QronikaPlus
„მიხეილ სააკაშვილი თუ გიგა ბოკერია?” – პოლიტსაბჭოს არჩევანის გაკეთება მოუწევს!

„მიხეილ სააკაშვილი თუ გიგა ბოკერია?” – პოლიტსაბჭოს არჩევანის გაკეთება მოუწევს!

2016-11-19 07:38:31

და აი, ეს დროც დადგა: მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა საჭირო დროს მკვეთრი ფორმულირებების ჩამოყალიბებით, სიტყვათშეთანხმება „თვითგამოცხადებული ლიდერი“ არა ცხინვალის ან სოხუმის რეჟიმის წარმომადგენელთა, არა მოწინააღმდეგე ბანაკის პოლიტიკოსთა, არამედ მისივე დაფუძნებული პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიპის, მინიმუმ, ერთი წარმომადგენლის მოხსენიებისას გამოიყენა და იმდენად მკვეთრი შეტყობინება გასცა, რომ მათ, ვისაც ამ დრომდე ჰქონდათ ენმ-ს ერთიან პოლიტიკურ ძალად დარჩენის იმედი, ცივი წყალი გადაასხა. „სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ერთი-ორი თვითგამოცხადებული პარტიული ლიდერის გადასაწყვეტი არ არის, ეს ჩვენი ამომრჩევლისა და მხარდამჭერების გადასაწყვეტია. ამიტომ მე ამ თამაშებსა და ინტრიგებში არ შევდივარ. ეს ინტრიგები და თამაშები ძალიან უბადრუკია დამარცხებულის პოზიციებიდან და იმ ხალხისგან, რომლებმაც შემდეგი 20 წელი დამარცხება გამოგვიწერა. მე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე, მე მზად ვარ გამარჯვებისთვის უკრაინაშიც და საქართველოშიც. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერები და ხალხი განსაზღვრავს ჩვენს ფუნქციას, ამაში ეჭვიც არავის შეეპაროს. მოდი, მათ მივცეთ საშუალება და ნუ ვცდილობთ, თავზე მოვახვიოთ ვიღაცის ვიწრო ინტერესების და კულუარული გადაწყვეტილებები“. ამ მცირე ციტატაში სააკაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინებები ჩადო: ა) ენმ-ში „ერთი-ორი თვითგამოცხადებული ლიდერი“ არსებობს, რომელიც ძალაუფლების უზურპაციას ცდილობს; ბ) ენმ-ში ამჟამად დემოკრატია კი არა, ვიწრო ინტერესები და კულუარული მმართველობაა; გ) თქვენ (ანუ თვითგამოცხადებულ ლიდერებს) არავინ გეკითხებათ, რა როლი მექნება ქართულ პოლიტიკაში; დ) თქვენ (ანუ თვითგამოცხადებული ლიდერები) თესთ პესიმიზმს და მომავალშიც დამარცხება გამოგვიწერეთ; ე) მთავარია მისი უდიდებულესობა ხალხი, ამომრჩეველი და მხარდამჭერები; ვ) მე ამ ინტრიგებში არ შევალ, ანუ თქვენთვის არ მცალია. რაც მთავარია, ყველა ამ შეტყობინებათა გაერთიანებით მივიღებთ ერთ მთავარ შეტყობინებას, რომელიც „თვითგამოცხადებული ლიდერებისთვისაა“ განკუთვნილი: „პარტიის ახევა გინდათ? ნურას უკაცრავად!“ რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის თავდაჯერებას საფუძველი აქვს: მართალია, ის დისტანციურად შორსაა, მაგრამ საქართველოში დატოვებული ჰყავს მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი ძალა: ათიათასობით მხარდამჭერი, რომელიც მხოლოდ იმის გამოა ენმ-ს ამომრჩეველი, რომ ეს პარტია მიხეილ საკაშვილთან ასოცირდება. კაცმა რომ თქვას, ისედაც ცხადი იყო, რომ ამომრჩეველთა გაერთიანებას საკმაოდ ჭრელი პოლიტიკური წარსულისა და წარსულში ბევრისთვის არცთუ მოსაწონი პოზიციების მქონე პერსონებს ირგვლივ გამაერთიანებლის როლი სწორედ მიხეილ სააკაშვილს ენიჭებოდა. მაგალითად, თუნდაც გიგა ბოკერია ავიღოთ, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარია მათ შორის, ვისაც სააკაშვილმა „თვითგამოცხადებული ლიდერი“ უწოდა. სანამ სააკაშვილი და ბოკერია ერთად აღიქმებოდნენ, გიგა ბოკერიას მიმართ პრეტენზიები არც მის პოლიტიკურ წარსულზე, არც აწმყოზე, ენმ-ს მხარდამჭერების მხრიდან არ გაჟღერებულა, მაგრამ საკმარისი იყო, გაჩენილიყო აღქმა, რომ ბოკერია სააკაშვილს „პარტიას ახევს“, რომ მის მიმართ მაშინვე გაჩნდა კითხვის ნიშნები, მაგალითად, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდგომ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში ვიღაცამ გაიხსენა, რომ სწორედ გიგა ბოკერია, ბეჟან გუნავა და სხვები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც იმ დროს, როცა სამეგრელოში ე. წ. სამთავრობო ჯარები შევიდნენ, მათ შეჰყვნენ. ცხადია, არავის უთქვამს, რომ გიგა ბოკერია იქ იარაღით ხელში შევიდა და ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიტინგებს ჰაერში სროლით შლიდა და არბევდა, მაგრამ ფაქტია, რომ შევარდნაძის მიერ სამეგრელოში სიტუაციის დასაშოშმინებლად გაგზავნილთა შორის ბეჟან გუნავა და გიგა ბოკერიაც მოხვდნენ, როგორც შერჩეული პირები. ერთ-ერთმა თავად გიგა ბოკერიას მონაყოლიც გაიხსენა, როგორ დაიმალა ბეჟან გუნავა ვიღაცის სახლის ბავშვის საწოლში და როგორ წაიფარა თავზე საბანი, როცა ცრუ განგაში ატყდა, _ ლოთი ქობალიას გვარდიელებმა ალყა შემოგვარტყესო. მაშინ, თურმე, ბოკერია ხალისით ჰყვებოდა, როგორ ეძებდნენ ყველაფრის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ გუნავას და როგორ იპოვეს მასპინძლის საბავშვო ოთახში, ბავშვის ხის საწოლზე მოკუნტული და თავზე საბანწაფარებული. თვითონ ის ფაქტიც, რომ გიგა ბოკერიას ცოლი სოციალურ ქსელში ახალ ტერმინს: „მიშზვიადისტებს“ ამკვიდრებს, მავანმა სწორედ იმის ილუსტრაციად მიიჩნია, რომ ცოლ-ქმარს ერთი პოზიცია აქვს და ზვიად გამსახურდია დიდად გულზე არ ეხატებოდათ. ენმ-ს ლიდერებსა და სახეებში, ალბათ, მრავლად მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც გამსახურდიას მიმართ დიდი სიმპათიით არ გამოირჩეოდნენ _ მათი უმრავლესობა ხომ შევარდნაძის გუნდში მოიაზრებოდა, მაგრამ ყველას ჯერ არ ერჩიან: საკბილო გიგა ბოკერია გახდა, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ პარტიაში მიმდინარე ამბები სწორედ ბოკერიას მიერაა ორკესტრირებული. თუმცა შერისხულთა სიაში მხოლოდ გიგა ბოკერია არ არის: გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი, გივი თარგამაძე, თვით თენგიზ გუნავაც კი _ პოლიტსაბჭოს ცნობილ განცხადებაზე ხელმომწერთა უმრავლესობის მიმართ ენმ-ს მხარდამჭერ ე. წ. რადიკალთა პრეტენზიები სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აშკარაა. ბოლო დღეებია, განსაკუთრებული განხილვის საგნად იქცა ასევე გიორგი ბარამიძის ვრცელი პოსტი, სადაც ის, ასე ვთქვათ, გამოსავალს ეძებს და მას მიხეილ სააკაშვილის „იდეურ წინამძღოლად და სიმბოლოდ“ შერაცხვაში ხედავს, ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობას კი იმით ამყარებს, რომ პარტია უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს. თუმცა გიორგი ბარამიძე იმის შესაძლებლობასაც უშვებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ისევ ისე ვაკანტური დარჩეს, როგორც აქამდე იყო, იმ შემთხვევაში, თუკი ახალი თავმჯდომარის არჩევა „პარტიის გახლეჩას გამოიწვევს“. ოღონდ, მისი პოსტიდან გაუგებარი რჩება, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება? ყრილობამ, რომელსაც რადიკალი (სააკაშვილის მომხრე) მხარდამჭერები აქედანვე უნდობლობას უცხადებენ? პოლიტსაბჭომ, რომელმაც უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და რადიკალთა მიერ გამოთქმული აზრების გამო (ივანიშვილთან შესაძლო გარიგების შესახებ) მათ გაემიჯნა? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გიორგი ბარამიძე ყრილობაზე შიდა დაპირისპირების დეტალების განხილვის წინააღმდეგია (ყრილობა გამაერთეიანებელი უნდა იყოს და პარტიის დაყოფას ხელი არ უნდა შეუწყოსო), მაშინ ვინ გადაწყვეტს და რა ფორმით მივა დასკვნამდე, ვაკანტური დარჩეს თავმჯდომარის თანამდებობა, თუ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ასეა თუ ისე, ვნებათაღელვა მატულობს და რადიკალთა მოსაზრებები უფრო და უფრო რადიკალური ხდება. ხშირად ეს ზღვარგადასულ რადიკალიზმადაც გვევლინება. მაგალითად, ძალიან ბევრმა ბოლო დღეების განმავლობაში გაიხსენა „ავადსახსენებელი“ გადაცემა „ანატომია“, რომელიც ერთხელ გიგა ბოკერიასაც მიეძღვნა. რატომღაც, ყველას მოუნდა, რომ გადაცემაში გამოყენებული ბრალდებები, რომელთაც, ალბათ, ოთხიოდე წლის წინათ ყველა ხმამაღლა უარყოფდა და გადაცემის ავტორსაც მამაპაპურად შეუკურთხებდა, ახლა გიგა ბოკერიას საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. კაცმა რომ თქვას, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. იგივე ლოგიკით, ვისი ნააზრევი ან ქმედებაც არ მოგეწონება, თითქმის ყველაზე, შესაძლოა, ასეთი „ანატომიები“ და სხვადასხვა სახის სიუჟეტი არსებობდეს და ცალსახად პროპაგანდისტული, მასაზე გათვლილი ფილმებისა და კადრების გამოყენება, მაინცდამაინც, გონივრულად არ გამოიყურება... ცხადია, ენმ-ს ლიდერშიპის მიმართ რადიკალთა მხრიდან გამოთქმული ბრალდებებითა თუ პრეტენზიებით ისევ ოცნების მხარდამჭერები და ხელისუფლებასთან აფილირებული პირები ხეირობენ. მაგალითად, შალვა რამიშვილი, რომელიც ენმ-ს სააკაშვილის ფლანგის წარმომადგენელთა თქმით, „ძალიან შეეჩვია თამარ ჩერგოლეიშვილის კედელს“. სწორედ რამიშვილთან ზედმეტად ფამილარულ ურთიერთობას უყენებენ მთავარ პრეტენზიად თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელიც რადიკალური აზრების გამოთქმას აგრძელებს და ენმ-ს რადიკალ მხარდამჭერებს ხან „სასარგებლო იდიოტებად“, ხანაც „მიშზვიადისტებად“ და ხან, კიდევ, „სექტანტებად“ და „ბრიყვებად“ მოიხსენიებს. მისი ლოგიკა ძალიან მარტივია: თუ მათ უნდათ გლანძღონ, მათზე დრო არ უნდა დაკარგო და თუ მიიჩნევენ, რომ გიგა ბოკერია გარიგებულია ივანიშვილთან, ან ცხოვრობს ისეთ ქალთან, რომელმაც სამშობლო „გაზპრომზე“ გაყიდა, უნდა უწოდო ბრიყვები, დაბლოკო და შეეშვა. ამასთან, ცნობილ რეაქციაზე „არ შეიძლება, გიგა ბოკერიამ ცოლი გააჩუმოს?“ ჩერგოლეიშვილს ისევ ჯიუტი პოზიცია აქვს: მისი თქმით, მასზე ყურადღების გადატანა და ისე წარმოჩენა, თითქოს ენმ-ში სიტუაციას ჩერგოლეიშვილი ურევს, ფსბ-ს ცნობილი მეთოდის გამოყენებაა და პროგრესულად მოაზროვნე ენმ-ს წევრებისთვის მესიჯის: „ქალი გმართავთ, თქვე საცოდავებო“ გაგზავნაა, რაც, თავისი არსით, „26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცის“ თეორიის გაგრძელებაა... მოკლედ და კონკრეტულად თუ შევაჯამებთ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ენმ-ს ერთიანობისკენ მოწოდებები, მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა და სხვა პრევენციული ღონისძიებები უკვე დაგვიანებულიც კია, მით უმეტეს, რომ სააკაშვილსა და ლიდერშიპის განსხვავებულად მოაზროვნე ნაწილს შორის მანამდეც არაერთხელ გამართულა შეხვედრები, შემდგარა შეთანხმება, რომელიც მერე და მერე, დროის განმავლობაში, დარღვეულა. მოცემულობა ისაა, რომ ბოკერია პარტიიდან არ მიდის, სააკაშვილი კი პარტიას არ თმობს. ორივე მხარეს სჯერა, რომ მხარდამჭერები ჰყავს როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთ, ანუ ამომრჩევლებში. ერთნი გაიძახიან, რომ სხვები მიშას გარეშე ნულები არიან, ხოლო მეორენი გაჰყვირიან, მიშამ უკრაინას მიხედოს და აქაურობა დაივიწყოს, სამაგიეროდ, ჩვენი იდეური წინამძღოლი და სიმბოლო იქნებაო. მართალია, პოლიტსაბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობის გადაწყვეტილების მიხედვით უმრავლესობაში, თითქოსდა, „ბოკერიას ფლანგია“, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჯერ საკითხი ასე: „მიხეილ სააკაშვილი თუ გიგა ბოკერია?“ არ დამდგარა. საინტერესო ისაა, რას გადაწყვეტენ ენმ-ს პოლიტსაბჭოელები მას შემდეგ, რაც ეს არჩევანი ამ ორ პერსონას შორის, სავარაუდოდ, აუცილებლად ექნებათ გასაკეთებელი. ორივე მხარე ყრილობისთვის ემზადება, ბოკერია კომენტარს არ აკეთებს მანამ, სანამ სააკაშვილი უშუალოდ მას არ ახსენებს, სააკაშვილი კი მხოლოდ მინიშნებებით საუბრობს და პერსონალიზაციას მაინც ერიდება. აფეთქდება თუ არა სიტუიაცია საბოლოოდ, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, ამ ორი პოლიტიკური ფიგურიდან (სააკაშვილი და ბოკერია) რომელს უფრო ადრე უმტყუნებს ნერვები. ერთმანეთის სიძლიერის შესახებ ორივეს სრული წარმოდგენა აქვს, ერთმანეთის სუსტი მხარეებიც კარგად იციან, მთავარი კი, ალბათ, მაინც ყრილობა იქნება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, დეკემბერში უნდა ჩატადრეს.  

                                                                                                                      ლაშა ბერულავა

       

გაზიარება