ლარი კვლავ თავისი „მოწოდების სიმაღლეზე“ დგას და იქიდან ჩამოსვლას არც კი ჩქარობს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მიძინებულმა ლარმა, ნოემბრის დასაწყისში კვლავ შეგვახსენა თავი და თავის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ჰოდა, ახლა, თითქმის, 2,5 ნიშნულს გაუტოლდა დოლართან მიმართებით და საზოგადოებაც პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა.
დევალვაციის ეს პროცესი 2008 წლიდან იწყება. ლარის გამყარების პერიოდს 2004-2007 წლები მოიცავს, თუმცა ეს ტენდენცია 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური საფინანსო კრიზისის შემდეგ სრულიად შეიცვალა, რადგან ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინება მკვეთრად შემცირდა. ასევე, ლარის არსებობის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი შეცდომა 2008 წლის 7-11 ნოემბერია, როცა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის კორექტირება გადაწყვიტა. ეროვნული ვალუტის მცურავი კურსის რეჟიმში გაშვება კიდევ ერთი დევალვაციით აღინიშნა: ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით, ერთბაშად, 24 პუნქტით გაუფასურდა და 1,44-იანი ნიშნულიდან 1,65-მდე „აიწია“. შედეგად ათასობით მოქალაქეს ეროვნულ ვალუტაში არსებული დანაზოგი გაუუფასურდა და ლარისადმი მოსახლეობის ნდობაც დაეცა.
რთული იყო მოსახლეობის მდგომარეობა ომის შემდგომ პერიოდში. მოქალაქეებს, ყველა სხვა ზარალთან ერთად, ლარის დევალვაციაზე უწევდათ ფიქრი, ვინაიდან მათი ზარალი ლარის კურსის დევალვაციასთან ერთად იზრდებოდა.
მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები კი, რა თქმა უნდა, დასტაბილურებასა და დადებით ცვლილებებს გვპირდებოდნენ, თუმცა წლების მიხედვით პროცესი უარესდებოდა. 2010 წლისთვის საქართველოში დოლარიზაციის მაჩვენებელმა 75% შეადგინა. ექსპერტები დოლარიზაციის მაღალი დონის განმაპირობებელ სხვადასხვა მიზეზზე საუბრობდნენ, რომ ამგვარი შედეგი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ და ქართული საბანკო სისტემის სტრუქტურამ გამოიწვია, დოლარიზაციის მაღალი დონე მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი და რომ აშშ დოლარისადმი ნდობის მაღალ ხარისხს აშშ-ს პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე განაპირობებს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტა შემოიღო, ლარის კურსის ყოველი ვარდნა მითქმა-მოთქმასა და ეჭვს იწვევს ხოლმე. ამბობენ, რომ კურსის შემცირებით ვიღაცებმა იხეირეს. ეს ვიღაცები კი, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკში ეგულებათ ხოლმე.
2010-დან 2013-წლამდე ლარი საკმაოდ სტაბილურ კურსს ინარჩუნებდა და, ამ ხნის მანძილზე, 2010 წლის ივნისში, ლარის კურსმა, დოლართან მიმართებით, 1,89-ს მიაღწია _ ეს იყო 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. სწორედ 2010 წლის ივლისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლარის კურსის ვარდნას _ მომენტალურად გაძვირდა იმპორტირებული პროდუქცია, რასაც ჯაჭვურად მიჰყვა სამომხმარებლო ფასების მომატება ასევე ადგილობრივ პროდუქციაზე. მაშინ ეროვნულმა ბანკმა, როგორღაც, მოახერხა ლარის კურსის დასტაბილურება და მას შემდეგ იგი შემცირებისკენ წავიდა. 2011 წლის აპრილში ლარი საკმაოდ გამყარდა და დოლართან მიმართებით 1,63-მდე დაიწია, 2012 წლის თებერვალში კი კიდევ უფრო მაღალი იყო და 1 დოლარი 1,61 ლარი ღირდა. ამის შემდეგ ლარის კურსი მცირედ მერყეობდა, მაგრამ 2013 წლის ივლისამდე 1,65 ლარის ნიშნულს (მოკლევადიანი შემთხვევების გარდა) არ გადასცილებია. თუმცა ოქტომბრისთვის კურსმა ოდნავ აიწია და ჯერ 1,66 ლარს გაუთანაბრდა, ნოემბრის დასაწყისიდან კი 1,67-ს გადააჭარბა. 5 დეკემბერს 1 დოლარის ფასმა უკვე 1,705 ლარს მიაღწია.
იმ პერიოდში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი იყო. იგი ლარის კურსის ვარდნას ეკონომიკის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, თვისებით ხსნიდა და ლარის კურსის შემცირებაც ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდა. ონოფრიშვილის თქმით, ლარის კურსზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, თუმცა მათთვის მითითებების მიცემას არ აპირებდა:
„ბოლო წლებში ეროვნული ბანკის პოლიტიკა ზედმეტად მკაცრი იყო. მას ყოველთვის აქვს კურსის რეგულირებაზე ზეგავლენის სხვადასხვა მექანიზმი.
ეს ზეგავლენა, მე მგონი, ზედმეტი იყო, ჩვენი მოსახლეობა, პრაქტიკულად, გადაეჩვია კურსის ცვალებადობას და ახლა მცირე რყევაზეც კი არაჯანსაღ რეაქციას ახდენს, თუმცა ამის საფუძველი აქვს, იმიტომ რომ იყო პერიოდები, შარშან და იმის წინ, როდესაც კურსის დაცემა და შემდეგ უკან დაბრუნება უცებ ხდებოდა, რაც მართლაც არაჯანსაღი პროცესია და რთული იყო გარკვევა, თუ ვის ინტერესში შედიოდა ეს. სხვადასხვა ვალუტის კურსის ცვალებადობა ერთმანეთთან მიმართებით ნორმალური პროცესია და ეკონომიკური სიჯანსაღიდან გამომდინარეობს. თუ პრობლემებია, სადღაც ომი მოხდება, ნავთობის ფასი იმატებს, კრიზისია _ იქ ეს რყევები უფრო მეტია, მაგრამ მცირე ცვალებადობა ყოველთვის არის. საქართველოში დღეს მოსახლეობაც, ბიზნესებიც გადაჩვეულია, რომ კურსის გამყარების ან შესუსტების ტენდენცია იყოს. თუ ეროვნული ბანკი ნაკლებად ერევა, ეს კარგია, იმიტომ რომ კურსი თვითონ დალაგდება რეალური მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ზოგადად, ჩვენნაირ ქვეყანაში შეუძლებელია, რომ კურსი სულ ერთ ნიშნულზე იყოს. არ მინდა, ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩავერიო, მიმაჩნია, რომ ის უფრო არასწორი იყო, რასაც აქამდე აკეთებდა, ვიდრე ეს. ახლა ნორმალური რამ ხდება, ვიდრე მაშინ. ეკონომიკა ადის-ჩამოდის, შეიძლება, ოდნავ გაუფასურების ზოგადი ტენდენცია იყოს, მაგრამ კურსი მოძრაობს და აქ განსაკუთრებული არაფერია“, _ განაცხადა მაშინ ონოფრიშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი ჰქონდა _ რეზერვები და სხავასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ კურსი ძალიან შორს არ გაქცეოდა.
ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკში პრესკონფერენციაც კი გაიმართა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება, რის შემდეგაც სებ-მა გასაყიდად 20 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა:
„ლარის კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. მოსაზრებაც კურსის ხელოვნურ შენარჩუნებაზე კატეგორიულად გამოირიცხება, ეს ტექნიკურად შეუძლებელია~, _ თქვა მესტვირიშვილმა.
ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც დოლარის კურსის ზრდის ტემპს ჯერ პიკისთვის არ მიეღწია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კურსის ცვლილებას გამოეხმაურა:
„დოლარი 2 პუნქტით არის გაზრდილი 1,65-დან, 1,67-მდე. შემოდგომის მეორე ნახევარში, ოქტომბერ-ნოემბრის დასაწყისში, საქართველოში ტურისტთა რაოდენობა ბუნებრივად შემცირებულია. ეს დოლარის შემოდინების ერთი წყაროა, თუმცა ტურისტების რაოდენობა ზამთრის მოსვლასთან ერთად ისევ გაიზრდება. მეორეც, გამოცოცხლდა ბაზარი, რამაც გამოაცოცხლა იმპორტი და იმპორტიორების მხრიდან დოლარზე მოთხოვნა იზრდება. ლარით პროდუქციას ისინი საზღვარგარეთ ვერ იყიდიან, შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. გუშინაც ვესაუბრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. არანაირი საფუძველი არათუ პანიკის, არამედ ოდნავი შეშფოთებისაც კი არ არსებობს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ბიუჯეტი გათვლილი იყო კურსზე _ 1 დოლარი 1,7 ლარი. ეს არის ჩვეულებრივი რამ. კურსი ზაფხულის განმავლობაში მყარდებოდა _ 1,66 იყო და შემცირდა თითქმის 1,64-მდე. ახლა ოდნავ გაიზარდა, ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს და თუ ჩარევა საჭირო გახდება, ეროვნული ბანკი ყველაფრისთვის მზად არის. მას წელს ძალიან გაეზარდა სავალუტო რეზერვები და არანაირი საფრთხე კურსის გაუარესებისა არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ექსპორტი იზრდება“.
როდესაც შემდეგ დღეებში ლარის კურსის ვარდნა კვლავ გაგრძელდა და შეკითხვები კვლავ არსებობდა, ფინანსთა მინისტრს სააგენტო „ფრონტნიუსმა“ მიმართა. სხვა შეკითხვების შემდეგ ჟურნალისტმა მინისტრს პროგნოზის გაკეთება სთხოვა და სწორედ მაშინ გასცა ხადურმა ჟურნალისტს „წინასწარმეტყველური“ პასუხი: „ვანგას ჰკითხეთ, ვანგას“.
ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ლარის კურსის შემცირება შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში შედიოდა. მიზეზი მარტივია _ ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვანი გარღვევა ჰქონდა და საჭირო იყო დანაკლისის რაიმე გზით შევსება. ლარის გაუფასურება კი შესაძლოა, სწორედ ამ მიზნით გამოეყენებინა ხელისუფლებას.
ზოგიერთი ექსპერტი კი ლარის კურსის გაუფასურებაში ისეთ საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა და ამბობდა, რომ ამის გამო პანიკის საფუძვლები არ უნდა შექმნილიყო. ლარის კურსის ვარდნა, ძირითადად, საბაზრო ფაქტორებით შეიძლებოდა განპირობებულიყო.
2013 წლის 27 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა: „ლარის კურსის ვარდნა გასულ წლებშიც ძალიან ბევრჯერ გვინახავს. წლის (2013) მესამე კვარტალში ჩვენ ეკონომიკის სერიოზული გამოცოცხლება და გაჯანსაღება გვაქვს. მესამე კვარტლის მონაცემებით კერძო სექტორში კომპანიების საერთო სავაჭრო ბრუნვამ 30 მლრდ ლარი შეადგინა და თუ პირველ კვარტალს შევადარებთ, მესამე კვარტალში 24%-იანი მატება გვაქვს. მომავალ წელს ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ზრდის 5%-ზე გათვლილი რეალური პროგნოზი, რასაც ადასტურებენ სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, 2014 წელს საქართველოსთვის პროგნოზირებული მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი 5% იყო. საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტში მშპ-ის 5%-იანი რეალური ზრდის ტემპი და 8.7%-იანი ნომინალური ზრდის ტემპია გათვალისწინებული. 2014 წელს ნომინალური მშპ-ს პროგნოზი, დაახლოებით, 29.35 მლრდ ლარია.
2013 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში საწარმოთა ბრუნვამ 29,141 მლნ ლარი შეადგინა, იგივე მაჩვენებელი 2012 წელს კი 28,636 მლნ ლარი იყო. შესაბამისად, 2013 წლის სამი კვარტლის ჯამში ბიზნეს სექტორში საწარმოთა ბრუნვა 1.76%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება უშუალოდ კვარტალურ ზრდას, 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013 წლის პირველ და მეორე კვარტლებში 5.7% და 2.4%-იანი ზრდა, თუმცა მესამე კვარტალში კი 1.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, მესამე და პირველი კვარტლების შედარება ეკონომიკური თვალსაზრისით არამართებულია, რადგან სეზონურობის ფაქტორი არ გამოირიცხება. შესაბამისად, ბიზნეს სექტორში ბრუნვის ზრდის გასაზომადაც 2013 წლის მესამე კვარტალი 2012 წლის მესამე კვარტალს უნდა შედარდეს. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ განუცხადებია ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსაც.
ლარმა გაუფასურება 2013 წლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც კურსმა 1.66 ნიშნულს მიუკაკუნა. ინფლაციის ეს პირველი ტალღა 1.75-იან ნიშნულზე გაჩერდა. გაუფასურების მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ტალღა 2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო და კურსის რეკორდული მაჩვენებელი, _ 2.50 _ თებერვალში დაფიქსირდა. გაზაფხულზე ლარი 2.13-მდე გამყარდა, თუმცა შემდეგ ისევ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა, რომელიც დღესაც გრძელდება.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წევრებმა მრავალჯერ გააკეთეს განცხადება, რომ ლარის გაუფასურება დროებითი იყო და რომ კურსი დასტაბილურდებოდა, ან გამყარდებოდა. გაუფასურების მიზეზად კი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებდნენ:
პირველი დეკემბერი, 2014. გიორგი კვირიკაშვილი: „ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი საპანიკო არ არის“. ლარის კურსი: 1.84
6 დეკემბერი, 2014. ნოდარ ხადური: „იმედი მაქვს, რომ გაცვლითი კურსი პიკზეა. მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება და შესაძლებელია, ქვემოთ დაიწიოს“.
ლარის კურსი: 2.01
10 დეკემბერი, 2014. ნოდარ ხადური: „ლარის კურსი კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვიდა, აჟიოტაჟი ჩაცხრა. რასაც ჩვენ ვამბობდით, კურსი ნელ-ნელა დასტაბილურდა და ქვემოთ მოიწევს“. ლარის კურსი: 1.89
18 დეკემბერი, 2014. ირაკლი ღარიბაშვილი: „ლარის კურსზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“.
ლარის კურსი: 1.91
27 იანვარი, 2015. ნოდარ ხადური: „ლარი ინარჩუნებს პოზიციებს“.
ლარის კურსი: 1.99
28 იანვარი, 2015. ბიძინა ივანიშვილი: „ლართან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოგონილი თემაა ეს და არანაირ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა, რასაც „რუსთავი 2“ ახერხებს. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია“.
ლარის კურსი: 2.01
22 თებერვალი, 2015. გიორგი კვირიკაშვილი: „ქამრების შემოჭერა, _ ეს არის ის პირველი ადეკვატური ნაბიჯი, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა ამ საკურსო ცვლილების გამო. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველ რიგში, ეს არის მორალური ნაბიჯი, ხოლო, მეორე მხრივ, ეს არის ეკონომიკის კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენ მეტი ჟანგბადი დავუტოვოთ ბიზნესს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა, რაც ნამდვილად მოიტანს ხელშესახებ შედეგს. არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილნი, არ გვაქვს ამის არანაირი საფუძველი“.
ლარის კურსი: 2.17
27 მარტი, 2015. ნოდარ ხადური: „მადლობა ღმერთს, შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა, ასე ვთქვათ, შოკუნიები, არის სურვილი ჩვენი ოპონენტებისა, _ ცეცხლში გახვეული ნახონ საქართველო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას“.
ლარის კურსი: 2.23
21 სექტემბერი, 2015. ირაკლი ღარიბაშვილი: „როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე ფინანსთა მინისტრის პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში“.
ლარის კურსი: 2.44
22 იანვარი, 2016. გიორგი კვირიკაშვილი: „აქ არაფერი საგანგაშო ნამდვილად არ არის, ყველა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ოპტიმისტურად განწყობილი ვიყოთ. საქართველოში წელს საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა იქნება და ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ, რომ ნეგატიურ სურათს მოველოდეთ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“.
ლარის კურსი: 2.46
3 ივნისი, 2016. დიმიტრი ქუმსიშვილი: „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტითაც და, ზოგადად, ეკონომიკაში მუდმივად რაც მეორდება, იმის მიხედვით, ლარი ნამდვილად გამყარდება“.
ლარის კურსი: 2.14
18 ოქტომბერი, 2016. ნოდარ ხადური: „გაცვლითი კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით. არაერთხელ განვაცხადეთ როგორც ჩვენ, ასევე ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს“.
ლარის კურსი: 2.38
დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,45 ლარია. ტენდენცია მზარდია, მაგრამ რა იქნება სამომავლოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლევან კალანდაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ ლარი, პრაქტიკულად, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გარკვეული საზომია და მის კურსზე ძალიან კარგად აისახება ის სირთულეები თუ დადებითი ტენდენციები, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში ახლავს ეკონომიკას. ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ გარე და შიდა ბაზარზე მომხდარი ცვლილება მყისიერად აისახება კურსზე. ქვეყანაში არ გვაქვს ფიქსირებული კურსი, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც ეროვნულ ვალუტას ხელოვნურად იჭერენ. ჩვენთან ლარს „მცოცავი რეჟიმი“ აქვს და სწორედ ეს იძლევა საშუალებას, რომ ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილების პარალელურად შეიცვალოს მისი მსყიდველობითი უნარი.
დღესდღეობით ლარის მდგომარეობა ახალი წონასწორობის კურსის ძიებაა. ზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული, ტურისტული სეზონის აქტიური ფაზის დამთავრების შემდეგ, ლარი ცდილობს, წონასწორობის ნიშნული იპოვოს.
საგადამხდელო ბალანსს მე-3 კვარტლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია და მათ, უბრალოდ, უნდა ვენდოთ. სწორი და ზუსტი დიაგნოზის დასმა, სანამ ეს მონაცემები არ გამოქვეყნდება, ძალიან ძნელია. ფაქტია, რომ რაღაც ფაქტორებმა დოლარზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ვიზიარებ, რომ გარკვეული ერთჯერადი ტრანზაქციები გავლენის მომხდენია ლარის კურსზე, მით უფრო, თუ ეს ტრანზაქციები დიდი ოდენობის, მაგალითად, 100-150 მილიონს წარმოადგენს. ამის გარდა, ფაქტია, რომ, გარკვეულწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული, შედარებით ლიბერალური მონეტარული პოლიტიკა, ამ ეტაპზე, გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს. ე.ბ.-მ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის ტარგეტი მაღალია და რისკები არ არის, ფინანსური წონასწორობისთვის გარკვეული ნაბიჯები მაინც უნდა გადადგას. მონეტარული პოლიტიკის ცოტა გამკაცრება საშუალებას მოგვცემს, რომ ე. წ M2, ანუ გრძელი ფულის მასა შევამციროთ.
გარკვეული კოორდინაციისა და დაგეგმვის პრობლემის გამო დონორი ორგანიზაციებიდან გრანტებისა და კრედიტების ნაწილში ბიუჯეტში ჩამორჩენა გვაქვს. როგორც ფინანსთა სამინისტრო ამბობს, ამაზე შეთანხმებები მოღწეულია და მოსალოდნელია, რომ ნოემბრის დარჩენილ პერიოდსა და დეკემბერში ეს დანრჩენილი შემოდინებებიც იქნება.
_ სამომავლო პროგნოზი როგორია?
_ საშუალოვადიან პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება ლარის საგრძნობი რყევა-გაუფასურება გამოიწვიოს, ჯერჯერობით, არ იკვეთება, თუმცა სანამ ამგვარ დიაგნოზს დავსვამდეთ, საგადამხდელო ბალანსის ნახვის აუცილებლობაა. ეს უნდა ვნახოთ და ზუსტი ანალიზი მისი გამოქვეყნების შემდეგ გვექნება. ერთია, რომ მნიშვნელოვანი სირთულეები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით არ იკვეთება, თუმცა გარკვეული რყევები ბაზარზე არის, რასაც ზომების მიღება სჭირდება. ეს შეიძლება იყოს მონეტარული პოლიტიკის მცირედით გამკაცრება და შემოდინებები ხსენებული საპარტნიორო ფონდებიდან.
_ რამდენად შეუძლია ე.ბ.-ს კურსის დაბალანსება და მთავრობის „ქამრების შემოჭერა“ რამდენად შეუწყობს ხელს გაუფასურების აღკვეთას?
_ ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ახალი ეკონომიკური გუნდი სრულ განაცხადს გააკეთებს 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. აქ გამოჩნდება, „ქამრების“ მიმართულებით რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა, მაგრამ მხოლოდ „ქამრების შემოჭერა“ არ არის საკმარისი პირობა, საჭიროა სწრაფი ნაბიჯები ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ეკონომიკური ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის, რადგან, საბოლოო ჯამში, რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ხანძრების ლოკალური ჩაქრობაა, თორემ, საბოლოოდ, სტაბილურობა დამოკიდებულია თავად ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების მასტიმულირებელი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. როცა ქვეყანაში ეკონომიკა, ჯერჯერობით, სუსტი გავქვს, მცირედი ცვლილებების პირობებშიც კი ეს ლარის მერყეობას იწვევს. ეკონომიკის გაჯანსაღება და მასზე ორიენტირებული პოლიტიკის ჩამოყალიბება წამალია. ბუნებრივია, ეს სწრაფად არ ხდება, მაგრამ 2 მიდგომაა საჭირო:
1. პოლიტიკა უნდა წავიდეს პრობიზნესული მიმართულებით;
2. პარალელურად ე.ბ.-მ ეფექტიანად უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი: მას შეუძლია, სხარტი პოლიტიკა გაატაროს, აქვს ბერკეტი მთავრობასთან შეთანხმებით, რადგან ფინანსური პოლიტიკა და ფინანსური სტაბილურობა ის თემაა, რომელიც ვერც ცალკე ე.ბ.-ს და ვერც ცალკე ეკონომიკური გუნდის მიღწევა ვერ იქნება. მხოლოდ კოორდინებულმა, შეთანხმებულმა პოლიტიკამ, როგორც მონეტარულმა, ისე ფისკალურმა და ძირითადი პრიორიტეტების თანხვედრამ შეიძლება სასურველ დონეს მიგვაღწევინოს ქვეყანაში.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ემზარ ჯგერენაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ სულ ლარის 4 დიდი გაუფასურება გვახსოვს: 1. 1999-2002 წლებში, რომელიც დაკავშირებული იყო აზიის ქვეყნების კრიზისთან და მაშინ ლარმა საკმაოდ რთული გზა გაიარა; 2. 2003-2004 წლებში; 3. 2008-2010 წლებში მსოფლიოში არსებული დიდი კრიზისის დროს გაუფასურდა; 4. 2012 წლიდან მოყოლებული ახლაც მიმდინარეობს.
კურსის ცვლილება მუდმივად მოჰყვება გარე ფაქტორებს. ამ შემთხვევაში ბოლო თარიღისთვის გაუფასურების მიზეზი მსოფლიოში დოლარის გამყარება და, ზოგადად, მისი პოზიციაა. ამას დაემატა რეგიონული პრობლემები, რაც ჩვენს მეზობლებს: რუსეთსა და თურქეთს აქვთ.
საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკარგები ვნახეთ ექსპორტში, ასევე ტრანსფერებში, ფულის გადარცხვაში. ყოველივეს ემატება დიდი ტრანსფერების არქონა, ანუ მსოფლიო, აზიის განვითარებისა და ევროპის ბანკებიდან დიდი ტრანსფერი არ განხორციელებულა. შემცირდა კრედიტების ოდენობა ბოლო 2 თვის განმავლობაში და ლარის კურსიც დაეცა.
სამწუხაროდ, ე.ბ.-ს დიდი ბერკეტები არ გააჩნია, მაქსიმუმ, შეუძლია სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები განახორციელოს და როცა „ტრენდი“, მიმართულება ჩამოყალიბებულია, რამდენიმე დღით შეაჩერებს ცვლილებას, შემდგომ არსებული პროცესები ისევ გაგრძელდება ცვლილებამდე.
არის კიდევ მეორე ნაწილი _ შეუძლია, შიდა ბაზარი შეამციროს. ეს ყველაფერი ე.ბ.-მ გამოიყენა და მაინც, ძირითადი ცვლილებები დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ პრობლემებთან.
მთავრობის მხრიდან „ქამრების გადაჭერის“ საკითხი აუცილებელლია, ეს ჩვენ დიდ ეფექტს მოგვცემს. ალბათ, ამას მართლაც მიმართავს მთავრობა და 2017 წლის ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებებს ჩადებს.
მომავალის პროგნოზი, რა თქმა უნდა, რთულია მაგრამ, ვფიქრობ, დეკემბრის ბოლოს ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ამიტომ ველოდებით, რომ 15 დეკემბრის მერე ლარი გამყარდება და იანვარში, ვნახოთ, რა იქნება.
კურსი ყოველდღიურად იცვლება. მომავლის პროგნოზი რთული თემაა. ხადურის არ იყოს, მართლა ვანგას ხომ არ მივმართავთ? ჰოდა, ისღა დაგვრჩენია, ამ სფეროს ექსპერტების მოსაზრებები გავითვალისწინოთ და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
ნინო ტაბაღუა