ამბავს, რომელსაც ამ მასალიდან შეიტყობთ, ქალის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ძალადობას ეხება. მამაკაცი, რომელიც ჩვენი მასალის გმირს ფიზიკურად უამრავჯერ გაუსწორდა, შს სამინისტროს თანამშრომელია და მიუხედევად იმისა, რომ სამართალდამცველი ორგანოებისთვის ეს ფაქტი ცნობილია, მოძალადე დღესაც დაუსჯელი დადის. საკითხი პირად ცხოვრებას ეხება, ამიტომ პერსონაჟებს ინიციალებით მოვიხსენიებთ.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ქალბატონი თ.ტ., რომელიც შს სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეს მის მიმართ მრავალჯერ განხორციელებულ ცემაში ადანაშაულებს და სამართალდამცველი ორგანოებისგან დამნაშავის დასჯას მოითხოვს:
_ გ.ბ. 2014 წლის აგვისტოში გავიცანი, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ურთიერთობა აირია. გავიდა რაღაც პერიოდი, არ მიკავშირდება, მთელი კვირა არც მესიჯებზე მპასუხობს. მიზეზით დავინტერესდი და კვირის ბოლოს რომ ვკითხე, სულ დედა მაგინა და დამამცირებელი სიტყვებით მომმართა. ძალიან მიყვარდა. როცა დაინახა, რომ ამის გამო ავტირდი, ვითომ შევეცოდე, სინამდვილეში, მერე მივხვდი, რომ ყველაფერი პირიქით იყო და სურდა, ჩვენი ურთიერთობა დასრულებულიყო. შემდეგ თვითონვე გამოიჩინა ინიციატივა, რომ შევრიგებოდი. შევურიგდი, მაგრამ ტელეფონით რომ ვეკონტაქტებოდი, მეჩხუბებოდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, რადგან მას სამსახური ჰქონდა, თითქოს მე უსაქმური ვიყავი. ასეთ მდგომარეობაში რომ ჩამაყენა, ერთხელაც მივწერე, _ შენი საქციელიდან გამომდინარე უკვე თავის მოკვლა მინდა-მეთქი. არ გასულა 2-3 საათი და ღამის 2:00 საათზე ჩემს კარზე ბრახუნი ატყდა, გავაღე და შემოვარდა. ამოიღო გადატენილი იარაღი და მომაწოდა, მითხრა, _ თუ თავის მოკვლა გინდა, გამომართვი და მოიკალიო. მაძალებდა, რომ იარაღი გამომერთმია. ასეთ სიტუაციაში ვართ და თვითონ გაუხდა გული ცუდად. როგორც იქნა, მოვაბრუნე, დაწყნარდა, ბოდიში მომიხადა და წავიდა. ამ ყველაფრის შემდეგ შევურიგდი. ერთ დღესაც მითხრა, რომ კუს ტბაზე ავსულიყავი. ჩემი მანქანით ავედი. წიხლები მირტყა და მცემა, გონს რომ მოვიდა, პატიება მთხოვა. კიდევ ვაპატიე. ჯერ ბოდიშები მიხადა, 2 საათის შემდეგ კი მეუბნება, _ არაფერი ჩამიდენიაო. ამის შემდეგ ჩემი ცემა-ტყეპა ინტენსიურად გაგრძელდა. განსაკუთრებით მისი ბინის ეზოში თუ ქუჩაში. ერთ დღესაც პავლოვის ქუჩაზე ქალბატონთან ერთად შემხვდა. ვუთხარი, _ შენთან სალაპარაკო მაქვს-მეთქი. ქუჩაში მათრია და ბილბორდზე მარტყმევინა თავი, გული წამივიდა, უცხო ბიჭებმა გადამარჩინეს, ერთ-ერთმა მათგანმა პატრული გამოიძახა. პატრულის თანამშრომელმა ოქმიც კი არ შეადგინა. გ.ბ.-მ მათ განუცხადა, რომ თვითონ იყო პოლიციელი და იქ მთავრდებოდა ყველაფერი. ხალხს ეუბნებოდნენ, დაიშალეთო და მარტო მტოვებდნენ, მერე პატრულის თანამშრომლები მამშვიდებდნენ. ვრჩებოდი მარტო და ახლა ამაზე მეჩხუბებოდა.
_ რამდენად ხშირი იყო ასეთი სახის ფაქტები?
_ უამრავჯერ, ზეპირად არც კი მახსოვს, ჩამოწერილი მაქვს და ქრონოლოგიურად გეტყვით:
2015 წლის იანვარი _ გ.ბ. ჩემ მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გამოიხატებოდა გინებაში, დამცირებასა და ღირსების შემლახველ ეპითეტებში;
2015 წლის აპრილი _ გ.ბ. ღამის 11 საათზე მოვიდა ჩემს სახლში სამსახურებრივი იარაღით, სცადა ჩემი დაშინება და მეუბნებოდა, რომ იარაღით თავი მომეკლა;
2015 წლის მაისი _ გ.ბ.-მ მიმართა პოლიციას და განაცხადა, რომ ვაწუხებდი. პოლიციას არ მივაწოდე გ.ბ.-ს მიერ გამოგზავნილი მუქარისა და შეურაცხყოფის მესიჯები, რადგან მომერიდა პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება;
პოლიციისთვის მიმართვიდან გარკვეული ხნის შემდეგ გ.ბ. მადანაშაულებდა მისი „ფეისბუქის“ გვერდის გატეხვაში და კვლავ მიგზავნიდა მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ მესიჯებს;
2015 წლის ივლისი _ კუს ტბის ტერიტორიაზე, ღამის 10-11 საათზე, გ.ბ.-მ და მე ვიკამათეთ პირად საკითხებზე, რის შედეგადაც მაგინა და მცემა _ წიხლები ჩამარტყა უკანა ტანზე და ზურგში. ცემის მერე გ.ბ.-მ ბოდიში მოიხადა;
2015 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე გ.ბ.-მ საკუთარ ეზოში 3-ჯერ მცემა. ერთ შემთხვევაში ასევე სცადა ჩემი დახრჩობა, ხოლო დანარჩენ 2 შემთხვევაში ზურგში მირტყამდა. აღნიშნულის მოწმეები არიან გ.ბ.-ს მეზობლები. ამასთანავე, გ.ბ.-მ დააზიანა ჩემი სათვალე და მობილური ტელეფონი (იპჰონე 4ს);
2015 წლის აგვისტო _ ჩამიმსხვრია ავტომანქანის მინა; შემიყვანა თავის სახლში, სადაც სახეში გამარტყა ხელი. შემდეგ მომკიდა კისერში ხელი და რამდენჯერმე მიმარტყმევინა თავი კარადაზე. ამის შემდგომ მცემდა წიხლებით და მაფურთხებდა. სახეში მესროლა წყლით სავსე ბოთლი, რის გამოც წამომივიდა სისხლი. ცემის შედეგად გონება დავკარგე. გარკვეული ხნის შემდეგ მომასულიერა და სახლში გამიშვა.
2015 წლის ოქტომბერი _ ყაზბეგის გამზირზე გ.ბ.-მ დამიწყო დახრჩობა და რამდენჯერმე მიმარტყმევინა კედელზე თავი. გამვლელმა მამაკაცებმა მისი შეჩერება სცადეს, რა დროსაც გ.ბ.-მ მათ უთხრა, რომ პოლიციელი იყო და ყველაფრის უფლება ჰქონდა. ამის შემდგომ გამვლელმა მამაკაცებმა პატრული გამოიძახეს. პატრულს ჩემ დასაცავად არავითარი ზომა არ მიუღია, რადგან გ.ბ.-მ მათ აცნობა, რომ პოლიციელი იყო; შემდეგ მიგზავნიდა დამამცირებელ და ღირსების შემლახველ მესიჯებს, რის გამოც მის ეზოში მივედი და დამცირებისგან სასოწარკვეთილმა ორივე ხელის ვენაზე სამართებელი გადავისვი. გ.ბ.-მ გამოიძახა პატრული და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გამოკითხვის დროს აღვნიშნე გ.ბ.-ს მიერ განხორციელებული ცემისა და მისი ნივთების დაზიანების ფაქტების თაობაზე. ასევე, პოლიციის ზეგავლენის შედეგად, დავაფიქსირე, რომ გ.ბ.-ს მიმართ პრეტენზია არ მქონდა. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩამიტარდა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზამ გამოიკვლია ჩემს სხეულზე არსებული დაზიანებები;
2015 წლის დეკემბერი _ საქმეზე გამოძიება შეწყდა, რის შედეგადაც გ.ბ.-მ კვლავ განაგრძო ჩემ მიმართ ძალადობა;
2016 წლის იანვარი _ გ.ბ.-მ თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან კუჭის მიდამოებში ჩამარტყა მუშტი, რის გამოც გონება დავკარგე. როდესაც გონს მოვედი, ვიმყოფებოდი მის სახლში, სადაც გ.ბ.-მ განაგრძო ჩემი ცემა _ მირტყამდა გვერდებში ფეხებს, თავს მარტყმევინებდა იატაკზე და მაფურთხებდა;
2016 წლის მაისი _ ღამის 2:00 საათზე გ.ბ.-მ შემიზღუდა გადაადგილების თავისუფლება. აღნიშნულ საკითხზე გაიმართა სასამართლო პროცესი. ვითხოვდი მოყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაზეც ის უარს ამბობდა;
2016 წლის 28 ივლისი _ ტაშკენტის ქუჩაზე მცემა და შემდეგ თვითონვე გამოიძახა პატრული. გადამიყვანეს ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალში. მქონდა ტვინის შერყევა, დალურჯებები სხეულზე და ნაპრალი მარცხენა ყურში, რის გამოც დამიქვეითდა სმენა.
ეს არის ის ფაქტები, რაც მახსოვს. ისეთიც ბევრია, რომელიც არ მახსოვს.
_ ამბობთ, რომ ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა თქვენ მიმართ ძალადობა. რატომ აგრძელებდით ამ მამაკაცთან ურთიერთობას?
_ ამ ყველაფრის შესახებ რომ არ გამეცხადებინა, ჩემთან კონტაქტს აგრძელებდა „ფეისბუქით“. ხანაც მოიბოდიშებდა და მეც ვურიგდებოდი. პავლოვის ქუჩაზე რომ მათრია, ისეთი დამცირებული ვიყავი, მეორე დღეს გადავწყვიტე, მის თვალწინ მომეკლა თავი. წავედი საბურთალოზე, „ბრიტვები“ ვიყიდე და ვენები გადავისერე. გამწარებულმა 112-ში დარეკა და ეუბნება, _ ჩქარა გამოუშვით პატრული და სასწრაფო, მე მსერავსო. სანამ პატრული მოვიდოდა, 15-20 წუთი სულ კედლებზე მაწყვიტა, არაადამიანურად მცემა. პატრული რომ მოვიდა და ნახა, იმას კი არა, მე მჭირდა, მოვარდა საგამოძიებო ნაწილი, შემიხვიეს ხელები და საპატრულოს საგამოძიებოში გადამიყვანეს, ის კი სახლში დატოვეს. სანამ ეს მოხდებოდა, მანქანის მინა ჩამიმტვრია, არაფერი არ ამინაზღაურა, საპატრულოში კი მეუბნებიან, დაწერე, რომ პრეტენზია არ გაქვსო. მათი ზეწოლის შედეგად მართლაც დავწერე და ხელი მოვაწერე. მეორე დღეს ექსპერტიზაზე გადამიყვანეს, რომელმაც დაადგინა, რომ მართლაც ვიყავი ნაცემი და ზიანი მქონდა მიყენებული. შემდეგ ეს საქმე რომ მოვიკითხე, მითხრეს, _ პროკურატურას გადაეცაო. ეს ხდება 2015 წლის დეკემბრამდე. ეს ბიჭი ისევ 90 გრადუსით შეიცვალა, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ საქმე წყდებოდა და მსვლელობა აღარ მიეცემოდა, სახლში მომივარდა და გაუგონარი სისასტიკით მცემა.
_ თქვენი ოჯახის წევრებმა იცოდნენ ეს ყველაფერი?
_ სახლში მარტო ვიყავი და ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ, რა მდგომარეობა მქონდა. იანვარი იყო, ტელეფონი წამართვა, დედაჩემს ვუთხარი. მითხრა, _ გამოართვი, მე არ დამარეკინოო. არ მინდოდა, დედას ენერვიულა და საღამოს მანქანით გავედი სანახავად. სადარბაზოს კარის დამაფონიდან დავურეკე და ვთხოვე, ტელეფონი დაებრუნებინა. სახლიდან მეუბნება, ამობრძანდი და წაიღეო. ზემოთ ავედი, კარი გააღო, გამომიწოდა გარეთ ტელეფონი და ამ ტელეფონთან ერთად სახლში შემითრია. გაუგონარი სისასტიკით მცემა, ძირს მათრია, შარვალი, რომელიც მეცვა, სულ გადახეხილია, დღეს პროკურატურაში დევს. წყლით სავსე ბოთლი მესროლა და რომ დაინახა, სისხლი მდიოდა, მომასულიერა, მხოლოდ ამის შემდეგ დავაღწიე თავი ტყვეობას. ტელეფონი დალეწილი გამომატანა. ამის შემდეგ კიდევ მცემა, მუცელში წიხლი ჩამარტყა.
_ პროკურატურა ხომ იძიებდა ამ საქმეს და თქვენ რატომ ხვდებოდით პირისპირ ამ ადამიანს?
_ სასოწარკვეთილი ვიყავი, ზიანი ზიანზე მომაყენა, როგორც ქონებრივი, ისე შემილახა ღირსება და სახელი. რადგან სამართალდამცველ ორგანოებში სიმართლე ვერ ვიპოვე, იძულებული ვიყავი, ისევ მე მებრძოლა. მაპატიეთ და მეუბნებოდა, _ ფეხებს ვერ მომჭამ ძირში, საპატრულო და პროკურატურა ჩემიაო. ამ ყველაფრის შემდეგ თავის სახლში კიდევ ერთხელ ამათრია ძალით, მცემა და იმ ადგილზე გადამაგდო, სადაც მისი იარაღი იდო. იარაღს რომ არ შევეხე, მოვიდა და სულ წიხლებით მცემა, რატომ ხელი არ მოკიდეო. როგორც ჩანს, უნდოდა, პატრული გამოეძახებინა, შემდეგ ამ იარაღზე ჩემი თითების ანაბეჭდი აღმოჩნდებოდა და იტყოდა, სახლში მომივარდა და ჩემი მკვლელობა განიზრახაო. ტყვიებიც კი არ ჰქონდა იარაღში ჩადებული, ეს სიტუაცია გაითამაშა. ამის შემდეგ სახლში მომივარდა და კიდევ მცემა. მაისი იყო, ჩემი ძმისშვილი გაგვიხდა ცუდად. წამალი, რომელიც ექიმმა გამოუწერა, ქსელში ვნახეთ, რომ მხოლოდ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ავერსის“ აფთიაქს ჰქონდა. ღამის 2:00 საათი იყო, აფთიაქში რომ წავედი, თავისი ეზოდან დამინახა, გამომეკიდა და დამიჭირა. უცხო ბიჭები მოდიოდნენ, დახმარება ვთხოვე, იმათ ეუბნება, პოლიციელი ვარ და უფლება მაქვს, დავაკავოო. პატრულში დარეკა. როდესაც მოვიდნენ, უხსნის, რომ ის არის პოლიციელი, ის ბიჭები დაითხოვეს და მე მეუბნებიან, რომ ადმინისტრაციული წესით მაკავებენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს.
_ ზემოთ ახსენეთ, რომ თქვენს საქმეზე სასამართლო პროცესიც გაიმართა...
_ დიახ, სწორედ ამის შემდეგ ჩატარდა სასამართლო პროცესი, მაგრამ მოსამართლემ საქმე შეწყვიტა. მაბრალებდა, ვითომ დამაფონით დავურეკე და გავაღვიძე, ამის გამო დამაკავეს, _ პოლიციელი ვარ და მაწუხებდაო. ეს ფაქტი რომ მოხდა და სახლში არ მივედი, დედაჩემს გენერალურ ინსპექციაში დაურეკავს. ყველაფერი გამომკითხეს. პრეტენზია მქონდა პატრულის თანამშრომლებზე და ამ ბიჭზე. შემდეგ ისევ დამიბარეს გენინსპექციაში და მეუბნებიან, _ გამოვკითხეთ პატრულის თანამშრომლები, გ.ბ. და მართლები არიანო. არც კამერები გაუხსნიათ, არც არაფერი, ვისთანაც პრეტენზია მქონდა, ისინი გამოვკითხეთ და დამნაშავეები არ არიანო. ამის შემდეგ ტაშკენტის ქუჩაზე შემხვდა, კიბეებზე დამაგორა, მერე კედელზე მარტყმევინა თავი, ამ ყველაფერს მისი მეზობელი უყურებდა, რომელიც ყოფილი პოლიციელია. ის კაცი გაშველების მაგივრად აქეზებდა. რკინაზე რომ მარტყმევინა თავი, ამის მერე ორივე ყურიდან დავკარგე სმენა, საშინელი ტკივილები მქონდა, პატრული მოვიდა, სასწრაფოთი გადამიყვანეს, ექიმს ეუბნება, იგონებს და არაფერი სჭირსო, ამიტომ სასწრაფოს არ გადავყავდი, პატრულმა უთხრა, _ ჩალურჯებულია, იქნებ, მოტეხილობაც აქვს და გადაიყვანეთო. საავადმყოფოში რომ გამსინჯეს, ტვინის შეტყევა მქონდა, დახურული ტრავმა და ყურებში არ მესმოდა. ეს ფაქტი მოხდა 27 ივლისს, ჩემთან არავინ მოსულა, არ დავუკითხივარ, არც ექსპერტიზა ჩატარებულა და ქალაქის პროკურატურაში ეს საქმე 9 სექტემბერს შედის. დაიწყეს გამოძიება, თავიდან იმედიანად ვიყავი, ქალის უფლებები რომ ილახება და მით უმეტეს, პოლიციისგან, ვიფიქრე, დამიცავდნენ. მიმატანინეს ნივთმტკიცებები, ძველი ექსპერტიზის დასკვნა, დედაჩემი დაკითხეს. სექტემბრის ბოლოს ექსპერტიზა ჩამიტარეს, გარეგნული დაზიანებები აინტერესებდათ. რომ მივედი, ექსპერტმა მიცნო, _ კიდევ ეს გოგო მომიყვანეთ, არ გრცხვენიათ, ის ბიჭი ისევ მუშაობს, იმხელა დასკვნა დავწერე, კიდევ სამსახურშია და არ მოუხსნიათო? 27 ივლისის მერე რა დაზიანებები უნდა მქონოდა სექტემბრის ბოლოს?!
_ ახლა როგორ გრძნობთ თავს?
_ სამარშრუტოში ვერ ავდივარ, მეშინია, ასე მგონია, მოვა და მცემს, საბურთალოს მიმართულებით ვერ მივდივარ, რომ არ გადამეყაროს. მეშინია, არ გამომივარდეს და მცემოს. 27 ივლისის მერე არ მიძინია, დღე-ღამეში 2 საათი თუ მძინავს და გათენებას ველოდები. მეშინია მაშინაც კი, როდესაც სახლში მარტო არ ვარ. ამას წინათ გამომძიებელს დავურეკე, მითხრა, _ გამოძიება მიმდინარეობს, წინ მიიწევსო. _ პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგაც აღძრა საქმე და ეგ არის თქვენი მიმდინარეობა-მეთქი? გაიკვირვა, _ შენ წინააღმდეგ ვინ აღძრაო? არადა, საქმე აღძრულია ცემის ფაქტზე ორივეს წინააღმდეგ. მითხრა, _ მოვიდა ექსპერტიზის დასკვნაო. _ ამდენი ხნის განმავლობაში რა ვერ დაამტკიცეთ, რატომ არ აკავებთ, ამ წელიწადში გამოძიება არ დასრულდება-მეთქი? _ არ ვიცი, როდის დასრულდებაო. ველოდები, ცოტა ხნის შემდეგ მომწერენ, საქმე შეწყდაო. თვითონ პროკურატურა უწყობს ხელს. ჩემი მოთხოვნაა, სამართალდამცველმა ორგანოებმა კანონიერად იმოქმედონ და ამ ადამიანს ის მიუზღონ, რაც ეკუთვნის!
_ სახალხო დამცველს თუ მიმართეთ, ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს?
_ სახალხო დამცველს მივმართე, მისი აპარატი ჩაერია და წერილით რამდენჯერმე მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს. პასუხი მოვიდა, რომ ერთი საქმე შეწყვეტილი იყო, მეორედ გამართლებული იყო და ა. შ. ახლა საქმის ოქმები მოითხოვეს. ამის მერე გენერალური ინსპექცია წერს, რომ მიმდინარეობს გ.ბ.-ს სამსახურებრივი შემოწმებაო. დღემდე ვერ შეამოწმეს, ისევ ველოდებით პასუხს. მთავარ პროკურორს მივწერე და პასუხი არ მიმიღია. შს მინისტრისთვის მინდოდა მიმეწერა, დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი რომ გაიგოს, ერთი წუთითაც არ გააჩერებენ სამსახურში, მაგრამ მინისტრამდე წერილი არ მიდის. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, მივმართო შს მინისტრს, იქნებ, წაიკითხოს და გაიგოს, რომ მის უწყებაში მუშაობს სასტიკი მოძალადე! როგორ უნდა დაიცვას მან მოქალაქეების უფლებები, როდესაც თვითონ ლახავს სხვის უფლებებს?! ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც მივმართე და მათი ადვოკატიც მიცავს.
„ქრონიკა+“-მა სამართალდამცველი ორგანოებიდან კომენტარი მოიპოვა, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებდნენ.
შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს ინფორმაციით, მოქალაქე თ.ტ.-ს განცხადების საფუძველზე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, შედეგად შს სამინისტროს მოსამსახურე გ.ბ.-ს მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი. რაც შეეხება ცემის ფაქტს, რომელზედაც თ.ტ. მიუთითებს, 2016 წლის 28 ივლისს ქ. თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.
ქალაქ თბილისის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი მოქმედებები.
„ქრონიკა+“-მა სამართალდამცველი ორგანოებიდან კომენტარი მოიპოვა, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებდნენ.
შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს ინფორმაციით, მოქალაქე თ.ტ.-ს განცხადების საფუძველზე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, შედეგად შს სამინისტროს მოსამსახურე გ.ბ.-ს მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი. რაც შეეხება ცემის ფაქტს, რომელზედაც თ.ტ. მიუთითებს, 2016 წლის 28 ივლისს ქ. თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.
ქალაქ თბილისის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი მოქმედებები.
თამარ ბატიაშვილი