QronikaPlus
ლადო კახაძე: „ალალად გეტყვით სიმართლეს, ძალიან მინდოდა, რომ პარლამენტში ვყოფილიყავი!

ლადო კახაძე: „ალალად გეტყვით სიმართლეს, ძალიან მინდოდა, რომ პარლამენტში ვყოფილიყავი!

2016-11-18 06:08:08

„ქრონიკა+“ ამიერიდან ყოველკვირეულად გთავაზობთ რუბრიკას „ყოფილები“, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობდნენ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს გაგვიზიარებენ. რუბრიკის პირველი სტუმარია ცნობილი ექიმი ლადო კახაძე, რომელიც 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ: _ ბატონო ლადო, მაშინაც ძალიან ცნობილი ექიმი იყავით, როდესაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გახდით „ლეიბორისტული პარტიის“ სიით. რამ განაპირობა პოლიტიკაში თქვენი მოსვლა? _ ცხოვრება ძალიან საინტერესო გამოწვევაა, მარტო კაცი ცხოვრებაში ვერ ივარგებ, თუ გინდა, რომ კონსტრუქციაში მიიღო მონაწილეობა. ცხოვრებაში არის გენეტიკური ვალდებულებები და ასევე ერთ-ერთი უძვირფასესი გარემო _ მეგობრები. 90-იან, ძალიან რთულ წლებში, საქართველომ, ბოლოს და ბოლოს, გადადგა ის ნაბიჯი და ლოგიკაც აჰყვა, რომ დამოუკიდებლობა ძვირფასია. ამ დამოუკიდებლობის მოპოვება დიდ რისკებთანაც არის დაკავშირებული. არავისზე ნაკლები არ გინდა იყო და ჭკვიანი კაცი ცდილობ შენამდე მოპოვებული წარმატებების გასიგრძეგანებას _ ვინ, როგორ მიაღწია ამ წარმატებებს. ეს განსაკუთრებით შეეხება ისეთ დარგებს, რომელიც ნოვაციებთან არის ახლოს. თუ გსურს გაიგო, დღეს არსებულ რეალობაში რას ფიქრობს ევროპა, ამერიკა, თუნდაც აზია, რომლებიც ორიენტირებულები არიან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე, უახლესი მიღწევები აქვთ, უნდა იყო კონფერენციებზე, ინფორმაცია უნდა წაიკითხო, ჩახვიდე, ნახო, აპრობაცია გაატარო, ჩამოიტანო და ეს დანერგო, ასევე ფიქრობ მომავალზე, საკუთარ თავზე მომავალში და შენს ოჯახთან და მეგობრებთან ამით გინდა იამაყო. საქართველომ ეს გამოწვევები მიიღო, მან თქვა, _ მე უნდა ვიყო დამოუკიდებელი! დამოუკიდებლობის მოპოვება რთულად დაიწყო, საჭირო იყო, რომ ეს დამოუკიდებლობა მსოფლიოსთვის სწორად ეჩვენებინათ, რომელიც სეპარირებას არ ნიშნავს, მაგრამ მთლად ასე არ გამოუვიდა. ის, რაც გააკეთა, მაგალითად, ინდოეთმა XX საუკუნის პირველ ნახევარში, დაიწყო და მიაღწია კიდევაც ინგლისიდან თავდახსნას ისე, რომ დღესაც ურთიერთპატივისცემა აქვთ. ეს ინგლისის დამსახურება უფროა, ვიდრე ინდოეთის, მაგრამ იქ, სადაც ჩვენ ძალადობრივი გზით შეგვიყვანეს, აქედან თავის დაღწევის ფორმა გულზე მჯიღის რტყმევაზე გავიდა, რომ ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და შეგვიძლია, ვაჯობოთ. თავისუფლების მოპოვების ის გზა რომ აგვერჩია პათეთიკასთან და სრულიად სწორ ზრახვებთან ერთად, როდესაც ეროვნული სულისკვეთება წინა პლანზე იყო წამოწეული და გვეთქვა, რომ ეს ჩვენ მიერ მიღწეული პატარა გამარჯვება მაშინ იქნება ფუნდამენტური, თუ ჩვენ ბევრ გაჭირვებას მოვითმენთ და ეფექტზე არ ყოფილიყო, მაშინ ბრძოლაში უკვე სწორი მიზნით წავიდოდნენ და არა სტრატეგიაზე. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ეს არ გამოგვივიდა და ძალიან ბევრი სუსტი ადგილით, ერთმანეთის გაკილვით და ერთმანეთზე იარაღის მიშვებით უბედურებაში ჩავვარდით. ეს ის პერიოდია, როდესაც მე უკვე ჩამოყალიბებული ექიმი ვარ, საკმაოდ წარმატებული და ძალიან ბევრი პაციენტები მყავს. ერთხელაც, მოდიან ჩემი მეგობრები, ადამიანები, რომლებთანაც ერთად ნებისმიერ ბრძოლაში წავსულვარ და მათი აბსოლუტური ნდობა მაქვს, რადგან თითქმის ნახევარი საუკუნე იმ პერიოდში ერთად მოვდიოდით. ახლა უკვე 60 წელია, ეს არ არის პატარა დრო. მანამდე ჩემს უმცროს ძმასთან იყო ეს ლაპარაკი, მაგრამ ის წინააღმდეგი წავიდა. დაიწყო ჩემი მეგობრული დამუშავება, რომ არის ნოვაცია, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა და მწვანე შუქი აენთო ერთი პირობით, რომ თქვენ უნდა განავითაროთ თვითმმართველობა. ეს უნდა გახდეს ხერხემალი თქვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და დამოუკიდებლობის. თუ თქვენ თვითონ შიგნიდან არ მოემზადეთ ტრანსფორმაციებისთვის, არ გაიხედნეთ და შიგნით ერთმანეთის ნდობა არ მოიპოვეთ, გარედან ფუყე ადგილივით იქნებით და ნებისმიერი დაგამარცხებთ. კარგი იდეა იყო, მომიტანეს საკანონმდებლო მასალები, გავეცანი და მითხრეს, რომ ჩვენთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, შენ მთავარი გამოცდილება გაქვს _ ადამიანებთან ურთიერთობა და სიმართლე გითხრათ, ამ იდეით მომხიბლეს. საერთოდ, დღესაც აპოლიტიკური ადამიანი ვარ, ბუნებით ექიმი ვემხრობი დეპოლიტიზებას. პედაგოგიკა, სამეცნიერო, სამედიცინო სფერო და სხვა მიმაჩნია, რომ დეპოლიტიზებული უნდა იყოს. პირიქით, პოლიტიკა ამ სფეროებიდან უნდა სწავლობდეს. პოლიტიკოსი კარგად უნდა ხვდებოდეს, რა აწუხებს მეცნიერს და მერე ის უნდა საზრდოობდეს, უნდა მოიპოვოს ამ ადამიანების ნდობა. ეს არის პოლიტიკოსის ნიჭი. პოლიტიკოსი ხელოვნების ნაწილი უნდა იყოს და არა ადმინისტრაცია. მთელი ცხოვრება ბიუროკრატიის წინააღმდეგი ვარ. ეს საუბრები მიდიოდადა და დაისვა კითხვა, _ სად უნდა შევიდეთ, უმრავლესობის, თუ ოპოზიციის მხარეს? მე გამარჯვებულის მხარეს არასოდეს ვდგები, ყოველთვის დამარცხებულს ვგულშემატკივრობ პირველ გამარჯვებამდე. როდესაც ის გაიმარჯვებს, დამარცხებულის მხარეს უნდა გადავიხარო და ბალანსი აუცილებლად დავიცვა. ლანგარზე რომ მოგართმევენ, მე იქ არასოდეს ვიქნები! 1995 წელს პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა არეულობისა და უბედურების შემდეგ. იმ კონსტიტუციაში გაჩნდა თავი _ ადგილობრივი თვითმმართველობა. სამწუხაროდ, დღესაც მეტი არ წერია და განვითარება არ ჰპოვა. როდესაც თვითმმართველობაში მოვხვდი, პირველად ამერიკაში წავედი, 22 შტატი მოვიარე და ყველას შევხვდი _ თვითმმართველობიდან დაწყებული, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, კარტერის დროს ვიცე-პრეზიდენტსაც კი. ბევრი კითხვის დასმის საშუალება მქონდა და საბოლოოდ მივხვდი, რა ძლიერია ამერიკაში თვითმმართველობა. ამიტომ არის, რომ 250 წელია, ამერიკა ძალიან ძლიერად დგას, რომის იმპერიამ ძალაზე გაძლო და აქ თვითმმართველობის ინსტიტუციამ გაძლო. ამერიკაში დამოუკიდებლობის აქტი 1776 წელს მიიღეს და 1789 წელს _ კონსტიტუცია. მას მერე 13-დან 50 შტატი გახდა, ხიბლი რა არის _ თვითმმართველობა! ისინი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ადამიანის უფლებრივ ნაწილს. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ერთ შტატში მიღებული საკანონმდებლო აქტი ძალას კარგავს, როგორც კი ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთ მეორე შტატში და იქ თავისი წესები მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სეპარირებული არიან, ისინი ერთმანეთს აძლიერებენ. ეს ყველაფერი კონსტიტუციაში წერია, ჩვენს კონსტიტუციაში ეს დღესაც სუსტი რგოლია, ვერ ველაპარაკებით ოსებს, აფხაზებს, გვიჭირს ჩვენს შიგნით რეგიონული ეთნოგრაფიული კუთხეების პატივისცემის გამოხატვა და დადასტურება, ჩვენ მაინც გვინდა, რომ საქმე მუშტმა და ძალამ გადაწყვიტოს. თითმმართველობას ეს არ უყვარს! როგორც ექიმი ერთ მაგალითს მოვიყვან: გული აღჭურვილია დიდი ავტონომიით, ტვინი რომც გაითიშოს, გული მუშაობას აგრძელებს, გულის ავტონომია ტვინს საშუალებას აძლევს, მუდმივად სისხლი და ჟანგბადი მიაწოდოს, რომ იქნებ, აღდგეს. ტვინი დამოკიდებულია გულზე და მას არ შურს მისი ავტონომიის. ტვინი არ ეჯიბრება და არ ახშობს მის ინიციატივას. ამიტომ ძლიერი თვითმმართველობა ეს არის გარანტია სიცოცხლისუნარიანობისა, ან ჩამნაცვლებლის მოსვლა დროში გაწელოს და ის გადარჩება. მოკლედ, ბოლოს დავთანხმდი, მაგრამ პირობა იყო. _ რას გულისხმობთ? _ ხაზს ვუსვამ: საკრებულოს თავმჯდომარეობას არ ვაპირებდი, კანონი არ უკრძალავს დეპუტატს ძირითად საქმიანობას. თანხმობა მივიღე, რომ ხალათს არ გავიხდიდი. უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველობის განვითარების მცდელობა, ჯერ კიდევ, ზვიად გამსახურდიას ჰქონდა დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, რომლის შეუფასებლობა, ან პატივის არმიგება სწორი არ იქნება, მას უნდოდა პრეფექტურის ინსტიტუტის აღდგენა, თბილისი ეცადა, რომ საკრებულო ჰქონოდა. წინა ღამით სია გადაწერეს. ბევრში შეიძლება ამან უკმაყოფილება გამოიწვია, თავს უხერხულად ვგრძნობდი მაშინაც და ახლაც. როდესაც ჩემ გამო სხვა ვიწროვდება, არ მიყვარს, არასოდეს მქონია კონფროტაციული ურთიერთობა არავისთან. სია გადაუწერიათ და მე-5 ნომრად ჩამწერეს. ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობისთვის ემზადება, იმას სიაში პირველს წერენ, მე-5 კაცი საკრებულოს თავმჯდომარედ როგორ იქნებოდა?! ჩემი პირობა შევასრულე, რომ ბიუროკრატიაში მონაწილეობას არ მივიღებდი. დამთავრდა არჩევნები და ხელისუფლებას, ლამის, მოვუგეთ. „მოქალაქეთა კავშირმა“ ადგილობრივი არჩევნები კრახით წააგო, 55 დეპუტატში 20 გაიყვანა. შევარდნაძემ ეს მოცემულობა მიიღო. მერე ახალგაზრდა ფრთა დაგვიპირისპირდა და ჩვენი ნოვაცია არ მოეწონა. ხაზს ვუსვამ, მაშინდელ ხელისუფლებაში რომ სწორად აღექვათ ჩვენი ინიციატივები და კონფრონტაციულად არ დავებლოკეთ, ან ფული არ წაერთმიათ, კანონში ცვლილებები არ შეეტანათ და კოლიზიის გამომწვევი ურთიერთგამომრიცხავი მუხლები არ გაეძლიერებინათ, თვითმმართველობა დამკვიდრდებოდა. მერე წავიდა ავტოკრატია და ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს. გამარჯვების შემდეგ ჩვენ დავფიქსირდით, როგორც მეორე ძალა. დადგა საკითხი, რომ ძალაუფლება ხელში უნდა აიღოს ოპოზიციამ, 35-მა კაცმა, თუმცა მე იმ ოპოზიციურ სპექტრს ვუყურებდი, როგორც პიროვნებებს. აღმოჩნდა, რომ პიროვნება და პოლიტიკური მოღვაწე სხვადასხვაა! როდესაც პოლიტიკა ძალაუფლებისა და ფულის შოვნის საშუალება გახდება, იქ შენ არავინ დაგინდობს! მივხვდი, რომ ეს გარიგებითი ურთიერთობით უნდა გადაწყდეს. წინა დღეს იკრიბება ოპოზიციური ფრთა, მანამდე ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებიც იმ პარტიაში, სადაც მე ვიყავი, წყვეტდნენ საკითხს. ყველასგან ერთი და იგივე პასუხს ვიღებ, რომ ჩემი პირობა არ დაირღვევა. 8 რიცხვში პარტია იკრიბება და ლიდერი საუბარს ასე იწყებს, _ ბატონ ლადოს არ ეხება, მას პირობას ვერ დავურღვევთ... დანარჩენი 11 ადამიანის მიმართ კი სათითაოდ იწყება: შენზე ამდენი კომპრომატია, ის არის, ეს არის, შენ რომ დაგასახელოთ, პრესა და ტელევიზია აჭრელდება, ყველა მხრიდან დაგვარტყამენ და ა. შ. მერე მომიბრუნდნენ და მეუბნებიან, _ რა ვქნათო?.. ე. ი. მე რომ რაღაც პრინციპების გამო, ბოდიში და, ჯორზე შევჯექი, ჩვენი კანდიდატი არ იქნება საკრებულოს თავმჯდომარეო, ფაქტის წინაშე დამაყენეს, გამოდის, რომ ვღალატობ. კიდევ იყო ასეთი რამ: ერთი პარტიის თავმჯდომარე იმ პირობით იყრიდა კენჭს, რომ აუცილებლად უნდა გამხდარიყო საკრებულოს თავმჯდომარე. იმას უთქვამს, _ ერთადერთ შემთხვევაში შევიცვლი პოზიციას, თუ ლადო კახაძეს დაითანხმებთო. ოპოზიციური პარტიებიდან 35 კაცი შეიკრიბა, 7 ხმა მერყევი იყო, ხელისუფლების თამაშს თამაშობდნენ, მაგრამ 28 ხმა მაინც ერთით მეტი იყო. საკრებულოს დარბაზში თქვეს, ლადო კახაძე გახდეს საკრებულოს თავმჯდომარეო. ტრიბუნასთან რომ მივედი, ასეთი სიტყვები ვთქვი, _ მინდა, გავიმეორო და 18 წელია, ძალაში რჩება: დირიჟორი ვარგა მხოლოდ მაშინ, როდესაც ორკესტრანტები კარგები არიან, თუ ჰობოისტი არ ვარგა, ალტისტი და ალფისტი, თითო დირიჟორი რომ დაუნიშნო, ეს ორკესტრი არ შედგება. იმედი მაქვს, თქვენი მეოხებით თვითმმართველობა დამკვიდრებას დაიწყებს, მთლიანად თქვენზე ვარ დამოკიდებული-მეთქი. „მოქალაქეთა კავშირი“ პოზიციას არ თმობდა, თუმცა მეორე დღეს ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა და საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩიეს. ოპოზიციამ 9 დეკემბერს როგორც კი საკრებულოს არჩევნები მოიგო, 10 დეკემბერს ნორმატიული აქტი გამოვიდა, _ კანონი თბილისის შესახებ, სადაც მთლიანად ართმევდნენ უფლებებს და ეს უნდა გადასულიყო ცენტრისკენ. ხელისუფლება პირველი დღიდანვე გვებრძოდა. იმ დღიდან დაიწყო თვითმმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა, მერე ბევრ პერიპეტიაზე გავიგე, ბევრი რამ გულში მაქვს ჩარჩენილი, მაგრამ ეს ერთი განსაკუთრებით: თბილისს ნორმატიული აქტის შესაბამისად ბიუჯეტში დამატებით ჰქონდა დატოვებული 20%, როგორც გამონაკლისი. მათ იცოდნენ, რომ თავინათი კაცი მოდიოდა და ეს ფული გადადეს. ამ დატოვებული თანხის ფარგლებში თბილისის ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ჭრილობების მოსაშუშებლად, ანუ 1991-1992 წლების სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად ის ფული უნდა მოხმარებოდა მთაწმინდის მოსახლეობისთვის სახლების აღდგენა-ჩაბარებას, მისასვლელი გზების გაკეთებას, კომუნიკაციების აღდგენასა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებას. შიდა ზარალი რაც იყო, ვალში აიღეს, ჩვენ-ჩვენი წილი გვქონდა. 2000 წლის ბოლომდე ეს ფული 17 მილიონი გახლდათ, რომელიც მაშინ დიდი თანხა იყო. ამ ფულით საქმე პირნათლად გავაკეთეთ აპრილამდე. 8 თვე კიდევ გვქონდა დრო, მთლიანად ლიფტები, მისასვლელი გზები, კომუნიკაციები, გარეგანათება და ა. შ. უნდა გაკეთებულიყო. მეორე დღეს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ის 17 მილიონი წაგვართვეს. აი, უმრავლესობა რატომ არის ცუდი, დამცველი არავინ გამოგვიჩნდა! საკრებულოში უმრავლესობა არ მყოლია. რა ადვილია, როდესაც რამეს იტყვი და უმრავლესობა გაგიშალაშინებს! საკრებულოში 55 კაცი იყო, 28 ხმა უნდა მოგროვილიყო, რომ გადაწყვეტილება დაგეფიქსირებინა, ამის რისკი ვერავინ გაწია, ყველა ხელისუფლებაზე თამაშობდა, არც ერთი საკითხი 28 ხმით არ გამიტანია, საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა 48-49 ხმით გადიოდა, 55 ხმითაც კი გამიტანია საკითხი. მიხვდნენ, რომ ლადო კახაძე თავისთვის არაფერს აკეთებს. ხელს მე ვაწერდი, მაგრამ იმათით ვაწერდი. მათ შორის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის შეცვლა სააკაშვილის ხელისუფლებამაც კი ვერ გაბედა, _ თბილისში შენობის აშენება მაშინ იქნება მისაღები, თუ მანქანების სადგომს ქვემოთ განათავსებს. ამას ახლა არავინ ასრულებს, კოეფიციენტი #1 და #2 ჩვენ მივიღეთ და ძველი თბილისი დავიცავით. რა არის მთავარი ქალაქისთვის? _ უსაფრთხოება და კომფორტი. დღეს თბილისში ეს მოშლილია! _ თქვენი თავმჯდომარეობიდან დღემდე რა დოზით განვითარდა თვითმმართველობა და გამოხატავს თუ არა ის საზოგადოების ინტერესებს? _ საკრებულოში ჩვენი შესვლიდან პირველი წელი არაა გასული, როდესაც არასამთავრობო სექტორის გამოჩენა იწყება. იმ პერიოდის ხელისუფლებას რასაც არ დავუკარგავ ის არის, რომ მედია თავისუფალი იყო და არასამთავრობო სექტორი გამოიჩეკა. შიგნით მიმდინარე პროცესები ყოველთვის რაღაცის ადეკვატურია, მიკრო და მაკრო სამყარო ერთმანეთის იდენტურია და ერთი და იგივე პროცესები მიდის. როდესაც ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობაზე ლაპარაკი დავიწყეთ, იმწუთშივე ინტერესი გამიჩნდა, რა ხდება გარეთ. მიწვევაც კი მივიღე რუსეთიდან. რასაკვირველია, არ წავედი, რადგან რუსეთი ბოლომდე დარჩება ჩემთვის ოკუპანტად. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, აქედან უნდა წავსულიყავი. ძალიან საინტერესო იყო, როგორ განახორციელა თვითმმართველობა აღმოსავლეთ ევროპამ, სკანდინავიამ, დასავლეთ ევროპამ, რა პერსპექტივები აქვს აღმოსავლეთს და ისეთ სასწაულ ქვეყანას ამ კუთხით, როგორიც არის აშშ. ჩვენი დეპუტაციის უმრავლესობამ ეს ქვეყნები კარგი მიზნით მოიარა, რომ გამოცდილება მიეღო. ჩემი გადმოსახედიდან გავიხსენებ და ვიტყვი: პირველი წელი არ არის დამთავრებული, არასამთავრობო სექტორმა ჩვენთან შეხვედრა მოაწყო და მაშინ გაჟღერდა მათი მხრიდან, რომ გამოკითხვა ვაწარმოეთ და საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 25%-მა იცის, რა არის თვითმმართველობა, ეს ჩვენი სუსტი მხარეაო. გამოვედი და ვთქვი: მადლობა თვითმმართველობის ყველა წარმომადგენელს, რომ ერთ წელიწადში მთელ ქვეყანას გააგებინეს, რა არის თვითმმართველობა. ვფიქრობ, ძალიან გაზვიადებული ციფრი გიწერიათ-მეთქი. თვითმმართველობა ყურით კი არ უნდა გაიგონო, ტვინით და სხეულით უნდა იგრძნო, თვითმმართველი უნდა გახდე. ეს თუ გინდათ ნაკლად ჩაგვითვალოთ, დიდი ბოდიში, მაგრამ პლუსად ჩავიწერდი-მეთქი. ახლა მინდა, ამ კვლევის ავტორს ვუთხრა: 18 წელიწადი გავიდა მას შემდეგ და რამდენმა იცის, რა არის თვითმმართველობა?! არ იციან! თვითმმართველი ორგანო ვიღაცის ნების აღმსრულებელი გახდა. 2002 წლის არჩევნებზე თვითმმართველობამ ძალიან იზარალა, ამას გულის ტკენით ვამბობ და არა ნიშნისმოგებით. არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა და ნოტარიული ფუნქცია თვითმმართველმა ორგანომ შეითავსა. კანონი მაძლევდა საშუალებას, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, ერთპიროვნულად შემედგინა დღის წესრიგი და მომეხდინა საკითხთა ლობირება, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი წავედი. როგორც კი ზნეობრივი ფაქტორი შემოგაქვს, პოლიტიკურ ველზე დემაგოგიური ოპონირება იწყება. მორალის, ზნეობისა და ეთიკის გარეშე არც ერთი შენი გატანილი საკითხი არაფრის მაქნისია, პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ თითქოს რეფორმები დაიწყო და ისიც ადამიანების მექანიკურად ჩაჩოჩების, ციხეში გამოკეტვისა და მათი ღირსების შელახვის ხარჯზე, რა აზრი აქვს?! შენი კომპეტენციიდან გამომდინარე მონიჭებული უფლებით ბევრი საკითხი შეიძლება ისე ძლიერ განავითარო, ჰიპერტროფია გამოიწვიოს და საკონსტიტუციო სივრცეში მოითხოვოს გადახედვა. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი არსებობს, სადაც უნდა მიხვიდე და უთხრა, აი, ეს არ მყოფნის, არტახები მიჭერს, მოუშვით და თვითმმართველობას მეტი უფლება მიეცით. თვითმმართველობის დამკვიდრების კლასიკური ფორმა ეს არის, _ დეცენტრალიზაცია, დელეგირება, დეკონცენტრაცია. ხაზს ვუსვამ: დეცენტრალიზაციის გარეშე არაფერი გამოვა. დღეს არტახები ცოტა მოშვებულია დელეგირებისა და დეკონცენტრაციის მხარეს. დელეგირება ნიშნავს, რომ ვირტუალურ უფლებას გაძლევ, მაგრამ ამას ჩემი პიროვნება ადგილზე განახორციელებს. თუ თვითმმართველობაზე გავაკეთებთ აქცენტს, საქართველოს იდეალურ მოწყობაზე გავალთ, ანუ კონსტიტუციური ცვლილება თუ ვინმეს უნდა, ორდონიან პარლამენტს თავისი ხიბლი აქვს, რეგიონულ-ეთნოგრაფიულ მოწყობას _ თავისი, სეპარირების გარეშე. იქ ცენტრალური ხელისუფლებისთვის მინიჭებული ფუნქციები მკაცრად გამიჯნულია. აშშ-დან შეიძლება წამოიღო, ძალიან საინტერესო ხიბლი აქვს საგარეო ვაჭრობის თემატიკას, ნოვაციებს... გლეხი რატომ უნდა მეკითხებოდეს თბილისში, თავისი ხორბალი სად წაიღოს? მაგრამ მან თუ ისეთი პატენტი გამოიგონა, რომელიც იარაღს ეხება, წამალს და სხვა, ეს პატენტი უნდა მოხვდეს სახელმწიფოს ხელში და ამაში დიდი მოგება უნდა ნახოს, მაგრამ სახელმწიფო დაცვის მექანიზმებით. ის გამდიდრდება, მაგრამ მასთან ერთად სახელმწიფოც ისარგებლებს. ჩვენ დღეს ეს თვითმმართველობა, სამწუხაროდ, არ გვესმის. _ იქნებ, პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ თვითმმართველობა განვითარდეს? _ მართლაც პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ომის დაწყებას არაფერი უნდა, ომიდან გამოსვლაა რთული. ჩვენ თუ რამეს ვგეგმავთ, ხვალისთვის არ ვგეგმავთ. პოლიტიკოსი გაიგივებული მყავს ექიმებთან, ჩემებურად. ექიმები, მწერლები, კომპოზიტორები, ხელოვანი ხალხი სულ დონორები არიან, სხვებისგან განსხვავებით. პოლიტიკოსები ენერგიას გაცლიან, მას სულ შთანთქავენ. ამას არ აკვირდებიან, პოლიტიკოსის რატომ უნდა ეშინოდეს ვინმეს? შეიძლება, მან შენზე ცუდი ამბავი გაიგოს, გამოვა და ხმამაღლა იტყვის, გაგკილავს. ეს უპირატესობა აქვს, მიკროფონი უკავია. პოლიტიკაში რომ ხარ, სხვა უნდა ლანძღო. გავლის ორი გზაა, ერთი მუჯლუგუნებით, ფეხის დადებით და ა. შ. მეორე გზაა, როცა გეტყვიან, მობრძანდითო. ასეთი ადამიანის პოლიტიკაში მიშვება არ აწყობთ, რადგან ისინი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით არიან აღჭურვულნი. ეს მხოლოდ საქართველოში არ არის, მსოფლიოში არავის აწყობს. თვითმმართველობა იგებს ხვალინდელ დღეს, თვითმმართველობა არის ხიბლი, თვითმმართველი ორგანო არის უშუალოდ ყველაფრის მოწმე. _ ზემოთ აღნიშნეთ, რომ უმრავლესობა არ არის კარგი. ახლახან პარლამენტში არჩევნების შედეგად უმრავლესობა მივიღეთ ერთი პარტიის სახით. მათ უკვე დაიწყეს საუბარი, რომ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ. დღევანდელი პოლიტიკური რეალობა შევაფასოთ, რას ელით მომავალში ამ უმრავლესობისგან? _ ყველას ვულოცავ გამარჯვებას. ძალიან დიდი გამოწვევაა! ჩვენ ვერიდებით საკუთარი თავის, ანუ რეალობის შეფასებას, ჩვენ თვითონ არ ვართ კარგად _ საქართველო, გათითოკაცებულები ვართ, ისე კი არა, რომ ნდობის ფაქტორია შელახული, ყველა ამბობს, რომ ის არის უკეთესი და პირველი, ეს სჭირს ყველას, მაგრამ ჩვენ მომეტებულად. ახალ პარლამენტში ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეულ ნაწილთან მქონია ურთიერთობა. მაგალითად, მარიამ ჯაში სადაც არ უნდა იყოს, ყველგან მადლობას ვეტყვი, ძალიან განათლებული, დახვეწილი და თავისი საქმის პროფესიონალია. ამიტომ, თუ ის მოხვდა ოჯახში, მე იმ ოჯახის იმედი უნდა მქონდეს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს _ ყველა მდინარე კალაპოტში მიედინება, მაგრამ ჯებირები ყველას ერთნაირი არ აქვს. მდინარის ისტორიული თვისებების შესაბამისად უნდა გააკეთო ჯებირი, თუ ჭკვიანი კაცი ხარ. ყველა სახელმწიფოს თავისი კონსტიტუცია აქვს, როგორც თავისი ჯებირები, ჩვენს ქვეყანას ისტორიული მემკვიდრეობა აქვს. მე, მაგალითად, ერთხელ და სამუდამოდ გავრისკავდი და დავდებდი კონსტიტუციას, ამას ვამბობდი 1992 წელსაც კი, არეულობის პერიოდში. რატომ გვეშინია ამის, რატომ წაგვკრა ვიღაცამ ხელი, როდესაც გვითხრა, 1921 წლის კონსტიტუცია აღადგინეთო?! ჩვენ თვითონ გაგვაკეთებინეს ის საქმე, სადაც აფხაზეთი არ მოიხსენიება იმ კონსტიტუციაში. დადინჯდი და ახლა დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, _ როგორ ვხედავთ ჩვენი შვილიშვილებისთვის საქართველოს კონსტიტუციას. დღეს ჩვენს კონსტიტუციაში სახელი და გვარი არ გვიწერია. კი, საქართველო ვართ, მაგრამ ვინ ვართ? _ უნიტარული ქვეყანა ვართ, ფედერალური მოწყობის ქვეყანა ვართ, ასიმეტრიული მოწყობის ვართ, რეგიონული მოწყობის ქვეყანა ვართ, რეგიონულ-ეთნოგრაფიული ქვეყანა ვართ, კონფედერაცია ვართ თუ ვინ ვართ, არ ვიცით, არ გვიწერია. როდესაც ძლიერი თვითმმართველობა გექნება, ამ კონსტრუქციაზე ლაპარაკი ადვილია. განათლებაა საჭირო! ხმაური ავკრძალოთო რომ ამბობენ, რაც განათლებულია ერი და კულტურული, ნაკლებია ხმაური. რაც გაუნათლებელი და უკულტუროა, მით მეტია ხმაური! დამთავრდა! თუ კაცს ამას ასწავლი, იმას აღარ უნდა მეტი ჩიჩინი, ნორმატიული აქტიც ადვილად შესათვისებელია, რადგან განათლებულ ადამიანთან გაქვს საქმე, არგუმენტებით უნდა ელაპარაკო. განათლებაა მთავარი, აქ უნდა იდებოდეს ბევრი ფული, განათლებულ ადამიანს იმდენი კარგი აზრი ებადება, რომლის რეალიზების პირობებში კაპიტალს მიიღებ; განათლებულ ადმიანთან ერთად ბრძოლაში მოსაგებად მიდიხარ. ეს ყველაფერი, რაზედაც ვისაუბრე, დღეს ჩემთვის გამოწვევათა რიგში დგას და ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ისინი საქმეს გააკეთებენ. _ ბოლო პერიოდში თქვენ კიდევ გამოჩნდით პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის პარტიიდან... _ უფრო სწორად, პოლიტიკურ ველში დაბრუნების მცდელობა მქონდა. ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, მდინარეში ორჯერ არ შედიანო. ვუპასუხე, _ არ არის სწორი შეფასება, მე ვიყავი პატარა რუში და მდინარე სხვა რამეა-მეთქი. თვითმმართველობა მაინც პატარაა, სხვადასხვა დონეებია, ქვეყანას ამხელა გამოწვევები აქვს... ალალად გეტყვით სიმართლეს, არ დავმალავ, ძალიან მინდოდა, რომ პარლამენტში ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ის ტრიბუნა საშუალებას მომცემდა, იქიდან მელაპარაკა ადამიანებთან. დარწმუნებული ვარ, ცუდს არაფერს ვიტყოდი. მეორეც არის, ანგარებიანი ურთიერთობა და ძალაუფლების სიყვარული არ მახასიათებს, დარწმუნებული ვარ, ბევრსაც გაეხარდებოდა ჩემი იქ დანახვა, მაგრამ ასეთი არჩევანია და ამის წინააღმდეგი ვერ წავალ. ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, აღარ იქნება პოლიტიკაში მოსვლის დრო. ასე რომ, ამით დავამთავრე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა.  

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება