QronikaPlus
ვინ აბრალებს სერვერების წაშლასა და დასავლეთში გაყალბებული ანგარიშების გაგზავნას ყოფილ ომბუდსმენს?

ვინ აბრალებს სერვერების წაშლასა და დასავლეთში გაყალბებული ანგარიშების გაგზავნას ყოფილ ომბუდსმენს?

2016-11-17 05:58:43

ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების მინისტრი, გიორგი ტუღუში, 2016 წლის საპარლამენტო სიის მეექვსე ნომერია.   ვინ არის გიორგი ტუღუში? 1999-2000 წლებში გახლდათ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი. 2000-2002 წლებში ტუღუში USAID -ის ექსპერტია სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 2003 წლის მაისამდე „თავისუფლების ინსტიტუტში“ მედია პროექტების კოორდინატორის ადგილი უკავია. ომბუდსმენის პოსტზე დანიშვნამდე მუშაობდა ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში, რომლის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაზრდა იყო. ასევე გახლდათ ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრი. 2009 წელს აირჩიეს საქართველოს სახალხო დამცველად. 2011 წლის 18 ოქტომბერს გიორგი ტუღუში გახდა საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელიც გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრად აირჩიეს. 2012 წლის 20 სექტემბერს გლდანის ციხის („ცოცხების კადრების“) სკანდალის შემდეგ დაინიშნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად. ამ თანამდებობაზე იყო იმავე წლის 25 ოქტომბრამდე. ტუღუშის ბიოგრაფიის ბოლოდან დავიწყებთ (თავში საინტერესო არც არაფერია, რამიშვილთან ერთად „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტების მედია კოორიდნატორობას თუ არ ჩავთვლით) და ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ 2011 წლის 18 ოქტომბერს გიორგი ტუღუში გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრად აირჩიეს. 2009 წლის 24 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტში  საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი და ყოფილი სახალხო დაცველი, გიორგი ტუღუში, ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს, დანიელა კომაროვას არწმუნებს, რომ „წამება ქართული პენიტენციური დაწესებულებების სისტემური პრობლემა არ არის“. რომ, თურმე, ყოფილი სახალხო დამცველი ციხეში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გადატვირთულობას და ამისგან წარმოშობილ სხვა პრობლემებს მიიჩნევს: „თუმცა, ეს არ არის სისტემური ხასიათის და დაწესებულებების მიხედვით განსხვავდება, პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის საკითხი, თუმცა ხელისუფლება სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობს“. ტუღუშის თქმით, რჩება პრობლემები, რომლებსაც სახელისუფლებო სტრუქტურებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, თუმცა ყოველივე ზემოთქმული იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ „2004 წლის მერე საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ პროგრესი შეინიშნება“. არადა, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა ჩეხებს ერთ-ერთი პატიმრის გადმოცემას სთხოვდა. ამას სოზარ სუბარი ხელს უშლიდა, _ პატიმარს საქართველოში საფრთხე ემუქრებაო. ტუღუშმა კი მისწერა, რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და საქართველოში პატიმრის უფლებები დაცული იქნებოდა. საქმე ის არის, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ქალაქ ბრნოს საოლქო და ქალაქ ოლომოუცის უზენაესი სასამართლოების განაჩენები, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნადირაძე სამშობლოში უნდა ყოფილიყო ექსტრადირებული. ნადირაძე ჩეხეთში დააპატიმრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, როგორც „მკვლელობასა და ხულიგნობაში“ ბრალდებული. როგორც ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მომხსენებელმა ფრანტიშეკ დუხონმა განაცხადა, 1994 წელს თბილისში დაბადების დღეზე ატეხილი ჩხუბისას ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდიდა, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. 1994 წლის შემდეგ ის მეორედ ითხოვდა ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს. საბოლოო ჯამში, ჩეხეთის მხარემ არ გადმოსცა საქართველოს ზურაბ ნადირაძე, მიუხედავად გიორგი ტუღუშის დიდი მცდელობისა. ის კი არა, ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ კითხვაც დასვა, რატომ იყო გიორგი ტუღუში ასე აქტიურად ჩართული არა მარტო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შიდა საქმიანობაში, არამედ საზღვარგარეთიდან ადამიანების მოძებნა-გამოთხოვნაში? არ დაგავიწყდეთ, 2009 წელია და 2011 წელს კი გიორგი ტუღუში გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრი ხდება. ანუ ის თანამდებობის პირი გააწევრიანეს, ვისაც ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმარი არ ანდო. ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფნიძე დღესაც ხელს ადებს  გიორგი ტუღუშს და აცხადებს, რომ მან, მას შემდეგ, რაც მინისტრობა ჩაიბარა, პირველი, რაც გააკეთა, მთელი სერვერები წაშალა, სადაც ასახული უნდა ყოფილიყო ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ლორთქიფანიძე ევროსაბჭოში გიორგი ტუღუშისა და თამარ კინწურაშვილის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ლორთქიფანიძის თქმით, „ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე არ უნდა ალაპარაკო“. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე კითხვების დასმის უფლება აქვთ, მინიმუმ, ისეთი რეპუტაციის მქონე ადამიანებს, რომლებიც არ არიან დაბინძურებული პოლიტიკური წარსულით. სერვერების წაშლის თემას არასერიოზულად უყურებს თავად ტუღუში და დღესაც, 2016 წლის შემოდგომაზე, აცხადებს, რომ „ციხეებში სისტემური წამება და გაუპატიურება არ ყოფილა. თუმცა დანაშაულებები იყო და იყო სისტემური პრობლემები“. ტუღუშის თქმით, კარანტინის დაშლის სკანდალური კადრები რეალურია და ამ მეთოდს ყველა ციხის ადმინისტრაცია მიმართავდა, რათა ახალი პატიმრებისთვის ეჩვენებინათ „ვინ იყო უფროსი“. ტუღუშის განმარტებით, ეს არ არის წამება. როდესაც გიორგი ტუღუში სახალხო დამცველის პოსტიდან სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე გადაჰყავდათ, ერთობ გულის ამაჩუყებელი სიტყვები წარმოთქვა: „ჩემთვის მოულოდნელი იყო მინისტრად დანიშვნა. თუმცა მიმძიმს სახალხო დამცველის აპარატის დატოვება, სადაც 3 წელი ვიმუშავე. აქამდე არ მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ამ სისტემაში რამე გამომესწორებინა. სწორედ ამიტომ დავთახმდი, დიდი მოტივაციაა ის, რომ იმის საშუალება მომეცემა, უშუალოდ შევიტანო გარდატეხა და ხელი შევუწყო იმას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემები მინიმუმამდე დავიდეს. პრობლემები მხოლოდ  პატიმართა უსაფრთხოების მხრივ არ ყოფილა, აქ იყო ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები“. „ცოცხების კადრების“ შემდეგ აგორებულმა ტალღამ ხელისუფლება აიძულა, ხათუნა კალმახელიძე და ბაჩო ახალაია მინისტრობიდან გადაეყენებინა. წარდგენილ იქნა ომბუდსმენი გიორგი ტუღუში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აღაირებდა, ტუღუშისნაირი სუსტი სახალხო დამცველი საქართველოს არ ჰყოლიაო. არც ის ფაქტი გახლდათ საიდუმლოება, რომ გიორგი ტუღუში საქართველოს დასავლელ პარტნიორებს აბსოლუტურად განსხვავებულ ანგარიშებს უგზავნიდა. ქართველი ექსპერტები დღესაც არ მალავენ იმ ფაქტს, რომ  დასავლეთში მას სხვა ტიპის ოფიციალური წერილები აქვს გაგზავნილი, სადაც უთითებს, რომ პენიტენციურ სისტემაში წესრიგია და პატიმრის უფლებები დაცულია. როგორი სახალხო დამცველიც იყო გიორგი ტუღუში, ისეთი სასჯელაღსრულების მინისტრი გახდა და ისეთი დეპუტატი იქნება 2016 წლის მოწვევის პარლამენტში.  

                                                                                                      თამარ როსტიშვილი

გაზიარება