QronikaPlus
მოსამართლეების უფლებების გაზრდაზე ახალი პარლამენტი იმსჯელებს!

მოსამართლეების უფლებების გაზრდაზე ახალი პარლამენტი იმსჯელებს!

2016-11-20 08:48:37

ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კოლეგიის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა გვითხრა, რომ მათ კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლითაც პარლამენტს მოსამართლეთა უფლებების გაზრდას სთხოვენ. მათი ეს გადაწყვეტილება, ცხადია, ცოტა უცნაურად მოგვეჩვენა, მაგრამ ბატონმა ზურაბმა აგვიხსნა, რომ ამჟამინდელი კანონი მოსამართლეს გარკვეული ქმედებების უფლებებს არ აძლევს. მაგალითად, როცა საკითხი ეხება მუხლს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს 8 წლის ზემოთ, მოსამართლეს არ შეუძლია, სასჯელს წლები ჩამოაკლოს, _ ან ის სასჯელი უნდა გამოიტანოს, რაც კანონშია, ანდაც ბრალდებული გაამართლოს: მოსამართლეს კანონით ლავირების უფლება მიეცემა, რაც საპროცესო შეთანხმებების რაოდენობის შემცირებაზე იმოქმედებს და ამდენი ადამიანი აღარ გაუბედურდება.   „ქრონიკა+“-ს ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი საპროცესო შეთანხმების ნეგატიურ ასპექტებზე ესაუბრა:   _ საპროცესო შეთანხმება, როგორც სასჯელის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოში წინა ხელისუფლების პერიოდში აშშ-დან გადმოიღეს. _ მისი შემოღების მიზეზად რა დასახელდა? _ ის ბევრი რამის გამო დანერგეს _ უნდოდათ, ამ ფორმით ბიუჯეტი შეევსოთ, ასევე საზოგადოება მართვადი გაეხადათ, ჩაშვების ინსტიტუტი დაენერგათ და ა. შ., თუმცა ამის გამო უამრავი ადამიანი ქუჩაში უსახლკაროდ დარჩა. სანამ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, პროკურატურაში, დაახლოებით, ასეთი რამ ხდება: თუ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, პროკურორი ერთ-ერთ ბრალდებულს ეუბნება, _ სხვები ჩაუშვი, მათ შესახებ მოგვიყევი და საპროცესო შეთანხმებით რამდენიმე თვეში გაგათავისუფლებთო. ბევრი ადამიანი, იმის შიშით, რომ ციხეში არ ჩაჯდეს, ამ შეთავაზებაზე თანხმდება და სხვა ადამიანის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. ის ამას აკეთებს თავისუფლების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, მათი ჩვენებები არის გამოგონილი, ტყუილი, პროკურატურის შეთხზული, მაგრამ ის პროკურატურისთვის უკვე მტკიცებულებას წარმოადგენს, ანუ მათ ხელში უკავიათ დოკუმენტი და ადამიანის დასასჯელად ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ. ბოლო წლებში  წარმოებული საქმეების დიდი ნაწილი ასეა „გახსნილი“. როცა საქმე საპროცესო გარიგებამდე მიდის, პროკურატურაში ვაჭრობა იწყება: პროკურორი ბრალდებულს ეუბნება, _ რამდენის გადახდას აპირებო? ის რაღაც თანხას ეტყვის, მერე პროკურორი შეიცხადებს და თანხას გაზრდის. ეს ეხვეწება, _ მაგდენი არ მაქვსო... დაბოლოს, გარკვეულ ოდენობაზე თანხმდებიან. პოლიცია ცალკე იბრძვის ადამიანების დასაკავებლად, პროკურატურა კი ცდილობს, მათ ფული წაართვას, ოჯახი გაატყავოს და ნულზე დასვას. სინამდვილეში, ეს უწყება სავაჭრო ორგანიზაციად იქცა. პოლიციაში „ჩადებები“ კვლავ გრძელდება: უდებენ ნარკოტიკს, იარაღსაც. ზოგს მხოლოდ იმიტომ აპატიმრებენ, რომ სადღაც თქვა, ქურდი ვარო. ქურდული მენტალიტეტი კვლავ დასჯადია, თუმცა მერე ამ ადამიანებს საპროცესო შეთანხმებები უფორმდებათ და თანხის გადახდის შემდეგ კიდევ უფრო უბედურდება ოჯახი. წარმოიდგინეთ, ზოგმა იმიტომ იქურდა, გაჭირვებული რომ იყო და ესენი მას ფულის გადახდას სთხოვენ. პროკურატურამ ძალიან ბევრი ადამიანი გააუბედურა სწორედ ამ საპროცესო შეთანხმებების გამო. ახლახან ერთ-ერთი ქალბატონის შვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შეჰპირდნენ, რაშიც მის ოჯახს 15 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. დედას ერთი შვილი ჰყავს და არ უნდოდა, ის ციხეში მჯდარიყო, ამიტომ ფული რომ ეშოვა, სახლი გაყიდა, თუმცა შემდეგ პროკურატურამ აზრი შეიცვალა, აღარ გაუფორმეს საპროცესო და ოჯახი მაინც ქუჩაში აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ადამიანი ყიდის სახლ-კარს, მანქანას, თუ რამე აბადია. საქართველოს პროკურატურაში დიდი აღებ-მიცემობაა გაჩაღებული, რომელიც კანონით დაუშვებელია. _ დანაშაულის მუხლებზე საპროცესო შეთანხმების კონკრეტული თანხებია დაწესებული, თუ რომელ პროკურორს რა თანხაც მოუნდება, იმდენს უწესებს ბრალდებულს? _ რაიმე განსაზღვრული თანხები საპროცესო შეთანხმებებზე არ არსებობს. ამას პროკურატურაში რეალურად ვინ წყვეტს, ესეც ბოლომდე უცნობია. ამას წინათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს საპროცესო შეთანხმების გაფორმება უნდოდა. ამის თაობაზე ქალაქის პროკურატურაში, კონკრეტულ პიროვნებასთან მივედი და განცხადებაც დავწერეთ, მაგრამ ამ თანამშრომელმა მიპასუხა, ამას მე ვერ გადავწყვეტო. თუმცა შემდეგ სხვა ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფს სწორედ მან გაუფორმა საპროცესო და რამდენი უნდა გადაეხადა, ესეც თავად უთხრა. მე როგორც ვიცი, საპროცესო თანხის ოდენობას პროკურატურაში ერთი ადამიანი არ წყვეტს, თუმცა ოფიციალურად არ არსებობს რაიმე ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს. დიდი გაუგებრობაა ამ კუთხით და ამიტომაც უამრავია მათგან გამწარებული ადამიანი. პროკურატურას ასევე თავისი ადვოკატები ჰყავს, რომლებიც ბრალდებულებს არწმუნებენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე დასთანხმდნენ. ასეთი ადვოკატების უმეტესობა პროკურატურის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც იქიდან გამოუშვეს, ან თავისით წამოვიდა და ახლა ადვოკატად იწოდება, თუმცა ეს არ არის ადვოკატობა და ადამიანის უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ასევე კანონის თანახმად, ადვოკატურაში პროკურატურიდან და პოლიციიდან მოსულთათვის გზა ხსნილია და უპრობლემოდ, გამოცდების გარეშე შეუძლიათ საადვოკატო საქმიანობის დაწყება. _ უკვე დიდი ხანია საუბრობთ ამ კანონის მანკიერ მხარეებზე და რატომ არ აყენებთ მისი გაუქმების საკითხს? როგორც ადვოკატები ამბობთ, ადამიანების ყოფილი დამჭერი _ პოლიციაში, პროკურატურაში ნამუშევარი ადამიანი ვერასდროს იქცევა უფლებადამცველად. ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე რატომ არ მუშაობთ? _ ამის მცდელობა არაერთხელ გვქონდა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლებას, სამართალდამცველ სტრუქტურებს არ აწყობთ ასეთი ცვლილება, რადგან ასეთი ადვოკატები მათ კარგად ეხმარებიან საპროცესო გარიგებების გაფორმებასა და ბიუჯეტში გაუბედურებული ხალხისგან ფულის შეტანაში. არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა პროკურორი ბრალდებულს ეუბნება, _ სანამ ესა და ეს არის შენი ადვოკატი, საპროცესოს არ გაგიფორმებთო. პირადად მე არაერთხელ ჩამომაცილეს ამგვარად საქმეს, რადგან პროკურატურაში კარგად იციან, მებრძოლი ადვოკატი, რომელიც დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლეში, ასეთ შეთანხმებებს არ ურჩევს პატიმარს და მას სასამართლოში ბრძოლისკენ მოუწოდებს. _ საპროცესო შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც ვიცი, მაინც მოსამართლე იღებს. რადგან ასეთი შეთანხმებების რაოდენობა დიდია, ე. ი. მოსამართლეები პროკურატურასთან გარიგებულები არიან და ერთად აკვარახჭინებენ საპროცესო შეთანხმებებს? _ არა, ასე არ არის. პროკურატურას ყველა ბერკეტი აქვს, რომ ბრალდებული საპროცესო გარიგებაზე დაითანხმოს და უარი ათქმევინოს სამართლებრივი ბრძოლის დაწყებაზე. ეს ბერკეტი შეიძლება იყოს დაშინება, სასჯელის დიდი ოდენობის მოთხოვნის მუქარა, საქმის დამძიმება სხვადასხვა საშუალებით და ა. შ. ადვოკატსა და მოსამართლეს კი ეს ბერკეტები არ გააჩნიათ. მოსამართლე, ცხადია, პროცესზე ბრალდებულს ეკითხება, თანახმა არის თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე, მაგრამ იქ არავინ აცხადებს, რომ იძულებული გახადეს, საპროცესოზე დათანხმებოდა. მოსამართლესაც გამოაქვს გადაწყვეტილება და საპროცესო შეთანხმება ფორმდება. საპროცესო შეთანხმების დაშვებით სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპიც გაანადგურეს, არადა, სასამართლო პროცესის არსი სწორედ ეს გახლავთ. _ როგორ გაანადგურეს? _ როცა ბრალდებულს პროკურორი უმტკიცებს, რომ თუ ბრძოლას დაიწყებს და საპროცესოს არ გააფორმებს, ის შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, სხვა შემთხვევაში კი ეუბნება, გარეთ გახვალო, ცხადია, ეს ადამიანი მას დაუჯერებს. თანაც ადვოკატს კანონი ასეთი დაპირების უფლებას უკრძალავს. ე. ი. ყველა გზა საპროცესო გარიგების მიმართულებით მიდის, რაც ოფიციალური რეკეტის, ყაჩაღობის ტოლფასია. ფაქტობრივად, სახელმწიფო უშვებს, რომ ადამიანი, რომელსაც ფული აქვს, თუ მას გადაუხდის, არ დაისჯება. სისხლის სამართლის დანაშაულებზეც კი იდება ხოლმე საპროცესო შეთანხმებები. ვისაც ფული არ აქვს და ღარიბია, ის, ამ კანონმდებლობით, ციხეში უნდა იჯდეს. ფული განსაზღვრავს ადამიანის ბედს, რაც მიუღებელია. სანამ ეს კანონი იარსებებს, ქვეყანაში სამართლიანობაზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. _ თქვენ მითხარით, რომ მოამზადეთ კანონპროექტი, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში მოსამართლეებს უფლებები გაეზრდებათ, რაც საპროცესო შეთანხმებების შემცირებას გამოიწვევს. საინტერესოა, რატომ არ მოამზადეთ პროექტი, რომელშიც პირდაპირ მოითხოვდით საპროცესო გარიგებების აკრძალვას? რატომ არ გააკეთეთ ასე? _ საქმე ის არის, რომ საპროცესო გარიგებებით ბიუჯეტში დიდი ოდენობით თანხა შედის, რაც ხელისუფლებასაც აწყობს. `ნაციონალების” დროსაც ამიტომ შემოიტანეს ეს კანონი. „ოცნებასაც“ არ აუკრძალავს საპროცესო გარიგებები, თუმცა თანხები, ამჯერად, ისეთი დიდი არ არის, როგორც მაშინ იყო. გახსოვთ, ალბათ, ეს შემთხვევა: კაცმა მობილური იყიდა, რომელიც მოპარული აღმოჩნდა. ეს ადამიანი დააკავეს და საპროცესო შეთანხმებისთვის 100 ათასზე მეტი ლარი მოსთხოვეს. ხელისუფლებას აწყობს საპროცესო გარიგებები, ბიუჯეტის გაზრდა თუნდაც ხალხის გაუბედურების ხარჯზე და მის აკრძალვას არ დაუშვებს, ამიტომაც მივმართეთ ასეთ ხერხს. _ ფიქრობთ, რომ ახალი პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს მიიღებს? _ იმედი გვაქვს, რომ მიიღებს, რადგან სანამ სასამართლო შეჯიბრის სამართლებივი არენა არ გახდება, სანამ ადვოკატის, მოსამართლისა და პროკურორის უფლებები თანასწორი არ იქნება, სამართლიან სასამართლოს ვერ მივიღებთ. საპროცესო შეთანხმებების არსებობის გამო კი უდანაშაულო ადამიანები ხვდებიან ციხეებში. იმ მიზნით, რომ ადამიანი განთავისუფლდეს, იძულებულია, ათასი სისულელე მოიგონოს სხვაზე, ხელი მოაწეროს პროკურატურისა თუ პოლიციის ყველა ვერსიას, მოთხოვნას, რაც მარაზმია! დადგა დრო, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს!  

                                                                             ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება