QronikaPlus
მონადირეებს შორის #1 პოლიტიკოსი და პოლიტიკაში, უბრალოდ, ნანადირევი…

მონადირეებს შორის #1 პოლიტიკოსი და პოლიტიკაში, უბრალოდ, ნანადირევი…

2016-11-07 06:47:31

ირანში, შაჰის რეფორმების დასაწყისში, ორი მართული, ერთი შეხედვით, თანაბარი პერსპექტივის მქონე პარტია შეიქმნა. ორპარტიული მოდელი აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში ხშირად გამოიყენება (მაგალითად: მექსიკა, კოლუმბია, არგენტინა და ა. შ.) და, უმეტესწილად, თავისუფალი არჩევანის ილუზიის შექმნას ემსახურება. თუმცა შემდეგ ირანში ერთპარტიული სისტემისკენ დაიწყო დრეიფი, შეიქმნა სახელისუფლებო მმართველი პარტია („ირანე ნოვინ“), რომელიც მალევე შეერწყა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს, ოპოზიციამ კი მხოლოდ დემოკრატიული, „ჯიბის ოპოზიციის“ სახე შეიძინა. დაახლოებით ისეთ სიტუაცია შეიქმნა, როგორიც დღეს საქართველოში გვაქვს. ბოლოს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, _ 1975-ში შაჰმა ერთპარტიული სისტემა იურიდიულად გააფორმა და მას „ერთადერთი ჭეშმარიტი პარტია“ („რასტაჰიზ“) უწოდა, რომელშიც გაწევრიანება პატრიოტიზმისა და შაჰისადმი ლოიალურობის გამოვლენად განიხილებოდა. ეს, პირვანდელ „ორპარტიულ ჩანაფიქრთან“ შედარებით, აშკარა რეგრესი იყო. საბოლოოდ, ყოველივე იმით დასრულდა, რომ ხალხი აიათოლა ჰომეინის გაჰყვა და ჩვენი „დიდი“ გუბაზის თქმისა არ იყოს, „დამწვარი გვამებით სირბილი“ დაიწყო. მსგავსი ისტორიები პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მოსაწყენი მონოტონურობით მეორდება. გამონაკლისი არც საქართველოა... 2016 წლის მიწურულს, ოქტომბერ-ნოემბრის მიჯნაზე. ცუდი არ იქნება, თუკი ბიძინა ივანიშვილი, მამულიშვილი სოლოლაკის მთიდან, ისტორიის ამ მაგალითს გაითვალისწინებს. შესავლის გარეშე, უბრალოდ, ვერ გადავიდოდით „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვან სახეებზე, მათი პოლიტიკური (და არა მარტო) მოღვაწეობის გაუხმაურებელ ფაქტებსა და სკანდალურ დეტალებზე. რუბრიკას კი სიის პირველი ნომრით _ დავით ბაქრაძით დავიწყებთ. თანმიმდევრობა რომ დავიცვათ და ჟურნალისტურ ეთიკასაც არ ვაწყენინოთ, ბაქრაძის მცირე ბიოგრაფიული ცნობები ასე გამოიყურება. წინასწარ გეტყვით, დიდი ვერაფერი „აღსანიშნავი“ და დასამახსოვრებელი ცნობებია: დავით შუქრის ძე ბაქრაძე დაიბადა 1972 წლის პირველ ივლისს. თვით _ კირჩხიბი, წლით _ ვირთხა. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე; არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; 1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2002 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოში;  2004 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით; 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იყო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი; 2008 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად; 2008 წლის ივნისიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; 2012 წლიდან არის პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი. მოკლედ, თავშიც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, დიდი ვერაფერი ბიოგრაფიული ცნობები არის მამის სახელისა და ჰოროსკოპის ნიშნების გარდა. ასე რომ, ბაქრაძის ბიოგრაფიისა და მისი პოლიტიკური მოღვაწეობის (ეს ტერმინი უნდა ვიხმაროთ, სხვა გზა არ გვაქვს) შედარებით საინტერესო და გაუხმაურებელ დეტალებს, ამჯერად, „ქრონიკა+“ შემოგთავაზებთ. დავით ბაქრაძის აღზევება 2008 წლიდან იწყება და ეს არ უკავშირდება მის ცნობილ ფრაზას ჩანგლებთან დაკავშირებით. 2008 წელს იგი პარლამენტის თავმჯდომარედ ინიშნება და, პრინციპში, ვინც არაფერი იცოდა მის შესახებ (ასეთი კონტიგენტი კი 90% იყო), სწორედ მაშინ შეიტყო. მაგალითად, გაიგეს, რომ ბაქრაძეს ჰალსტუხის, დილით ადრე ადგომისა და ღიმილის გარდა უყვარს „დროსტარება, კარგი ცხოვრება, ულიმიტოდ ფულის ხარჯვა მობილურ ტელეფონზე და  ნადირობა აფრიკაში“. ნადირობას რაც შეეხება. ჯერ დავით ბაქრაძის ციტატას შემოგთავაზებთ: „მე მართლაც მქონდა ორი წლის წინათ სამხრეთ აფრიკაში ვიზიტი (2010 წელს, _ თ. რ.), ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი. ის დოკუმენტი, რომელიც აჩვენეს, იყო ჩემი დაცვის სასტუმროს ანგარიში. აი, ამბობენ, რომ აფრიკაში სად მოვძებნე ასეთი ძვირადღირებული სასტუმრო ჩემი დაცვის თანამშრომლებისთვისო, მაგრამ საუბარი იყო, სულ რაღაც, 5700 ლარზე“. რა დოკუმენტია ეს?! 2012 წელს გამოქვეყნდა საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, საიდანაც ირკვეოდა, რომ „თი-ბი-სი ბანკის“ პარლამენტის სერვისცენტრიდან, გადამხდელ ილია ყურაშვილმა განახორციელა 5760 აშშ დოლარის გადარიცხვა. მიმღები იყო სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში მდებარე „სამხრეთ აფრიკის გოლფისა და საფარის ტური“. გადარიცხვის დანიშნულება გახლდათ ტურის ხარჯების დაფარვა. ხსენებული სერვისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ნადირობა ლომებსა და ტაპირებზე. გადარიცხვა კი განხორციელდა დავით ბაქრაძის დაცვის ორი წევრის _ ილია ყურაშვილისა და ალექსანდრე სიხარულიძის მიერ. საფარიზე დავით ბაქრაძე მეუღლესთან ერთად იმყოფდებოდა. ამ ეგზოტიკური გრიალის ფული კი, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. კიდევ ერთი ფულადი გადარიცხვის ისტორია: 2014 წლის ივლისში დავით ბაქრაძემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურა, რომელზეც 261,757,83 გირვანქა სტერლინგი ერიცხებოდა. ბაქრაძის მისამართით გაგზავნილ HშBჩ-ის დოკუმენტზე აღნიშნულია 3-წლიანი ფიქსირებული ანგარიშის ნომერი 40228434012380. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ინსტრუქციის საფუძველზე ზემოთ აღნიშნული ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილებაა მიღებული. ამავე დროს, 2013 წლის დეკლარაციაში დავით ბაქრაძეს „თიბისი ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 52.00 ლარი ერიცხება, ასევე, ამავე ბანკში, ანაბარზე 5 1760.00 აშშ დოლარი აქვს მითითებული, ხოლო „საქართველოს ბანკში“ საკრედიტო ანგარიშზე 784.00 ლარი აქვს. მის მეუღლეს, მაკა მეტრეველს, მიმდინარე ანგარიშზე „თიბისი ბანკში“ მითითებული აქვს 32 დოლარი, ხოლო „პროკრედიტ ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე _ 30 ლარი, „ლიბერთი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე კი _ 3 ლარი. გრაფაში „თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4000 ლარს“, დავით ბაქრაძეს მითითებული აქვს 15 000 ლარი და 10 000 აშშ დოლარი. ბაქრაძის მშობლებს _ შუქრი და ლილი ბაქრაძეებს „სახალხო ბანკში“ საპენსიო ანგარიშზე აქვთ 30 ლარი და 20 ლარი. შვილების _ ეკატერინე და ნინო ბაქრაძეებს „თიბისი ბანკის“ ანაბარზე 13 500 ლარი იყო დაფიქსირებული. ანუ 2013 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის წევრის თანამდებობაზე ბაქრაძემ 84 465 ლარი მიიღო, მაკა მეტრეველმა კი „ჩაჩავას კლინიკაში“ მარკეტინგის დარგში დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე _ 7 450 ლარი, შპს „სინათლის ქალაქში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის _ 12 500 ლარი. ახლა გადავიდეთ გაუხმაურებელ ფაქტებზე დავით ბაქრაძის პოლიტიკური მოღვაწეობიდან: 2011 წელს აქტიურად დაიწყო საუბარი დავით ბაქრაძის შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებ. მაგალითად, 2011 წლის აპრილში ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს, დღევანდელმა პარლამენტარმა და იმდროინდელმა ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ ბაქრაძეს ჰკითხა, აპირებდა თუ არა იგი საქართველოს მომდევნო პრეზიდენტად კენჭისყრას? პასუხი იყო: „არ ვიცი, შესაძლოა. მაგრამ, ვისაც სურს, გახდეს პრეზიდენტი, იმანაც უნდა მოიგოს არჩევნები“. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და, კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილისთვისაც პრეზიდენტის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურა ყველაზე მისაღები იყო _ იდეალური მარიონეტი და დამოუკიდებელი მოქმედების უნარს მოკლებული პოლიტიკური ფიგურა, მით უმეტეს, როდესაც საქართველო ასეთი ფიგურების მწვავე ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის არც უმრავლესობაში და არ უმცირესობაში. ახლა კი დიპლომატიური ფოსტის გადინებასა და საიდუმლო მიმოწერის თემას დავუბრუნდეთ. ჭიკიLეაკს-ის ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე საუბარი, ჯერ კიდევ, 2009 წლის იანვარში მიდიოდა აშშ-ის საელჩოში ჯონ ტეფტსა და დიმიტრი შაშკინს შორის. როგორც ჭიკიLეაკს-ი იუწყება,  პროექტი „ბაქრაძე _ პრეზიდენტობის კანდიდატი“ სწორედ აქედან იღებს სათავეს და მას აქტიურად განიხილავდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. საიდუმლო დოკუმენტში ისიც იყო ნახსენები, რომ ამ პროექტს განვითარების ორი ვარიანტი ჰქონდა: პირველი ვერსიის მიხედვით, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი პრემიერის პოსტს დაიკავებდა, ხოლო პრეზიდენტის სავარძელში თავის „დასაქოქ თოჯინას“ დასვამდა. ბაქრაძის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებულ მეორე ვერსიას რაც შეეხება, სააკაშვილს არა პრემიერის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი უნდა დაეკავებინა. ბაქრაძის კანდიდატურა სწორედ იმით იყო საინტერესო, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყო ორივე მიმართულებით. დღესაც ბაქრაძისგან გამოვა ის, რასაც მისგან გამოძერწავენ. როგორც ჩანს, 2009 წლის საუბრებს ფუჭად არ ჩაუვლია და იგი  აქტუალური იქნება მთელი მომავალი პარლამენტის მუშაობის პერიოდში. გააჩნია, ბაქრაძის ფაქტორს როდის გაააქტიურებს და გადაათამაშებს უმცირესობა. სტატიას 2016 წლის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების სიის პირველი ნომრის _ დავით ბაქრაძის ციტატით დავასრულებთ: „რაც უფრო სწრაფად ეგუება ადამიანი არსებულ რეალობას, მისთვისაც უკეთესია და გარშემომყოფთათვისაც“, _ ეს ფრაზა ბაქრაძემ 2012 წლის ნოემბერში წარმოთქვა.    

                                                                                                                         თამარ როსტიაშვილი

   

გაზიარება