საქართველოში ოფიციალური მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა 3.537,719 ადამიანს შეადგენს. 2014 წლის საყოველთაო აღწერამ საქართველოში 3.727.000 ადამიანი აღრიცხა. არჩევნებამდე ბევრისგან მომისმენია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის 35% მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომიისის დასკვნით არჩევნებზე ამომრჩეველთა 51%-მა მიიღო მონაწილეობა. საბოლოო მონაცემებით, სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი: „ქართულმა ოცნებამ“ 48.6% (856 858 ხმა) მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27.14% (478 417 ხმა), „პატრიოტთა ალიანსმა“ კი 5% (88 032 ხმა).
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 4.61% (81 355 ხმა) მიიღო, „ნინო ბურჯანაძე _ დემოკრატიულმა მოძრაობამ“ _ 4.54% (62 322 ხმა), „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის“ _ 3.45% (60 784 ხმა), „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 3.13% (55 201 ხმა). დანარჩენმა, ჩვენ მიერ ჩამოთვლილმა პარტიებმა კი პოლიტიკური სუბიექტის სტატუსი მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან ეს პარტიები დაფინანსდებიან.
ბალზაკის აზრით: „ყველა დიდი წარმატების უკან დანაშაულია“. და თუ ბალზაკის ლოგიკით ვიმსჯელებთ, 8 ოქტომბრის „ქართული ოცნების“ დიდი წარმატების უკან დანაშაულიც უნდა ვეძებოთ.
საერთო ჯამში კი ამომრჩეველს, ძირითადად, ჰქონდა ნების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა, თუმცა კვლავ გაგრძელდა ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი კონტროლის მცდელობები, რაც გამოიხატებოდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების აქტივისტების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვაში. აღსანიშნავია, რომ არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდნენ გაურკვეველი სტატუსის მქონე პირები, საჯარო მოხელეები და „ქართული ოცნების“ აგიტატორები.
როგორ ჩაიარა არჩევნებმა კახეთში? თითქოს მშვიდად, აუღელვებლად, მაგრამ მაინც არადემოკრატიულად... 2016 წელს კახეთის არაქართულ სოფლებში კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი, რომ გასული წლების არც ერთი შეცდომა გამოსწორებული არ არის, პირიქით, არჩევნები ისევ ისე ჩვეულ რეჟიმში მიდის....
დაახლოებით ერთი საუკუნის წინათ ილია ჭავჭავაძემ საქართველოს მოამბეში არჩევნებისადმი მიძღვნილი პუბლიცისტიკა გამოაქვეყნა, მეორე დღეს თავად კანდიდატმა ჭავჭავაძემ არჩევნები წააგო... ერთი საუკუნის წინათ ნათქვამი ილიას სიტყვები აქტუალობას დღესაც არ კარგავს...
„ხვალ განკითხვის დღეა. განკითხვის დღე იმისი, თუ ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენის ავკარგიანობისათვის. კანონმა ნება მოგვცა, ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ... ყველამ ერთად რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ, _ ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა... გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი და, ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინდისი არ გეუბნებათ“.
კახეთის 6 ოლქში, წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ). თუმცა 50%-იანი ბარიერი მმართველმა პარტიამ მხოლოდ 25 ოლქში გადალახა.
პროცენტულად შედეგები ოლქების მიხედვით ასეთია:
23-ე _ საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქი: „ქართული ოცნება“ _ 47,04%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) _ 25,26%; „პატრიოტთა ალიანსი“ _ 13,43%.
24-ე _ გურჯაანის მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნება“ _ 44,75%; „ენმ“ _ 32,54%; „პატრიოტთა ალიანსი“ _ 4,88%.
25-ე _ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნება“ _ 53,76%;
„ენმ“ _ 25,69%; „პატრიოტთა ალიანსი“ _ 5,44%.
26-ე _ ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნება“ _ 41,08%; „ენმ“ _ 30,73%; „თავისუფალი დემოკრატები“ _ 10,51%.
27-ე _ თელავი-ყვარლის მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნება“ _ 39,2 ; „ენმ“ _ 35,8%;
„პატრიოტთა ალიანსი“ _ 5,61%.
28-ე ახმეტის მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნება“ _ 46,07%; „ენმ“ _ 32,03%; „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ _ 5,33%.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს მოუწოდებდა, კენჭისყრის დღეს, პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით მიემართათ შესაბამისი საუბნო-საარჩევნო კომისისთვის, ეს მოწოდება საპნის ბუშტი უფრო აღმოჩნდა და აი, ასე, არჩევნების დაწყებისთანავე გასკდა, არაერთი საჩივრის დაწერის დროს კომისიის თავმჯდომარეები კომისიის ბეჭედს საჩივარს არ ურტყამდნენ და რეაგირების გარეშეც ტოვებდნენ.
საგარეჯო
მაგალითად: ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტმა, ალეკო გეთიაშვილმა, #23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის დუზაგრამის #38 უბანზე საჩივარი დაწერა. ის ამბობდა, რომ ცესკოს მიერ აკრედიტებული ჟურნალისტის უფლება დაირღვა, რადგან კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა უფლება, კენჭისყრის ოთახში შესულიყო და დაკვირვება განეხორციელებინა. კომისიის თავმჯდომარე, იმადადინ ნიაზოვი, ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ჟურნალისტი უბანზე იმყოფებოდა და პროცესებს პრობლემების გარეშე აკვირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ვიდეო გადაღებაც, კომისიის თავმჯდომარე არ თმობდა პოზიციას და არ სურდა, საჩივარი დაერეგისტრირებინა. საგარეჯოს საარჩევნო ოლქში დუზაგრამის #39 საარჩევნო უბანზე, რომელიც საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული, ამომრჩევლები ხმის მიცემას ვადაგასული და სხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობებით ცდილობენ. საგარეჯოს საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ მღებრიშვილის განცხადებით, საოლქო-საარჩევნო კომისიისთვის მსგავსი პრეტენზიით არავის მიუმართავს. მიუხედავად ბატონი ზურაბის განცხადებისა, დამკვირვებლები აცახდებდნენ, რომ არჩევნები ამ ფორმით მიდიოდა.
საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე დილის 7-დან 8 საათამდე კენჭისყრის შენობაში ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები არ შეუშვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა. საჩივარში არ არის აღნიშნული, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები არ შეუშვეს კენჭისყრის შენობაში. დამკვირვებლის განმარტებით, ის კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა და ვიდრე უბანი არ გაიხსნა, გარეთ ვერ გავიდა. საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, ზურაბ მღებრიშვილის განცხადებით, როდესაც უბანზე საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები მივიდნენ, კენჭისყრის შენობაში უკვე მიმდინარეობდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები, რის გამოც ისინი შენობაში დროებით ვერ შეუშვეს.
ახმეტა _ საარჩევნო წყევლა
ახმეტის საარჩევნო ოლქში, სოფელ ხალაწანში, საუბნო-საარჩევნო კომისიის 2 წევრი „ბურჯანაძე _ დემოკრატებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭისყრის შენობაში 45 წუთის განმავლობაში არ შეუშვეს. კომისიის წევრების თქმით, მათ პასპორტები თან არ ჰქონდათ. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებდა. ამის გამო საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩატარებულ პროცედურებში კომისიის აღნიშნულმა წევრებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. ისინი კენჭისყრის შენობაში 07:45 საათზე შეუშვეს. ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მინდია იუკურიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ საოლქო- საარჩევნო კომისიასაც შეატყობინეს, თუმცა რეაგირების მომენტისთვის პრობლემა უკვე ამოწურული იყო. სოფელ ყარაჯალაში #59 საარჩევნო უბანზე კომისიის ერთ-ერთ წევრს, რეგისტრატორს, მაგიდაზე „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა აქვს განთავსებული. ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა. პანკისის სოფელ ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში, კომისიის წევრები ქისტურ ენაზე ამომრჩევლებს მოუწოდებენ, „ქართული ოცნების“ გარდა სხვა პარტიებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს ხმა არ მისცენ. ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, კომისიის წევრები ქისტურად იწყევლებიან კიდეც. ეს ინფორმაცია „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ რამდენიმე ამომრჩეველმა დაუდასტურა. კომისიის წევრები არ ადასტურებენ, რომ ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას მოუწოდებენ.
ლაგოდეხი _ დაკარგული ბიულეტენები და ბიულეტენზე გამქრალი კანდიდატი
ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, კაბალის მე-18 უბანზე საარჩევნო ყუთში არასრულად შევსებული საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს. საკონტროლო ფურცელში ამომრჩევლის პირადი მონაცემები სრულად არ იყო შეტანილი. ამავე უბანზე, თითქმის, 2 საათის განმავლობაში, არ უშვებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს. ის კენჭისყრის შენობაში მას შემდეგ შეუშვეს, რაც საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, გურამ კაკალაშვილი მივიდა.
ოპოზიციური პარტიებიდან მაჟორიტარობის კანდიდატების ინფორმაციით, სოფელ კაბალში ერთი და იგივე ამომრჩევლები რამდენჯერმე, სხვადასხვა უბანზე აძლევენ ხმას. მაწიმის საარჩევნო უბანზე ზოგიერთ ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ კაკალაშვილი შეყვანილი არ აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მას ამომრჩევლებმა და უბანზე მყოფმა მისმა წარმომადგენლებმა მიაწოდეს. იმის გარდა, რომ ბიულეტენში თავად კანდიდატი არ ეწერა, სოფელ მაწიმის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებზე გაცემული მაჟორიტარული ბიულეტენები სხვა საარჩევნო ოლქის აღმოჩნდა. დარღვევის აღმოჩენის შემდეგ კომისიის წევრებმა გამოარკვიეს, რომ ბიულეტენების სამი შეკვრა შეცდომით იყო მაწიმის უბნისთვის გადაცემული. ლაგოდეხის საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მარიკა გიორგაძის განცხადებით, ბიულეტენების სამი შეკვრა დაილუქა, უბანში კენჭისყრა გრძელდება. „რაც შეცდომით არის ყუთში ჩაყრილი, კენჭისყრა რომ დასრულდება და ვნახავთ, მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“.
ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, სოფელ კაბალში, საჯარო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, ერთი და იგივე ამომრჩევლები ხმის მისაცემად მიკროავტობუსით სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიჰყავთ. ამ ინფორმაციას ლაგოდეხში „ირაკლი ალასანია _ თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ მჭედლიძე ავრცელებდა.
სოფელ კაბალში, ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულები იყვნენ, ძირითადად, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, სპეციალური სიებით, სადაც აღრიცხავენ, საარჩევნო უბანში რომელმა აგიტატორმა რამდენი ადამიანი მიიყვანა. თავის მხრივ, აგიტატორებს აქვთ სიები, სადაც აღრიცხავენ, ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ვინ _ არა.
ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში სხვადასხვა საარჩევნო უბნის შესასვლელთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები და უბანზე მისული ამომრჩევლების ვინაობას წინასწარ შედგენილ სიებში აფიქსირებდნენ. მსხალგორის საარჩევნო უბანზე მათთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გოდერძი ბარბაქაძეც იმყოფებოდა.
გურჯაანი
გურჯაანში არჩევნების შედეგები გამოქვეყნებული არ იყო, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები უკვე ზეიმობდნენ და დროშებით დაქროდნენ ქუჩაში, თუმცა არჩევნები ცოტა კურიოზებითაც დაიწყო. მაგალითად: გურჯაანი _ 33 (კარდენახი) საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, #31 უბანზე კი (კარდენახი) ძირითადი ყუთი დალუქეს და აღმოჩნდა, რომ შიგ ჩარჩათ ექვსივე სახაზავი. 35 _ (მელაანი) საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში #2529201-2529250 (ბლოკნოტი #050585) კანონით დადგენილი 50 ბიულეტენის ნაცვლად აღმოჩნდა 51 ბიულეტენი!
არჩევნების დასრულების შემდეგ კი შემაჯამებელი ოქმების უმრავლესობაში ბალანსი არ ემთხვევა. 21-ე საარჩევნო უბნის მაჟორიტარული ოქმი _ ერთი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერძე დევს, მეორე საუბნო-საარჩევნო კომისიის მიერ არის გაცემული. ერთგან წერია, რომ არჩევნებში ამ უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 639, ხოლო მეორეგან კი _ 139.
24.12.35 და 24.12.23. საარჩევნო უბნების მაჟორიტარულ ოქმებში ბალანსი არასწორადაა გამოყვანილი და ოქმებიდან ჩანს, რომ ამომრჩეველი ნაკლები იყო, ხოლო ყუთიდან კი მეტი ბიულეტენი ამოვიდა, ხოლო 24.12.09. საარჩევნო უბნის პროპორციული ოქმი _ ერთი ცესკოს გვერდზე დევს, მეორე საუბნო-საარჩევნო კომისიის მიერ არის გაცემული. ცესკოს გვერდზე ატვირთულ ოქმზე 17 ამომრჩეველი გამქრალია და სხვა ციფრები წერია.
24.12.35 და 24.12.42 საარჩევნო უბნების პრპორციული ოქმები _ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდიდან და გაცემული საუბნო-საარჩევნო კომისიის მიერ ოქმებში კვლავ სხვაობაა. ვებგვერდზე ატვრითულ ოქმებს დამატებული აქვს თითო ამომრჩეველი, ანუ +1.
ამოცანა გვეკითხება: ოქმი ერთია და არა ორი, ან ასი... არნიშნულ ოქმს კომისიის წევრები ხელს აწერენ, შემდეგ ასლებს აკეთებენ და ყველას თავის პარტიაში მიაქვს, ხოლო დედანი ოლქში იგზავნება, შემდეგ კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე თავსდება. როგორ აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე ოქმები სხვადასხვა ვიზუალური სახით გვევლინება?!
სიღნაღი-დედოფლისწყარო
სიღნაღი-დედოფლისწყარო მომდევნო 4 წლის მანძილზე კვლავ ჩრდილოეთ კორეა იქნება, მათი კიმ ჩენინი კი ახლა უკვე გამარჯვებული კანდიდატი, ირაკლი შიოლაშვილი გახდება.
30-ე მაჟორიტარულ ოლქში, სიღნაღში, 29-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ხელმოწერით და ბეჭდით წინასწარ ამოწმებდა, ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, მიხელ ბენიძემ განაცხადა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მანანა მჭედლიშვილმა განუმარტა, ამომრჩევლის მისვლისას რეგისტრატორმა წინასწარ მხოლოდ ერთი ბიულეტენი დაამოწმა. „დამკვირვებელმა ისე, რომ შენიშვნა არ მისცა, პირდაპირ საჩივარი დაწერა და რეაგირებას ითხოვს. თავმჯდომარემ უკვე გააფრთხილა რეგისტრატორი, რომ ასე აღარ მოიქცეს“, _ განაცხადა მჭედლიშვილმა,
თუ იმას არ ჩავთვლით, რომ დედოფლისწყაროში ორი მინისტრის მოადგილე და ერთი ყოფილი პრემიერი ერთად ატარებდნენ არჩევნებს და ხალხსაც თავისი მოქალაქეობრივი ვალის გამოხატვა თამაზაშვილის ვალდებულებად აქვს აღებული, რომ 41 უნდა შემოხაზონ, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა...
თელავი
ნიკა ვარდოშვილი: „კახეთში შალაურელებმა გრიგოლიჩს გოგრა დააჭერინეს“.
თელავის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი არცევნებს ასე ეხმაურება: „რა ტყუილად დაარიგეთ შალაურსა და კისისხევში 15 თუმანი „ჩიმაროს“ იქაურმა მიმდევარმა და ამ ფონზე მაინც წააგეთ ეს სოფლები. მგონი, დღეს რა ამბავი იყო სუს-ში. შალაური და კისისხევი ის სოფლებია, რომლებმაც გრიგოლიჩს სერიოზული ფული აახია“.
შალაური თელავის ერთ-ერთი სოფელია. გავრცელებული მითით ამ სოფელში საუკეთესო გოგრა მოდის, ამიტომ კახელები შალაურელებს გოგრიჭამიებს ეძახიან.
ნიკოლოზ ვარდოშვილი „ქრონიკა+“-თან ასეთ განმარტებას აკეთებს:
„შეხედეთ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა? წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო და რაც ყველაზე მთავარია, ფინანსური რესურსები გამოიყენეს, თუმცა თელავის რაიონის მაგალითზე უნდა ითქვას, რომ ხალხი ფულზე არ გაიყიდა, ივანიშვილისთვის რაც ყველაზე რთული გადასატანია, ეს ფულის დაკარგვაა, რადგან როგორც ცნობილია, ის უძუნწესი ადამიანია. შესაბამისად, სოფელ შალაურში გრიგოლიჩის დარიგებული ფული შალაურელებს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ჯამში კი კახელებმა კარგი არჩევანი გააკეთეს, 4 წელი რაც ტყუილი მოისმინეს ხელისუფლებისგან, ახლა ხელისუფლებას უკან მოატყუეს, გრიგლოიჩს 15 თუმანიც გამოართვეს და „ქართულ ოცნებასაც“ ხმა არ მისცეს. ეს არჩევნები გრიგოლიჩის გაფრთხილებად უფრო შემიძლია მოვნათლო, ვიდრე „ქართული ოცნების“ გამარჯვებად“.
P. შ. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ პირველიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში 4 960 050 ლარის ოდენობით შემოწირულობა მიიღო. აქედან, ამავე პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებისგან უშუალოდ გადარიცხული თანხა იყო 1 183 000 ლარი, რაც შემოწირულობათა სრული ოდენობის, თითქმის, 1/4-ს შეადგენს და ყველა სხვა პარტიის მთლიან შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სექტემბრის 3-კვირიანი დეკლარაციები გამოქვეყნდა. დეკლარაციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ პირველიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში 4 960 050 ლარის ოდენობით შემოწირულობა მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ ბევრი დახარჯა, ჯამში, მაინც ვერ მიიღო კახეთში ის შედეგი, რასაც ელოდა, რადგან 6 ოლქიდან მეორე ტური 5 ოლქში გარანტირებულია.
საგარეჯოს 23-ე ოლქის 50 უბნიდან მონაცემები დათვლიალია 44 უბნის მიხედვით:
ზურაბ ჭიაბერაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) _ 25.17%; ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“) _ 19.76%;
რომან მუჩიაშვილი _ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ _ 46.46%.
გურჯაანის 24-ოლქის 51 უბნიდან 47 უბნის მონაცემებია დათვლილი:
დავით სონღულაშვილი _ „ქართული ოცნება“ _ 44.09%; გიორგი ღვინიაშვილი _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 32.22%;
სიღნაღი-დედოფლისწყაროს 25-ე ოლქის 58 უბნიდან ჯერ მხოლოდ დათვლილია 30 უბანი:
ირაკლი შიოლაშვილი _ „ქართული ოცნება“ _ 52.88%; ლევან ბეჟაშვილი _ „ნაციონალური მოძრაობა“ _ 24.4%.
ლაგოდეხი-ყვარლის 26-ე ოლქის 53 უბნიდან 15 უბნის მონაცემებია დათვლილია:
გურამ მაჭარაშვილი _ „ქართული ოცნება“ _ 38.3%; გურამ კაკალაშვილი _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 27.04%.
თელავი-ყვარლის ნაწილის 27-ე ოლქის 47 უბნიდან 5 უბანია დათვლილი:
ირაკლი სესიაშვილი _ „ქართული ოცნება“ _ 40.01%; გიორგი ბოტკოველი _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 36.4%.
28-ე ოლქი _ ახმეტა-თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილის სულ 50 უბნიდან დათვლილია 18 უბნის მონაცემები:
გელა სამხარაული _ „ქართული ოცნება“ _ 47,61%; შაქრო ტერტერაშვილი _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 34,02%.
დაბოლოს, თუ ბალზაკს დავუჯერებთ, მივხვდებით, რომ „ოცნების“ წარმატების უკან ბევრი დანაშაულია.
მაკა მოსიაშვილი