ტიციან ტაბიძის 122-ის მცხოვრებნი გვერდით მიმდინარე შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ყველა ნორმის დარღვევის უკან „ქართული ოცნების“ არჩეული დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი დგას. „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი მაგული ხუნწელია ხელისუფლების ორგანოებს მიმართავს, კანონიერად შეისწავლონ ეს საქმე და სამართლიანობა აღადგინონ.
მაგული ხუნწელია:
_ ტიციან ტაბიძის 122 ნომერში ვცხოვრობ, ეს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაა. ტაბიძის 124-ის შემდეგ პარკის ტერიტორია იწყება. ამ 124-ში კორპუსის მშენებლობა რომ დაიწყო, იგი სწორედ პარკის ტერიტორიაზე არის შეჭრილი.
კუსტბაზე მიმავალი საბაგირო რომ გაიხსნა, ქვემოთა ხედი გადაღებული იყო და ეს შენობა გეგონებოდათ, რომ შუაგულ ვაკის პარკში დგასო. ეს ვიზუალურად ძალიან კარგად ჩანდა. რასაკვირველია, ეს ვაკის პარკიდან მიტაცებული ტერიტორიებია და მის შიგნით, სიღრმეში შევიდნენ.
ამას პლუს ეს კორპუსი ჩვენს ღობეზეა პირდაპირ აშენებული. ვინც კი მოდის, გვეხუმრება, რომ თქვენი ეზოდან გალესვის უფლება არ მისცეთო. მცირე მანძილიც კი არ დატოვეს, პირდაპირ ღობეს დაადგნენ და, წარმოიდგინეთ, „ჩინური კედელი“ გვაქვს. მზე არა, ჰაერი არა, მეგობრები ხუმრობენ, რომ მალე ცასაც ვერ დაინახავთო. ყველაფერი დაგვიკეტეს, თან მარტო მე კი არა, მთელი ტიციან ტაბიძის ქუჩა დაიკეტა, რადგან ბოლოში ააშენეს და მთლიანად ეს ქუჩა გადაკეტეს. სასიცოცხლო ჰაერი უკვე ყველასთვის გადაკეტილია.
ჩვენ ამაზე დავა დავიწყეთ...
_ აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვა როდის გაიცა?
_ იქით კუთხეში ორსართულიანი სახლი იდგა, რომელსაც წინ ეზო ჰქონდა. უფრო სწორად, ერთსართულიანი ბინა იყო ბელეტაჟზე, ვერც შეამჩნევდით, იმდენად ეზოს სიღრმეში შეჭრილი იყო. რა თქმა უნდა, ოჯახი გაყიდვას ცდილობდა და ინვესტორები მონახეს.
ჩვენ ამონაწერი გვაქვს რეესტრიდან და ინვესტორს ზუსტად ცხრაჯერ აქვს უარი მიღებული მშენებლობის ნებართვაზე, რადგან ხუთ თუ ექვს კოეფიციენტს ითხოვდნენ და ყოველთვის უარი მოსდიოდათ. რადგან იქ სამსართულიანზე მაღალი ნაგებობის აშენება დაუშვებელია, ირგვლივ უფრო მაღალი შენობები არ არის და ეს გამორიცხული იყო.
ამიტომ ნებართვას არაფრით არ აძლევდნენ. ბოლოს, გიგი უგუალავას თანამდებობიდან წასვლის პერიოდში, ამაზე ნებართვა გასცეს, ეს 2013 წელს ხდება. ეს ნებართვა რომ გაიცა, თურმე, კანონმდებლობით სამი პირობა უნდა იყოს მითითებული, თუ რის საფუძელზე ამატებ კოეფიციენტს, იქ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ამით რა უმჯობესდება, მაგრამ მშენებლობა არც ერთ პირობას არ აკმაყოფილებს.
_ მაშინ რის საფუძველზე გაიცა?
_ არავინ იცის. მერიაში რომ მოვითხოვეთ, ეს ვერ მოგვიძებნეს, არ ჩანს, რის საფუძველზე მისცეს.
რაც შეეხება მშენებლობის კოეფიციენტს, 3,14 გვახსოვს, მანამდე 1,5-მდე იყო. პრაქტიკულად, ეს კოეფიციენტი გაორმაგებულია. მთავარია, რომ ეს კოეფიციენტიც დარღვეულია და ე. წ. წითელი ხაზიც, ანუ ტერიტორია, რომელიც მას ესაზღვრება.
მერე როგორც აღვნიშნე, ის პირობაც არ ჩანს, თუ რატომ არღვევენ ნორმებს (რის საფუძველზე), ეს ყველაფერი რამ განაპირობა, მერიას ამის საბუთიც არ აქვს. ამიტომ სასამართლოშიც ვერანაირი არგუმენტაცია ვერ წარმოადგინეს იმის ასახსნელად, თუ რატომ გაზარდეს მშენებლობის კოეფიციენტი.
საძირკვლის გათხრა უკვე დაიწყო და ჩვენ მაშინვე სასამართლოს მივმართეთ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს მშენებლობა შეაჩერა, ჩვენი საჩივრის მოტივაცია დააკმაყოფილა. შემდგომი ინსტანცია უკვე მათ მოიგეს. ამ პროცედურებზე აღარ მოგაწყენთ. ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა და ბოლოს უზენაესი სასამართლოს ზედა პალატამ კიდევ გააჩერა მშენებლობა და საქმე ქვემდგომს დაუბრუნა.
ეს პროცესი უკვე ოთხი წელია, მიმდინარეობს. ერთი რომელიმე ინსტანცია გააჩერებს, შემდეგ მეორე მხარე რაღაც მანიპულაციებით მოიგებს და მშენებლობა გაგრძელდება.
და რა ხდება, თვითონ ინვესტორებმა ხომ იციან, რომ ამ საქმეში მართლები არ არიან, შუალედში ნებართვას აიღებენ თუ არა, იცით რა ტემპში აგრძელებენ მუშაობას? ღამითაც იქ არიან, კოცონს დაანთებენ, გათბებიან და მშენებლობას გააგრძელებენ, რომ როგორმე სწრაფად მოხდეს დასრულება.
მერე იციან, რომ აშენებულის დანგრევა ძნელი საქმეა. ეს ნებართვა ათი დღე რომ გაგრძელებულიყო, ამ დროში ერთი სართულის აშენებას ახერხებდნენ.
ახლა კიდევ „ქართული ოცნების“ ვანი-ხონის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. წარმოიდგინეთ, შაბათს რომ არჩევნები იყო, კვირას უკვე მშენებლები გამოჩნდნენ. მანამდე რაღაც მონაკვეთში ეს პროცესი მოგებული ჰქონდა, მაგრამ ხელი რომ არ შეშლოდა, გააჩერა. და ცხრაში სასწრაფოდ მოვიდნენ და მშენებლობა დაიწყეს.
9 ოქტომბრიდან დღემდე მეხუთე დახურული არ იყო და ახლა უკვე შვიდი სართულია დამთავრებული. ახლა წარმოიდგინეთ, აღნიშნულ მონაკვეთში რა ტემპში იმუშავეს. ლილუაშვილმა სხვები არ დაზოგა, მთავარია, თვითონ გავიდა და მეორე დღესვე მშენებლები გამოგზავნა.
_ გიორგი ლილუაშვილს რა შეხება აქვს ამ ყველაფერთან?
_ სამშენებლო კომპანია „ჯიდი გრუპმა“, თავის დროზე, ამ საქმისთვის სესხი „ქართუ ბანკიდან“ აიღო და ლილუაშვილი ამ საქმეში დაინტერესებული პირი იყო. ის ამ ინტერესებს ბოლომდე იცავს. ამას პლუს, სამომავლოდ, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე 27-სართულიანი კორპუსები აქვს გეგმაში.
_ მაინც, საიდან იცით, რომ ლილუაშვილი ტიციან ტაბიძის 124-ის მშენებლობაში დაინტერესებული პირია?
_ საქმე რომელ ინსტანციაშიც კი მივიდა, ყველგან „ქართუ ბანკი“ და ბატონი ლილუაშვილი ფიგურირებენ. არავინ მორიდებია მისი გვარის ხსენებას, ამისგან თავი არავის შეუკავებია. ამ საქმით დაინტერესებულ პირზეა აქცენტი.
სხვათა შორის, ისე გავაკეთეთ, რომ ჩვენმა ადვოკატებმა ჟურნალისტებთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს, _ მეც ვესწრებოდი. მედია იმდენად დაინტერესდა, რომ მოვიდნენ, ადგილზე ყველაფერი გადაიღეს, ჩემთან ინტერვიუც ჩაწერეს. მერე ლილუაშვილს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, _ თქვენი პატრონაჟით ხდება ეს ყველაფერიო?
_ მე ამასთან არაფერ კავშირში არ ვარ, მერიაში იანვარში მივედიო, _ ე. ი. სწორი პასუხიც კი ვერ მოიფიქრა, რადგან მშენებლობაზე ხელახალი ნებართვა იანვრის შემდეგ არის გაცემული. ზუსტად მერიაში მისი ყოფნის დროს. უგულავას ნებართვამ ძალა ხომ დაკარგა, მეორე ნებართვა უკვე მოგვიანებით გაიცა.
ლილუაშვილის სახელი უკვე „ქართუ ბანკიდან“ მოყოლებული ყველა ინსტანციაში ფიგურირებს, სადაც კი მივედით.
_ „ქართუ ბანკმა“ წინა მერიის დროს უკვე დააფინანსა ეს მშენებლობა?
_ დიახ, იმ დროს უკვე დაფინანსებული იყო. მაშინ ლილუაშვილი „ქართუ ბანკში“ რაღაც ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, მერე პრეზიდენტი გახდა. გასაგებია, რომ იქ ბინა იქნება თუ ფულადი დაინტერესება, ამის მტკიცებულებითი მასალა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ პროკურატურა ძალიან თუ მოინდომებს, ესეც გაირკვევა.
ხომ იცით, კუდი სადამდე მიდის, ეს სულ ჩანს ხოლმე. დაინტერესებული პირი არასოდეს დაფარული არ რჩება. რატომ უნდა ფიგურირებდეს ლილუაშვილი აღნიშნულ საქმეში, თუ დაინტერესებული არ არის?
_ კუსტბის საბაგირო ახსენეთ, ეს რა პრობლემას ქმნის აღნიშნულ მშენებლობასთან მიმართებით?
_ საერთაშორისო ექსპერტი დავით პატარაია, თავის დროზე, მთაწმინდის საბაგირო ავარიის (მაშინ 22 კაცი დაიღუპა) გამომწვევი კომისიის თავმჯდომარე იყო. ეს კაცი ამბობს, რომ ერთადერთი საპასპორტო მონაცემი აქვს კუსტბის საბაგიროს და იმ მონაცემებს არღვევენო. თან იმას კი არ ამბობს, რომ ავარია შესაძლებელიაო (ამ სიტყვას კი არ იყენებს), მისი თქმით, ავარია გარდაუვალია. იქ, თურმე, ეს ცვეთა, დახრილობის ამპლიტუდა აუცილებელი ყოფილა, ეს უნდა გაითვალისწინო, თორემ, ეს კაცი ამბობს, დღეს თუ არა ხვალ, ავარია გარდაუვალიაო.
ახლა ვვარაუდობთ, რომ ცოტა ხანში საბაგიროს თვითონვე გააჩერებენ. იტყვიან, გაწყდაო და მერე სხვაგან გადაიტანენ, ბიუჯეტის ფულები რაში ენაღვლებათ?
პატარაიამ ეს განცხადება პროკურტურაში შეიტანა, _ მე რომ ამაზე პასუხისმგებელი არ ვიყო, რადგან აქ კატასტროფა გარდაუვალი არისო. პატარაიამ ეს სარჩელი სწორედ ჩვენი საქმიდან გამომდინარე შეიტანა. რაკი მოსამართლე ლომიძემ მისი ჩვენება გააყალბა, უკვე ცალკე ამ მოსამართლეს უჩივლა.
ექსპერტის ეს განცხადება პროკურატურიდან ვიღაცას გადაუგზავნეს და ამით ეს პროცესიც დასრულდა.
ტაბიძის 124-ში მშენებლობის ერთ-ერთი ასპექტი საბაგირო გზაა, მერე _ კოეფიციენტები და ტერიტორია, რომელზეც ის შენდება.
ახლა კიდევ ამ შვიდსართულიან შენობას რომ დასჭირდება კანალიზაცია, წყლის გაყვანა და სხვ., ტიციან ტაბიძის ქუჩიდან მისი გაყვანა არ შეიძლება. ანუ ძველ სისტემას ვერაფრით ვერ უერთდება აღნიშნული ტენიკურ-ინჟინრული კომუნიკაციები, რომელიც ამ შენობისთვის აუცილებელია.
დარჩა ერთადერთი გზა, რომ ეს კომუნიკაციები ვაკის პარკზე გაატარონ. სხვა გზა არ არის.
ასევე ელემენტარული ქალაქმშენებლობის პრობლემაა. ყველა კოეფიციენტი (აერაცია და ა. შ.) ამოგდებული აქვთ, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ადამიანმა ჯანმრთელად იცხოვროს.
კიდევ ერთი ასპექტი ტერიტორიის მიტაცებაა და სამომავლოდ ვაკის პარკის კიდევ უფრო დაზიანება გარდაუვალი პროცესია.
ლევან ხუნწელია _ არქიტექტორი:
_ ამ სიტუაციაში გამოსავალს სად ხედავთ?
_ კარდინალური აზრის ვარ ამ საკითხში და ვფიქრობ, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები უნდა დაინგრეს. თაბუკაშვილზე, თავის დროზე, შენობა ხომ დაანგრიეს? მაგრამ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ხელისუფლების ინტერესებში იყო, ვიღაცას უნდოდა, რომ იქ აეშენებინა.
ხელისუფლებაში ამაზე პასუხს რომ არავინ აგებს, ასე ამიტომ ხდება. აბა, ერთი, დაიჭირონ, მოსთხოვონ, საზღვარგარეთ მილიონები რომ აქვთ გატანილი. ასეთი საზიზღრობა ხუთ წუთში შეწყდება. მისი გაჩერება ძალიან ადვილია, თუ ხელისუფლების ნება არსებობს. ეს არ არის.
ქალაქი აღარ ვარგა, ბანგლადეში აღარ გამოგივათ ცოტა ხანში, ტურისტები აღარ ჩამოვლენ. თურქეთი რომ გაიხსნას, აქ არავინ მოვა. ეს ლილუაშვილია თუ პეტრიაშვილი, რატომ უნდა იყოს ვიღაცის ხუშტურები საერთო ინტერესებზე მაღლა? რა უნდა მოხდეს და უკანონო შენობები უნდა დაინგრეს და ამის შემოქმედი დაისაჯოს. ეს ყველასთვის სამაგალითო პროცესი უნდა გახდეს.
რასაკვირველია, ეს ერთ წამში ვერ მოხდება, რადგან უამრავი დაინტერესებული პირია. იმდენს აქვს ეს საქმე გაფუჭებული, რომ ეს ხროვა უფრო შეიკვრება და წინააღმდეგობას გაწევს.
ამიტომ გამოსავალი კანონისა და სამართლიანობის აღდგენაა, კანონი ამას თვითონ განსაზღვრავს, მე კი არა. კანონი იტყვის, რომ უკანონოა მშენებლობა, ტერიტორია მიტაცებულია და ა. შ. რა გამოსავალია და ამაზე პასუხი კანონმა გასცეს.
_ კონკრეტულად ვის მიმართავთ?
_ ჩვენ უკვე მივმართეთ პრემიერ კვირიკაშვილს ღია წერილით, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა. დავით ნარმანიას მივმართეთ, _ შეწუხდა და გვითხრა, რომ ეს უბრალო საქმე არ არის, პროკურატურის საქმეა და მას თვალყურს მივადევნებო. ძალიან დაინტერესდა. სიმართლე გავიტანეთო, ვიფიქრეთ და მესამე დღეს მშენებლობა დაიწყეს. ხელმოწერილი დოკუმენტი მოგვიტანეს, ოღონდ ნარმანიასი არა, მშენებლობის გაგრძელებაზე სხვამ მოაწერა ხელი.
ასევე გია ვოლსკის მივმართეთ, გვითხრეს, რომ სიტყვა ეთქმისო. იქიდან გვიპასუხეს, რომ თქვენი წერილი ვიღაცას გადავუგზავნეთო.
საერთოდ, ტაბიძეზე ისეთი ვითარებაა, რომ ორი და სამი სართულიც ზედმეტია უკვე, რადგან აბსოლუტურად დარღვეულია ადამიანის ცხოვრებისთვის ყველანაირი ნორმები. იქ არანაირი ექსპერტიზა არ სჭირდება, რომ გადახედოთ, პრობლემა პირდაპირ ყვირის.
მანქანის სადგომები საერთოდ არ არის. მანქანა ტროტუარებზე აყენია და ადამიანებმა სად უნდა გაიარონ? ანუ შუა გზაში, როგორც ვირმა, ისე უნდა იაროს? დღეს იქ მხოლოდ ერთი მანქანა გაივლის და მომავალში რა იქნება? მთელი სისტემაა ამ პროცესში ჩართული. ტაბიძეზე კიდევ ამოთხარეს დიდი თხრილი და მიდის ეს დაუსრულებელი პროცესი.
ანუ თუ ეს მშენებლობა დამტკიცდა და ეს უკანონობა გაიმარჯვებს, დამიჯერეთ, რომ მთელი ტიციან ტაბიძის წალეკვის მომსწრე გავხდებით. უკვე ამოთხრილია უზარმაზარი „კატლავანი“ და გვერდით სასტუმროა. ვეუბნები, შე დალოცვილო, შენთან მანქანა ხომ უნდა გაჩერდეს-მეთქი. როცა დარიალზე ამოვდივარ, კუთხეზე კორპუსი ააშენეს, ვერ ვუხვევ, ანუ საავარიო ვითარებას მიქმნიან. საერთოდ რომელ ნორმებზეა საუბარი? მთელ ქალაქში ასეა.
კიდევ ერთი ფაქტორის დამთხვევა მოხდა, რომ აქ საბაგიროც კი გადადის. ეს საბაგირო კიდევ ერთი პრობლემა აღმოჩნდა იმ ხალხისთვის, ვინ აქ ბარბაროსობას სჩადის, ამას მშენებლობა ხომ არ ჰქვია.
ამიტომ ჩვენ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა გვსურს. ამით უსამართლო სისტემას ვებრძვით, იმ მენტალიტეტს, რომელიც ამ ქალაქში ჩამოყალიბდა. ხელისუფლებაში კი არა მარტო არაპროფესიონალები, არამედ აბსოლუტურად სინდის-ნამუს და გონებაწაშლილი ხალხი მოდის.
სასწავლებელი რუსეთში მაქვს დამთავრებული. როდესაც აქ სტუმრები ჩამოდიან, ფუნიკულიორზე ზემოთ დღისით არ ამყავს, ეს სიმახინჯე რომ არ დაინახონ. ერთხელ-ორჯერ მაინც შევცდი. ჩემი კოლეგებია, შენიშვნა რომ მოეცათ, არ მეწყინებოდა, პროფესიონალები არიან, მაგრამ რომ გადახედეს, ამ ქალაქს რას უშვრებითო?! _ ასე მითხრეს პირდაპირ.
საქართველოს იგივე ტურიზმით შეუძლია დიდი ფული იშოვოს. ესენი კი ჯალალედინივით არიან. ის მოდიოდა, დაანგრევდა და მერე ქართველები თავიდან აშენებდნენ. ახლა ქართველები ისე აშენებენ, რომ ჯერ დასანგრევი და მერე თავიდან ასაშენებელია.
ახლა საბაგიროს გადატანაზეა საუბარი, რატომ? რომ ვიღაცამ მილიონი ჩაიდოს და ბიუჯეტი ათეულ მილიონობით დაზარალდეს? ამ ფულსაც ისე შოულობენ, რომ ეს ყველაფერი ბოროტად, ხალხის საწინააღმდეგოდ კეთდება. ამით ისინი საკუთარ თავსაც ვნებენ, რადგან ამ გზით სიკეთის დამსახურება შეუძლებელია.
გაჩერებით კი ნამდვილად არ გავჩერდებით. ყველას მივმართავთ და არაფერს დავზოგავთ, რომ სამართლიანობას მივაღწიოთ. სადღაც ვიღაცამ წერტილი ხომ უნდა დასვას? სიმართლემ თავისი გზა უნდა იპოვოს. ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. ეს ხელისუფლებაც ჩვენი არჩეულია და სათანადოდ პასუხიც უნდა მოვთხოვოთ. იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ ასეთი პროცესები არ გაგრძელებულიყო. მშენებლობის საკითხი ქალაქში ასჯერ უარესი გახდა და ამას დროზე უნდა მიეხედოს!
გელა მამულაშვილი