„ხელისუფლებაში არავინ ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს სულ ცოტა შეეშველოს, როგორც „უჯამაგირო მესაზღვრეებს“ მთაში, ბარში, შირაქში. რაღაც ფორმა მოიძებნოს, უცხო ადამიანებს, ელემენტარულად, აფასებდნენ და არ იყვნენ მიგდებულნი სახელმწიფოსგან“.
ძველ საქართველოში, როცა მეფის კარზე დარბაზი იყო, თუშებს თავისი საკანონმდებლო ორგანო ჰქონდათ სოფლად, რომელსაც თუშები საანჯმნოს ეძახდნენ. საანჯმნოში საუბარი იყო ხოლმე საგმირო საქმეებზე, მტერ-მოყვარეზე, ქცევის ნორმებზე, წეს-ჩვეულებებზე, აგვარებდნენ პატარ-პატარა სასოფლო საქმეებს, სათიბზე გასვლას, ვადების განსაზღვრას, მწყემსობის რიგის დადგენას, დაზიანებული ხიდის შეკეთებასა და სხვას. საანჯმნოები და საფიხვნოები მთის თითქმის ყველა სოფელში იყო და მის დანიშნულებას, აგრეთვე, შეადგენდა მეზობლების შეხვედრა, სჯა-ბაასი, დასვენება-გართობა. აქ ზელდნენ ტყავს, გრეხდნენ თოკს, ამოასხამდნენ ქალამნებს, თლიდნენ თითისტარებსა და ა. შ.
მას მერე მრავალი წელი გავიდა... ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია, დარბაზის ნაცვლად პარლამენტი აქვს. იქ თუშებში კი ისევ იკრიბებიან _ ამ ქვეყნის უჯამაგირო მესაზღვრეები და ძველ ტრადიციულ შეხვედრებს მართავენ....
ჯერ კიდევ 2014 წელს დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მყოფმა მეცხვარეობის განვითარებაზე თამამი და კეთილშობილური განცხადებები გააკეთა: „საქართველოს მთავრობა მეცხვარეობის განვითარების პროგრამაზე მუშაობას იწყებს. პროგრამა მოიცავს ზამთრის საძოვრებისა და ცხვრის გადასარეკი ტრასების მოწყობას, მეცხვარეობის აღორძინების მიზნით მთის რეგიონების მოსახლეობისთვის ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაწევას“. ამ თემაზე კვირიკაშვილთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
იმავე წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ მურთაზაშვილმა მთავრობას თუში ხალხის სახელით ვრცელი წერილი გაუგზავნა. ამონარიდი წერილიდან:
„მეცხვარეების სადგომი ბინები თუშეთსაც და შირაქ-სამუხშიც განთავსებულია უშუალოდ სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრში და, როგორც ცნობილია, თუში მეცხვარე ისტორიულად ითვლება სახელმწიფო საზღვრის შეუვალ დამცველად, ქართველ სამხედრო მესაზღვრეებთან ერთად წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვან გარანტს სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთებში. იმ შემთხვევაში, თუ მეცხვარეობა შეწყვეტს არსებობას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ეფექტიანობა ამ პერიმეტრში მკვეთრად შემცირდება. ამასთან, თუშური ცხოვრების წესით მოცული გეოსოციალური არეალი მდებარეობს ევროპულ და აზიურ ცივილიზაციათა შესაყარზე და თუშთა ტომს ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც უნდა ჰქონდეს ევრაზიულ კულტურათა შორის სახალხო-დიპლომატიური დიალოგის ფუნქცია, რომელიც ეყრდნობა ამ ტომისათვის დამახასიათებელ ქართულ ეროვნულ იდენტურობასა და კავკასიური ტოლერანტობის ისტორიულად შეულახავ პრინციპებს...
რაც შეეხება მეცხვარეობის ეკონომიკურ მახასიათებლებს, ტიტანური შრომით შექმნილ პროდუქციაზე მოთხოვნილება იმდენად მცირეა, რომ ვერ ანაზღაურებს გაწეულ შრომით და მატერიალურ დანახარჯებს. ცხვრის ხორცის ძირითადი მომხმარებელია აზერბაიჯანელი მოსახლეობა და ეს უნიკალური ჯიშის ცხვრის დიდი რაოდენობა მინიმალურ ფასებად, კერძო შუამავლების მეშვეობით გაედინება აზერბაიჯანსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში. მატყლის ფასით უახლოეს წარსულში მეცხვარე მთელ დანახარჯებს ანაზღაურებდა, დღეს კი მისი სარეალიზაციო ბაზარი საქართველოში საერთოდ არ არსებობს და ძალიან ბევრი მეცხვარე მას, უბრალოდ, თავს ანებებს საპარსებზე, რადგან მატყლის ფასი ვერ ფარავს ტრანსპორტირების ხარჯებსაც კი.
თუშური ცხოვრების წესს კარგად ახსოვს მასზე განხორციელებული „კომუნისტური მენეჯმენტის“ ექსპერიმენტები: 1928 წელს თუშური ცხვრის მეტიზაციის 30-წლიანი პროცესი „ნაზმატყლიანი, ცხიმკუდიანი ქართული ჯიშის ცხვრის“ გამოყვანის მიზნით; 1961 წელს ეს ექსპერიმენტი შეწყდა იმის გამო, რომ სხვადასხვა დროს ახალი ცხვრის ჯიშის ექსპერიმენტული ფარის უდიდესი ნაწილი აბანოს უღელტეხილზე გადასვლისას დაიხოცა (ვერ გაუძლო რთულ კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებს). როდესაც მთავრობამ დადგენილება მიიღო თუშური ცხვრის ჯიშობრივი აღწარმოების (უკუპროცესი) შესახებ, იგი იმდენად გადაჯიშებული იყო, რომ ქვემო ქედის კოლმეურნეობაში, კერძო პირის ფარაში, ძლივს მიაგნეს 100 სულ თუშური ჯიშის დედა ცხვარს. 1961 წელს ამ ჯიშის აღდგენის ღონისძიებები დაიწყო და ეს პროცესი დღესაც არ დამთავრებულა.
მეორე ექსპერიმენტი დაიწყო 1949 წელს, როდესაც სამთავრობო დადგენილებით თუშებს ჩამოერთვათ შირაქში დილიჩის 12000 ჰა საძოვარი, რადგან „ბერიას დადგენილებით“ საქართველოს თავისი თავი უნდა გამოეკვება ხორბლით. ეს ტერიტორია გადახნეს, თუშები კი თავისი ცხვრით ყიზლარისა და შირვანის გზებს (ფეხით) გაუყენეს. 1952-1954 წლების მკაცრი ზამთრების გამო ცხვრისა და ცხენის მთლიანი სულადობა ყიზლარსა და შირვანში განადგურდა, ხოლო სახლში მწყემსები და ძაღლები დაბრუნდნენ.
1950-იანი წლებიდან დაიწყო კიდევ ერთი სამთავრობო ექსპერიმენტი: თუშებისა და სხვა მთიელების იძულებით ჩამოსახლება ბარში. თუშეთის სახნავ-სათესი ფართობები საძოვრებად გადაეცა მეცხვარეობას, რამაც გამოიწვია თუშეთის სოფლების მიმდებარე „ნაძრავი მიწების“ შეუქცევადი ეროზიული პროცესები და დღესაც გომეწრის ხეობის სოფლების უმრავლესობას სრული განადგურება ემუქრება.
ასეთ მდგომარეობას დაემატა წინა ხელისუფლების მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით 1 ჰა საძოვარზე საიჯარო ქირის 25 ლარით და ქონების გადასახადის 10 ლარით განსაზღვრა. მეცხვარეობის შემოსავლების თითქმის ნულოვანი ზრდის პირობებში (მატყლის ფასი, მისი ბაზრის უქონლობის გამო, საერთოდ ამოთიშულია ცხვრის შემოსავლებიდან) გადასახადების ზრდა პირდაპირი გზაა ამ დარგის უკვე კერძო სექტორის სრული განადგურებისკენ. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს დადგენილება ფისკალური ნონსენსია, ხოლო იურიდიული თვალსაზრისით _ სახელმწიფო რეკეტი“.
ორი წლის შემდეგ თუში ხალხის ცხოვრება აუტანლად დუხჭირი გახდა, განსაკუთრებით მათი, ვინც მთაში სეზონურად ადის და ზამთარში ბარში მხოლოდ იმიტომ ჩამოდის, რომ მთაში შიმშილს თავი დააღწიოს. დღეს ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის 99%-ს მთაში სახლი ისევ აქვს, იქ, უბრალოდ, ზამთარში არ ცხოვრობს, სოფლები ზამთარში ცარიელდება, არც ბავშვებისთვისაა განათლება, არც სამედიცინო მომსახურებაა, თუმცა გამოზაფხულებასთან ერთად თუშები დედაწულიანად ბარიდან აიყრებიან და ისევ მთას მიაშურებენ, საიდანაც უმეტესობა გვიან შემოდგომამდე არ ჩამოდის. საცხოვრებელ ადგილად რეგისტრაცია კი, ბუნებრივია, ზემო და ქვემო ალვანში, ან ლალისყურში აქვთ, ბარის სოფლებში. სწორედ მათმა სარეგისტრაციო მისამართმა მთის კანონის სიკეთეები მათზე აღარ განსაზღვრა. თუშები დღეს მთის კანონის ლაფსუსებსა და ხელისუფლების გულგრილობაზე საუბრობენ.
ირაკლი უჯირაული ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დეპუტატია, მთის კანონის შექმნის პროცესში მან არაერთი წერილი გაუგზავნა კანონმდებლებს, თუმცა უშედეგოდ.
„ქრონიკა+“-ს ირაკლი უჯირაული ესაუბრება:
_ ბატონო ირაკლი, რა პრობლემები აქვთ თუშებს ბარსა და მთაში?
_ ბარსა და მთაში თუშები ერთი პრობლემით ცხოვრობენ, იმიტომ, რომ რა პრობლემაც მთაშია, ის აისახება ბარის მოსახლეობაზეც. ბუნებრივია, თუშების შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს მომთაბარე მესაქონლეობა და, შესაბამისად, თუ მომთაბარე მესაქონლეობას უჭირს, ე. ი. ყველას უჭირს _ ბარში მცხოვრებსაც და მათში მცხოვრებსაც... რეალურად, სახელმწიფო არ ზრუნავს მეცხვარეობის განვითარებაზე. მეცხვარე მთლიანად დამოკიდებულია საკუთარ თავზე და ძალიან უჭირს, იხრჩობა საბანკო ვალებში, რაც ყველა მოსახლეზე აისახება ბარშიც და მთაშიც. მატყლი არ იყიდება. ჩამოტანას აზრი არ აქვს, რადგან არავინ ზრუნავს, რომ რაღაც ფორმით შეეშველოს მწყემსებს. პრობლემებია საძოვრებთან დაკავშირებითაც, _ შეუსაბამოდ ძვირია, კალკულაცია არავის გაუკეთებია, თუ რა ჯდება, რეალურად, ცხვრის გამოზამთრება. მთელი წელი მეცხვარე სამჯერ იხდის გადასახადს: ეს არის მთაში გადასახადი, გზაზე მოძრაობის გადასახადი შირაქისაკენ და კერძო მესაკუთრეებისგან იჯარით იღებს ნაკვეთებს შირაქში.
სად წერია, რომ ადამიანს ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გადაეხადოს გადასახადი?! ამ პრობლემას ხელისუფლებისგან ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება. გარდა ამისა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ, კომუნისტების მერე (სამწუხაროდ, ეს უნდა ითქვას), ვერ მოიცალა ამისთვის, რომ გადასარეკი ტრასები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.
_ თუმცა 2014 წელს დღევანდელმა პრემიერმა დაპირება გასცა სხვა მინისტრებთან ერთად სწორედ ამ გადასარეკი ტრასების შექმნაზე.
_ პირუტყვის გადასარეკი ტრასები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, გაიყიდა, პრივატიზაცია მოხდა, ზოგან ნაგავსაყრელად იქცა და მოსახლეობას ასფალტზე უწევს ცხვრის გადარეკა. შემდეგ საქონლის გადარეკა იწვევს ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოფით პრობლემებს: მშიერი საქონელი ვიღაცის ნაკვეთში შევარდება, მეპატრონე ყვირის. ვიმეორებ: ვერც ერთმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ვერ მოიცალა ამ პრობლემისთვის. მხოლოდ საარჩევნოდ გვატყუებენ, რომ ამას მივხედავთო...
_ ცხვრის რეალიზაციის საკითხი როგორ დგას?
_ თოხლის რეალიზაციით მიღებული თანხა ძირითადი შემოსავალია თუში მოსახლეობისთვის, შესაბამისად, ათასობით ადამიანია დასაქმებული ამ სექტორში და თოხლის გაყიდვას ელოდება _ როგორც მეპატრონე, ასევე მწყემსი, რომ ხელფასი აიღოს. თუ მწყემსი ვერ გაყიდის ამ საქონელს, შესაბამისად, ხელფასს ვერ გასცემს. ასეა, ხალხი იხვეწება, რომ 120-125 ლარად გაყიდონ თოხლი, ამაზეც არავინ ზრუნავს. პრესაშიც ერთი ამბავია, რომ სომხური ცხვარი შემოჰყავთ, რომელსაც მერე ქართულ ცხვრად ასაღებენ და, საბოლოო ჯამში, ქართულ ცხვარზე მოთხოვნა დაეცა, შესაბამისად, ჩაწვა. არ იყიდება არათუ ის, რომ ძვირია და ფასია მიუღებელი, ფიზიკურად აღარ არის მყიდველი.
_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
_ სისტემურად! არავინ არის ისეთი, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე იზრუნოს.
_ რაც შეეხება მთის კანონს?!
_ მიმდინარე წელს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი ამოქმედდა. ამ კანონმა გვერდი აუარა თუშების თემს, თუ არ ჩავთვლით 30-35 ადამიანს, რომელიც ზამთარში ომალოში, თუშეთში რჩება. მე ვამბობ, რომ ეს კანონი უნდა შეხებოდა არა მარტო მთის მოსახლეობას, არამედ მთის იმ მოსახლეობასაც, რომელიც მხოლოდ ზამთარში ჩამოდს ბარში.
_ ე. ი. თუშებზე ეს კანონი სრულად ვერ გავრცელდა?
_ თავიდანვე პოპულისტური კანონი იყო, რომელიც რეალურ შედეგზე კი არ გათვალეს, არამედ შთაბეჭდილება უნდა შეექმნა, რომ ხელისუფლება ზრუნავს მაღალმთიან რეგიონებზე. კიდევ ვიმეორებ: მე ვმონაწილეობდი, როგორც თუშეთის თემის საინიციატივო თემის წარმომადგენელი, ამ კანონპროექტის განხილვაზე და მის ავტორებს შევთავაზე, რომ ჩემი წინადადება გაეგზავნათ თბილისში შესაბამის კომიტეტში, რომ შემოგვეღო ტერმინი: „ხალხთან მუდმივად მცხოვრებ პირთან გათანაბრებული პირი“; ეს იყო ჩემი ინიციატივა. ამ რიცხვში შევიდოდნენ მწყემსები, სასტუმროს ბიზნესით დაკავებული პირები და ა. შ., ანუ ორმაგი ტერმინი შევთავაზე: „გათანაბრებული პირი“ და „ხალხთან თავის საქმიანობით მუდმივად დაკავშირებული პირი“, ე. ი. ხალხთან მუდმივად დაკავშირებული პირი არის მწყემსი, ის მთის გარეშე ვერ იარსებებს და არა მგონია, ხელისუფლებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი იყოს, დავუშვათ, შირაქში, ელდარში მცხოვრებლების პრობლემები, ვიდრე, თუნდაც, პანკისის ხეობაში, ან თუშეთში, იმიტომ რომ მხარე დაცლის პირას დგას.
_ სად არიან ეს მწყემსები რეგისტრირებულნი საცხოვრებლის მიხედვით, ბარში?
_ კი, ბუნებრივია, მათი ოჯახები, ცოლ-შვილი, მშობლები, მხოლოდ ზამთარში არიან ბარში, ზაფხულში ძალადაც რომ უნდოდეს ვინმეს, თუშს ბარში ვერ დააკავებ, მას მთა სწყურია. პირდაპირ გეტყვით: თუში მწყემსების ჯგუფი, თბილისიდან მოყოლებული, საზღვრის მთელ პერიმეტრზე ერთადერთია, ვინც ქართულად საუბრობს! საქართველოს სახელმწიფო საზღვარს ისინი კომბლებით იცავენ, ფაქტობრივად, ვერავინ გადმოდის! არავინ ფიქრობს ხელისუფლებაში, რომ ამ ადამიანებს სულ ცოტა შეეშველოს, როგორც „უჯამაგირო მესაზღვრეებს“! მთაშიც, ბარშიც, შირაქში რაღაც ფორმა მოიძებნოს, უცხო ადამიანები, ელემენტარულად, დააფასოს და მიგდებული არ იყვნენ სახელმწიფოსგან.
ეს ყველაფერი მოშლილია! რეალურად, მომთაბარე მესაქონლეობის დარგი კვდომის პირასაა! ვერ მოძებნით მწყემსს, ფარის მესაკუთრეს, რომელსაც ბანკის ვალი არ ჰქონდეს და ხვალ რომ ბანკმა თავისი ვალის უკან წაღება მოითხოვოს, რამდენ ადამიანს დარჩება ცხვარი და რამდენი იქნება ეს ცხვარი, კაცმა არ იცის.
_ რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ეს უყურადღებობის პროცესი?
_ შედეგი სახეზეა. ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის პრობლემები არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მოსახლეობა მასობრივად დაიძრა სოფლიდან. რაც ჩემთვის ცნობილია, 1800 სახლი დგას ზემო ალვანში, 1800 სახლიდან ადრე ინფორმაცია მომაწოდეს, რომ 1200 ოჯახი მოიხმარდა ელექტროენერგიას. შესაბამისად, 1200 ოჯახში ცხოვრობდა ადამიანი. დანარჩენი სახლები ცარიელია, სერიოზული მიგრაციაა!
_ იცით, რა მაინტერესებს? _ თელავის მუნიციპალიტეტის უახლოესი სოფელია ტეთრწყლები. როგორ მოხვდა იგი მთის ზონაში და როგორ ვერ მოხვდა ზემო და ქვემო ალვანი, როგორ მოხვდა პანკისის ხეობა და როგორ ვერ მოხვდა თუშური დასახლება?
_ სიმაღლე იყო მისი ერთ-ერთი ფაქტორი. მთიან ზონაში, თუ არ ვცდები, 800-1000 მეტრზე უნდა ყოფილიყო სოფელი. მერე არა მარტო ეგ სოფელი, პანკისის ხეობაც მოხვდა ამ კატეგორიაში და მთლიანი ხეობა _ მატნის ზემოთ საკობიანოს ჩათვლით მიიღებს ამ კანონის ყველა სიკეთეს, მათ შორის, მომატებულ პენსიასა და სხვა შეღავათებს. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება ზრუნავს, მათ შორის, პანკისის ხეობაზე და იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, მაგრამ ეს მოსახლეობაში კითხვის ნიშნებს წარმოშობს.
ახმეტაში, ილტოს ხეობაში, ეს პრობლემებია! კანონმდებლობით ილტოს ხეობა სრულად ვერ აითვისეს და ზონაში ხეობის ნაწილი ხვდებოდა. მერეღა მუნიციპალიტეტმა, მათ შორის, პოლიციის მოთხოვნითაც, მიმართა ზემდგომებს, რომ ყველა სოფელი დაემატებინათ. ერთი-ორი სოფელი გამორჩათ. ილტოს ხეობა, სადაც უამრავი პრობლემაა, დემოგრაფიული კატასტროფის პირას დგას და დაცლილია. ყველაზე ლამაზ ილტოს ხეობაში მოსახლეობისთვის არ არის ელემენტარული პირობები, სამედიცინო პუნქტი, მაღაზიაც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, ილტოს ხეობას ეს კანონპროექტი ასცდა, მერე მცდელობა იყო, რომ ჩასმულიყო და ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გასული ეს საკითხები. სამწუხაროდ, პოლიტიკური მიზეზები გამოსჭვივის ხოლმე ასეთი სტატუსების მინიჭების უკან.
_ თუ გეგმავს თუშური თემი, საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს ახალ პარლამენტში?
_ ზუსტად მაგის თქმა მინდა: ჩემი კამპანიის პერიოდში ჩემს ამომრჩეველს ვპირდებოდი, პირველი რასაც გავაკეთებდი, თვითმმართველობაში მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში ცვლილებას შევიტანდით. პირველ რიგში, მომთაბარე მესაქონლეებს შეეხებოდა სიახლეები. როგორ წარმოგიდგენიათ, კანონის მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ ცხრა თვე უნდა ცხოვრობდეს იმ სოფელში. ეს არის ძალიან მოუქნელი სისტემა და ბევრ კითხვას გააჩენს შემდგომშიც, რომ თუ მოუხსნიან, რატომ მოუხსნეს, ხოლო ვისაც არ მოუხსნიან, რატომ არ მოუხსნეს? ამიტომ ეს ტერმინი კანონში მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევიდეს: „ხალხთან მუდმივად დაკავშირებული პირის“, ან „მთაში მუდმივად გათანაბრებული პირის“, რომელიც შინაარსობრივად ერთი და იგივე აზრის მატარებელია. ეს ცვლილება უფრო განავრცობს ამ კანონის მოქმედებას. დაახლოებით 700-800 მწყემსზე რომ გავრცელდეს, რა მოხდა, არ დაიღუპება სახელმწიფო და ისინიც კმაყოფილი იქნებიან, გადასახადი შეუმცირდებათ და სხვადასხვა შეღავათს მიიღებენ.
მაკა მოსიაშვილი