QronikaPlus
დათო ტურაშვილი: „ არაპროფესიონალიზმი არის დღევანდელი საქართველოს მთავარი პრობლება “

დათო ტურაშვილი: „ არაპროფესიონალიზმი არის დღევანდელი საქართველოს მთავარი პრობლება “

2016-11-18 06:10:04

„პოლიტიკაში სიყვარულის დაბრუნება ისეთივე აუცილებელია, როგორც ყველგან, სადაც წარმატების მიღწევა გვინდა, რადგან სიყვარულის გარეშე არაფერი არსებობს ამქვეყნად და მით უმეტეს, პოლიტიკას ესაჭიროება ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრის ატანა შეუძლიათ“, _ ეს სიტყვები მწერალ დათო ტურაშვილს ეკუთვნის, რომელმაც „ქრონიკა+“-თან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. _ რა არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გაწუხებთ, როგორც საქართველოს მოქალაქეს და რატომ? _ ყველაფერი მაწუხებს, რაც არ მომწონს და რაც არ მომწონს, ყველაფერს ვაპროტესტებ, მაგრამ განსაკუთრებით მანადგურებს კადრი, რომელსაც ხშირად ვხედავ ხოლმე ჩემს ქვეყანაში, _ ადამიანი დგას ნაგვის ყუთთან და რაღაცას ეძებს... _ ეროვნული მოძრაობიდან მოდიხართ, დამოუკიდებლობა გვინდოდა და დავიბრუნეთ. პოლიტიკური მოვლენები ისე განვითარდა, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოგედგინათ? მოლოდინი თუ გამართლდა? _ მაშინაც, ახალგაზრდობაშიც, დანამდვილებით ვიცოდი, რომ რთული და განსაცდელით აღსავსე გზა გველოდა, მაგრამ თავისუფლება ყველა იმ ტკივილად ღირს, რაც გამოვიარეთ, ან წინ გვაქვს. თუმცა ჩვენი ქვეყნის ისტორია, სინამდვილეში, ისედაც სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაა, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მართლა არაფერი არსებობს. _ სულ ახლახან საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ახალი პარლამენტი არც კი შეკრებილა და საკონსტიტუციო ცვლილებები დაანონსდა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხელისუფლება და კონსტიტუციონალისტთა ნაწილი კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. როგორ ფიქრობთ, რა უფრო დიდი საშიშროებაა სახელმწიფოსთვის _ შესაძლო საფრთხე, თუ კონსტიტუციის იმ სახით დატოვება, რა სახითაც ახლა არსებობს? _ გეთანხმებით, რომ ჩვენი კონსტიტუცია ცვლილებებს საჭიროებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი შემადგენლობით, შეიძლება შეიცავდეს რისკებსა და ამას დრო გვიჩვენებს, რამდენად კეთილად, ან ბოროტად გამოიყენებს ამ უპირატესობას დღევანდელი ხელისუფლება. _ ქართული სახელმწიფოს ისტორიას ძალიან ცუდად ახსოვს საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში. საპარლამენტო არჩევნების შედეგად იგივე ვითარება მივიღეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად საშიშია „ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა? აქვს კი ავტორიტარული რეჟიმისკენ მისწრაფება? _ როგორც ვთქვი, წინასწარ ამის განსაზღვრა ძნელია, მაგრამ მწარე გამოცდილებაც გვაქვს (ამ მხრივ) და თანაც არცთუ შორეული. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ავტორიტარული რეჟიმის შექმნის მომხრე ისეთი ადამიანებიც კი აღმოჩნდნენ (ან უნებლიეთ ხელს უწყობდნენ ამ პროცესს), რომლებიც მანამდე, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ავტორიტარული რეჟიმების აქტიური მოწინააღმდეგეები იყვნენ. _ ამომრჩეველმა ხმა არ მისცა „თავისუფალ დემოკრატებს“ და „რესპუბლიკელებს“, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ გადალახავდნენ ბარიერს. რატომ დატოვა ქართველმა ამომრჩეველმა ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტს გარეთ, რაც, პრინციპში, ამ პარტიების დაშლის მიზეზიც გახდა? _ ამომრჩევლების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მთავარი პრობლემა არის „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ამიტომაც ხმა არ მისცა არავის სხვას, გარდა „ქართული ოცნებისა“, რადგან მათ მიიჩნიეს, რომ სააკაშვილის დამარცხება ისევ იმავე ძალას შეუძლია, რომელმაც ეს ერთხელ უკვე გააკეთა. _ ტელეეთერით განაცხადეთ, რომ თქვენი ოცნებაა, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს სიყვარული. ასეთის არსებობის შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის ცხოვრება? _ პოლიტიკაში სიყვარულის დაბრუნება ისეთივე აუცილებელია, როგორც ყველგან, სადაც წარმატების მიღწევა გვინდა, რადგან სიყვარულის გარეშე (როგორც გალაკტიონი ამბობდა) არაფერი არსებობს ამქვეყნად და მით უმეტეს, პოლიტიკას ესაჭიროება ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრის ატანა შეუძლიათ. იქ, სადაც უყვართ, არ სძულთ ადამიანები მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სხვაგვარად ფიქრობენ და თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მონაპოვარიც ეს არის... _ ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრი ე. წ. საზეპიროებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია. მისი თქმით, „საზეპიროებზე ორიენტირებული სისტემიდან აზროვნებაზე ორიენტირებულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ“. მინისტრი არ იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ „საზეპირო ტვინს ავითარებს“. თქვენ რას იტყვით? _ პირველად მესმის, რომ საზეპირო ტვინს ავითარებს, მე სადაც ვიზრდებოდი, იქ პირიქით ეგონათ და პირადად მე (მაგალითად) საზეპიროებს სკოლაშიც არ ვსწავლობდი და ყოველთვის მინდოდა, რომ აზროვნება მესწავლა და ყველაფერზე საკუთარი შეხედულება და მისი გამოთქმის უნარი მქონოდა. პედაგოგიკა და აღზრდის სისტემები ურთულესი საკითხია, მაგრამ მარტივია იმის აღმოჩენა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც (მაგალითად) უმრავლესობას „ვეფხისტყაოსანს“ ბავშვობიდან აზეპირებინებენ, უამრავმა ადამიანმა, სინამდვილეში, არც კი იცის, ვინ იყო შოთა რუსთაველი და რა საგანძური დაგვიტოვა. _ რა როლი ენიჭება წიგნიერებას სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში და რა როლი აკისრია სახელმწიფოს ამ შემთხვევაში? _ საზეპიროები ბევრმა იცის, მაგრამ ბევრი წიგნიერი, განათლებული, გონიერი, კვალიფიციური ადამიანი არ გვყავს ქვეყანაში და არასაკმარისი განათლება, შესაბამისად, არაპროფესიონალიზმი არის კიდეც დღევანდელი საქართველოს მთავარი პრობლება. საზეპიროები ბევრმა იცის და კიდევ უფრო ბევრს აქვს რომელიმე დიპლომი, მაგრამ არ გვაქვს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება და ამიტომაც გვიჭირს იმ უამრავი პრობლემის მოგვარება, რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. თუმცა იმედია, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავიჯერებთ, რომ უკეთესი სახელმწიფოს შექმნას უკეთესი განათლება, შრომა და მონდომება სჭირდება...  

                                                                                                              თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება