QronikaPlus
გამარჯვებული მეოცნებე დეპუტატების გზავნილი ქუთაისს

გამარჯვებული მეოცნებე დეპუტატების გზავნილი ქუთაისს

2016-11-17 06:02:41

საარჩევნო ციებ-ცხელებამ ჩაიარა და ქუთაისმა პარლამენტის ახლად არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატებს გაცემული დაპირებების ასასრულებლად წამმზომი ჩაურთო. საკანონმდებლო ორგანოში ქალაქმა მწვანე შუქი აუნთო „ქართული ოცნების“ კანდიდატებს: კობა ნარჩემაშვილს, გენადი მარგველაშვილსა და დიმიტრი მხეიძეს. წინა მოწვევის პარლამენტში ქუთაისს მხოლოდ ერთი რჩეული, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენელი, გუბაზ სანიკიძე წარმოადგენდა, რომლის საქმიანობასთან დაკავშირებითაც  ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას არ მალავდა. სიტუაცია შეიცვლება, თუ პრეტენზიები უკვე გასამმაგდება, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. არსებული ეტაპისთვის ამჟამინდელი დეპუტატები უხვად გაცემული დაპირებების შესრულებასა და ქალაქში სიტუაციის დადებითისკენ შეცვლაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავენ.   _ ელოდით თუ არა გამარჯვებას და რა გაძლევდათ ამის იმედს?   კობა ნარჩემაშვილი: _ დიახ, ველოდი. პირველი ტურის შედეგი და, ზოგადად, მოსახლეობის წინასწარი განწყობები შესწავლილი გვქონდა. აქედან გამომდინარე, იმედი არსებობდა.   გენადი მარგველაშვილი: _ მოლოდინები იყო იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რაც მოსახლეობასთან მქონდა. აშკარად ჩანდა მათი კეთილგანწყობა, რომელიც იმ საქმიანობას უკავშირდება, რასაც პირადად ვაკეთებდი და ვპირდებოდი ამომრჩევლებს.   დიმიტრი მხეიძე: _ ველოდი! ამის იმედს მაძლევდა ხალხი და, რა თქმა უნდა, პარტია. ამომრჩეველმა დაინახა „ქართული ოცნების „გაკეთებული კეთილი საქმეები. _ „ქართული ოცნება“ გასაგებია, მაგრამ თქვენი გაკეთებული საქმეები თუ დაგეხმარათ გამარჯვებაში? _ როცა კანდიდატი კენჭს იყრის, იქ, რა თქმა უნდა, ავტორიტეტიც თამაშობს გარკვეულ როლს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უფრო მეტად იმუშავა. ხალხი, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ ენდო და შემდეგ _ ჩემს ავტორიტეტს.   _ რატომ გახდა საჭირო მეორე ტური?   კობა ნარჩემაშვილი: _ ბევრი მიზეზია. 11 თუ 12 მონაწილე იყო. ქალაქის პირობებში, როცა უბანი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ლიდერი კანდიდატი ბევრ ხმას კარგავს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, რაღაც ხარვეზებიც იყო შტაბის მოქმედებაში, რომელიც შევეცადეთ, მეორე ტურში მაქსიმალურად აღმოგვეფხვრა.   _ რატომ, მაინცდამაინც, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებთან მოგიწიათ მეორე ტურში დაპირისპირება? _ ჩემი აზრით, ეს, ზოგაგად, ამომრჩევლების განწყობის შედეგია. ამომრჩეველი ბოლო პერიოდში არჩევანს აკეთებს იმათ შორის, ვინც არის და ვინც შესაძლებელია შეცვალოს. ვასაც რაღაცის შეცვლა უნდოდა და არ სურდა „ქართული ოცნება“, მათ მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირეს მხარი, რათა ხმები არ დაკარგულიყო. ვფიქრობ, ამ ფაქტორმა იმუშავა.   გენადი მარგველაშვილი: _ ამის შესახებ ადრეც ვამბობდი, რომ ბევრი მოწინააღმდეგე მყავდა. 11 კანდიდატი ვიყავით ერთ ოლქში სხვადასხვა პარტიიდან. მათ შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საკმაო ავტორიტეტით სარგებლობენ.    თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველი ტურის მერეც კარგი შედეგი ვაჩვენე.   დიმიტრი მხეიძე: _ პროცენტური ზღვარი ძალიან მაღალი იყო. რომ ყოფილიყო 50%-ზე დაბალი, გავიდოდით. თუმცა ეს კარგია _ უფრო ამყარებს ადამიანების არჩევანს. ახლა უფრო გამართულად ვგრძნობთ თავს. მართლაც დაიმსახურა „ქართულმა ოცნებამაც“ და ჩვენც, მაჟოროტარებმა, პარლამენტში შესვლა.   _ როგორ შეაფასებდით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, რომელთანაც შერკინება მეორე ტურში მოგიწიათ და რამდენად მისაღები იყო თქვენთვის მისი წინასაარჩევნო კამპანია?   კობა ნარჩემაშვილი: _ გიგი წერეთელი ძალიან ძლიერი კონკურენტი იყო. საკმაოდ კარგი საარჩევნო კამპანია წარმართა,  ნამდვილად ბევრი იშრომა. თუმცა იყო რაღაც თემები, რომლებიც, პრინციპში, ახასიათებდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას. იყო რაღაც, განსაკუთრებით კომისიებთან მიმართებით და ეს უფრო პირველ ტურში, რომელიც არ იყო მოქმედების სულ მთლად კანონიერი წესები. იმის გამო, რომ ყველაფერი დასრულებულია, ამაზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს.   გენადი მარგველაშვილი: _ მე გია თევდორაძემ პირველი ტურის შემდეგ გამარჯვება მომილოცა და ეს კარგ ჟესტად მივიჩნიე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ წითელი ხაზები არ გადაგვიკვეთავს ერთმანეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კამპანიამ დემოკრატიულად და კარგად ჩაიარა.   დიმიტრი მხეიძე: _ მე პირადად არ ვიცნობ აკაკი ბობოხიძეს. მინდა ვთქვა, რომ  არანაირი ექსცესები არ მომხდარა. ერთმანეთთან დებატებშიც არ შევსულვართ. ჩვეულებრივად ჩაიარა საარჩევნო კამპანიამ, დაძაბულობის გარეშე. არანაირი პრეტენზია არ მაქვს. დამირეკა და მომილოცა კიდეც.   _ ამომრჩევლებთან შეხვედრისას გარკვეული დაპირებები გაეცით. მოსახლეობა მათ შესრულებას ელოდება. რა გეგმები გაქვთ ქუთაისთან დაკავშირებით?   კობა ნარჩემაშვილი: _ ჯერჯერობით, ადრეა ამაზე საუბარი. მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ შეიძლება გაყოფა ქუთაისისა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული პრობლემების, ეს არის უმუშევრობა თუ სხვა საკითხები. არის ბევრი პრობლემა იპოთეკარებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საერთოა და ამას საკანონმდებლო დონეზე სერიოზული მომზადება და გადაწყვეტა სჭირდება. თუ ეს მოგვარდება, ქუთაისელსაც ეშველება და სხვასაც. თუმცა არის რაღაც საკითხები, რომლებიც პირდაპირ ქუთაისთანაა დაკავშირებული და ყველაფერი ეს დინამიკაშია დასანახი.   გენადი მარგველაშვილი: _ პირველ რიგში, არანაირად არ შეიძლება, მოვდუნდეთ. მოსახლეობის გულის ტკივილი აუცილებლად უნდა მივიტანოთ მთავრობასთან. რაც შემეხება პირადად მე, მიმაჩნია, რომ განათლების მიმართულებით უნდა ვიმუშაო. ამ კუთხით ვსაქმიანობდი და ჩემი მოსაზრებები მაქვს.   დიმიტრი მხეიძე: _ პირველ რიგში, ხელი უნდა შევუწყოთ თვითმმართველობას. ჯერ არ მაქვს წვდომა კანონებთან. მოგეხსენებათ, პროფესიით ექიმი ვარ, ამიტომ უფრო მეტად ჩავიხედები კანონებში, რათა მაქსიმალურად გავუხსნათ ხელი თვითმმართველობას, მეტი დახმარება ჰქონდეს ცენტრალური ხელისუფლებისგან. კანონის ფარგლებში ჩემგან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. რაც შეეხება პრობლემებს, ის ყველგანაა. სერიოზული პრობლემა ქალაქს არ აქვს. უფრო დასაქმება არის მთავარი საკითხი ხალხისთვის და ამაზეა მუშაობა საჭირო. ძალიან კარგი პროექტია  ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. არის გარკვეული პროექტები ტურიზმთან დაკავშირებით.   _ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა, ამ ეტაპზე, არ განიხილება. და მაინც: თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?   კობა ნარჩემაშვილი: _ ძალიან სასიხარულოა, რომ არა მარტო მე, არამედ უმრავლესობაც ასე ფიქრობს და რაც მთავარია, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური პირები, თვით პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, რომელმაც ამაზე ძალიან ცალსახა და მკაფიო, არაორაზროვანი განცხადება გააკეთა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია და პარლამენტი ქუთაისში რჩება.   გენადი მარგველაშვილი: _ კიდევ ერთხელ ვადასტურებ: მე წინააღმდეგი ვარ, რომ პარლამენტი ქუთაისიდან, ამ ეტაპზე, გადავიდეს. _ რას ნიშნავს, „ამ ეტაპზე“? _ 4 წლის განმავლობაში, როცა მე პარლამენტში ვიქნები, ამ საკითხზე საუბარი არ იქნება. თუკი იქნება, პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრე ვიქნები.   დიმიტრი მხეიძე: _ მე პირადად მქონდა საუბარი ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან. მან თავად მკითხა, თუ რას ვფიქრობდი პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვარ. პრემიერმა მითხრა, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს განზრახვაო, მაგრამ რადგანაც საზოგადოებაში საუბარია, ამ საკითხთან დაკავშირებით შენი აზრი მაინტერესებდაო.  გარკვევით მითხრა, რომ ასეთი რამ ჩვენს გეგმაში არ არისო. მომავალში, თუ რამე დაიგეგმება პარლამენტთან დაკავშირებით, ეს აუცილებლად ხალხთან შეთანხმდება.   _ როგორ მიგაჩნიათ, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ, ჯერჯერობით, არ განიხილება გადატანა, ეს არის თუ არა მესიჯი ბიზნესისთვის, რომ საბოლოოდ მაინც გადაიტანენ? ასეთ შემთხვევაში ბიზნეს-სექტორი ჩადებს თანხას ქალაქში?   კობა ნარჩემაშვილი: _ უნივერსიტეტმა, რომლის მშენებლობაც დაწყებულია, 2019 წელს პირველი მიღება უნდა განახორციელოს. ეს გადაწყვეტილება არსებითად შეცვლის ქუთაისის სტატუსსა და მდგომარეობას. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ კარგად არ გვაქვს გათვითცნობიერებული, რა პროექტია ეს. გასაგებია, რომ რთულია, სანამ პრაქტიკულ შედეგებს არ დავინახავთ. თუ ოდესმე მოუნდებათ ქუთაისლებს, რომ ჩვენთვის პარლამენტი ზედმეტია და არ გვინდაო, ეს სხვა საკითხი იქნება. გარდა ამისა, შეიძლება, ქუთაისმა მიიღოს საგანმანათლებლო და კულტურული ქალაქის ფუნქცია. გვაქვს ძალიან ბევრი კარგი თეატრი. აქვეა „ბლექ სი არენა“ და იგივე შეიძლება გაკეთდეს ქუთაისშიც, როცა ამდენი სტუდენტი იქნება აქ. მოკლედ, ამაზეა საუბარი და არა ვადის რაღაც მექანიკურ და ხელოვნურ გადატანაზე, ყურადღების ხელოვნურ მოდუნებაზე.   გენადი მარგველაშვილი: _ არა, არ მგონია, ასე რომ იყოს. პარლამენტი ქუთაისში დარჩება. ამავე დროს, ჩვენ უნდა გადავაქციოთ ქუთაისი ყველა მიმართულებით საუკეთესო ქალაქად. ამ მხრივ კარგ შესაძლებლობას გვაძლევს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. _ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გარდა კიდევ რას უნდა ველოდოთ? _ ყველა მიმართულებით იქნება საქმიანობა: სკოლა-პანსიონების საკითხი, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმაშია შეტანილი. ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, რომელთა ჩატარებაც  შესაძლებელია, ისევე როგორც ხელოვნების მიმართულებით გარკვეული აქტივობები.   დიმიტრი მხეიძე: _ არ განიხილება საერთოდ. გეგმაში არ გვაქვს შენობის დემონტაჟი, დანგრევა, გადატანა. პირიქით, მაქსიმალურად ვართ მონდომებულები, ვაშენოთ და წინ წავიდეთ. მომავალში თუ ეს განიხილება, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ქუთაისლების აზრი. ეს არ მოხდება ერთპიროვნულად.  

                                                                                                                       ხვიჩა ვაშაყმაძე

 

გაზიარება