სანამ საქართველოში ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, პოლიტიკასა და ენმ-ს შიდა დაპირისპირებაზე, ასევე ენმ-სა და ამომრჩეველთა ნაწილის დაპირისპირებაზე ბჭობდა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთი ნაბიჯით წინაა: მან ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა!
სააკაშვილის განცხადებამდე გადადგომის შესახებ ოდესის პოლიციის უფროსმა, გიორგი ლორთქიფანიძემ განაცხადა. ზოგმა ამ ნაბიჯში მიხეილ სააკაშვილისგან მისი განდგომა მოიაზრა, მაგრამ არა _ მეგობრები მეგობრებად დარჩებიან და სააკაშვილი ლორთქიფანიძეს იქ წაიყვანს, სადაც თვითონ წავა.
სად მიდის მიხეილ სააკაშვილი? რა ელოდება ოდესაში ჩასულ მის თანამოაზრეებს? რას უპირებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“? რა იყო ოდესის გუბერნატორობიდან მისი გადადგომის მოტივი?
ოფიციალური ინფორმაციით, ანუ თვითონ სააკაშვილის მიერ გაცხადებული პოზიციით, ოდესა ვერ განვითარდება მანამ, სანამ არ ამოიძირკვებიან კორუმპირებულები, რომლებიც ბანდიტიზმსა და განუკითხაობას მფარველობენ, მათ შორის, ოდესის ოლქშიც, ამიტომ სააკაშვილმა გადადგომა და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება გადაწყვიტა. მისი თქმით, თავდაპირველად კიევია გასათავისუფლებელი კორუმპირებულებისგან და მერე ოდესასაც ეშველება.
ე. ი. სააკაშვილის ახალი მარშრუტი _ კიევი გამოკვეთილია. რატომ ახლა და არა ადრე, ან უფრო გვიან და რატომ კიევი? მალე, შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. სააკაშვილი წინდახედული კაცია, მისი ნაბიჯები არასდროსაა ჰაიჰარად გათვლილი: მან, ჯერ კიდევ, ანტიკორუფციული ფორუმების დროს მოსინჯა საკუთარი ავტორიტეტი, გავლენა და რეიტინგი. არც ის იყო შემთხვევითი, რომ მან ფორუმი არა მარტო ოდესაში, არამედ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, კიევშიც ჩაატარა. ფორუმზე მისული ხალხის რაოდენობა თავისუფლად მისცემდა მას იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ხელისუფლების ვერტიკალურ რგოლში არსებული კორუფციის დამარცხების მესიჯი მეტად აქტუალურია. სწორედ ამიტომ აირჩია მან მარშრუტად კიევი და სწორედ ამიტომ არ შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ფრაზებით: მისი მეგობარი პოროშენკოც კარგად დასუსხა...
რისთვის ემზადება მიხეილ სააკაშვილი? ასე ხელაღებით ამის თქმა ძნელია, მაგრამ ლოგიკა გვიჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის. შეგვეძლო, პრეზიდენტობაც გვევარაუდა, მაგრამ, ჯერ ერთი, ამისთვის უკრაინაში ბოლო წლებში ნაცხოვრები „სტაჟი“ არ ჰყოფნის და, ამავდროულად, საეჭვოა, უკრაინელებმა ამ თანამდებობაზე თუნდაც უკრაინაზე უზომოდ შეყვარებული სააკაშვილი აირჩიონ, ასე რომ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაღა რჩება. თუმცა სირთულეები აქაც იჩენს თავს, რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არჩევითი არ არის. მოკლედ, რას აპირებს უკრაინასთან მიმართებით მიხეილ სააკაშვილი, მალე გამოჩნდება, წინასწარი ინფორმაციით კი ის დიდი უკრაინული ბრძოლისთვის ემზადება ოპოზიციურ ფლანგზე: უკვე შექმნილია მოძრაობა და საუბარია ასევე პარტიის შექმნაზეც, სადაც, ცხადია, მხოლოდ სააკაშვილის ფინანსები არ იქნება ჩადებული და რუსულ მედიას თუ დავუჯერებთ, ამერიკული ფული ტრიალებს.
რას აპირებს სააკაშვილი მის მიერვე დაფუძნებულ პარტიასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც, დიდი ნათელი არც ამ საკითხს მოჰფენია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მან სანდო ადამიანების დახმარებით უკვე დაიწყო პარტიის აქტიური წევრების, ე. წ. გაკიცხულ-გამიჯნულების მონიშვნა, თუმცა რას გააკეთებს საშინელი ცაიტნოტის პირობებში, ცოტა ძნელი ამოსაცნობია.
ყველაფერი რომ თავის ადგილზე დალაგდეს და დავინახოთ, რა სიტუაციაა მიხეილ სააკაშვილისა და ზოგადად, ენმ-ს გარშემო, შორიდან, გვერდზე მდგომის პოზიციიდან უნდა შევხედოთ იმ მოცემულობას, რაც დღეისთვის არსებობს:
ექსპერტები, ენმ-ს პოლიტსაბჭოს ცალკეული წევრები და მხარდამჭერთა არცთუ მცირერიცხოვანი ნაწილი თანხმდება, რომ ენმ გაყოფის (და არა დაშლის) ზღურბლზე დგას. ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიაში უკვე საბოლოო ფაზაში შევიდა წლების განმავლობაში ფარულად მიმდინარე დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ამასთან, რა გასაკვირიც უნდა იყოს, სააკაშვილის მომხრეები უმრავლესობაში არიან, ზოგადად, პარტიაში, ხოლო პოლიტსაბჭოში, ძირითადად, მოწინააღმდეგეები დომინირებენ ამ ორგანოს პასიური წევრების ხარჯზე.
პოლიტსაბჭოს ეს შემადგენლობა პარტიის ყრილობაზე 2013 წელს აირჩიეს და მასში 60-ზე მეტი წევრი იმიტომაც შევიდა, რომ გადაწყვეტილებები დემოკრატიული ღირებულებების მაქსიმალური დაცვით ყოფილიყო მიღებული. სინამდვილეში კი, როგორც ენმ-ს მხარდამჭერთა და წევრთა ნაწილი ფიქრობს, პარტიაში შეიქმნა 10-15-კაციანი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებებს და იმ პროცესში, რასაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ჰქვია, დემოკრატიის ნასახიც კი არ არის.
გრძნობდა და ხედავდა თუ არა ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი მაშინ, როცა ყველაფერი ასე ლაგდებოდა? რატომ დაუშვა მან ის გარემოება, რომ მისივე დაფუძნებულ პარტიაში, მისსავე თავზე დამოკლეს მახვილივით აღმართულიყო მისგან გამიჯვნის საკითხი?
დიახ, ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ სააკაშვილი თავიდანვე გრძნობდა სიტუაციის არაჯანსაღობას, მაგრამ ქმედითი ზომების გასატარებლად ნაკლები დრო ჰქონდა. ის ქვეყნიდან უნდა წასულიყო, დისტანციურად კი ძალიან ძნელია გადაწყვეტილებების მიღებაზე კონტროლის მექანიზმის შენარჩუნება, ასევე, ძნელია, სათანადოდ უპასუხო გამოხდომებს პარტიის შიგნით, რაც, ცხადია, არც წელს დაწყებულა და არც შარშან.
უბრალოდ, თუკი აქამდე ენმ ახერხებდა, რომ შიდა დაპირისპირება კულუარებს არ გასცდენოდა და თუ გასცდებოდა, ყველაფერი გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ის ჭორად მონათლულიყო, ახლა ყველა ასეთი მცდელობა წყლის ნაყვად მოჩანს. მართლაც, რომელ ერთიანობაზეა ლაპარაკი, როცა პარტიას საკუთარი ამომრჩეველი აუმხედრდა და სააკაშვილის „ჩაჩოჩების“ შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევით იმუქრება? რომელ ერთიანობაზე ვლაპარაკობთ, როცა ის ბზარები, რომლებიც ადრე მხოლოდ პარტიის შიდა სამზარეულოს დონეზე ჩანდა, ახლა უკვე პარტიასთან შეხების მქონე ნებისმიერი პირისთვის თვალსაჩინო გახდა?
ერთხელ, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის ადრეულ ეტაპზე, კახა ბენდუქიძემ, როგორღაც, განაცხადა, რომ ივანიშვილი კრემლის პირდაპირი პროექტი არ არის. უფრო ზუსტად, მან თქვა, რომ არ სჯერა, თითქოს ივანიშვილი კრემლში ვინმემ დაიბარა, კონკრეტული დავალებები მისცა და საქართველოში გამოუშვა. მაგრამ, ბენდუქიძის თქმით, ეს სიტუაცია რომელიმე წვეულებაზე უცხო ქალთან ცეკვას ჰგავდა, როცა წყვილი ერთმანეთს არ იცნობს, ცეკვაში არ უმეცადინიათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ქალი გაიწვია, მათ ცეკვა კარგად გამოუვიდათ. აი, ასეთ თანხვედრას ხედავდა ბენდუქიძე კრემლის სურვილებსა და ივანიშვილის მოქმედებებს შორის.
ენმ-ს მხარდამჭერთა ის ნაწილი, ვინც პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნის წინააღმდეგია, დღესაც ორად იყოფა: შედარებით შუაშისტები ამტკიცებენ, რომ ენმ-ს ის ჯგუფი, ვინც მართვის სადავეებს ახლა ფლობს, ივანიშვილისთვის სასურველ გზას დაადგა, მაგრამ არა მასთან შეთანხმებით, ან მისი დავალებით, ხოლო მეორე, რადიკალური ნაწილი პირდაპირ ადებს ხელს გიგა ბოკერიას და ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ ბოკერიას „მიხედვის“ ჯერ დაანონსება და მერე გადადება სულაც არ იყო შემთხვევითი და რომ ბოკერია ოლიგარქთან შეთანხმებით თამაშობს სააკაშვილისგან გამიჯვნის თამაშს.
თავისთავად ცხადია, რადიკალებისგან შერისხულთა შორის მხოლოდ გიგა ბოკერია არ არის _ ამ სიაში, მინიმუმ, ენმ-ს საკმაოდ ცნობილი 15 სახე მაინც შედის, მაგრამ ასევე არანაკლებ ცნობილი სახეები არიან საპირისპირო ბანაკშიც. შესაძლოა, ენმ-ს მომხრეთა „მომრიგებელმა“ ნაწილმა იუცხოოს ასე ბანაკებად დაყოფა, მაგრამ, როგორც იტყვიან, გაჟეჟილს გატეხილი სჯობს, მით უმეტეს, ამ თემაზე კამათი და დავა უკვე დაწყებულია მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ, ცნობილი წერილის სახით, ჯინი ბოთლიდან ამოუშვა.
მართალია, ბოკერია და მისი გუნდის წევრები სრულიად სამართლიანად ამტკიცებენ, რომ ენმ არ უნდა იყოს ერთ კაცზე ჩამოკიდებული პარტია და უნდა განვითარდეს, მაგრამ რადიკალური მომხრეები მაინც ჯიუტად იმეორებენ, რომ არანაირი განვითარება და დემოკრატია პარტიაში არ ზეიმობს და თუ მივიჩნევთ, რომ ადრე ენმ მხოლოდ სააკაშვილის ხუშტურებზე დადიოდა, ახლა სააკაშვილი ბოკერიამ ჩაანაცვლა. ზოგი იმასაც ამბობს, რატომ ხელი არ გაგვიხმა, როცა ვაშაძის, ჯაფარიძისა და სხვა წასულების სალანძღავ პოსტებს ვწერდით, რადგან მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რას გაექცნენო.
ბევრი მომხრე დეტალურად დაინტერესდა პოლიტსაბჭოს იმ ცნობილი განცხადების ტექსტის ავტორით, რომელმაც მომხრეთა ნაწილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. როგორც გაირკვა, განცხადების მიღების ინიციატორი გოკა გაბაშვილი იყო. მომდევნო დღეებში კი, იმის მიუხედავად, რომ განცხადების კენჭისყრის შედეგები ოფიციალურად არ გამოცხადებულა, გამოქვეყნდა მათი სიაც, ვინც მხარი დაუჭირა განცხადების ამ ტექსტს და ვინც მისი მიღების წინააღმდეგი იყო.
ამ მონაცემების მიხედვით, პოლიტსაბჭოს 12 წევრმა უარი თქვა განცხადებაზე ხელის მოწერაზე. მათი სია ასე გამოიყურება:
ზაზა ბიბილაშვილი (რომელმაც თავისი პოზიცია მოგვიანებით საჯაროდაც გამოხატა), ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი, მარიამ საჯაია, ნინო კალანდაძე, გიორგი კარბელაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, კობა ხაბაზი, ხათუნა ოჩიაური, გიორგი პატარაია, ჩიორა თაქთაქიშვილი, ვახტანგ ლემონჯავა.
ისინი, რომლებიც განცხადების ამ ფორმას (ანუ რადიკალი მომხრეებისგან გამიჯვნას) მხარი დაუჭირეს:
გოკა გაბაშვილი, ირმა ნადირაშვილი, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ვაჟა ჩიტაშვილი, გივი თარგამაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გია ბარამიძე, მიხეილ მაჭავარიანი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინა ბოკუჩავა, გიგი წერეთელი, ტარიელ ლონდარიძე, სერგო რატიანი, ზურა ჩილინგარაშვილი, დავით დარჩიაშვილი, კობა სუბელიანი, ქეთი მჭედლიძე, ელენე ჯავახაძე.
პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრების პოზიცია უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ განცხადებები პოლიტსაბჭოზე უმრავლესობით მიიღება და აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ განცხადების ტექსტი უმრავლესობის მიერ იყო მხარდაჭერილი.
რა შეიძლება მოხდეს ყრილობაზე, ან ყრილობამდე? ყრილობა დეკემბერშია დაგეგმილი, ენმ-ში დელეგატების შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო. სხვათა შორის, ეს პროცესი წესდებაში მეტად ბუნდოვანია და ინტერპრეტირების საშუალებას ტოვებს, ამიტომაც სააკაშვილის მომხრეები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ყრილობაზე პოლიტსაბჭოში კიდევ უფრო მეტად შემცირდება იმათი რიცხვი, ვინც სააკაშვილის პოლიტიკისა და მისი ლიდერობის მომხრეა.
შესაძლებელია თუ არა, რომ „მეორე ფრთამ“ ალტერნატიული ყრილობა ჩაატაროს? ალბათ, უფრო არა, რადგან პარტიის პოლიტსაბჭოზე განხილულ და დანიშნულ დროზე ადრე რაიმე სახის ყრილობის ჩატარება მათ პოზიციებს ნამდვილად არ განამტკიცებს. მართალია, რადიკალური მომხრეები „ფეისბუქზე“ იმუქრებიან, თქვენ ჩვენ „ქოცებში“ ნუ აგერევით, ჩვენთან ბრძოლას არ გირჩევთო, მაგრამ ასეთი მასშტაბის დაპირისპირებამდე, ალბათ, საქმე არ მივა.
შესაძლოა, დეკემბრის ყრილობამ რაიმე შუალედური გადაწყვეტილებაც მიიღოს, ისეთი, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს - სააკაშვილიც სიმბოლურ ლიდერად დატოვონ და თვითონაც მთავარი ლიდერის ირგვლივ დაირაზმონ. ეს გამორიცხული არ არის და, ალბათ, შესაძლებელია, თანაც, დაშლას სჯობია. რაც შეეხება სააკაშვილს, მან შესაძლოა, ყრილობამდე უკრაინაში ახალი პარტია, ან მოძრაობაც დააარსოს და ასეთ შემთხვევაში, ცხადია, ეს იმის ჟესტიც იქნება, რომ ახლა ენმ-ს მენეჯმენტში მყოფ მის ძველ თანამებრძოლებს სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლიათ აირჩიონ ახალი თავმჯდომარე: ორი პარტიის ხელმძღვანელობას, მათ შორის, ერთი უკრაინულის, მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ნამდვილად ვერ შეძლებს.
ორივე მხარე ბლიცკრიგის და ცაიტნოტის ზღურბლზეა. ორივე მხარეს დაჭიმულია ნერვები და მათზე შეხების შედეგად გამოწვეული ხმების ნერვიული ექო ყველაზე კარგად სწორედ რომ „ფეისბუქზე“ ისმის...
ლაშა ბერულავა