გამწვანება ის საკითხია, რომელიც ქუთაისშიც ისევე აქტუალურია, როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში. არ ვიქნებით ზედმეტად კრიტიკული, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე ათეული წელია, ქალაქში გამწვანებასთან დაკავშირებით სერიოზული პროგრამა არ განხორციელებულა. აქ არსებული მწვანე საფრის მცირე ნაწილი XIX საუკუნიდანაა შემორჩენილი, ხოლო ძირითადი _ XX საუკუნეში საბჭოთა პერიოდს განეკუთვნება.
სწორედ საბჭოთა წარსულში გაკეთებული ბაღებისა და სკვერების შემდეგ ქალაქს ახალი რეკრეაციული ზონა არ შემატებია, თუ არ ჩავთვლით მცირე სახის სამუშაოებს, რომელიც, შესაძლებელია, იერსახეზე რაღაც ფორმით აისახა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად. ქუთაისის როგორც ძველ, ისე ახალ უბნებში უხვად იყო სკვერები და ბაღები. პერიოდულად გამხმარ ხეებს ახლით ანაცვლებდნენ. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა ერთწლიანი მცენარეებით ქალაქის გალამაზებასაც. 90-იანი წლების შემდეგ ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა და სკვერების მოვლა, ძირითადად, მისი გადაბარვით გამოიხატებოდა. ბოლო წლებია, სკვერების კეთილმოწყობისთვის, ქალაქის ბიუჯეტში, გარკვეული სახსრები გაჩნდა, მაგრამ იგი არასაკმარისია, რის გამოც მხოლოდ ცენტრალურ ნაწილზე კეთდება აქცენტი. თვალში საცემია ლანდშაფტის სპეციალისტების არარსებობაც.
უამრავ პრეტენზიათა შორის მოსახლეობის კრიტიკის საფუძველი ხშირად გამხდარა ხეების გადაბელვის პროცესიც, რაც უკვე არსებული მრავალწლიანი ნარგავების არათუ შენარჩუნებას, არამედ დაზიანებასაც კი იწვევს. მართალია, გამხმარ ხეებს, პერიოდულად, ამჯერადაც ჭრიან, მაგრამ თითქმის ვერ დაინახავთ, რომ გამოთავისუფლებულ ადგილზე ახალი მცენარეები ირგვებოდეს. თუ ირგვება, მოუვლელობის გამო მალევე ხმება. იშვიათობას არ წარმოადგენს ისიც, რომ კომერციული ობიექტების წინ პარკირების მოსაწყობად ხეები იჭრება, ან ისე ისხვლება, რომ სრულიად კარგავს ფორმას. ხშირია ფაქტები, როცა ხეები საეჭვო ვითარებაში ხმება და გამოთავისუფლებული ადგილი სხვა დატვირთვას იძენს.
ბოლო წლებია, ქუთაისში ბაღებისა და სკვერების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მიზეზი ტერიტორიების გაყიდვა და იქ მშენებლობების ნებართვის გაცემაა. მაშინ, როდესაც ძველი და ამჟამინდელი ხელისუფლება ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, მოსახლეობას დასვენებისთვის სულ უფრო მცირე ადგილი რჩება. სწორედ ასეთი მდგომარეობის გამო ქუთაისლებს აშფოთებს ყველა ის ქმედება, რაც შესაძლებელია, მცენარეთა დაზიანების მიზეზი გახდეს.
ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები წყლის სისტემისა და გზის განახლებას ითვალისწინებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია აწარმოებს, რომელიც, პროცესის დროში გაწელვის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას გასული საუკუნის 90-იანი წლების გახსნებაში დაეხმარა. მტვერმა, ტალახმა და ხმაურმა ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები გარკვეული დროით წარსულში დააბრუნა. იმედია, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გასტანს და ქუჩის რეაბილიტაცია ამინდის გაუარესებამდე მოესწრება, მაგრამ ადგილობრივები შიშობენ, რომ ახლად წყლის სისტემადამონაჟებული და ასფალტდაგებული ქუჩა, შესაძლოა, მწვანე საფრის გარეშე დარჩეს, _ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქ სანიაღვრე სისტემის მოწყობაც გადაწყდა. აღნიშნულის გამო ტროტუარის გასწვრივ არხების გათხრა გახდა საჭირო.
ასათიანის ქუჩის გასწვრივ განთავსებული 140 ძირამდე მრავალწლოვანი ჭადარი, კედარი და ალვის ხე ერთადერთი საშუალებაა, რაც ზაფხულის მზისგან და საკმაოდ ინტენსიური საავტომობილო მოძრაობის გამო დაბინძურებული ჰაერისგან მოსახლეობას იცავს, თუმცა სანიაღვრე სისტემის სამუშაოების გამო ხეების ფესვების ჩაჭრა გახდა საჭირო, რაც გახმობის პროვოცირებაა.
განხორციელებული სამუშაოების არასწორად წარმართვაზე მოსახლეობასთან ერთად საუბრობს „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია:
_ 140 ხისთვის ფესვების ჩაჭრამ შესაძლებელია, არა მარტო მათი გახმობა გამოიწვიოს, არამედ არსებობს საშიშროება, მათ მდგრადობასაც შეუქმნას საფრთხე. ქუთაისში, სადაც ქარი არცთუ ისე იშვიათია, არ არის გამორიცხული, საფუძველგამოცლილი ხეები, რომელთა სიმაღლეც 10 მეტრზე მეტია, წაიქცეს და უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს. ქარიან ქუთაისში ხეებს რომ ფესვებს ჩაუჭრი, თავში გიქრის უეჭველი და რომელ ხელისუფლებაზე გაქვს ლაპარაკი?!”
მაია დეისაძე _ ქუთაისის მცხოვრები:
_ ადამიანებისთვის ჟანგბადი აუცილებელია. ფესვების დაზიანება, ბუნებრივია, საფრთხეს წარმოადგენს ხეებისთვის და დასანანი იქნება, თუ ყოველივე მათ ხმობას გამოიწვევს. მოგეხსენებათ, რამდენი წელი სჭირდება წიწვოვანი ხეების გაზრდას. კარგია, როცა რაღაც კეთდება, მაგრამ არა რაღაცის დაზიანების ხარჯზე.
სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით ქუთაისის მერიას მივმართეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ მერიას კონკრეტულ სამუშაოებთან შეხება არ აქვს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „SMK Group “-თან გადაგვამისამართეს, რომელიც ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიაციას ახდენს.
გიორგი შავაძე _ კომპანია „SMK Group “-ის წარმომადგენელი:
_ ჩვენი დაკვეთით არხების შეკეთება კი არა, ასათიანის ქუჩის კაპიტალური რემონტია დაგეგმილი. იქ შემდეგ ასფალტის საფარი უნდა დაიგოს. შესაბამისად, ბარემ სანიაღვრეც ჩავდოთო, რაც ჩვენ არც პროექტში გვაქვს, არც გეგმაში და არც ხარჯთაღრიცხვაში. საერთოდ არ გვაქვს ამასთან კავშირი. სამუშაოებს სრულად აწარმოებს მერიის კეთილმოწყობის სამსახური. ჩვენ მხოლოდ წყალგაყვანილობის მონტაჟს ვასრულებთ და შემდგომ დავაგებთ ასფალტის საფარს.
კომპანიისგან მიღებული განმარტების შემდეგ ისევ ქუთაისის მერიას მივმართეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კიდევ ერთხელ განგვიცხადეს, რომ მათ პროცესთან შეხება არ აქვთ და ამჯერად აიპი „სპეციალური სერვისებისკენ“ მიგვითითეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად შესაძლებელია, რომელიმე კონკრეტული აიპი რაიმე სახის სამუშაოებს დამოუკიდებლად, მერიასთან შეთანხმებისა და დაკვეთის გარეშე ასრულებდეს, ჩვენ განმარტებისთვის მათაც მივმართეთ.
არჩილ ჭავჭანიძე _ აიპი „სპეციალური სერვისების“ დირექტორის მოადგილე:
_ ასათიანის ქუჩაზე ძველი სისტემა ახლით იცვლება. ბუნებრივაია, ამ დროს აუცილებელია მიწის სამუშაოების წარმოება, რისთვისაც ხის იმ ფესვების ჩაჭრა გვიხდება, რომელიც სამუშაოებს ხელს უშლის. სხვაგვარად ჩვენი სამსახური ხეებს არ შეხებია და არა მგონია, ამან მცენარეებს რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს.
_ პროექტი მერიასთან შეთანხმდა?
_ რა თქმა უნდა, ყველაფერი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.
_ თუკი სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია აწარმოებს, თქვენი აიპი რა შუაშია?
_ ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით გვევალება სანიაღვრე არხების გაწმენდა. თუკი სადმე დაზიანდება, სწორედ ჩვენ ვაკეთებთ. ასევე გვევალება მთლიანი რეაბილიტაციაც, როდესაც ამას ადგილობრივი ხელისუფლება დაგვავალებს.
_ არხების გაჭრამდე გქონდათ თუ არა კონსულტაცია სპეციალისტებთან იმის გასარკვევად, თუ რამდენად საშიში იქნებოდა მსგავსი სახის სამუშაოები მწვანე საფრისთვის?
_ ჩვენ წინაშე ჯერ არ დამდგარა ისეთი პრობლემა, რომ ვინმე გამოგვეძახებინა. ჩვენ მიერ წარმოებული სამუშაოები არანაიარად არ აყენებს ისეთ ზიანს, რომ ხე გახმეს, ან წაიქცეს. 100-წლიანი ხეებია და ერთი ძირის ჩაჭრამ, რომელიც არხის ჩადებას უშლის ხელს, არა მგონია, რამე უარყოფითად შეცვალოს.
იმის გასარკვევად, აქვთ თუ არა ინფრომაცია მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა საფრთხე მცენარეებისთვის, ამჯერად მერიის გამწვანების განყოფილებას მივმართეთ.
ნატო ბურჯალიანი _ გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:
_ მერიის გამწვანების განყოფილებამ ასათიანის ქუჩის გასწვრივ ხეები დაათვალიერა. მოგეხსენებათ, ხეებს ფესვების სხვადასხვა სახეობა აქვს: ძირითადი, გვერდითი და ფუნჯა ფესვები. რაც მთავარია, კონკრეტულ შემთხვევაში არ შეხებიან ძირითად, სასიცოცხლო ფესვს. არც გვერდითა ფესვები დაზიანებულა, მხოლოდ ერთი მხრიდან ჩაიჭრა ის. სამუშაოების დროს, უმეტესად, ფუნჯა ფესვებს ეხებოდნენ. აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება საფრთხის გამომწვევი. უახლოეს მომავალში თხრილები მიწით ამოივსება. როდესაც ასეთი სახის პროექტი კეთდება, ბუნებრივია, ხეს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ ერთმა მეორეს არ უნდა შეუშალოს ხელი. კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერი ისე განხორციელდა, რომ საფრთხის წინაშე არ ვიქნებით.
_ წინასწარ თუ მოგმართეს კონსულტაციისთვის?
_ წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა როგორც კი ამ სამუშაოების განხორციელება დაიწყო, ვიდრე უკმაყოფილების ტალღა აგორდებოდა, ვნახეთ და დავაკვირდით. თუ მცენარეს თავიდანვე არ ჰქონდა რაიმე სახის დაზიანება და პრობლემა, ამ პროცესიდან გამომდინარე საფრთხე არც ხეების მდგრადობას ემუქრება.
„ქრონიკა+“ იმედს იტოვებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შეშფოთება უსაფუძვლოა, ხოლო ქალაქის გამწვანებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა არა მოყვარულების დონეზე, არამედ ლანდშაფტის დიზაინერებთან ერთად წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით იზრუნებს, რომლის შემდგომაც სკვერები და ბაღები იმ სახეს მიიღებს, რასაც ისინი შინაარსობრივად უნდა პასუხობდნენ.
ხვიჩა ვაშაყმაძე