QronikaPlus
ნათია შარაშენიძე: ,,რეპრესირებული თალკვაძე არ მახსოვს და ,,ნაციონალებთან” დაახლოებული კი!”

ნათია შარაშენიძე: ,,რეპრესირებული თალკვაძე არ მახსოვს და ,,ნაციონალებთან” დაახლოებული კი!”

2016-11-17 06:09:55

ოზურგეთის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ ნათია შარაშენიძე „ქრონიკა+“-ს ოზურგეთში ჩატარებულ არჩევნებზე, გაყალბებებზე, ივანიშვილის ტიტასა და ციტრუსების მონოპოლიაზე ესაუბრა.   ნათია შარაშენიძე: _ არჩევნების მსგავსი გაყალბება, რაც ამჯერად მოხდა, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ოზურგეთშიც ასე იყო. ამ მუნიციპალიტეტიდან, პარლამენტში კენჭს იყრიდა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც პირველსავე ტურში გაიმარჯვა. ის არის ოზურგეთში დაბადებული და გაზრდილი. მისი ერთ-ერთი დამსახურება გახლდათ ის, რომ ის იყო შს მინისტრის მოადგილე. ბიძინა ივანიშვილი ხშირად ლაპარაკობს სისხლიან რეჟიმზე და ამიტომ მაინტერესებს, საზოგადოებას ერთხელ მაინც თუ გაუგონია, არჩილ თალაკვაძის პროტესტი ამის მიმართ? ერთხელ მაინც თუ მდგარა თალაკვაძე ხალხის გვერდით, როდესაც მათ სცემდნენ, იჭერდნენ? 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის კაბინეტში მოკალათებულმა ადამიანმა, შემდეგ ხმამაღლა თუ იტყვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს მსხვერპლი იყო, ამის გამო თანამდებობა უნდა მიიღოს? მე ვიცი, რომ არჩილ თალაკვაძეს `ნაციონალების” მმართველობის დროს არცთუ ისე დაბალი თანამდებობა ეკავა და ის ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო. ასევე, 9 წლის განმავლობაში ის არ მინახავს არც ერთ ფოტოზე, არ მდგარა მიტინგზე და არც სატელევიზიო კომენტარი გაუკეთებია იმ პერიოდის მდგომარების გამო. რეპრესირებული და ნატანჯი ეგ არ ყოფილა და რა კრიტერიუმით შეარჩიეს ეს ადამიანი ჯერ მინისტრის მოადგილედ და დეპუტატობის კანდიდატად, არ მესმის! ასევე, საინტერესოა, როგორ გაიმარჯვა მან პირველ ტურში, როცა ქალაქ ოზურგეთის გარდა მას მუნიციპალიტეტში არავინ იცნობდა, აქტივობა არ ჰქონია და ა. შ.?! ის იყო ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი ყველგან და გაამარჯვებინა კიდეც. _ გინდათ მითხრათ, რომ არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში არჩევნები გაყალბებით მოიგო? _ დიახ, ასე იყო. მას მხოლოდ ქალაქ ოზურგეთში იცნობდნენ, რადგან იქ გაიზარდა. დედა მასწავლებელი ჰყავს და გასაგებია, ოზურგეთლებმა ხმა მისცეს, მაგრამ სოფლებში მას არავინ იცნობდა. რომ არ ყოფილიყო გაყალბება, ის ვერანაირად მოიგებდა არჩევნებს, მით უფრო, პირველსავე ტურში, მაგრამ ისეთი გაყალბება მოხდა, მკვდარი შევარდნაძე რომ ჩაეწერათ ბიულეტენში, ისიც აუცილებლად გაიმარჯვებდა. _ მომიყევით გაყალბების შესახებ რა იცით, ან ფაქტები თუ გაქვთ? _ ეს იყო არნახული გაყალბება. ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე შეჰყავდათ უბნებში, ერთი უბნის გარეთ კი ძალიან ბევრი ბიულეტენი დაფიქსირდა. ფაქტობრივად, არავინ იცის, რამდენი ბიულეტენი დაიბეჭდა არჩევნებისთვის საქართველოში და რატომ აღმოჩნდა უბანს გარეთ ამდენი ბიულეტენი? გარედან შეჰქონდათ შიგნით უკვე შემოხაზული ბიულეტენები. აი, ეს ხდებოდა ოზურგეთშიც და როგორც გავიგე, სხვა მუნიციპალიტეტებშიც, კერძოდ _ კახეთსა და აჭარაში. ბეჭედდარტყმული ოქმები გარედან შედიოდა, სადაც უკვე ციფრებიც ჩაწერილი იყო. ადამიანები ორ-ორჯერ შედიოდნენ ხმის მისაცემად და ამის ფაქტებიც არსებობს. ასევე  დატრიალდა ე. წ. სომხური კარუსელი, ანუ სადაც როგორ სჭირდებოდათ, ისე გააკეთეს. მთელი ადმინისტრაციული რესურსი, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები ჩართული იყვნენ არჩევნებში. „ოცნებამ“ ასევე კარგად გამოიყენა ქუჩის ავტორიტეტები, რომლებიც მამაკაცებს აიძულებდნენ, წასულიყვნენ და 41 შემოეხაზათ. ოზურგეთში საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ეუბნებოდნენ, _ თუ შენი ოჯახის წევრებიც არ მისცემენ ხმას სახელისუფლებო კანდიდატს, არ მოვლენ და თითოეული ცალკე არ მოიყვანს 10 ადამიანს, რომელიც, ასევე, „ოცნებას“ დაუჭერს მხარს, სამსახურიდან გაგათავისუფლებთო. ასე მიჰყავდათ ეს ადამიანები არჩევნებზე ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ. არჩევნებში ჩართეს დიდი ფულიც.  გარკვეული რაოდენობის თანხა დაურიგეს შეჭირვებულ მოსახლეობას. ფულს აძლევდნენ და თან სოციალური დახმარების მოხსნით აშინებდნენ. _ ვინ იქცეოდა ასე, კონკრეტული ადამიანები ცნობილია? _ რა თქმა უნდა, „ოცნების“ კოორდინატორები. მათი უმრავლესობა საჯარო სამსახურშია, ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრია. მათ კი, რა თქმა უნდა, შტაბი ხელმძღვანელობდა. თავად შტაბის ხელმძღვანელი ოზურგეთში გახლდათ თქვენთვის და „ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის კარგად ცნობილი ბეგლარ სიორიძე _ ქალაქ ოზურგეთის მერი, რომელმაც, თავის დროზე, შუალედური თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა ასეთივე დიდი გაყალბებით. ალბათ, ახლაც ამიტომ დანიშნეს შტაბის უფროსად. დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი, რომელიც შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიდა და ხელისუფლების კანდიდატს უპირისპირდებოდა, გაუგონარი გაყალბების გამო დამარცხდა და ამის შემოქმედი მაშინაც ბეგლარ სიორიძე იყო. _ თავად ბეგლარ სიორიძე ავალებდა არჩევნების გაყალბებას? ამის თქმა გინდათ? _ ჩემი ინფორმაციით, როცა არჩილ თალაკვაძე კანდიდატად დასახელდა, მან ბეგლარ სიორიძეს უთხრა, რომ ისე უნდა მოეწყო ყველაფერი, მეორე ტური არ დასჭირვებოდა. სიორიძემ პირნათლად შეასრულა შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ბრძანება. სიორიძემ ამის საფასურად ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო. ასეთი ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა მას წინა პარლამენტის დროსაც, სხვანაირად ის ახლა ციხეში უნდა იჯდეს იმ კორუფციული გარემოს შექმნისთვის, რომელიც ოზურგეთის მერიაშია. მან არაერთი დანაშაული ჩაიდინა, არის კორუმპირებული, არამიზნობრივად ხარჯავს ბიუჯეტის ფულს და ამის დასამტკიცებლად თქვენს გაზეთში არაერთი დოკუმენტი გამოვაქვეყნეთ. წესით და რიგით, ამ საქმეებზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ეს არ მომხდარა. იგი ახლაც აგრძელებს ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას. როგორც ჩანს, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, ბეგლარ სიორიძეც იგივენაირად იმოქმედებს ხელშეუხებლად. ბეგლარ სიორიძეს 2017-ში გასდის ვადა მერის პოსტზე, მაგრამ, ალბათ, მერად კიდევ დატოვებენ და ამის გარანტიაც სწორედ არჩევნების გაყალბებით მოიპოვა. როგორც იცით, მას ბიზნესი აქვს, რომელიც არნახულად გააფართოვა ამ წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, ბიუჯეტის ფულით და სახსრებით კვებავდა მას. ბოროტად იყენებდა თანამდებობას და ა. შ. _ ოზურგეთის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები რომ ხდებიან, ესეც სიორიძეს ხომ არ უნდა დავაბრალოთ? ეს უკვე მეორე შემთხვევაა, „ქათული ოცნება“ ძალიან რომ სწყალობს ოზურგეთის დეპუტატს და უმრავლესობის ლიდერად მას ასახელებს. ჯერ ოზურგეთის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე იყო უმრავლესობის ლიდერი, ახლა თალაკვაძე გახდა და ხომ არ იცით, ამ შემთხვევაში რა ხდება? _ ზვიად კვაჭანტირაძეს ახლაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა ექნება  პარლამენტში, რადგან მას, როგორც ითქვა, დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარადგენენ. ზუსტად ვერ გეტყვით, რა ხდება, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს საკითხიც ბიძინა ივანიშვილიდან მომდინარეობს, რადგან სწორეს მას აქვს ოზურგეთში ინტერესები, აქ ცხოვრობს და ოზურგეთის მაჟორიტარიც, უმრავლესობის ლიდერი,  მისთვის მისაღები და სანდო ადამიანი უნდა იყოს. _ თქვენ წეღან გაყალბებული საარჩევნო ბიულეტენები ახსენეთ? ამის მტკიცებულებები არსებობს? _ როგორც ვიცი, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც, რაღაც პერიოდის მერე, ალბათ, გამომზეურდება კიდევაც. კერძო საუბრებში  მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახეს და იმათი გვარ-სახელებიც იციან, რომელთაც ერთი და იგივე ადამიანები რამდენჯერმე შეჰყავდათ საარჩევნო უბანზე. გადასატანი ყუთებითაც ისარგებლა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან არავინ ოცოდა, ეს ყუთი რამდენ ადამიანთან უნდა მიეტანათ. სიები არ იყო გამოკრული. ყველა საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით ასე მოხდა. წარმოიდგინეთ, რამდენ ხმას გააყალბებდნენ ამ ფორმით. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ სიების გამოუკვრელობა გვიან გაიგო, მაგრამ სანამ ეს ამბავი მასთან მივიდა, ყველა გადასატანი ყუთი, თავისი ბიულეტენებით, უკვე დაბრუნებული იყო. _ ოზურგეთში, არჩევნებზე, ბევრი საჩივარი დაიწერა? _ საჩივრები, ძირითადად, ოპოზიციურმა პარტიებმა დაწერეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა პარლამენტში თანამდებობებზე წარსადგენ დეპუტატთა სიაც, რომელმაც ღიმილიც კი მომგვარა. _ ღიმილი რატომ? _ როდესაც მას გადავხდე, ერთი აზრი დამებადა: ამ სიაში ვიხილე ის მორჩილი უმრავლესობა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ოცნებობდა. სიის ნახევარზე მეტი წინა მოწვევის პარლამენტარებს უკავიათ, მაგრამ ამჯერად მოადგილის პოსტებზე არიან გადაყვანილები. მოსაჩვენებლად წინა პლანზე საზოგადოებისთვის უცნობი სახეები გამოიყვანეს. ამის იდეა ისაა, რომ მათ უკვე გამობრძმედილი მოადგილეები ასწავლიან, როგორ უნდა ბატონის მორჩილება და მისი ინტერესებისთვის ბრძოლა. რაც შეეხება ახალ სახეებს, შეიძლება, ისინი არიან ჭკვიანები, ახალგაზრდები, ენერგიულები, მაგრამ მალე ყველა დაინახავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებენ. საბოლოოდ კი ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაიფორმა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. _ რადგან სიტყვა ივანიშვილზე ჩამოვარდა, მის ტიტაზე უნდა გკითხოთ. რამდენიმე დღის წინ ტიტის ფოტო გამოაქვეყნეთ და რა ხდება ამასთან დაკავშირებით? _ ოზურგეთელებისგან, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ იმ ბაღთან, სადაც ტიტა დარგეს, შევიტყვე, რომ ის ხმებოდა. წავედი და კიდევ ვნახე (ნათია შარაშენიძემ რამდენიმე თვის წინათაც გამოგვიგზავნა ტიტის ხის ფოტოები და გვითხრა, რომ ის ავად იყო და ხმებოდა, _ ავტ.). არ მესიამოვნა, ეს ათასწლოვანი ხე ამ მდგომარეობაში რომ ვნახე. ახლა ისეთი პერიოდია, რომ ხეები შემოძარცვულია, მაგრამ ტიტა ჯანსაღად რომ ვერ გამოიყურება, ესეც ფაქტია. გაზაფხულზე უკეთ გამოჩნდება მისი მდგომარეობა. _ უამრავი ხე ხმება ქვეყანაში. აგერ, ბორჯომში, ნაძვებს უმოწყალოდ ჩეხენ და უნიკალური ტყე-პარკი განადგურებულია. „ქრონიკა+“ ამის შესახებ წერდა, თუმცა ოპოზიციას ხმა არ ამოუღია. ამ ხესთან მიმართებით რატომ არის ყველა ოპოზიციონერი ჩასაფრებულ პოზიციაში? რა დააშავა საწყალმა ტიტამ? _ ტიტამ კი არა, მისმა ამჟამინდელმა პატრონმა დააშავა, როცა ის ამოძირკვა და ზღვით ატარა მხოლოდ იმიტომ, თავად რომ მიეღო სიამოვნება. ეს ხე არის ასწლოვანი, უნიკალური და  დასანანია, რომ ერთი კაცის ახირების გამო შეიძლება, გახმეს. ბორჯომის პარკის ხეები რომ ხმება, ვფიქრობ, ადგილობრივებს ეს ისევე აწუხებს, როგორც ტიტის ბედი გვაწუხებს აჭარლებსა და გურულებს. _ გურიაში ციტრუსის კრეფა დაიწყო. ხალხი კმაყოფილია? შესაბამის თანხას თუ უხდიან მეპატრონეებს? _ მანდარინის კრეფა გურიაში ახლა დაიწყო. შარშან ამბობდნენ, რომ 70 თეთრი უნდა ყოფილიყო ფასი, მაგრამ, საბოლოოდ, მოსახლეობამ 50 თეთრად გაყიდა. ახლა კი გვეუბნებიან, რომ 50 თეთრი უნდა იყოს მანდარინი და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.  მყიდველი ჯერ არ შემოსულა. 1 კილოგრამში 50 თეთრი ძალიან იაფია. ეს მაშინ, როცა დოლარი ზემოთ მოდის. უკვე დაიწყო მოსახლეობაში უკმაყოფილება. ამბობენ, ყველაფერი ძვირდება და მანდარინს ფასი არ აქვსო. აქ მოსახლეობა, ძირითადად, ციტრუსსა და თხილზეა დამოკიდებული, მაგრამ წელს არც თხილს ჰქონდა ფასი. ახლა მანდარინსაც არ ექნება და წინ გველოდება უმძიმესი გაზაფხული. ეს ყველაფერი ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას. _ მანდარინის ფასთან ხელისუფლება რა შუაშია? _ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გასაღების ბაზარი და ციტრუსის ფასი ადეკვატური იყოს იმისა, რასაც მოსახლეობა ხარჯავს მის მოვლა-პატრონობაში. მარტო მკრეფავებს უხდიან დღეში 30 ლარს, ჩამტვირთველებს _ 35 ლარს და 50 თეთრად რომ გაყიდი, გლეხს რაღა დარჩება? თანაც, ეს ბიზნესიც უკვე  მონოპოლიური გახდა, როგორც თხილის ბიზნესი. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა თხილის ფასის კონტროლი დაიწყეს, ანუ რაც მათ აწყობთ, იმ ფასს აკანონებენ. შორს არ წავალ და გეტყვით, რომ თხილის ფასის რეგულირება ქალაქ ოზურგეთის მერის ინტერესებშია და ცხადია, მას აწყობს, რომ ფასი დაბალი იყოს. ამ ფორმით ის უკეთ გამდიდრდება, რადგან სწორედ თხილის ბიზნესი აქვს. ამის გამო მოსახლეობას ტომრებით  თხილი უფუჭდება. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ადგენენ როგორც ციტრუსის, ასევე თხილის ფასს და სხვა რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? თბილისში დოკუმენტებით ჩამოვალ და გაგაცნობთ მათ ახალ „საგმირო საქმეებს“. არჩევნების წინა სასამართლოშიც შევიტანე საჩივარი, რომლითაც 2015-2016 წლების მერიის შიდა და გარე აუდიტის დასკვნების კოპირებას ვითხოვდი. ეს ინფორმაცია საჯაროა. მე საკრებულოს წევრი ვარ და მუშაობისთვის მჭირდება, მაგრამ არ მაძლევენ და სხვას გამოუჩენენ? იძულებული გავხდი, სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ პროცესი, ჯერჯერობით, ჩანიშნულიც არ არის, კიდევ აყოვნებენ ამ დოკუმენტაციის გადმოცემას. ალბათ ფიქრობენ, რომ 2017 წელს თვითმმართველობის ახალი არჩევნები უნდა იყოს და მერე ის აღარაფერში გამომადგება, რაც ასე არ არის. თუმცა სხვა დოკუმენტები მოვიპოვე, რომელიც, ასევე, მათ „დიდ საქმეებზე“ მეტყველებს და მოკლე ხანში სწორედ მას გავაცნობ თქვენს მკითხველს. „ქრონიკა+“ კომენტარისთვის არ დაკავშირებია ბეგლარ სიორიძეს, რადგან ჩვენთვის კარგა ხანია ცნობილია, რომ ბატონი სიორიძე ნათია შარაშენიძის განცხადებებზე შეფასებებს არ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსა და არჩილ თალაკვაძეს შორის კომუნიკაცია შედგა, კითხვებიც გავუგზავნეთ და საქმის არსიც გავაცანით, არც ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა პოზიციის დაფიქსირება და მხოლოდ მოკლედ განგვიმარტა, რომ, უბრალოდ, ეღიმება და მეტი არაფერი!

                                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება