„სითი პარკის“ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. თბილისის საკრებულოს დეპუტატები _ ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი _ თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ კომპანიასთან გაწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო პირგასამტეხლოს თანხა, 25 მილიონი ლარი, აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული (როცა თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანობას შეუდგა) „სითი პარკმა“ თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან 62 მილიონი ლარი ამოიღო, „აქედან დედაქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხა 18 მილიონი ლარი, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიამ სახლში წაიღო“. ელისაშვილის თქმით, „სითი პარკს“ არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, თეთრიც კი არ დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით. მისივე თქმით, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აღნიშნულმა კომპანიამ 31 მილიონი ლარი წაიღო სახლში.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, „სითი პარკს“ 2025 წლამდე აქვს კონტრაქტი მერიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, კომპანია მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 270 მილიონ ლარს ამოიღებს: „ჩვენ ვთავაზობთ თბილისის მერიას, 2017 წლის ბიუჯეტში ჩაიდოს პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი, რომელიც „სითი პარკს“ უნდა გადავუხადოთ და გავწყვიტოთ ურთიერთობა ამ კომპანიასთან. პარკირება უნდა იყოს მუნიციპალური სერვისი და მერია უნდა მართავდეს მას ერთი წლის მანძილზე. შემდეგ შეიძლება ეს ვადა ან გახანგრძლივდეს, ან ახალი ტენდერი გამოცხადდეს. შემოსული თანხა კი უნდა მოხმარდეს დედაქალაქის პარკირების ინფრასტრუქტურის შექმნას“, _ ამბობს ელისაშვილი.
თავის მხრივ, დავით ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი მკაფიოდ დაგვპირდა, რომ „სითი პარკის“ პრობლემას მოევლებოდა, ხელშეკრულება ან გადაიხედებოდა, ან გაწყდებოდა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი დაიწყო, მაგრამ დამთავრდა კიდეც. დავით ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მათ ინიციატივას საზოგადოება და სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან.
საპასუხოდ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ სიამოვნებით დაელოდება კონკრეტულ ციფრებს: „მხოლოდ ერთი ციფრის დასახელება, რა შემოსავალს იღებს „სითი პარკი“ წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის... ამას მეტი არგუმენტი სჭირდება. ეჭვი მეპარება, რომ პარკირებისგან ერთ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს“.
ნარმანიას თქმით, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს საკრებულოში წარადგენს, დიდი სიამოვნებით მოისმენს საკრებულოს დეპუტატების კონკრეტულ მოსაზრებებსა და გაანგარიშებებს, რას მოაკლონ თანხები, რათა „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მერიამ „სითი პარკს“ პირგასამტეხლო _ 25 მილიონი ლარი გადაუხადოს.
ამ თემაზე „ქრონიკა+“ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელს, დავით მესხიშვილს ესაუბრება:
_ თბილისის მერიამ თავიდანვე საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა, რადგან ეს პრობლემა სრულიად პოლიტიკური შინაარსის გახდა. ამას უკვე წინასაარჩევნო დაპირებასთან არანაირი შეხება არ აქვს. რეალურად, ეს ყველაფერი პოლიტიკური დაპირისპირების საგანია.
თავის დროზე, ქალაქის მერმა და დღევანდელი ხელისუფლების ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა გასცა დაპირება, რომ ქვეყნიდან გააგდებდნენ „სითი პარკს“ და ა. შ. ისე რომ, ეს ხელშეკრულება, მგონი, ნანახიც არ ჰქონდათ. ამიტომ ამ საკითხში თბილისის მერი თავიდანვე კონფრონტაციული იყო. მახსოვს, იგივე „სითი პარკის“ წარმომადგენლების შეხვედრის მცდელობა, სადაც ისინი თანახმა იყვნენ, დედაქალაქის მერიასთან ყველანაირი მოლაპარაკება ეწარმოებინათ. ნარმანიამ ეს დიალოგი არანაირად არ წარმართა, პირიქით, _ კონფლიქტში შევიდა და საბოლოოდ მივიღეთ ძალიან სერიოზული კრიზისი, რაც მძღოლებსა და ქალაქში პარკირების პრობლემაზე აისახება. ეს დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გარკვეულ ეტაპზე ვითომ რაღაცები მოგვარდა, მაგრამ დღესაც ადგილები საკმარისი არ არის, ავტომობილების რაოდენობა იმატებს, არც გამოსავალი ჩანს. მოკლედ რომ ვთქვათ, მერია „სითი პარკთან“ ერთად სერიოზულ ჩიხშია, საიდანაც გამოსვლა, პირდაპირ მინდა გითხრათ, ძალიან რთული იქნება.
რაც შეეხება 25 მილიონის პირგასამტეხლოს გადასახდელს, მე თუ მკითხავთ, თბილისის მერიას თუ უნდოდა, რომ ქალაქში დამატებითი პარკირების ადგილები შექმნილიყო, ამაში არავინ ხელს არ უშლიდა. ნებისმიერი კომპანია შეუძლია შემოიყვანოს და ინვესტირება განახორციელებინოს, დამატებითი პარკირების ადგილები შექმნას. ანუ ამით სპეკულირება, რომ მე „სითი პარკი“ მიშლის ხელსო, ტყუილია. მერიას შეეძლო, დამატებითი ბერკეტები აემუშავებინა და მსხვილი ინვესტიცია განეხორციელებინა. ახლა რომ დეპუტატები 25-მილიონიან პირგასამტეხლოზე საუბრობენ, ამ ფულს სიამოვნებით ჩავადებინებდი მერიაში დამატებითი პარკირების ადგილების მოსაწყობად. ამ გზით მთელ სისტემას გავაუმჯობესებდი, ამიტომ სწორად არ მიმაჩნია, რომ თბილისის მერიამ ჯარიმა ჩვენი ჯიბეებიდან უნდა გადაიხადოს. აქ გამოსავალს ვერ ვხედავ. საბოლოოდ, ჩვენ ასეთი პრობლემა გვაქვს. მე არც ერთ შემთხვევაში „სითი პარკს“ არ ვიცავ. მიმაჩნია, რომ კომპანიას შეეძლო და, ჯერ კიდევ, შეუძლია, კეთილი ნება გამოხატოს და გარკვეული ინვესტიციები შემოიტანოს ქვეყანაში, მაგრამ მისი პოზიცია ემყარება იმას, რა ხელშეკრულებაც მასთან არის გაფორმებული. რაც შეეხება აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსს, მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლებას, ალბათ, მასში რაღაც დეტალები და ნიუანსები გამოეპარა. თუნდაც ის, რომ შეთანხმება 2025-წლამდეა გაფორმებული. ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ან გამოეპარათ, ან ვერ გეტყვით, რა მოხდა, _ ასეთი ხანგრძლივობით ხელშეკრულების დადება არ მგონია, სწორი ყოფილიყო.
თავიდან, რაღაც ეტაპზე, სივრცე დახაზულიც კი არ იყო, საგზაო ნიშნები არ გვქონდა და ა. შ. ესენი მოწესრიგდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ხელშეკრულებაში შემდგომი განვითარებები უნდა გათვალისწინებულიყო. და თუ „სითი პარკი“ ახდენს ევაკუაციას, მერწმუნეთ, რომ ყველა კომპანია, რომელიც წარმოდგენილი იქნება, იგივეს გაიმეორებს: როცა ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე დგას, მისი ევაკუაცია მოხდება; ან თუ იქ შეზღუდული შესაძლებლობის პირის პანდუსია დაყენებული, რასაკვირველია, მისი ევაკუაციაც უნდა განხორციელდეს. ანუ ეს რეალურად არაფერს შეცვლის. საგზაო ნიშანს, _ დგომა-გაჩერება აკრძალულია _ მერია დგამს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ორგანო ევაკუაციას ახდენს. ამ შემთხვევაში ეს უფრო პოპულისტური მსჯელობაა. ერთადერთი გამოსავალია, რომ თბილისის მერია მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და დამატებით არ გადაიხადოს ეს 25 მილიონი; ან, შეიძლება, წინასწარ შეთანხმებულია, მერიამაც იცის, რომ ამის გადახდას აპირებს და ამიტომ აგორდა აღნიშნული თემა. მოვლენების განვითარების ამ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ თბილისის მერიას მოლაპარაკების რესურსი აქვს, რომელსაც, სამწუხაროდ, არ იყენებს. მერია პირდაპირ კონფლიქტზე გადავიდა, რადგან მე უშუალოდ „სითი პარკის“ წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ ისინი მზად იყვნენ, თბლისის მერიასთან წასულიყვნენ ნებისმიერ თანამშრომლობაზე, თუკი ის გონივრული იქნებოდა.
_ თუ ეს თანამშრომლობა არ შედგება და არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ წავა, რამდენად მართებული იქნება „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების 2025-წლამდე გაგრძელება?
_ თუ თანამშრომლობა არ შედგა, რასაკვირველია, პრობლემა ძალიან რთულდება. ალბათ, იურისტების ჩართულობით კონტრაქტი გადაიხედება. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს მერიას ხელს არ უშლის, რომ ინვესტიციები განახორციელოს და ქვეყანაში პარკირების დამატებითი ადგილები შექმნას. რამდენადაც ვიცი, „სითი პარკი“ იმაზეც კი თანახმა იყო, რომ ეს აღარ ყოფილიყო მისი ექსკლუზიური საქმიანობა, მაგრამ მერია ამ მოლაპარაკებაზე არ წავიდა.თუ არანაირი შეთანხმება არ შედგა, ეს კონფრონტაციული დამოკიდებულება ძალიან სერიოზული პრობლემაა მძღოლებისთვის. ბუნებრივია, იურისტების ჩართულობით რაც შეიძლება უმტკივნეულოდ უნდა დასრულდეს პროცესი. უკვე ხალხიც დაიღალა: ოთხი წელიწადია ვუსმენთ, ერთი მხარე მეორეს ეჩხუბება, ეს ბოლო თავს იცავს და ამით მძღოლისთვის არაფერი უმჯობესდება. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში იმას ნუ ფიქრობენ, რომ სხვა კომპანია თუ შემოვა, ავტომობილის ევაკუაცია აღარ მოხდება და, უი, რა კარგიაო. წესრიგი ნებისმიერ შემთხვევაში მაინც დამყარდება. უბრალოდ, მძღოლისთვის აქ სირთულე ის არის, რომ არ იქმნება დამატებითი პარკირების ადგილები, არ უმჯობესდება სისტემა, არ ვითარდება პარკირების თანამედროვე ტექნოლოგიები და უამრავი სხვა რამ არ ხდება ქვეყანაში. დღეს ჩვენი პარკირების სისტემა ერთ ადგილზე გაჩერდა სწორედ ზემოაღნიშნული დაპირისპირების გამო.
_ რატომ არ ახორციელებს დედაქალაქის მერია საჭირო ინვესტირებას ამ სფეროში?
_ წინასაარჩევნოდ ამაზე კონკრეტული დაპირება გაკეთდა დამატებითი ინვესტირების მოზიდვით პარკირების სფეროში. ამ დროს რეალური სურათი შემდეგნაირია: თბილისში პარკირებისთვის 32 600 ადგილი არის გამოყოფილი, პარკირების ერთ ადგილზე 13 ავტომობილი მოდის. რადგან თბილისში ავტომობილების რაოდენობა 400 ათასს გადასცდა, ეს პირდაპირ მიანიშნებს კრიზისზე. თავისთავად, სიტუაციას კიდევ ის ართულებს, რომ პარკირების ადგილების 20% (ჩვენი მონიტორინგის შედეგად) მიტაცებულია კერძო პირების, ან იგივე იურიდიული პირების მხრიდან. მაგალითად, კორპუსის წინ ვიღაც ტერიტორიას შემოიღობავს, ვიღაც სახლის წინ იღობავს და იკანონებს ადგილს, რაზეც ყურადღების მიპყრობა ზედამხედველობის სამსახურის პირდაპირი ფუნქციაა. ასევე არიან „სტაიანშჩიკები“ ათასგვარი რკინის კონსტრუქციით, ასევე მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებები, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებს იკავებს. არც ერთი კერძო კომპანიის, მათ შორის, სამარშრუტოების ადგილი იქ არ არის. ამავე დროს, სივრცე დაიკავეს კერძო ტაქსებმა და ა. შ. ე. ი. 13 კი არა, უკვე 15-16 ავტომობილი მოდის პარკირების ერთ ადგილზე.
ამიტომ მერიამ პარკირების პრობლემის მოგვარება შემდეგნაირად უნდა დაიწყოს: პირველი _ სწორედ ამ აუცილებელი სივრცის პრობლემას უნდა გადახედოს, რა ადგილებიც არის, ის მძღოლამდე მაქსიმალურად მივიდეს. და იყოს თავისუფალი არჩვანი; მეორე _ ეს არის მრავალსართულიანი შენობების მშენებლობებზე ნებართვების გაცემა (რომელიც კვლავ გრძელდება), 12-13-სართულიანი შენობები ისე შენდება, რომ, ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი ადგილი პარკირებისთვის გათვალისწინებული არ არის. ამის ნათელი მაგალითია კეკელიძის გაგრძელებაზე ნინო ჟვანიას ქუჩა. ეს პროცესი სამუდამოდ უნდა დამთავრდეს; მესამე საკითხი _ მერია ტროტუარზე პარკირების აკრძალვაზე კი საუბრობს (აპირებს აკრძალოს იქ, სადაც ეს გამოყოფილი იყო), მაგრამ შემდგომ ეს სატრანსპორტო საშუალებები იმ ადგილზე გადავიდნენ, სადაც ისედაც აკრძალული იყო. ანუ პრობლემა პირიქით _ გართულდა. სანამ რეალურ ალტერნატივას ვერ სთავაზობ, ვერანაირი აკრძალვა შედეგს ვერ მოიტანს. თუ ბიუჯეტიდან ვერ აკეთებ და დახარჯვა არ გინდა, მაშინ კერძო კომპანიებს უნდა მოელაპარაკო.
ახლა წარმოიდგინეთ, მე, არასამთავრობო ორგანიზაციას მეკითხებიან, თუ როგორ შეიძლება ამ ბიზნესის წარმოება? თვითონ ხელისუფლების წევრები უფრო რომ გააქტიურდნენ, ამ სფეროში რეალურად შესაძლებელია ინვესტიციის მოზიდვა, მაგრამ, რატომღაც, ვერ ახერხებენ. ამის ძირითადი მიზეზი რა არის, ვერ გეტყვით. პარკირების პრობლემების გადაბრალება თუ გვინდა, „სითი პარკი“ ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ ეს ყველაფერი მას ავკიდოთ, მაგრამ ეს მერიას არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ მოიზიდოს ინვესტიცია, მოამრავლოს ადგილები, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ეს შესაძლებელია. და თუ ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ ეს ყველაფერი იურისტებს აჩვენოს. ჩვენი პრობლემა მარტო „სითი პარკი“ არ არის და სწორედ ამის თქმა მსურს.
გელა მამულაშვილი