QronikaPlus
გამომგონებელი და დაუპატენტებელი აღმოჩენა

გამომგონებელი და დაუპატენტებელი აღმოჩენა

2016-11-17 06:05:40

გურულია და 14:00 საათზე დაბარებული, თითქმის, 1 საათით ადრე მოვიდა. წვერს ატარებს, სახეზე აქი-იქ ჭორფლი აყრია და თავის „ქმნილებაზე“ ისეთი ენთუზიაზმით ყვება, რომ მაშინვე შეატყობთ, _ ის შეყვარებულია ხელობაზე. უკვე მესამე კურსის სტუდენტი სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს, გურიიდან სასწავლებლად ჩამოვიდა, ახლა ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობს. იგი არც „ქრონიკა+“-ის მკითხველისა და არც გამომგონებლების ყურადღებას არ მიიპყრობდა, რომ არა ის მშვილდი, რომელმაც საქართველოში პირველი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-2 ადგილი მოუტანა. ან... ვინ იცის, იქნებ, მსოფლიოში პირველ ადგილზე რომ გასულიყო, საქართველოს სახელი იქ გაეტანა, სადაც ყველაზე საჭიროა ახლა ეს. მოკლედ, გაიცანით და მიიღეთ, _ ეს ბაჩუკი ჩხარტიშვილია, გამომგონებელი საქართველოდან. „როდესაც პირველად ფილმი „რემბო 2“ ვნახე, პატარა ვიყავი. მახსოვს, „კორფუჯის“ პატარა, შავ-თეთრი ტელევიზორი იყო. რემბოს იარაღი მომეწონა, ვიფიქრე, რაღაც კარგია-მეთქი, პირველი ნახაზები მაშინ შევადგინე, საშინელი იყო, ახლა აღარ მაქვს ისინი“, _ ამბობს ბაჩუკი. ეს სწორედ ის ინსპირაციაა, რომელმაც გამომგონებელი სამართალმცოდნე გამორჩეული გახადა. საქართველოში არსებობს ლეონარდო და ვინჩის ნორჩ მეცნიერთა გამოგონებათა კონკურსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს ჟიურისა და საზოგადოების წინაშე წარადგენენ. ამ კონკურსში გამარჯვება კი უკვე იმის ნიშანია, რომ განსხვავებულად აზროვნებ და ქმნი იმას, რაც ახალია, ან აუმჯობესებ უკვე არსებულს. ბაჩუკიმ მშვილდი გააუმჯობესა, დახვეწა, უფრო მოსახერხებელი და მძლავრი გახადა იგი: „მაინტერესებს ახალი გამოგონებები და არსებულის გაუმჯობესება, ასევე ბავშვობიდან მაინტერესებდა იარაღი, მაგრამ მშვილდი განსაკუთრებით, რადგან ეს იარაღი შენზეა დამოკიდებული, სამიზნეზე, თვალის სისწორეზე, მოხერხებულობაზე. ვნახე, რომ აშშ-ში საკმაოდ დახვეწილი იყო მოწყობილობა და შესაბამისადაც იქმნებოდა, მაგრამ მექანიზმი ყველაგან ერთი იყო, ჩემი კი უკვე არსებულის გაუმჯობესებაა _ მექანიზმი შევცვალე: ჩვეულებრივ მშვილდზე სამი ლარია გაბმული, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობს. გაქნევა, დარტყმის ძალა და უკუგაქნევა ისარს საშუალებას აძლევს, რომ უფრო შორს გაფრინდეს, ანუ ჩემი ჩვეულებრივი მოდელია, თუმცა სიძლიერის მექანიზმი შევცვალე. შემდეგ ლეონარდო და ვინჩის ნორჩ მეცნიერთა გამოგონებათა კონკურსზე გავიტანე 3 წლის წინათ, 2013 წელს. თავიდან ყველა დამცინოდა, _ რა მშვილდი, რის მშვილდი, დაანებე თავი, რა დროს შენი მშვილდია, რამე უფრო სერიოზულს მოჰკიდე ხელიო... მაგრამ რაც იყო ჩემი ინტერესის სფერო, იმას ვერ ვცილდებოდი, ანუ თვეობით ვაკეთებდი, რომ მექანიზმი შემეცვალა და რაღაც განსხვავებული წამეღო. გინდ დაიჯერეთ, გინდა _ არა, მაგრამ იგი დამესიზმრა. საათობით ვმუშაობდი, ვაკეთებდი და არ გამოდიოდა, ანუ მარტივი რაღაც აკლდა, თუმცა ბევრი ცდა დამჭირდა. ერთ კვირაში მოწვევა მოვიდა. მასწავლებლებმა მითხრეს, _ გადი, შენი რა მიდისო და წავედი. საქართველოში პირველ ადგილზე გავედი ტექნიკური გამოგონების მხრივ. შემდეგ უკვე 36 ქვეყანა მონაწილეობდა კონკურსში, იქ მეორე ადგილი დავიკავე. სიმართლე გითხრათ, იქ ვერ მივხვდი, როგორ გამოავლინეს პირველი ადგილის მფლობელი, ვფიქრობ, რომ მნახველებით, მაგრამ ტექნიკურის მხრივ მნახველები მე უფრო მეტი მყავდა, თუმცა არ ვიცი... შემოთავაზებაც იყო გაყიდვაზე, მაგრამ პირველი „შვილი“ გახლდათ და ვერ შეველიე. $600 შემომთავაზეს, არ მივეცი და ახლაც სახლში მაქვს, ვხვეწ, ვაუმჯობესებ. ჩემი გამოგონება სხვა მსგავსი მშვილდისგან იმითაა გამორჩეული, რომ მეტად მძლავრია და 160 მეტრზე ისვრის ისარს. სიგრძე გრამების მიხედვითაა, რა თქმა უნდა. მაგალითად, ხუთგრამიანი ნივთი მაგ სიგრძეზე მიაქვს. საქპატენტის დირექტორმა მშვილდი ნახა და თავისი სავიზიტო ბარათი მომცა. შემრცხვა დარეკვა, თორემ დამიპატენტებდა გამოგონებას და ჩემს სახელზე მექნებოდა, ახლა არ მაქვს და ვინმემ რომ იგივე გააკეთოს, ვერაფერს ვეტყვი“, _ იხსენებს ბაჩუკი კონკურსის დეტალებს.   _ კონკურსი ობიექტური იყო? _ საერთოდ, რამდენად ობიექტურად გამოვლინდა პირველი ადგილი, არ ვიცი, მაგრამ გამოცდილება ძალიან კარგი იყო. დარწმუნებული ვარ, ჩემი სკოლიდან აღარავის აინტერესებს მსგავსი რამ. რეკომენდაციაზე მირეკავენ ხოლმე კონკურსიდან, _ თუკი გყავს ვინმე ისეთი, რომელიც რაღაცებს იგონებს ხოლმე, გამოუშვი სკოლიდანო, იქ კი აღარავინაა მსგავსი. ახლა რომ გავიდე ამ კონკურსზე, დარწმუნებული ვარ, ისევ პირველ ადგილს ავიღებ. უკვე ვიცი, როგორ მუშაობს სისტემა, მაგრამ იგი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვისაა და მე აღარ ვარ სკოლის მოსწავლე. ერთადერთი, სადაც ახლა შემიძლია გავიდე, არის საქართველოს შეიარაღებული ძალების იარაღის მწარმოებლებთან („დელტა“). რამდენიმე ჩანახაზი მაქვს მსგავსი სისტემისთვის, „რკინის ხელი“ დავარქვი და როცა პირისპირ იბრძვი, მაშინ შეგიძლია გამოიყენო. ასევე, შეგიძლია კედელიც კი  გამოანგრიო, ისეთი სიძლიერისაა. ამის ჩანახაზებიც მაქვს, მაგრამ მასზე მუშაობა დროზეა დამოკიდებული, რასაც სწავლის გამო ვერ ვახერხებ. იარაღი სჭირდება _ მეტალი უნდა გაიხერხოს, შედუღდეს, აეწყოს. არ მაქვს ამის ხელსაწყოები. როცა მექნება, აუცილებლად გავაკეთებ. _ რა პრიზები იყო კონკურსისთვის? _ კონკურსში ფულადი პრემია არ იყო, პირველი ადგილისთვის მხოლოდ პრიზი დააწესეს. სავარაუდოდ, ამერიკაში წავიდოდი, „ბოუთეჩის“ მშვილდების მწარმოებელ კომპანაში, კონტრაქტი გაფორმდებოდა და თუ მოეწონებოდათ, ძალიან კარგი შედეგები იქნებოდა. სკოლაში მე-11 კლასშიც მომივიდა მიწვევა. იმ დროს არ მაინტერესებდა, ეს მექანიზმი არ მქონდა აწყობილი, თორემ მაშინ რომ წავსულიყავი, ახლა სხვაგან შევხვდებოდით. მეცოდინებოდა, სისტემა როგორ მუშაობს და როგორ გამემარჯვა, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ იმ შედეგით და გამოცდილებით, რაც მივიღე _ შევქმენი იარაღი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. _ ახლა რას აკეთებ შენი გამოგონებით? _ ვნადირობ, ვთევზაობ. იარაღის აღწერაშიც მიწერია: შეგიძლია ინადირო, ითევზაო, 3D თამაში ითამაშო, ტყეში იარო და ისროლო. კიდევ, „Aირსოფტ“-ის მსგავსად, რომელთაც ბაზები აქვთ შექმნილი, მსურველები მიდიან, ფულს იხდიან, ნადირობენ, ერთობიან. შეიძლება, ასეთი რამე მშვილდით გაკეთდეს. მაგალითად, იღებ რაღაც ტერიტორიას, დადგამ ფიტულებს, ნადირობის იმიტირებას გააკეთბ და გაერთობი, მაგრამ გარემოს დაცვის სამსახურმა მითხრა, ამ იარაღით ნადირობას ისწავლიან და მერე აკრძალულ ზონებში დაიწყებენ ნადირობასო. იმდენს ვერ ფიქრობენ, რომ მაინც ნადირობენ, ოღონდ ცეცხლსასროლით და ისევ ისინი, რომელთაც მაღალი წოდება აქვთ. მე კი ვფიქრობ, რომ იმუშავებს. მილიონიდან ასი ათას ადამიანს მაინც ხომ დააინტერესებს, ასიდან ათს მაინც. _ შენი გამოგონების რეალური უპირატესობა რა არის? _ რეალური უპირატესობა არის სწორედ 3D თამაშების შექმნა, ანუ მე თუ ამ 3D თამაშს წამოვიწყებ და რაღაც ტერიტორიას ვიქირავებ, ან სხვა იქირავებს და იდეის დონეზე დამეკითხება, როგორ უნდა ამუშაოს, ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს. ამით შიძლება ფულის შოვნა და ამ იარაღის წარმოებაში გაშვებაც. მართალია, ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ესეც იმუშავებს, მარტო საქართველოშია ეს იარაღი აკრძალული, სხვაგან ყველგან დაშვებულია, არის ჩუმი და ჭეშმარიტი მონადირისთვის ძალიან საინტერესო, რადგან ერთი შანსი გაქვს, ერთ ისარზე ხარ დამოკიდებული. ამ მშვილდს უფრო წინ, უფრო შორს მიაქვს. როგორ უნდა გააუმჯობესო და დავხვეწო, ისიც ვიცი. _ რა პრობლემაა ამ სფეროში? _ პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არ არსებობს იარაღი, რომელიც აქ კარგად გაიყიდება, თუმცა რომ შემოიტან, დაგაჯარიმებენ, რადგან მისი ტარება არ შეიძლება. მშვილდსა და არბალეტზე ვამბობ. რომ გინახონ, მაგით ნადირობ ან გადაგაქვს, პრობლემები შეგექმნება. ერთხელ გადამქონდა და მინახეს, კიდევ კარგი, იმ კონკურსის საბუთები მედო და გამოვძვერი, თორემ გადატანა, ტარება, კუსტარულად დამზადება დიდ პრობლემებს შემიქმნიდა. თავისი ჩასადები აქვს, მაგრამ ძვირია და ვერ ვიყიდე, ხელით გადამქონდა, _ ვინმე ხომ არ უნდა მოკლაო?! _ მკითხეს. _ რა თქმა უნდა, არა-მეთქი. კარგი იქნება, ისეთ კანონს თუ მიიღებენ, რომ არა მარტო შენახვა, არამედ მისით ნადირობაც შეგეძლოს. _ თუ ტექნიკა ასე ძალიან გიზიდავს, იურიდიულზე რატომ ჩააბარე? _ შემიძლია, რომ შესაბამისი წლის შემდეგ იარაღის სამუდამოდ ტარების უფლება მქონდეს. მეორეც, არ მიყვარს უსამართლობა. შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მართლა ასეა. ბავშვობიდან სამხედრო პირი მსურდა გავმხდარიყავი, მაგრამ მამაჩემს არ უნდოდა. ან პოლიციელობა მქონდა ალტერნატივა, ან _ სამართალი, მაგრამ თუ ტვინი გადამიბრუნდა, მაინც შეიძლება, სამხედრო სფეროში წავიდე. _ სად ხედავ საკუთარ თავს? _ საშუალება რომ მქონდეს, აქ _ ტექნიკაში, რაღაც ჩანაფიქრები კიდევ მაქვს. სამართალს რაც შეეხება, ზოგადად კი იქნები სამართალდამცველი, მაგრამ წლები გჭირდება, რომ სერიოზული და ნორმალური ხარისხი მიიღო, საკუთარი შემოსავალი გქონდეს. ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რა იმუშავებს უკეთ და რით შეიძლება, ფული ვიშოვო. _ თავისუფალ დროს რას აკეთებ? _ თავისუფალ დროს ვხატავ, ყველაზე მეტად ხეზე მუშაობა მომწონს, გოგონების ხატვა მიყვარს, ბიჭებს ვერ ვხატავ. აქ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს და გურიაში სულ ვცდილობ, რაღაც შევქმნა, რამე იარაღი, ან ელემენტარულად მარტივი სკამი, არა ისე, როგროც სხვები აკეთებენ, არამედ რაღაც განსხვავებულით. ასევე, მუსიკებს ვუსმენ, ჟანრს არ აქვს მნიშვნელობა, ხასიათს გააჩნია. ცუდ ხასიათზე უნდა ვიყო, რომ ნახატი კარგი გამომივიდეს.  მერე მეგობრებს ვჩუქნი ხოლმე. ვინც მთხოვს, იმათ ვერ ვხატავ, გვიან მინდება მათი დახატვა. ვინც არ მეუბნება, _ პირიქით. სხვებთან ერთად რომ მეუბნება ერთი, დამხატეო და მეორე დაიმორცხვებს, იმ მეორეს ვხატავ ხოლმე პირველად. _ ვინ გენატრება? _ ვინც მენატრება, ყველა გვერდით მყავს. დღევანდელი რეალობით ბიძა მენატრება, რომელიც ახლახან დავკარგე. _ საქართველო რომ არა, სად დაიბადებოდი? _ ისევ საქართველოში დავიბადებოდი. არ წავალ საცხოვრებლად არსად, სასწავლებლად კი... მაგაზე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. _ რა გაგიკეთებია ყველაზე ღირებული? _ ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ რომ წავიკითხე, მაშინ მე-11 კლასში ვიყავი და მას მერე ჩამრჩა: შენი კვალი ყველგან უნდა დატოვოო და ყველაზე მეტად მიხარია, რომ ის პლაკატი, რაც გამომგონებელთა კონკურსზე მქონდა, სკოლაში დავტოვე, სოფლის მიღწევაში ყველაზე დიდი წვლილი ეგ მგონია, დავტოვე ჩემი სახელი, სერტიფიკატი და ეს გამოგონება. ეს პირველი იყო და იმედი მაქვს, რომ კიდევ იქნება, მაგრამ მაინც დავტოვე კვალი მანდ. მირჩევნია ხოლმე, სადაც მივალ, იქ კვალი დავტოვო. _ მესაიდუმლედ თუ გყავს ვინმე? _ არა, მხოლოდ საკუთარი თავი მყავს, „პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია“ (ამბობს წმინდა სამართალმცოდნის სიტყვებით). _ რა გინანია? _ ლექციებს ვსწავლობ და არ ვყვები ხოლმე. ხანდახან არ ვყვები, ვისმენ, არადა, ვიცი. ისე, ცხვორებაში ერთადერთხელ ვეჩხუბე გოგოს და ვნანობ, კედელს დავარტყი მუშტი (ბეჭედს მიჩვენებს, რომელიც გაღუნულია და თითზე უკეთია), არ ვასწორებ, რომ მახსოვდეს და იგივე შეცდომა აღარ დავუშვა. მინიშნებები დავიტოვე: იგივე რომ არ გავიმეორო, მარცხენა ხელის  საჩვენებელი თითი 26-ჯერ გავიჭერი, არასდროს ვცდილობ, რომ ჭრილობა დავფარო. და საერთოდ, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ოდესმე ყველაზე დიდ სისულელეს, რაც შეიძლება გავაკეთო და მაგას ვნანობ, რომ ბავშვობაში ცელქი არ ვიყავი. ოდესმე გავაკეთებ ისეთ რამეს, ყველას რომ გაუკვირდება, _ ეს როგორ გააკეთაო! _ ვინ არის ბაჩუკი ჩხარტიშვილი? _ ინდივიდი, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს ქვეყნად ყველასა და ყველაფერზე, ყველა მოქმედებაში. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სტერეოტიპულია _ მარჯვენა ხელით უნდა წერო, შეკითხვები თანმიმდევრობით უნდა დასვა, დანა-ჩანგალი მარჯვენა-მარცხენა მხარეს უნდა გაანაწილოდა და ა. შ. როცა ამას შეცვლი, შეგიძლია, რომ შეცვალო სამყაროში რაღაც. ეს ამბიციურობაა, მაგრამ მჯერა. _ შენს იდეებს სადმე თუ იწერ? _ ამ ბოლო ხანებში სიტყვებს დავაკვირდი, როგორაა დალაგებული, მაგალითად, ციფრებს: ოთხმოცი _ ოთხი ოცი. ასს რატომ არ შეიძლება, ერქვას ხუთმოცი? ვიღაცას ეს რომ ვუთხრა, დამცინებს, თუმცა რომ დაფიქრდება, მართლაც ეგრეა (ბაჩუკის სხარტ გონებას დასაცინი არაფერი სჭირს, მან ზუსტად დასვა შეკითხვა და ჩვენ მის ცნობისმოყვარეობას ვაკმაყოფილებთ: სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში მართლაც არის მითითებული ას-ზე _ (4,4 ეზეკ.) ათჯერ ათი, ხუთმეოცი, _ რედ.). განსხვავებული შეხედულებები მაქვს რაღაცებზე, მაგრამ ისე არ ვშვრები, მართლა სისულელეებში რომ გადავიდეს. ერთხელ ლექტორს ვკითხე, _ შვიდს აკლია რვის ნახევარი რომელი საათია-მეთქი? ვერ მიპასუხა, არადა, ძალიან მარტივია: 8/2=4-ს, ანუ 7-ს აკლია 4 წუთი. უბრალოდ, სხვანაირად გესმის. დაფიქრება სჭირდება ხოლმე. ასეთ რამეებს ადრე არ ვიწერდი და ახლა დავიწყე, მობილურში ვინახავ ხოლმე და მერე ქაღალდზე გადამაქვს. ჩემი გამოთქმებიც მაქვს, მაგალითად: „საუბრობდე სამართალზე და არ გესმოდეს მისი არსი, იგივეა, ლოცულობდე და არ გესმოდეს, რას სთხოვ ღმერთს“. მაგალითად, როცა იცი, როგორ უნდა თქვა 135-ე მუხლი და შეგიძლია სიტყვა სიტყვით ჩამოაყალიბო, თუმცა შინაარსი არ იცი, იგივეა, ითხოვდე რაიმეს და არ იცოდე, _ რას. ზოგადად, ცხოვრებაში საკუთარი პრინციპები მაქვს, რომელსაც არ გადავალ და თუ გადავალ, მე მე აღარ ვიქნები. ერთადერთი და მთავარი პრინციპია, რომ არ ვუღალატებ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის. დანარჩენი შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. _ რას გაძლევს ყოველი ახალი დღე? _ ყოველი გათენებული დღე მაძლევს იმედს, რომ ხვალინდელი კიდევ გათენდება. ვამბობ: მადლობა, ღმერთო, რომ დღევანდელი დღე გამითენე და იყოს უკეთესი დღევანდელი გუშინდელზე. _ საქართველოს მომავალი როგორ წამოგიდგენია? ამ კითხვაზე ბევრი იფიქრა, მძიმე თემააო და არ გიპასუხებო, მაგრამ მერე მაინც განმარტა: _ სახელმწიფოს ინტერესებს უნდა დავამთხვიოთ ჩვენი და აქ ასე არ ხდება: ზოგადად, როცა სახელმწიფომ/მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა გადაწყვიტოს ის, რაც ხალხის ინტერესს გაითვალისწინებს და არა პირიქით, სახელმწიფო ხალხს უნდა ემსახურებოდეს და თუ ეს ასეა, უკუკავშირიც შესაბამისი იქნება. _ შენი მომავალი როგორი იქნება? _ ვფიქრობ, რომ როცა ასაკში შევალ და თუ შევალ, აუცილებლად მოვკიდებ ხელს ამ საქმეს, სულ რომ მხოლოდ სკამებისა და ბარების კეთება მიწევდეს, მაინც! იმიტომ, რომ მინტერესებს. ყველანაირად ვისვენებ ამ დროს, არ ვიღლები, როცა ხეზე ვმუშაობ. თუმცა მიყვარს ჩემი გაკეთებული ნივთების გატეხვაც. სხვამ რომ ეგ ქნას, არ ვაპატიებ. გამიტეხავს, როცა გაბრაზებული ვარ გააზრებულად. როცა არ გამოდის, რა აზრი აქვს გაგრძელებას. ახლა არბალეტზე ვმუშაობ. ბოლოს რაც გავაკეთე სახლში, ბარი იყო და ძალიან მომწონს, მერე ლაკი გადავუსვი ბუნებრივ ფერებში და განათებებს თუ შეუსაბამებ, უკეთესია. მასალა კი ტყიდან მომაქვს, ერთი ნაჯახი მაქვს, ერთი შალაშინი, ერთი დანა და ვამუშავებ, დრო მჭირდება, მაგრამ მაინც. რესურსები რომ მქონდეს, ბიზნესს დავიწყებდი.   იდეა აქვს, არ ეზარება, ენთუზიაზმით სავსეა, ახალგაზრდაა, უყვარს და გააკეთებს. ბიზნესსაც წამოიწყებდა... ეს კი ადგილობრივი მცირე ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მაგალითი იქნებოდა. დამფინანსებელი არ გამოჩნდა. საქართველოში იდეებით დატვირთული ახალგაზრდა კადრები მეცენატების გარეშე დაიარებიან და იდეების გენერირებას მხოლოდ ქაღალდზე ახერხებენ. ბაჩოც ასეა, ის გურიაში წავა, თავის მშვილდით ინადირებს, ახალ პროექტს დაიწყებს და არბალეტის მექანიზმს განავითარებს. იმედია, გამოუჩნდება დამფინანსებელი, ვინც მის პოტენციალს ჯეროვნად შაფასებს.  

                                                                                                         ნინო ტაბაღუა

   

გაზიარება