QronikaPlus
,,პოლიტიკოსები ასეთ ადგილებში არ დადიან, თუ გავახსენდებით, მხოლოდ არჩევნების წინ!”

,,პოლიტიკოსები ასეთ ადგილებში არ დადიან, თუ გავახსენდებით, მხოლოდ არჩევნების წინ!”

2016-11-11 10:51:04

ლარი ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს. ამ ფონზე ეკრანებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ეკონომიკის მცოდნეებსა და ფინანსისტებს, ვისმენთ ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა კომენტარებსაც, მაგრამ ხალხის ხმა ცოტას თუ ესმის. „ქრონიკა+“ იმ ადგილებს ესტუმრა, სადაც ყიდვა-გაყიდვის პროცესი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ინტენსიურია...   *** სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია დედაქალაქის სავაჭრო არტერიაა _ აქ მოდის ყველა და მოდიან ყველაფრის საყიდლად _ მწვანილიდან დაწყებული, ძვირფასი ლითონით დამთავრებული. რამდენიმე ჰა-ზე გადაჭიმულ ფართობზე ზოგან თანამედროვე სტანდარატებს პასუხობენ, ზოგან კი ადვილად ფუჭებადი საკვები ღია ცის ქვეშ, მტვერში აქვთ გამოტანილი. აქა-იქ გაიგონებთ ბოშების ხმასაც, რომლებიც გასაყიდ პროდუქციას ცოცხალ რეკლამას მეტად ორიგინალურად უკეთებენ: _ აბა, მოპარული საქონელიი! _ მოგვესმა რამდენჯერმე, თუმცა მათ მიმართ ინტერესს ცოტა თუ იჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, _ მოპარული, ამ შემთხვევაში, იაფის სინონიმია. ტანსაცმლის გამყიდველები ხშირად ისე უყურებენ მათ სექტორთან გამოჩენილ ადამიანს, როგორც მოკრძალებული ეკლესიის მოძღვარი ტაძარში შესულ მორწმუნეს. ტექნიკის მაღაზიებთან კვლავაც დგანან გადამყიდველები, რომელთა ჯიბეებიც სავსეა ნახმარი მობილური ტელეფონებით. რამდენიმე დახლთან სასწორით ხელდამშვენებული კლიენტებიც შევნიშნეთ, რაც ცასლახად გამოხატავს იმ უნდობლობას, რომელიც ჩვენი საზოგადოების წევრებში სხვადასხვა ფენებს შორისაა გამეფებული. იქამდე, სანამ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში მდებარე ცნობილ ოქროს ბირჟას ვესტუმრებოდით, მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროს ამოსასვლელთან ბაზრობაც მოვინახულეთ _ ახალგაზრდა ქალბატონმა ნათიამ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა: _ ლარის ამბავი ყველას გვეხება, მაგრამ ფასების ზრდას ვერ ვახერხებთ, მომხმარებელმა ისედაც იკლო და რომ მოვუმატოთ, სულ დავკარგავთ კლიენტებს, გვირჩევნია, ჩვენი მოგებიდან ცოტა დავთმოთ. _ თქვენ ვისგანაც მოგაქვთ ეს პროდუქცია, იმათმა თუ კიდევ გააძვირეს, რა უნდა ქნათ? _ ჩვენ საქონელი ლილოდან შემოგვაქვს, ძირითადად, თეთრეულის კომპლექტები და გადასაფარებლები, იმ შემომტანმაც რა ქნას? თურქეთშიც, აზერბაიჯანშიც და ყველგან ასეთი ვითარებაა, ის ქვეყანა უძვირებს შემომტანს და ეს ყველას გვეხება. ამ ეტაპზე, როგორღაც, ფასებს ვიჭერთ. ვიწრო გასავლელს ქვემოთ მივუყვებით, ქალბატონი ლია ტანსაცმელს ყიდის, გვთხოვა, რომ არ გადავუღოთ. ჩვენი ავუხსენით, საიდან ვიყავით და საუბარიც დაიწყო: _ ბოლო წლების განმავლობაში კლიენტებმა იკლეს, იმდენი მაღაზია გაისხნა, რომ აქ არავინ მოდის. ვინც მაღაზიაში ყიდვას ვერ ახერხებს, ძველმანებში არჩევს ჩასაცმელს, მაგრამ იქაც გააძვირეს... _ ანუ წაგებაზე მუშაობთ? _ სახლში ჯდომას ის მირჩევნია, ორი კაპიკი ვიშოვო. ზოგჯერ ერთ თავ ტანსაცმელზე ხუთი-ათი ლარი მრჩება. ყველას კრედიტი გვაქვს, ძალიან რთული სიტუაციაა. ახალი წლებისკენ ელოდებიან კიდევ კურსის ცვლილებასო... დახურული ბაზრობის ბნელი ლაბირინთებიდან ზემოთ ამოვედით, ოქროს ბირჟაზე მომუშავე ქალბატონები ზოგან ყავას მიირთმევდნენ, ზოგან ერთმანეთში საუბრობდნენ. შუშის გამჭვირვალე დახლებს შორის დაცვის თანამშრომლები მოძრაობდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ თითოეულ ვიზიტორს. სიტყვა ვიზიტორი, ბუნებრივია, შემთხვევით არ ჩაგვისვამს ამ წინადადებაში, ვინაიდან, როგორც გავიგეთ, ძვირფასი ლითონების მყიდველთა რიცხვს ისინი აჭარბებენ, ვისაც ოქროს გაყიდვა სურს. რამდენიმე მეწარმემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბოლოს კი ერთ ხანში შესულ კაცთან გადაგვამისამართეს, _ ის აგიხსნით კარგად, ეგ ერკვევა ყველაფერში, _ გვითხრა ბატონი ემზარის გვერდით მჯდომმა შუა ხნის ქალბატონმა, სანამ მას გავესაუბრებოდით. ემზარ მაისურაძე: _ რა თქმა უნდა, დოლარის კურსი ფასებზე აისახება, ჩვენი შემოსავალი კი დღითი დღე კლებულობს. _ რა ღირს გრამი ოქრო ამჟამად? საშუალო ფასი შეგიძლიათ, გვითხრათ? _ 585 სინჯის ფასი 58 ლარი გახდა. შარშან ამ დროს უფრო ნაკლები ღირდა. მაღალი სინჯის ფასი ადრე 56-57 ლარი იყო, მაგრამ მაშინდელი კურსი კი გახსოვთ _ ლარი ძალიან ძლიერი იყო და უნციის ფასი რეკორდულ ნიშნულზე, სადღაც, ათას ცხრაას დოლარამდე ავიდა. მაშინდელივით მაღალი ახლა არაა, დღეისთვის უნციის ფასი ათას სამასი დოლარია, თუმცა რადგანაც ლარი უფრო სუსტი ვალუტაა, მსოფლიო ბაზრის მიხედვით დასტაბილურებული ფასები აქ არ იგრძნობა. მაშინდელი ათას რვაასი დოლარი იმაზე ბევრად ნაკლები გამოდის, ვიდრე დღევანდელი ათას სამასია. _ ლარის გაუფასურებამ, ალბათ, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა თქვენი ბიზნესი... _ სავალუტო რყევები უარყოფითად აისახება მეწარმეებზე. მერე, რა თქმა უნდა, ჩვენც შესაბამისობაში მოგვყავს ტარიფები. ბუნებრივია, ეს კლიენტურისთვისაც არ არის კარგი, ამით ერთეულები თუ ნახულობენ მოგებას. საუბარი ძვირფასი ლითონებით მოვაჭრე იქვე მჯდარ ქალბატონთან განვაგრძეთ (მან ანონიმურად დარჩენა ამჯობინა): _ ოქროს ფასი გაძვირდა, კლიენტებმა კი იკლო, ხანდახან დღეში ერთ ნივთსაც ვერ ვყიდით. მე იტალიური და თურქული ოქრო არ მაქვს, მაგრამ ვისაც შემოაქვს, იმათმაც მოუმატეს. _ რას აბრალებთ ამ ყველაფერს? _ რას უნდა ვაბრალებდე? ფასების მატება საიდან იწყება? პირველი იმატებს ნავთობის ფასი, შემდეგ ოქრო და მერე პური ძვირდება. ეს სამი რამ თუ გაძვირდა, ყველაფერს ეტყობა. თავი და თავი ისევ დოლარის კურსია. იმედია, მშვიდობა გვექნება. „ბავშვთა სამყაროს“ შენობიდან გამოსულები იქვე, წინ მჯდარი ქალბატონების მოსაზრებითაც დავინტერესდით, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან ჩამოტანილ ხილს ახარისხებდნენ. ნინო პერტია: _ მე კარალიოკს ვყიდი, ჩემთან იგივე ფასებია, შვილო, მაგრამ, ისე, ყველაფერს ცეცხლი ეკიდება. _ ლარი რომ გაუფასურდა, გეცოდინებათ. შეეხო კურსის ცვლილება თქვენს ჯიბეს? _ მე არც დოლარი მაქვს და არც ლარი, ღარიბი ადამიანისთვის კი საშველი არასდროსაა. აქ ზედმეტს არავის ვახდევინებთ, ჩამოგვაქვს, ვწვალობთ, მაგრამ როგორც ყველგანაა, ისე ვყიდით. გზა გადავკვეთეთ და მთელი ქუჩის სიგრძეზე ჩამწკრივებულ ვიტრინებს ავუყევით. ტექნიკის მაღაზიებს პერიოდულად ლომბარდები ენაცვლება. მარიამ ბაჯელიძე: _ დიდი ხანია, ტელეფონები შემოგვაქვს, მაგრამ ბოლო დროს, რაც კურსი გაძვირდა, ჩვენც სხვა გზა აღარ დაგვრჩა _ ცოტა მოვუმატეთ ფასები. _ პოტენციური მყიდველები ახალმა ფასებმა დააფრთხო? _ ჩვენ საიდანაც მოგვაქვს, იქაც დოლარზე ვყიდულობთ და აბა, რა ვქნათ? დღეს დილიდან ერთი ნივთიც ვერ გავყიდეთ. თუ გაგვიმართლა და რეალური კლიენტი გამოჩნდა, ისიც განვადებას ითხოვს, ჩვენ კი ეგ მომსახურება არ გვაქვს. თევდორე მღვდლის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩაზე გადმოვუხვიეთ, სადაც ტექნიკის მაღაზიებს სავალუტო პუნქტების რაოდენობა აშკარად აჭარბებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთმა მათგანმა გამოთქვა კომენტარის გაკეთების სურვილი: _ ვის ხელშია ეს სახელმწიფო? _ კაპიტალისტების! რას თესს კაპიტალიზმი? _ ველურ კაპიტალიზმს, ხომ?! ყველას უნდა, მოგება. აი, წამოდით პოკერებში და ნახეთ, რამდენი ახალგაზრდა იკლავს თავს, ხალხი გააუბედურეს. ახლა ვალუტასთან დაკავშირებით ვისაუბროთ: მთავარი მხოლოდ დღევანდელი კურსი არაა! მთავარია, არ მერყობდეს, სწრაფი ცვლილება გამყიდველსაც აბნევს და მყიდველსაც, ჩნდება არასტაბილურობის განცდა. _ კურსის ასეთ დინამიკაში ცვლილება ვის წისქვილზე ასხამს წყალს? _ გარკვეული ფინანსური ჯგუფების, აი, იმათ, ველურ კაპიტალისტებს რომ ვეძახით. მე პროფესიით ეკონომისტი ვარ და ამ საკითხებს კარგად ვიცნობ. თქვენ კუპონი გახსოვთ? ვაგონებით რომ მოჰქონდათ და ვაგონებით რომ ჰყიდდნენ? ვინ ყიდდა მაშინ კუპონს? _ პარლამენტარები, მთავრობის წარმომადგენლები, ხომ? თუ ეროვნულ ბანკს უნდა, რომ კურსი დაიჭიროს, გახადოს რეფინანსირება ოცი პროცენტი და ბანკებიც აღარ აიღებენ. სად მიაქვს ბანკებს ეს თანხები? _ ვალუტაში. აი, გაარკვიეთ მათთანაც ყველაფერი და მერე მოდით ჩემთან, ნებისმიერთან დავჯდები ამ თემაზე. ისე თქვენ რომელი გაზეთიდან ხართ? _ „ქრონიკა+“-დან _ ძალიან ჭკვიანი რედაქტორი გყავთ, არ გაგიჭირდებათ ინფორმაციების მოპოვება. ლარის კურსი ისეთი თემაა, რომ ახლა თუ უყურადღებოთ დავტოვეთ, ქვეყანა თავზე დაგვემხობა. _ ამიტომაც გვაინტერესებს ხალხის აზრი. _ სავალუტო ჯიხურები ოც კაპიკზე ვმუშაობთ, ჩვენ რომ არ ვიყოთ, კურსი საერთოდ არ იქნება. გაიარეთ ბანკებში, ნახეთ, რა სიტუაციაა, ას დოლარზე ხუთლარიანი და შვიდლარიანი სხვაობაა, შეიძლება ეს?! ჩვენ ვართ თავისუფალი ბაზრის წარმომადგენლები. საუბრის ბოლოს რესპონდენტს ვინაობა ვკითხეთ. მან გვიპასუხა, რომ ქართველი პატრიოტია და გვთხოვა, სწორედ ასე მიგვეთითებინა მასალაში. თბილისის ცენტრალურ სტადიონთან მდებარე გზაჯვარედინიდან ყოფილი დეზერტირების ბაზრობის მიმართულებით განვაგრძეთ სვლა. ტროტუარზე, სათამაშოების ღია დახლთან, ხის ტაბურეტზე მჯდარმა ქალბატონმა თავისი პროდუქცია შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენი მიზნების შესახებ როცა გაიგო, საუბარი საბავშვო ინტერესების სფეროს აშკარად გასცდა. ნელი ლაბაძე: _ ყველას უჭირს, პურს ვერ ყიდულობს, შვილო, ხალხი და სათამაშოს რაფერ იყიდის? გაძვირდა ყველაფერი, თუ ყიდულობენ, ლარიან და ორლარიან რეზინის ბურთებს, ან პატარა კუბიკებს... _ რამის თქმა ხომ არ გინდათ? _ არავის იმედი არ მაქვს, არც ძველის და არც ახლის. თუკი უკეთესობისკენ რამე შეიცვლება, ამას მეც შევხედავ და თქვენც, დაუნახავები არავინ ვართ. პირდაპირ გეტყვით, მიშას დაბრუნება არ მინდოდა, მაგრამ ამათმაც გამიხეტეს გული. დარჩნენ მთავრობაში და ა, ბატონო, ვაცადოთ კიდევ, ვნახოთ, რას გაგვიკეთებენ. ყოფილი დეზერტირების ბაზრობის ნახევრად ღია შენობა რკინის კონსტრუქციებითაა შეკრული, წინა მხრიდან სატვირთო მანქანები შედიან და გამოდიან, მუშები კი ურიკებს აწვებიან. ლამაზად შეფუთული ხილი კონტეინერებში ნაწილდება. მალევე დავრწმუნდით, რომ სასაუბროდ ვერავის მოვიხელთებდით და მეორე სართულზე ავედით, სადაც სიხალვათე აშკარად შეინიშნებოდა: _ მე გორიდან ვარ, მსხალი და ვაშლი მაქვს ჩამოტანილი, მაგრამ აქ ხალხი არ ამოდის, ეზარებათ, ეტყობა, მარკეტებში ურჩევნიათ, ალბათ, სიარული ამ თბილისელებს, _ გვითხრა შოთა ხადურმა, _ რაც შეეხება დოლარის კურსს, მარტო მე არ ვარ, ეს ამბავი ყველას ეხება. ვიცი, რომ ცუდი იქნება, თუ ასე გაგრძელდა. „ქრონიკა+“ მყიდველების პოზიციითაც დაინტერესდა. მზია მაისურაძე, პენსიონერი: _ ვატყობ, რომ ფასებმა თითქმის ყველაფერზე მოიმატა, ასი დოლარი მაინც გაგვიხადონ პენსია, სადაა დანაპირები? ხომ ამბობდნენ, მოგიმატებთო? ამ კურსის ცვლილება ყველაფერზე აისახება, შვილო. ფიქრობ, რა ვიყიდო. ჩაწერილი კომენტარის შემდეგ ჩვენი მიმართულებით მომავალ მეორე მოქალაქესაც გავესაუბრეთ. მანანა ბარათაშვილი: _ კურსის ცვლილება ყველანაირად შეგვეტყო, გაჭირვებულ ხალხს უფრო მეტი გაჭირვება დაგვემატა. ბოდიში ამ გამოთქმაზე და მთავრობას ფეხებზე ვკიდივართ. _ შეიძლება, გკითხოთ: რის საყიდლად მოხვედით? _ ფეიხოა მინდა ვიყიდო, მაგრამ გაუძვირებიათ, შარშან ლარნახევარი ღირდა, ახლა ორ ლარზე ავიდა, ზოგან ორი და ორმოცდაათია. ორ-სამ კილოზე ორმოცდაათი თეთრით მატება კიდევ არაფერია, მაგრამ საკომპოტედ ბევრი მინდა ვიყიდო და მე მგონი, დღეს ვერ შევძლებ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა და არ ვიცი, რა გვეშველება. მანანა ბარათაშვილს დავემშვიდობეთ და პირველი სართულის კიბეებისკენ დავიძარით. გზად იქვე, კუთხეში მჯდარი მანდარინის გამყიდველებიც გამოვკითხეთ: _ ძალიან შეგვეტყო, ბაზარს შეეტყო, ხალხს საშუალება არ აქვს, არც მაღაზიებს მიაქვთ არაფერი, ძალიან ნაკლებად მოდიან. _ რას აბრალებთ, რომ ხალხი არ დადის? _ ეს საბითუმო ბაზარია, დასავლეთიდან შემოდის საქონელი, ბენზინი ძვირდება, ფასები იმატებს, ხალხი ცოტაა და არც გამყიდველებია. ვერ ხედავთ? სტადიონივითაა აქაურობა, არადა, დრო იყო, ყველაფერი დეზერტირებში იყიდებოდა. _ ლარი რომ გაუფასურდა, ამაზე რას გვეტყვით? დაზარალდით? _ მილიონები არ გვაქვს ბანკებში გადანახული, მაგრამ როცა ყველა ზარალდება, პირველ რიგში, მოვაჭრეების ზურგზე გადადის. მყიდველი თუ არ იქნება, რა ჯანდაბა მინდა აქ? ბეტონის კედლების ყურებას, ჩემს შვილებს ვუყურებ, წავალ და სახლში დავჯდები. უკვე ქვემოთ ჩასულები აბასთუმნის ქუჩას დავადექით, იქ _ სადაც ჩვენი მოგზაურობა დაიწყო ამ რუბრიკის ფარგლებში. ქალბატონი დალი ყველს ყიდის, მან ჩვენთვის ორიოდე წუთი გამონახა: _ კურსის ამბავი ვიცი, ჩემს ბიჭს აქვს დოლარში აღებული კრედიტი, რომელიც მანქანის გამოსაყვანად დასჭირდა და ახლა ძალიან ნერვიულობს, კიდევ ნუ ავარდება და ჯანდაბას, რაცაა. _ ქალბატონო დალი, რძის პროდუქტებზე მოთხოვნა არის? _ ადრე უფრო იყო, ნაკლებად ასი და ორასი გრამის ჩამოჭრა ეთხოვათ. ამას წინათ მოხუცი მოვიდა და 80 თეთრი ჰქონდა, _ არ შემიძლია ყველის გარეშე, ერთი პატარა ნაჭერი მომყიდეო. ისე მოვუჭერი, ფულს ვერ გამოვართმევდი. _ ცნობილი ადამიანები თუ გინახავთ აქ? უფრო პოლიტიკოსებზე გეკითხებით... _ პოლიტიკოსები ასეთ ადგილებში არ დადიან, თუ გავახსენდებით, არჩევნების წინ, ტელევიზიებით რომ დაანახვონ ყველას, _ აი, ხალხზე ვფიქრობთო. აქ, ძირითადად, საშუალო და გაჭირვებული ფენა დადის.   *** ერთმანეთში არეული ხილის, სუნელის, ბოსტნეულისა და მწნილის სუნი, აქა-იქ ძირს დაყრილი ნაგავი და მაწანწალა ცხოველები, კლიენტების მოლოდინში დაღლილი სახეები და საყიდლებზე გამოსული მოქალაქეები, რომლებიც ყველაფერს მუშტრის პრეტენზიული თვალით უცქერენ, _ ეს იქ არსებული სურათის ყველაზე მოკლე აღწერაა, რაც ქართული ეკონომიკის სახეს სრულად წარმოგვიდგენს.  

                                                                                                                              ზაზა სვანაძე

   

გაზიარება