QronikaPlus
კვალიფიციური კადრი თუ ორმაგი სტანდარტი?!

კვალიფიციური კადრი თუ ორმაგი სტანდარტი?!

2016-11-17 06:11:42

არასამთავრობო სექტორიდან სახელმწიფო სამსახურში გადაბარგებულ ხალხს რამდენიმე დღის წინ „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია შეემატა. მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოსტი ჩაიბარა და ამ ორგანიზაციაში სწორედ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს გააკონტროლებს. ამ ფაქტმა საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოწვია. მათი აზრით, საკითხი ეხება ორმაგ სტანდარტს, რომელიც პოლიტიკური კორუფციის ფაქტზე მიგვანიშნებს. „ქრონიკა+“ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრება. დიმიტრი ლორთქიფანიძე _ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“: _ მინდა, დავაფიქსირო სიმპტომატური რამ, რაც ამ არჩევნებს თან ახლდა. მოგეხსენებათ, ბატონი ივანიშვილის მიერ წინსწრებით გაკეთებული პროგნოზი პირდაპირ აისახა იმ ეგზიტპოლებში, რომელსაც ჩვენთვის კარგად ცნობილი ადამიანები ხელმძღვანელობენ. მათ შორის არის „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი თავმჯდომარე ნინო ლომჯარია, რომელმაც არჩევნების დასრულებისთანავე მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი აუდიტის ეროვნული სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილის რანგში. ის, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ კურირებს უკვე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს. ეს მეტყველებს თუ არა იმაზე, რასაც, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა, როდესაც თემურ იაკობაშვილი წარმატებული არჩევნების შემდგომ დაინიშნა ჯერ მინისტრად, შემდგომ ელჩად?! ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ნინო ლომჯარიას მსგავსად იყო „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი და მისი კარიერული ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რა შედეგებითაც დამთავრდა ეგზიტპოლები. იგივე ლევან თარხნიშვილი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და შემდგომში უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. თუ გავიხსენებთ და გადავხედავთ, ბევრ სახელსა და გვარს კიდევ აღმოვაჩენთ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პორტირებული ახალი ძალების სახით. ისინი ხდებიან პოლიტიკოსები, საიმედო დასაყრდენები იმ რეჟიმისთვის, რომლისთვისაც არ იშურებენ გაყალბებული ეგზიტპოლებით მანიპულირებას, რეალურად ეს ტრადიციები გრძელდება ვიდრე სააკაშვილის რეჟიმიდან მოყოლებული, ბევრად უფრო ადრე და ახლაც, როდესაც ქვეყანას ჰყავს ერთპიროვნული მმართველი, როდესაც სახეზეა ოლიგარქიული ავტოკრატიის ფორმა, როდესაც პროკურატურა, სასამართლო სისტემა, საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად ექვემდებარება ერთი პირის კონტროლს, რომელიც, ამავე დროს, აკონტროლებს არასამთავრობო სექტორს. მეტიც, არასამთავრობო სექტორის საიმედო კადრებს ნიშნავს უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და საპარლამენტო რგოლებში თამარ ჩუგოშვილის სახით, რომელიც საიას სახე იყო და ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იქნება. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხარ და ისეთ აქციაში მონაწილეობ, როგორიც არის „ეს შენ გეხება“ და ხელისუფლებას ადანაშაულებ უკანონო მოსმენებში, შემდეგ ამ ხელისუფლებაში იკავებ საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობას, ეს ორმაგი სტანდარტი ისეთი აუხსნელია და იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ცხადზე უცხადესია, საკითხი ეხება პოლიტიკური კორუფციის ფაქტს!   გიორგი მშვენიერაძე _ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“: _ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩემი კოლეგები არიან და არ მმიმაჩნია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული კრიტიკის ადრესატები ისინი უნდა იყვნენ. ეს ორგანიზაციები საქართველოში მუშაობენ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხითაც და დიდ როლს თამაშობენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს ვერ შევუზღუდავთ უფლებას, ფიქრობდეს განსხვავებულად და მიაჩნდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტის გაკეთება შეეძლოთ. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას საჯარო სამსახურში გადასვლას, მიმაჩნია, რომ ის არის კვალიფიციური ადამიანი და წარმატებებს ვუსურვებ.   არჩილ კაიკაციშვილი _ „ახალგაზრდა ადვოკატები“: _ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამოქალაქო სექტორიდან რაც უფრო მეტი კვალიფიციური კადრი აღმოჩნდება, მით უფრო მნიშვნელოვანი და სახარბიელოა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისთვის. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, რომელიც სამოქალაქო სექტორში ერთ-ერთი ცნობილი და გამოცდილი სახე იყო, მან წარმატებით განახორციელა რეფორმები სასჯელაღსრულების სამინისტროში. სამოქალაქო სექტორიდან მოსულია სოზარ სუბარიც, რომელიც ბოლო თავისი გადაწყვეტილებებით და სხვადასხვა პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა. ბევრი ადამიანი შეიძლება დასახელდეს, როდესაც სამოქალაქო სექტორიდან იმიტომ მიდის სამთავრობო სტრუქტურებში, რომ გამოცდილება და კვალიფიციურობა შესძინოს კონკრეტული საკითხის განვითარებას. ეს ტრადიცია საპარლამენტო ცხოვრებაშიც გაგრძელდა და მმართველ პარტიაში ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა. მაგალითად, მამუკა მდინარაძე სწორედ პროფესიული წრეებიდან მოდის, რომელსაც საზოგადოებაში ნდობა და რეპუტაცია აქვს. რამდენად შეძლებენ პოლიტიკური თუ საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვას სამოქალაქო სექტორის ყოფილი სახეები, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ნინო ლომჯარიას შემთხვევაში მას საარჩევნო ტექნოლოგიების კარგი ცოდნა აქვს, თუმცა საზოგადოება რამდენად ობიექტურად აფასებდა მისი ორგანიზაციის საქმიანობას და ამ ორგანიზაციას სხვადასხვა ხელისუფლების დროს ეჭირა თუ არა შერჩევითი დამოკიდებულება და პოზიცია, ესეც საზოგადოების შესაფასებელია. საზოგადოებრივი სექტორიდან სამთავრობოში გადასვლა არ არის პრობლემა, პრობლემა არის, რამდენად ობიექტური გადაწყვეტილებები დგება სხვადასხვა სამოქალაქო პირის მიმართ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს შერჩევითი თვალსაზრისთ განპირობებული, გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს პრინციპულობას, საზოგადოებრივ ნდობას, გაკეთებული საქმეების ერთობლიობას და არა პოლიტიკური გემოვნების საკითხს. სამოქალაქო სექტორში მართლაც ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეუძლია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საჯარო მოხელის რანგში სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების მიმართულებით. ამიტომ ცნობილ სახეებზე აქცენტი ნამდვილად არ იქნება სწორი, აქცენტი უნდა იყოს გამოცდილებაზე, კომპეტენტურობაზე და პრინციპულობაზე. მათ შორის ძალიან მიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სფეროში და ამ სფეროზე პასუხისმგებელ დაწესებულებებში სწორედ ის სახეები იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც სასამართლო სისტემის პრობლემებს ადეკვატურად აღიქვამენ და ამ პრობლემების მიმართ არა ფამილარული დამოკიდებულება, არამედ, კრიტიკული შეხედულებები აქვთ. კრიტიკული შეხედულებები კი საკმარისი არ არის საჯარო უწყებებში დასაქმებისთვის, მათ კრიტიკულობას ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხედვა და კონცეფცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება. ასეთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ბევრია, ამიტომ, ვიხილავთ თუ არა კიდევ მომავალში რომელიმე სამთავრობო უწყებაში სამოქალაქო სექტორის ცნობილ სახეებს, ეს იქნება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. პოლიტიკური ნება სახეზეა, თუმცა ეს არ უნდა იყოს შერჩევითი და მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს კვალიფიკაცია და გამოცდილება. ერთ მაგალითსაც მოვიტან: საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის საჯარო დაწესებულება, მისი ხელმძღვანელი არის სამოქალაქო სექტორიდან მოსული ადამიანი და დღევანდელი სახალხო დამცველის მთელი სისტემა საიას ყოფილი თანამშრომლების შემადგენლობაა. სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ ნდობა საზოგადოებაში არსებობს, არსებობს საკითხებისადმი კრიტიკული მიდგომებიც. რამდენად ეფექტიანია უწყება, შეიძლება ვიმსჯელოთ სახალხო დამცველის მაგალითზეც, სადაც რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, ვგულისხმობ სახალხო დამცველსა და ყოფილ თანამშრომლებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და იმ ხარჯებს, რომელიც ძვირადღირებული ავტომობილების შეძენას ეხებოდა. მაგალითისთვის, ეს არის უწყება, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან დაკომპლექტდა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ რადგან ვსაუბრობთ სახალხო დამცველის ინსტიტუტზე, აქ მაინც შერჩევითი დამოკიდებულება ჩნდება, რადგანაც არ შეიძლება ყველა თანამშრომელი ერთი კონკრეტული ორგანიზაციიდან იყოს მოსული. ვფიქრობ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს არ არის სწორი სტანდარტი, თუმცა ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება და საზოგადოებამ პირუთვნელად უნდა შევაფასოთ, სამოქალაქო სექტორიდან საჯარო უწყებაში გადასული ადამიანები რა ფორმით მიდიან _ ეს არის პირადი ნაცნობობა, პროფესიონალიზმი თუ კვალიფიციურობა?!  

                                                                                                                 თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება