QronikaPlus
„თბილისელიც“ გახდი, სოსო?!

„თბილისელიც“ გახდი, სოსო?!

2016-11-17 06:24:09

  რა არის სიმდიდრე? _ ზოგიერთისთვის ის მატერიალურ კეთილდღეობას წარმოადგენს, ზოგიერთი კი ამ საკითხს უღრმავდება და სიმდიდრეს სხვანაირად აღიქვამს, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ის მაინც ყველას სურს: ზოგიერთი აღწევს დასახულ მიზანს და მდიდრდება, ზოგი კი არსებულითაც კმაყოფილდება. არსებობს ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლის აზრითაც ყველაზე დიდი სიმდიდრე არა ფული, არამედ ცოდნა და განათლებაა. მართლაც, ქონება შეიძლება დაკარგო, მაგრამ ცოდნას ვერავინ წაგართმევს: „აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების; არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების“, _ როგორც დიდი დავით გურამიშვილი იტყოდა. სიმდიდრე, როგორც სხვა ბევრი რამ, წარმავალია, მაგრამ ის ადამიანს დროებით სიამოვნებასა და განცხრომას ჩუქნის. „რთულია იმის თქმა, თუ რა მოაქვს ბედნიერებას, მაგრამ სიღარიბესა და სიმდიდრეს წარუმატებლობა მოაქვს“, _ ამბობდა კინ ჰაბარდი. „ჩვეულებრივი მდიდრები შეიძლება გაქურდო, ნამდვილი მდიდრები კი ვერა, შენს სულში არის უსაზღვრო მშვენიერება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს“, _ ოსკარ უაილდის ეს სიტყვები ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ ააშენა გოგაშვილმა უზარმაზარი გალავანი და გალავნის იქით რას მალავს, კაცმას არ იცის. ყველა ვირჩევთ საკუთარი ცხოვრების გზას, ჩვენი არჩევანი განაპირობებს იმას, თუ როგორი ცხოვრება გვექნება მომავალში. ძირითადად, სიმდიდრე ადამიანის სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული; ხოლო როდესაც ადამიანი მდიდრდება, ის მაინც ცდილობს გააკეთოს მეტი, რადგან ვეღარ კმაყოფილდება მიღწეულით, მეტი სიმდიდრე სურს. მეორე მხრივ, ღარიბი ადამიანი კმაყოფილდება მცირედითად, უფალს მადლობას სწირავს და თავს ბედნიერად გრძნობს. თუ იცავ ბუნების მოთხოვნებს, მაშინ არასოდეს იქნები ღარიბი, ხოლო თუ იცავ ადამიანის მოთხოვნებს, მაშინ ვერასოდეს გამდიდრდები. ყველა ადამიანს აქვს ოცნებები, ყველა ცდილობს მათ ასრულებას, მაგრამ დრო გადის და ოცნება ფუჭად რჩება. და, რა თქმა უნდა, სიმდიდრე ბედნიერებას არ ნიშნავს, მაგრამ გქონდეს მეტი, ნიშნავს ცხოვრობდე უკეთ. საზოგადოებაში ყველა ადამიანს თავისი როლი და ფუნქცია აქვს. ის პროცენტები ციდან არ ჩამოცვენილა, გარკვეული გარემოებების გამო აქვს ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები. ვინც მეტს აკეთებს, ვინც მეტ ღირებულებას ქმნის სხვებისთვის, მას მეტიც უნდა შეხვდეს, მაგრამ საქართველოში ეს პრინციპი დარღვეულია. საქართველოში პრეზიდენტზე მეტი შემოსავალი სხვას აქვს... ჩვენი დღევანდელი ადრესატიც სწორედ საქართველოს პრეზიდენტზე მდიდარი, სამი წლის წინათ ძალოვანი უწყების ინსპექტორი გოგაშვილია. საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაოს შესრულებისთვის, 1 წლის მანძილზე, პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მიიღო 82 800 ლარი; მაშინ, როცა იოსებ გოგაშვილმა ერთი წლის მანძილზე, ანუ იმავე წელს, როგორც მინისტრის მოადგილემ და „სუსის“ უფროსის მოადგილემ ერთდროულად მიიღო, 77777.92+58495.50 ლარი, რაც ჯამში 136 273 ლარია. ე. ი. სოსო გოგაშვილი ქვეყნისთვის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი; ასევე ქვეყნის პირველი პირი სახელფასო რანგით გოგაშვილია და არა მარგველაშვილი. ღარიბი სოსოს ამბავი გასულ კვირას მოვყევით. ამ კვირაში ერთობ უმნიშვნელო დეტალზე ვისუბრებთ. რა მოაქვს მდიდარ ხელფასსა და გაპარტახებულ ქვეყანას? 2016 წლის 5 მაისს იოსებ გოგაშვილმა „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შეიძინა: თბილისში, ავთო ვარაზის ქ. #91-ში არსებული ბინა იყიდა. გოგაშვილმა დეკლარაცია ბინის ყიდვამდე შეავსო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მაშინ აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ არ მიიჩნეოდა. ამავე წლის 6 ივნისს სოსო გოგაშვილმა საჯარო რეესტრს კვლავ მიმართა და იპთოეკით დატვირთვის ვალდებულების მოხსნა მოითხოვა, ანუ „საქართველოს ბანკს“ იპოთეკით დატვირთული ქონების ვალი გოგაშვილმა სრულად აუანაზღაურა და დღეს სოსო უკვე „ნაღდი თბილისელი“ გვყავს, რადგან თბილისში არსებული ქონების მფლობელია. რატომღაც, არჩევნებამდე „სუსის“ უფროსის მოადგილემ და ამ ქვეყნის მთავარმა სმენამ და მხედველობამ ყველა ვალი განაშთა, ქონება იყიდა, მამისეული ქონება შვილს გადაუფორმა, პრეზიდენტზე ერთნახევრით მეტი ხელფასიც აიღო და რაღა დარჩა მის წარმატებას მისაღწევი, ეს კვლავ ამოცანად რჩება. იმედია, სოსო, საქართველოს პრეზიდენტობა არ გინდა! მაგრამ მთავარი გვავიწყდება, _ მოიპოვო ინტელექტუალურ ადამიანთა პატივისცემა და უბრალო ადამიანთა სიყვარული, მიაღწიო სამართლიან შეფასებას ობიექტურ კრიტიკოსთა მხრიდან, გაუძლო ცრუ მეგობართა ღალატს, აფასებდე მშვენიერსა და პოულობდე ადამიანებში საუკეთესო თვისებებს, თავი მიუძღვნა ღირსეულ საქმეებს, დატოვო სამყარო შენს შემდეგ, თუნდაც, მცირედით უკეთესი, გააშენო და მოუარო ბაღს, შექმნა რაიმე კარგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იცოდე, რომ თუნდაც ერთ ცოცხალ არსებას დედამიწაზე გაუადვილდა სუნთქვა სწორედ იმიტომ, რომ შენ მასზე იზრუნე, _ აი, რას ნიშნავს, იყო წარმატებული! შენი ქონება, ხელფასი და დანარჩენი დიდება სულ წარმავალია... მომავალ სამშაბათამდე, სოსო!  

                                                                                                                    მაკა მოსიაშვილი

   

გაზიარება