყოველგვარი წინასწარ გაფრთხილებისა და მიწვევის გარეშე შეამოწმოს საწარმო და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიებზე სანქციების დაწესების უფლება უნდა ჰქონდეს. ამ ინსპექციის ფუნქციებში უნდა შედიოდეს შრომით-სამართლებრივი საკითხების გაკონტროლება და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე რეაგირებაც.   კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში, მაღაროში მემანქანის მხრიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები უხეშად იგნორირებული იყო.   ზაქარია ზალიკაშვილი _ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პიარდირექტორი: _ დაიღუპა ელმავლის მემანქანე. რაც გვაქვს წინასწარი მონაცემები, დაზარალებულის მხრიდან უხეშად იგნორირებული იყო შრომითი უსაფრთხოების ნორმები. საქმე 204-ე მუხლით კვალიფიცირდება და პროკურატურას გადაეცა. გარემოებები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. წინასწარი მონაცემები ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა. კომპანია შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს მაღლა აყენებს. სახელმწიფოში სტანდარტები დადგენილი და გაწერილი ყოველი პროფესიული დარგის მიხედვით (ვინც მაღალ ძაბვაზე, სიმაღლეებზე მუშაობს და ა. შ.) დახვეწილი არ არის და, ამ მხრივ, ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. სტატისტიკის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, საწარმოო ტრავმები შემცირებულია, თუმცა შემთხვევები მაინც ხდება. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძიება მიზეზებს ადგენს, ეს არის შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება და დარღვევა. სანამ კომპანიაში თანამშრომელს მიიღებენ, მათ ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგი უტარდებათ მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაში, წელიწადში ორჯერ შრომითი უსაფრთხოების ინტენსიური ტრენინგი ყველას უტარდება, ხოლო რაიმე შემთხვევის დადგომისას პრეცნდენტული გარჩევა ხდება. ამასთან, ჯგუფი რეგულარულად ამოწმებს, რამდენად იცავენ თანამშრომლები შრომით უსაფრთხოებას მაღაროში, ქარხნებში, ღუელებთან და ა. შ.? შრომითი უსაფრთხოების წესებს გამოცდილი მუშები უფრო არღვევენ, ვიდრე ახალბედები. კომპანია გარდაცვლილი მემანქანის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს, ბრალეულობის შესახებ კი ინფორმაცია მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი.  

გელა მამულაშვილი

   

გაზიარება