QronikaPlus
ვინ არის კულტურის მინისტრობის კანდიდატი და რატომ შევიდა პროკურატურა მერიაში?!

ვინ არის კულტურის მინისტრობის კანდიდატი და რატომ შევიდა პროკურატურა მერიაში?!

2016-11-19 07:36:42

\ 2014 წელს მთავარმა პროკურატურამ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვების საქმის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის მუხლებით გამოძიება დაიწყო. ამისთვის პროკურატურის თანამშრომლები მერიაში შევიდნენ. მოგვიანებით, ატყდა ამბავი, რომ პროკურატურა მერიაში არ შევიდა, უბრალოდ, მათ მერიისგან დოკუმენტაცია გამოითხოვეს და მერიის მიერ გადაგზავნილი დოკუმენტაციის გამოძიებას აპირებდნენ. „პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება 2014 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვის კანონიერების შესწავლის მიზნით. ხსენებულ საქმეზე მერია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც მოხდება მერიის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლა. ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, _ ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. დედაქალაქის მერიამ მაშინ დაადასტურა, რომ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება წამოიწყო.  ამის იქით პროკურატურა არ წასულა და სადამდე მივიდა გამოძიება, დღემდე (დღეს კი 2016 წლის ნოემბერია) უცნობია. „ქრონიკა+“ გაცნობებთ, რა მოხდა 2014 წელს და რატომ შევიდა პროკურატურა (დიახ, შევიდა!) მერიაში. 2014 წელს ,,თბილისობის“ ხარჯების შესასწავლად საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. უნდა შესწავლილიყო საკითხი, რის მიხედვითაც აღნიშნულ ღონისძიებაზე თანხები ტენდერების გვერდის ავლით დაიხარჯა. გავრცელებული ინფორმაციით, დღესასწაულისთვის ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ნათესავებსა და ახლობლებს დაუკვეთეს. მერია ყველაფერზე ხელს იბანდა და თანხების გახარჯვის მიზანშეწონილობაზე ლაპარაკობდა. საკრებულომ კი განსხვავებული მონაცემები დადო. მაგალითად, ინდმეწარმე გივი რაზმაძეს, რომელიც ამავე რაიონის გამგებლის ცოლის პარტნიორი იყო, 2014 წლის თბილისობაზე გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად 2000 ლარის მაგივრად  15 250 ლარი ჩაერიცხა. გივი რაზმაძე „თბილისობამდე“ ცოტა ხნით ადრე, 2014 წლის 8 სექტემბერს, საჯარო რეესტრში ინდმეწარმედ დარეგისტრირდა. ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე რეგისტრირებულმა ინდმეწარმემ პირველი შეკვეთა თბილისის სამგორის რაიონის გამგეობისგან მიიღო. გივი რაზმაძე სამგორის გამგებლის მეუღლის კუთვნილი სამოდელო კომპანიის მოდელი და პიარმენეჯერია. იურისტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მერიას ახალი კადრი მართავს და სამი თვე სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ტენდერები გამოეცხადებინათ და ყველაფერი კანონის შესაბამისად  გაეკეთებინათ. ეს იმის საპასუხოდ, რომ მანამდე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა, რომ პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულებების  გაფორმება ცენტრალურ ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. მოვიყვანთ დავით ნარმანიას პირდაპირ ციტირებას, რომელიც „თბილისობის“ დასრულების შემდეგ ყველა ტელეარხმა გადასცა: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობას უფლებამოსილება მიეცა, პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულება სხვადასხვა ანსამბლთან, რომელთა ექსკლუზიური უფლებაც არის ამა თუ იმ საკითხებზე მომსახურების მიწოდება, ამიტომ კანონის დარღვევასთან აქ საქმე არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ. ნარმანიას სიტყვა არ დაუძრავს და განმარტება არ გაუკეთებია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამგორის გამგეობის გარდა საბურთალოს გამგეობასაც კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული კომპანიასთან, რომელიც თბილისობამდე ასევე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა. 2014 წლის შემდეგ, როდესაც თბილისის მერიამ გაფლანგული თანხების „ხვედრითი“ წილი საკრებულოს გადააბრალა, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნა. სამაგიერო ამით გადაუხადა! საკრებულოს  დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის შენიშვნები, დაახლოებით, 30 გვერდს მოიცავდა. ამ 30-პუნქტიან ჩამონათვალში 5,8 მილიონი ლარით იყო შემცირებული (ნარმანიას მიერ) სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ხარჯები.  სამაგიეროდ, თბილისის მორთვა-მოკაზმვისა და ექსპერტებისთვის საკონსულტაციო ხარჯები 4-4 მილიონი ლარით იყო გაზრდილი. ამ უკანასკნელის მნიშვნელოვან ნაწილს კი სწორედ მერიის კულტურის სამსახური განაგებს. ელისაშვილმა მერისგან 20-ლარიანი დანამატი მოითხოვა თბილისში მცხოვრები 190 ათასი პენსიონერისთვის, რისთვისაც წელიწადში 45 მილიონი ლარია საჭირო. ასევე, თბილისის სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებზე 50-ლარიანი დანამატის გაცემა. გაითვალისწინებს თუ არა ქალაქის თავი ამ და სხვა შენიშვნებს და გაზრდის თუ არა სოციალური პროგრამების დაფინანსებას, 10 დეკემბერს გახდება ცნობილი, მანამდე კი ბიუჯეტის რამდენიმე საინტერესო პუნქტი: 2016 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან შრომის ანაზღაურებისთვის დაახლოებით 102 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას განცხადებით: „მთელ რიგ კეთილმოწყობით ღონისძიებებთან დაკავშირებით ბიუჯეტში არ არის მითითებული კონკრეტული პროექტები. შეიქმნა კულტურის განყოფილება, იურიდიული სამსახური. შეგვიძლია ვიკამათოთ ამ სამსახურების საჭიროებაზე“   ახლა კი რაც შეეხება მერიის კულტურის სამსახურსა და კულტურულ ღონისძიებებს: 2014 წლის 13 ოქტომბერს ლაგოდეხში დაფუძნებულმა შპს „მაი სქაი სტუდიომ“ 25-26 ოქტომბერს  გამართული „თბილისობისთვის“ 11 850 ლარის ღირებულების შეკვეთა მიიღო.  აქედან ორდღიანი ღონისძიებების ვიდეოგადაღებისთვის აღებულმა თანხამ 4500 ლარი შეადგინა. ცნობისთვის: „ქრონიკა+“-მა ვერც მაშინ და ვეც ახლა ვერ მოიძია ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა, მათ შორის,  საბურთალოს გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზეც.   ახლა გადავხედოთ მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ია მაქაცარიას ბიოგრაფიულ ცნობებს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კულტურის მინისტრად მოგვევლინოს: 1991-1996 წწ-ებში დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის   ისტორიის ფაკულტეტი. 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მისი სამსახურებრივი საქმიანობა იწყება 2014 წლიდან, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვისა და პიარჯგუფის, ე.წ.  მერობის კანდიდატის კონტენტ ჯგუფის ხელმძღვანელი ხდება. მანამდე (უკანსვლით), 2008-2014 წლამდე,  ხელოვნების ფესტივალ „ქართული სულის“ დირექტორია. 2006-2014 წწ. _ „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ სოციალური პროგრამების მენეჯერი. 2002-2008 წწ. _ საპროდიუსერო კომპანია „არტ-რუსთავის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. არც ისე შთამბეჭდავი „სვ“-ია მომავალი კულტურის მინისტრისთვის, მაგრამ მაინც. ახლა გადავხედოთ მის საქმიანობას მერიის კულტურის სამსახურის  უფროსის რანგში, სადაც იგი 2014 წელს დაინიშნა: რა დააფინანსა და რა ხარჯები გაწია თბილისის მერიამ თანამდებობაზე მისი ყოფნის დროს, ამას „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად ჩვენს შემდგომ ნომრებში შემოგთავაზებთ.   ახლა კი ვნახოთ, რა არ დააფინანსა: ინალ კუჩებერია აფხაზი ბიჭია, რომელიც 2010 წელს აფხაზეთის იმდროინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ, გია ბარამიამ, სოხუმიდან თბილისში ჩამოასახლა. 2016 წელს ინალმა ათი სოხუმელი აფხაზი ეროვნების ახალგაზრდა ჩამოიყვანა თბილისში, ხელში ფუნჯი და საღებავი მისცა, იაპონიიდან ვატმანი გამოიწერა და... ხატვა დაიწყო. საქართველო-აფხაზეთის ომზე და ამ მოტივებზე შექმნილი კომიქსების 480 ესკიზი მთელი მსოფლიოსთვის იქნება განკუთვნილი. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიდის იაპონელ გამომცემლებთან. ტოკიოს ყველაზე  ცნობილი გამომცემლები მზად არიან, დაბეჭდონ კომიქსები „ქართულ-აფხაზურ ომზე“, რომელსაც ომის წლებში დაბადებული აფხაზი თაობა ქმნის და სადაც ქართველები ძმები არიან.  მთავარია, მათ ნახატების ციკლი ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ ამისთვის ინალს და მის ჯგუფს თანხები არ ჰყოფნის. 22 წლის აფხაზმა ბიჭმა ბინა დააგირავა, ვალი აიღო, რომ ექვსი თვე შეინახოს აფხაზი მხატვრები.   „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად ვაცნობთ მათ წერილს: „მე, ინალ კუჩებერია, დავიბადე 1994 წელს ქალაქ სოხუმში. 2000 წელს შევედი #14 საშუალო სკოლაში. მთელი ბავშვობა აფხაზეთში გავატარე. 2008 წელს მამაჩემი, თამაზ კუჩებერია, სამკურნალოდ თბილისში გაემგზავრა, სადაც მისი რამდენიმე მეგობარი ცხოვრობდა და იმედი ჰქონდა, რომ საუკეთესო სამედიცინო დახმარებას მიიღებდა. მამაჩემი, რომელმაც ომის შედეგები საკუთარ თავზე იწვნია, ყოველთვის ფიქრობდა, რომ შერიგება და ქართველებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება ერთადერთი გამოსავალი იყო, მაგრამ 18 წლის მერე ამის განხორციელება უკვე შეუძლებელი იყო. თბილისში მამაჩემმა არაფორმალურ გარემოში გაიცნო უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები. განიხილეს ერთობლივი მომავლის გეგმები და, მათ შორის, შეთანხმდნენ, რომ კარგი იქნებოდა, რამდენიმე აფხაზური ოჯახი თბილისში გადმოესახლებინათ. მათ შეუქმნიდნენ ყველანაირ პირობას და ისინი თავს სრულუფლებიან ქართველებად იგრძნობდნენ. აფხაზეთში დაბრუნებისთანავე მამამ თბილისში მომხდარის შესახებ გაგვანდო. ამ გეგმის განხორციელება ძალიან საშიში იყო, ვინმეს რომ გაეგო, „მტრების“ მხარეს გადავდიოდით, მაშინვე სამშობლოს ღალატში დაგვდებდნენ ბრალს. უდიდესი რისკიდ მიუხედავად, მამაჩემმა სოხუმიდან თბილისში ექვსი ოჯახის გადაყვანა მოახერხა: აფხაზეთის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, გია ბარამიამ, ჯერ მამაჩემი გადმოიყვანა თბილისში, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, მერე, მისივე ინიციატივით, სოხუმიდან 6 ოჯახი ჩამოგვიყვანა, თითოეულს თბილისში ბინები მოგვცა, მოქალაქეობაც და ყველა ჩამოსახლებული აფხაზეთის მთავრობაში დაასაქმა თავისთან. მათ შორის ჩვენც ვიყავით. ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა მთელ აფხაზეთში და განსაკუთრებით სოხუმში. ყველა გაქცეული მომენტალურად აფხაზეთის მტრებად გამოაცხადეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ შინ დაბრუნებაზე არც კი შეგვეძლო გვეოცნება და ოჯახები, რომლებსაც იქამდე არაფერი აკლდათ, ახლა აფხაზეთის მტრებად ცხადდებოდნენ. ამან, რასაკვირველია, აფხაზეთში დარჩენილ ჩვენს ნათესავებზეც იქონია გავლენა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმისთვის მოხდა, რომ ახალი მშვიდობიანი ეპოქისთვის ჩაგვეყარა ფუნდამენტი. ჩვენ, ექვს ოჯახს, გვინდოდა,  საფუძველი ჩაგვეყარა იმისთვის, რომ აფხაზი და ქართველი ერი ერთია, რომ ჩვენ მტრები კი არა, ძმები ვართ. სოხუმიდან თბილისში გადმოსული  დედაჩემი, მამაჩემი და დანარჩენი ექვსი ოჯახის უფროსი წევრები ხშირად აკეთებდნენ სატელევიზიო მიმართვებს. ამბობდნენ, რომ ჩვენ, აფხაზები და ქართველები, ერთი ხალხი ვართ, ერთი მეგობრული ერი და არც შეიძლება ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. ეს მოწოდებები მოტივატორი გახდა არაერთი აფხაზისთვის, რომლებსაც წამოსვლა უნდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდნენ. 2010 წელს საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა რეფორმები გაატარეს, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებს დღესაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ როგორც განათლება, ისე სამედიცინო დახმარება სრულიად უფასოდ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოეწყო ფორუმი და ეს ყველაფერი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. 2011 წელს ჩვენთან ჩამოვიდა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. შეხვედრამ ყველანაირი კონფიდენციალურობის გარეშე ჩაიარა. მასზე დასწრების სურვილი ყველამ გამოთქვა. დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩემი ღვიძლი ძმა თავის მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად აფხაზეთში დარჩა. ახლა ამ ყველაფერს 15 წლის ბიჭის თვალებით შევხედოთ, რომელსაც მხოლოდ ერთი რაღაც უნდოდა _ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამოვირჩეოდი და საგნებს სწრაფად ვითვისებდი, ახალ სკოლაში არცთუ ისე კარგად წამივიდა საქმე, რადგან მხოლოდ ჩემს და-ძმებსა და იმ მეგობრებზე ვფიქრობდი, რომლებიც მივატოვე. ეს ყველაფერი ჩემზე საშინლად მოქმედებდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ მამაჩემი სახელმწიფოს მტრად გამოაცხადეს, ვინაიდან მან რუსეთთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები ხმამაღლა დააფიქსირა. როგორც ბავშვობაში, გამოსავალი ახლაც წიგნებში ვნახე. სწავლა გავაგრძელე და 2010 წელს ამერიკულ აკადემიაში ჩავაბარე 2-წლიან კურსზე. პარალელურად ვსწავლობდი თბილისში 56-ე საშუალო სკოლაში. 2012 წელს წარმატებით დავამთავრე სკოლაც და აკადემიაც. 2013 წელს ჩავაბარე კიევის უნივერსიტეტში, „კროკში“, მაგრამ მისი დამთავრება ვერ მოვასწარი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო (2013-2015 წწ.). უნივერსიტეტის დეკანმა გამოგვიცხადა, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა და გვთხოვა, შინ დავბრუნებულიყავით. 2014 წელს თბილისში დავბრუნდი და საბროკერო ფირმაში დავიწყე მუშაობა. ამასთანავე, თბილისში აფხაზი ახალგაზრდების დიასპორა შევკრიბე. 2014 წლის ზაფხულში გადავწყვიტე დამეწერა სცენარი, სადაც ყველა იმ მოვლენას აღვწერდი, რომელიც ჩემმა მშობლებმა გამოიარეს: 1991-1992 წლების ომს, ისტორიულ პერიოდს და რასაკვირველია, ჩემს შეგრძნებებსა და ადაპტაციის სირთულეებს, როდესაც საქართველოში წამოვედი, დავწერე 450-თავიანი სიუჟეტი და გავითვალისწინე ისიც, რომ XXI საუკუნეში კომიქსების სფერო საკმაოდ აქტუალურია. ჩემს აფხაზ და ქართველ მეგობრებთან ერთად დავიწყე კომიქსის კეთება, რომელიც ჩემი სიუჟეტის ილუსტრირებული ვერსია იყო. უკვე 13 თვეა, ამაზე ვმუშაობთ. ყოველდღიურად ვხვეწთ თითოეულ პერსონაჟს, მათ ტანისამოსს, ემოციებს, ვქმნით ახალ სამყაროს. შევქმენით სოხუმის რუკა. ახლა უკვე მოქმედებებს ვხატავთ. ყველაფერი ეს კი იაპონური „მანგას“ სტილში იქმნება. ამისათვის პროფესიონალი მხატვრების არაერთი კონსულტაცია დაგვჭირდა. ასევე აფხაზეთიდან მოვიწვიე ახალგაზრდა მხატვრები, რაც, უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამ ახალგაზრდების შენახვა საკუთარი ბიუჯეტით მიწევს და ყველა მათგანი მშობლემა სახლიდან გამოუშვეს. მოკლედ, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. სამუშაოდ სტაბილური სივრცე არ გვქონდა და ამიტომ ჩემთან, სახლში ვხატავდით, როცა ეს შესაძლებელი იყო. ამ წუთას 10 მხატვარი და ერთი რედაქტორი მყავს. ამ ყველაფერს პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ კავკასიაში კომიქსი ჯერ არ შექმნილა, მით უმეტეს, იაპონურ სტილში. ამ სტილზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული და აპრობირებულია, თანაც საკმაოდ კარგი ტირაჟით იყიდება. ამას ისიც ემატება, რომ კომიქსების შექმნაზე ის ახალგაზრდები მუშაობენ, რომლებიც სოხუმში ცხოვრობდნენ. მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს: გვინდა, კომიქსების გამოცემა დავიწყოთ და ყველას ვანახოთ, რამხელა სისულელეა საზღვრების დაწესება და ამით ადამიანების დატანჯვა. სიუჟეტის საინტერესოდ განვითარების მიზნით რამდენიმე პირადი ფანტაზიაც ჩავაქსოვე. იმისათვის, რომ საქმე გავაგრძელოთ და ჩვენმა კომიქსებმა დღის სინათლე ნახოს, გვესაჭიროება დაფინანსება. ვინაიდან ამ ყველაფერს მუდმივი სამუშაო სივრცე სჭირდება, ასევე გვესაჭიროება ბინა, დაახლოებით, 100-150 კვ.მ. ფართობის. ასევე აუცილებელია ტექნიკური აღჭურვილობა, ინტერიერი და 6 თვე იმისათვის, რომ კომიქსი საბოლოოდ დავასრულოთ და მან შეძლოს, პოპულარობა მოიპოვოს როგორც კავკასიაში, ისე მთელ მსოფლიოში. დახმარებისთვის თითქმის ყველა უწყებას მივმართე. პირველ რიგში, მერიას და კულტურის სამინისტროს. 13 თვეა, ამ რეჟიმში ვართ და შედეგი _ ნული. გული მტკივა, რომ ჩემს აფხაზ მეგობრებს ვეღარ ვინახავ და მომიწევს, უკან გავუშვა სოხუმში. არადა, არ მინდა ამ პროექტის გაჩერება, მას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს“.   „ქრონიკა+“ ინალ კუჩებერიას გაესაუბრა: _ ინალ, თბილისის მერიას დაფინანსებისთვის მიმართეთ? _ დიახ, არაერთხელ. _ მერე, დაგაფინანსეს? _ დიახ. _ მაშინ, რატომ აპირებენ ეს ბავშვები უკან წასვლას, სოხუმში? რატომ ვერ გრძელდება პროექტი? _ მთლიანი ბიზნესგეგმა წარვუდგინეთ. შევხვდი კიდეც მათ წარმომადგენელს, გვარი არ მახსოვს. ვუთხარი, რომ კიდევ 20 აფხაზი მხატვრის ჩამოყვანა შემეძლო თბილისში, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიმეყვანა, რომ ამისთვის, სულ ცოტა, 40 ათასი იყო საჭირო. ამ თანხაში, ძირითადად, მასალა და ტექნიკა შედიოდა. მერიამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ათას რაღაც ლარი გამოყო, ზუტად არ მახსოვს. იმ ფულით სასწრაფოდ გამოვიწერეთ იაპონიიდან ვატმანი და საკვები ვიყიდეთ. ახლა, ესეც გამოგველია. მე ბინა ჩავდე, ამათი ხარჯები მთლიანად ჩემს კისერზეა. ვამბობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან და აუცილებლად გამოვუშვებ კომიქსებს „ქართულ-აფხაზურ“ კონფლიქტზე.   იმედია, ვინც ამას კითხულობს, კარგად ათვითცნობიერებს ინარ კუჩებერიას პროექტის ძალიან დიდ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას, რომელზეც მერიამ ათასი (პლუს-მინუსებით) ლარი გამოყო.   ახლა, გადავხედოთ სხვა ხარჯებს: 2016 წელს მერიის წარმომადგენლებმა რესტორანში 110-ჯერ იქეიფეს. თითო ასეთი ქეიფი, მინიმუმ, 2000 ლარი დაჯდა. უფრო კონკრეტულად ეს ციფრები ასე გამოიყურება: 2016 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან რესტორნებში გადახდილმა თანხამ 298 725 ლარი შეადგინა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯამში 110 ხელშეკრულება გაფორმდა მომსახურებისთვის, აქედან,  საშუალოდ, ერთ შეკვეთაზე 2715 ლარი იხარჯებოდა (ცნობისთვის და შედარებისთვის: ეკონომიკის სამინისტრო „საქეიფოდ“ 84-ჯერ წავიდა). არ დაგავიწყდეთ, ეს მონაცემები დადებულია „თბილისობა 2016“-მდე. წინ ახალი  წელია. მერიის თანამშრომლებს შემდეგი კერძები ჰყვარებიათ: ელარჯის ბურთულები ნუშის ბაჟით, სულგუნი ბოსტნეულის სატენით, მოცარელასა და ჩერის პომიდვრის სატე, ორაგულის კანაპე, შემწვარი ქოდფიში ნიახურის პიურეზე ტარხუნით, შემწვარი მწყრის ბარკალი კენკრის სოუსით, ქათმის სატე წითელი აჯიკის სოუსით, კამეჩის მაწვნის პანაკოტა, ფეიხოას ტირამისუ და შოკოლადის ბაღი. „ქრონიკა+“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნონა ყანდიაშვილს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა (უფრო სწორად, როგორც მოგვწერა), იგი საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შემდეგ კითხვა მივწერეთ ია მაქაცარიას შესაძლო გამინისტრებასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან, რაზეც მივიღეთ პასუხი: „ია მერიაში ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და თავის მოვალეობას ასრულებს“.    

                                                                                                              თამარ როსტიაშვილი

     

გაზიარება