„საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას“, _ ასე იწყება 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია.
2016 წლის ბოლოს რა შეიცვალა კახეთში ამ მიმართულებით? რატომ არ დაწყებულა აგროტურიზმის განვითარების პროცესი? ექნება თუ არა გლეხს მომავალში სახელმწიფოდან ყურძენზე სუბსიდია? ვინ და რა უშლის ხელს კახეთში სოფლის მეურნეობის განვითარებას?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დარგის სპეციალისტი _ გიორგი მეგრელიშვილი:
_ რა მდგომარეობაა დღევანდელი მოცემულობით სოფლის მეურნეობაში? ზოგადად, დაიწყო თუ არა აგროტურიზმის განვითარების პროცესი საქართველოსა და, კონკრეტულად, კახეთში?
_ ზოგადად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც გაწერილია 2020 წლამდე. თვითონ სტრატეგიული განვითარების გეგმა კარგია, მაგრამ ამ გეგმის განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება. ახლა რა დონეზეც ვართ აგროტურიზმის მხრივ კახეთში, ინდივიდუალური ბიზნესის ხარჯზე, ვითარდება. სახელმწიფო არ უწყობს ხელს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამს. ვერ ვხედავთ, რომ რამე კეთდებოდეს. აგროტურიზმის განვითარებისთვის მხოლოდ ფეშენებელური სასტუმროები და აგრომეურნეობები არასაკმარისია, ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურა. ვიცით, რომ გვაქვს სოფლის მეურნეობის პატარ-პატარა დარგები, სადაც შეიძლება განვავითაროთ აგროტურიზმი, მაგრამ არ არსებობს თუნდაც საგრანტო პროგრამები, რომელიც ქვეყნის შიგნით ამ მეურნეობას დაეხმარება თავისი მეურნეობის მოწყობაში და ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურის ბაზის შექმნაში.
_ პირობითად ავიღოთ სოფელი შალაური: 2012 წლის მერე რა შეიცვალა ამ ერთ სოფელში?
_ ჯერ დავიწყოთ თავიდან: აგროტურისტის სტუმრობის პირველი ინტერესი რა შეიძლება იყოს, რით უნდა მოვიზიდოთ? მთელ მსოფლიოში ტენდენციაა ბიომეურნეობაზე და ბიოპროდუქტზე. თუ ჩვენ არ ავიღეთ ბიოპროდუქტზე ორიენტაცია, აგროტურისტს ვერ მოვიზიდავთ, ჩვენი მეურნეობა უნდა გადავიყვანოთ ბიოწარმოებისკენ, რომ შეიქმნას ბევრი ბიომეურნეობა და ისეთი ტურისტული მეურნეობები, სადაც ტურისტი მივა, ბიოპროდუქტს დააგემოვნებს, დაისვენებს, ან გადავა ერთი მეურნეობიდან მეორეში და ა. შ. ბიოპროდუქტის საწარმოებლად საჭიროა განათლება და არა მარტო აგროსფეროში. ყველაზე დიდი პრობლემა არის განათლება და ინფრასტრუქტურული ბაზა. დავიწყოთ განათლებით: დღეს კარგი სპეციალისტები არიან დარგის ძველი, გამოცდილი მუშაკები და მათ ახალგაზრდები ნაკლებად ენაცვლებიან. რატომღაც, ეს დარგი აღარ მიიჩნევა პოპულარულად და ახალგაზრდობაც არ ცდილობს მის დაუფლებას. ჯერ კიდევ `ნაციონალების” დროს დაინგრა ის ბაზები და ლაბორატორიები, სადაც შეიძლებოდა განგვევითარებინა ეს სპეციალობა, უნდა გაგვეზარდა და ფართოდ გაგვეშალა. ფაქტობრივად, აღარ გვაქვს საგანმანათლებლო ინსტიტუტები, სადაც სპეციალისტები კვალიფიკაციას მიიღებენ, რომ ეს უწყვეტი ჯაჭვი არ დაიკარგოს. 10-15 წელიწადში სპეციალისტების პრობლემა გვექნება. ამაზე სახელმწიფო პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს (და კერძოდ განათლების სამინისტრო), თუ როგორ შეიძლება არ დავკარგოთ კარგი სპეციალისტები და აღვზარდოთ მომავალი თაობა.
_ კონკრეტულად, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
_ კახეთი და მთლიანად საქართველო აგრარული რეგიონია, აგრარული ქვეყანაა და ძალიან მწირი ლაბორატორიები და ისეთი საკონსულტაციო დაწესებულებები გვაქვს, სადაც თუნდაც გლეხი, ან ფერმერი მივა და მიწის ანალიზს გააკეთებს, რაღაც ახალ ინფორმაციას მოიპოვებს. მაგალითად, ავსტრიასა და გერმანიაში საკონსულტაციო ცენტრებია, სადაც უბნის ინსპექცია ადგილზევე გიმოწმებს მიწას და კონსულტაციას გიწევს, _ შენ თუ რაღაცას ვერ აკეთებ, გამოიძახებ უბნის ინსპექციას და იგი თავისი მოძრავი ლაბორატორიით მოდის. ეს არის პრობლემის სახელმწიფოს დონეზე გადაჭრა, რაც ევროკავშირის ქვეყნების ვალდებულებაა. ჩვენი გზებიც ხომ ევროკავშირში მიდის? იცით, რომ, მაგალითად, ყველის წარმოებაში აუცილებლად უნდა დავნერგოთ ევროპული სტანდარტი, რომ ევროპის ბაზარზე გავიდეთ. გინდაც, არ გადიოდე, შიდა სტანდარტი უნდა გქონდეს დანერგილი, მაგრამ საკმარის ცოდნას ვერ იღებ, მაშინ შენი რესურსით უნდა მოახერხო საზღვარგარეთ შესაბამისი ცოდნის მიღება, ადგილზე ამ ცოდნის მიღება შეუძლებელია, _ ლაბორატორიები არ არსებობს.
_ სამოქალაქო სექტორის არასამთავრობოთა ჩართულობა ამ მხრივ როგორია?
_ რეგიონის დონეზე არავინ გვყავს. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, მაგალიათად, ხილის წარმოებაში. თუ ამ პროგრამაში ჩაერთვები, შეგიძლია, ქვეყნის დონეზე კონსულტაცია მიიღო, მაგრამ რეგიონში კონსულტაცია არ არსებობს! სწორედ ამას ვამბობ, რომ რეგიონსა და რაიონში უნდა არსებობდეს ლაბორატორიები. მაგალითად, თელავის გამგეობის მუნიციპალიტეტში აგროგანყოფილება გვაქვს, მაგრამ იქ რომ მიხვიდე, ნაკლებად მგონია, რომ რაღაც კვალიფიციური კონსულტაცია მიიღო. აქედან გამომდინარე, დღევანდელი წარმოება გადასულია ფერმერთა მომსახურების ცენტრებზე, რომელიც კერძო ბიზნესია. იქ კონსულტაციას გიწევენ თავის პრეპარატებსა და მედიკამენტებზე, ხოლო რამდენად ხარისხიანი და ბიოლოგიურად სუფთაა ისინი, ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ქვეყანაშიც უკონტროლოდ შემოდის ეს პროდუქტები, რომელიც იწარმოება ტაილანდსა და ჩინეთში. მაგალითად, მახსენდება, წინა წლებში, როდესაც ავსტრიაში ვსწავლობდი, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვენახებს ვწამლავდით ბაილიტონით. გაიცინეს, რადგან ბაილიტონი 20 წლის წინათ ამოიღეს ავსტრიიდან და აკრძალული პრეპარატია, რომელსაც ჩვენ დღემდე აქტიურად მოვიხმართ და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მერე გაუკვირდათ, თუ საიდან გვქონდა ბაილიტონის მარაგები, რადგან პრეპერატი ამოღებულია, ჩვენთან კი ისევ შემოდის!
_ დღეს გლეხები, მევენახეები ხშირად ამბობენ, რომ მათი მოსავალი სწორედ შხამქიმიკატებმა გააუბედურა. ეს რეგიონის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა.
_ არა მარტო მევენახეები, მეატმეები და, ზოგადად, მეხილეებიც იგივე პრობლემის წინაშე არიან. გურჯაანში მასობრივად გახმა ატამი, რაც უკონტროლოდ შემოსულმა უხარისხო პრეპარატებმა გამოიწვია. სახელმწიფოში არ არსებობს გასაკონტროლებელი სტანდარტები.
_ და მაინც, როგორ უნდა შევძლოთ კახეთში აგროტურიზმის დანერგვა?
_ თავი დავანებოთ გაწერილ სტრატეგიას, რომელსაც სადღეგრძელოს ფორმა უფრო აქვს. პირველ რიგში საჭიროა საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და დაწესებულებების გაახლება, აშენება და სადაც არ იყო, დამატება, რომ გვყავდეს დარგის სპეციალისტები. მეორე თემა: აგროტექნოლოგიების კუთხით მსოფლიო ვითარდება, წინ მიდის, ჩვენთან კი ტექნოლოგიური კრიზისია, იმიტომ, რომ ისევ კავისა და გუთნის დონეზე ვართ! ყველაზე მთავარია, რომ აგროტექნიკის შემოტანა საბაჟოზე არ იბეგრებოდეს, რომ წახალისდეს ახალი ტექნოლოგიების შემოტანა. ლიზინგით შემოტანა სხვანაირად დაიბეგროს. მესამე თემა არის ის, რომ მოტივაციას სხვადასხვა მიმართულებებით ვისვრით და ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ, მაგრამ ეფექტი არ არის. ეს ყველას ჯიბიდან ამოღებული თანხაა, რომელიც ბიუჯეტში ზის და მერე ბიუჯეტიდან სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელ დარგს მისცეს დოტაცია. ეს დოტაციაც იმ დარგში დიდ ეფექტს ვერ ახდენს. საჭიროა მათი გონივრულად გაცემა.
_ თუმცა სახელმწიფომ აგრომეურნეობის განსავითარებლად თანხა გასცა ე.წ. აგრობარათების სახით.
_ აგრობარათით გამოტანილი ბენზოხერხები და ა. შ. კონკრეტულ დარგში ამინდს ვერ ქმნის (გამოაქვთ „დრუჟბა“, რომელსაც სამი თვის მერე ყიდიან). მეორე თემაა მევენახეობაში ყურძნის ფასის ასაწევად დოტაცია, რაც პოპულისტური თემაა, ვიდრე დარგის განვითარებისთვის მიმართული. არაპოპულარულ განცხადებას გავაკეთებ: მე თვითონ მეღვინე ვარ და ამ დარგის განვითარება რეალურად მინდა. გეტყვით, რა ხდება კახეთში, _ ყურძენი 35 თეთრი ღირს, ამაზე კიდევ დოტაცია 35, ან 60-80 თეთრამდე ადის. შარშანწინ სუბსიდიით, ჯამში, სახელმწიფო ქარხნებმა ყურძენი გადაამუშავეს და გადამუშავებული სითხე დაჯდა 1.35 თეთრი. ამ 1.35 თეთრს რეალიზაციას ვერ მოუძებნი. მით უმეტეს, რომ გვეუბნებოდნენ, ახალი ბაზრები იხსნებაო და სითხე, რომელიც ბიუჯეტს უკვე დაუჯდა 1.35 (ქარხნებზე ვსაუბრობ), 60 თეთრად გაყიდეს ადგილზევე, კერძო ქარხნებს მიაყიდეს. რამდენად სწორად, ესეც შესასწავლია. ის კერძო ქარხნები ვინ იყო, ვინც ეს ყურძენი იყიდა? ჩვენი ფულით ნაყიდი სითხე, რომელიც 1.35 თეთრი დაჯდა, თავისი დოტაციით გაყიდეს სამოც თეთრად. სახელმწიფომ და ყველამ იზარალა. გინდაც არაფერი მომხდარიყო, ბიუჯეტმა 1.35 თეთრი დაგისვა და იქ იზარალა თითქმის ნახევარი, ადგილზევე დააგდო კერძო ქარხნების ფასი სახელმწიფომ.
_ რა უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ გლეხმა მეტი მოგება მიიღოს?
_ სპეციალისტების გადამზადება გრძელვადიანი თემაა, რომელიც უწყვეტად უნდა ხორციელდებოდეს, თუ გვინდა, რომ ეს დარგი ყოველთვის თავის სიმაღლეზე იდგეს; საბაჟო გადასახადი მოვხსნათ ტექნოლოგიების შემოტანაზე. სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. მახსენდება შევარდნაძის პერიოდში, კახეთიდან დაიწყო ამაზე და ამ ნაკადზე ფიქრი მაშინდელმა მთავრობამ, რამდენიმე ადამიანი გაგზავნეს, ეს იყო არსენიშვილის პერიოდში, მეც ვიყავი ერთ-ერთი, როდესაც მაშინ ფიქრი დაწყებული იყო, რომ ადგილზე ვერ მზადდებოდა კადრი, მაგრამ სხვა ქვეყანაში მაინც გაეგზავნათ და იქ მოემზადებინათ. თავიდან შეგვიძლია, ასეთი სუბსიდირება გავაკეთოთ, ვისაც სურვილი აქვს, რომ განათლება მიიღოს, მერე დაბრუნდეს და თავისი ცოდნა ქვეყანას მოახმაროს. მიზნობრივი ინვესტიცია ჩავდოთ ახალგაზრდებში გარკვეული კონტრაქტის საფუძველზე, თუ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ბაზები აქ ავაშენოთ და აქ მიიღოს ადამიანმა განათლება. რამდენიმე ასეთი სასწავლო ცენტრის აშენება შესაძლებელია. მაგალითად, კოლეჯების სახით გვაქვს. კახეთში უნდა არსებობდეს მეღვინეობის ერთი სკოლა მაინც, სადაც იმ ფერმერების შვილები ისწავლიან, რომელთაც ინტერესი აქვთ, რომ შემდგომში თავის სფეროში გააგრძელონ მოღვაწეობა. ამ სკოლის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ლაბორატორია, რომელიც თვითონ მოსწავლეებსაც მოამზადებს. რეგიონში ასეთი ლაბორატორია დამოუკიდებლად, ყველა ინტერესის გარეშე იმუშავებს და ექსპერტიზის ჩატარების, სერტიფიკატის გაცემის უფლება ექნება.
P. S. სოფლის მეურნეობის 2015-20 წლების განვითარების სტრატეგიული გეგმის დასკვნითი ნაწილის მიხედვით სტრატეგიის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ღონისძიებებს, ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფას, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიან ფუნქციონირებას, ფერმერთა გადამზადებას საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებულ განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას, საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნას, სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას, შესაბამისი მოქნილი საკანომდებლო ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებას. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე რჩება, ქვეყანა კი კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშეა, ხოლო სოფელი _ მშიერი.
მაკა მოსიაშვილი