QronikaPlus
ირაკლი ალასანია: „ალტერნატიულ ძალას სწორედ ჩვენ, `თავისუფალი დემოკრატები” წარმოვადგენთ!“

ირაკლი ალასანია: „ალტერნატიულ ძალას სწორედ ჩვენ, `თავისუფალი დემოკრატები” წარმოვადგენთ!“

2016-10-07 13:58:08

სოციოლოგიური კომპანია „ჯი-ეფ-კეის“ ბოლო გამოკითხვის შედეგებით „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მესამე ადგილზე დგას. პარტია დედაქალაქსა თუ რეგიონებში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. გორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია, თანაპარტიელებთან ერთად 8 ოქტომბერს გამარჯვებისთის იბრძვის.   ქრონიკა+“ პარტიათავისუფალი დემოკრატებისლიდერს, ირაკლი ალასანიას ესაუბრება: _ ბატონო ირაკლი, როგორ აფასებთქართული ოცნებისხელისუფლების ოთხწლიან მუშაობას? რა გაკეთდა, რა ვერ შესრულდა და რატომ? _ უპირველესად, კოალიცია „ქართული ოცნების“ შეფასებას იმ საქმეებით დავიწყებ, რაც ერთად გავაკეთეთ, როდესაც კოალიციაში ერთ-ერთი წამყვანი ძალა ვიყავით. მინდა აღვნიშნო, რომ რაზეც კი სახელისუფლებო მართვის ინსტრუმენტებთან ხელი მიგვიწვდებოდა, მაქსიმუმი გავაკეთეთ: ქვეყნის თავდაცვის სისტემაში ჯარისკაცების ცხოვრება გავაუმჯობესეთ; ხელფასები 25%-ით მოვუმატე; ასევე საერთაშორისო მისიებში ჩვენს ჯარისკაცებს ხელფასები 300 დოლარით გავუზარდეთ; ყველა ომში დაღუპულის ოჯახს ათასლარიანი კომპენსაციები დავუნიშნეთ; მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას; უელსის სამიტზე კონკრეტული შედეგი მივიღეთ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერობით ხდებოდა, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს კოალიციის მიღწევა იყო, რადგან ერთ მთავრობაში ვიყავით და ერთ საქმეს ვემსახურებოდით. სამწუხაროდ, როდესაც კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის სისტემაზე მუშაობა დავიწყე, ეს განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან. ამას ის მოჰყვა, ამ ხელშეკრულებისთვის ხელი რომ არ მომეწერა, 5 უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს. მე რომ მაშინ ხმა არ ამომეღო და არ წამოვსულიყავი, დღეს ქართულ საზოგადოებასთან მისასვლელი პირიც არ მექნებოდა, ამიტომ მივიჩნევ, რომ ეს იყო ყველაზე სერიოზული შეცდომა, სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს, _ აბსოლუტურად უდანაშაულო 5 ადამიანი, ორი ოფიცერი, სამი სამოქალაქო _ პოლიტიკური ნიშნით ჩასვეს ციხეში. მერე ისიც კარგად დავინახეთ, რომ სასამართლოს სააკაშვილისდროინდელი მურუსიძე მართავს. თავის მხრივ, პროკურატურას ის ხალხი მართავს, ვინც სააკაშვილის დროს ბიზნესმენებს ფინანსური პოლიციიდან ატერორებდა, პრაქტიკულად, ხალხს აწამებდა. ეს ყველაფერი ძალიან ნათლად წარმოჩინდა, როდესაც სწორედ „კაბელების საქმეზე“ სასამართლო და პროკურატურა ერთიანი ჩანაფიქრით გამოიყენეს, რომ ამ ადამიანებისთვის პატიმრობა მიესაჯათ. ეკონომიკური მიმართულება, სამწუხაროდ, ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. იმედი მქონდა, რომ თავად ივანიშვილს (როდესაც პრემიერი იყო), როგორც გამოცდილ ბიზნესმენს, იდეები ექნებოდა საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის, ინვესტიციების აქტიურად მოზიდვისთვის და ა. შ. მაგრამ ეს იმედი, როგორც მთელ საქართველოს, მეც გამიცრუვდა. რეალურად, არ მახსოვს, მისგან ერთი იდეა წამოსულიყო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას, ან ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას შეეხებოდა. ამიტომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმაზე, რომ დღეს ფასები ყველაფერზე გაზრდილია და ყველა ოჯახში შემოსავალი შემცირებულია, სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. თავი ვერ გაართვეს იმ ამოცანებს, ეკონომიკურ გამოწვევებს, რაც მათ დღის წესრიგში იდგა. ქვეყანაში შემცირდა ინვესტიციები, აღარ შემოდის იმ რაოდენობით, როგორიც ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია. თქვენ მკითხეთ, რა იყო ამის მთავარი მიზეზი? _ ეს არის საქმის უცოდინარობა. ისინი, უბრალოდ, არაპროფესიონალები არიან, მხოლოდ ნათესაურ-ნეპოტისტური პრინციპით ინიშნებიან ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორც რეგიონულ, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებაში. ამიტომ ქართველ ხალხს, საზოგადოებას არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ხელისუფლების ამარა დავტოვოთ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. მაგრამ არავის სურს ოთხი წლისწინანდელ ძალადობრივ წარსულში დაბრუნება, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა. მიმაჩნია, რომ ალტერნატიულ ძალას სწორედ ჩვენ, `თავისუფალი დემოკრატები” წარმოვადგენთ, ვისაც გვაქვს კომპეტენცია, გამოცდილება და მართვის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა მომავლისკენ წავიყვანოთ. ჩვენს ქვეყანას წარსულში არ ვტოვებთ. არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვკინკლაობთ, არ ვესვრით ტალახს, ისე, როგორც ამას სხვები აკეთებენ. მე და ჩემი პარტია ორიენტირებული ვართ, როგორ შევცვალოთ უკეთესობისკენ მოქალაქეების ცხოვრება. უკეთესი ეკონომიკა და უკეთესი ცხოვრება ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და ამიტომ ჩვენი შეთავაზება, პლატფორმა, ყველაზე კომპლექსურად წარმოდგენილი ხედვაა ქვეყნის განვითარებისთვის, სადაც უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, სოციალური და სოფლის მეურნეობის ხედვები გაერთიანებულია. _ რატომ აღგიდგნენ წინ თავის დროზე საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, ამის მთავარი მიზეზი რა იყო? _ ჩემს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას (რასაკვირველია, ღიად, მთავრობასთან შეთანხმებულად) წარმოადგენდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხო ცა შეგვექმნა. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ 90-იან წლებში და 2008 წლის ბრძოლების დროს ყველაზე დიდი საფრთხე იქიდან მოდიოდა, რომ ჩვენ შესაბამისი საჰაერო თავდაცვა არ გაგვაჩნდა. ჩვენი უსაფრთხოების აქილევსის ქუსლი სწორედ ეს არის. აქ თავდაცვას ხაზს ვუსვამ. თუ დაცული არ ხარ, თუ მოწინააღმდეგე არ ფიქრობს, რომ შენზე შემოტევა ძვირად დაუჯდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ძალიან ადვილი სამიზნე ხდები. ამიტომაც წლინახევრის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდი ჩვენს პარტნიორებთან იმის მისაღწევად, რომ ჩვენთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის ტექნიკა გადმოეცათ. ამ შეთანხმებას საფრანგეთთან მივაღწიეთ. გახსოვთ, საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ჩვენ მას, ასევე ჩემს კოლეგა თავდაცვის მინისტრს მოველაპარაკეთ. წვლილი შევიტანეთ და ჯარი გავუშვით ცენტრალურ აფრიკაში ფრანგებთან ერთად, რომ იქ უსაფრთხოება დაეცვათ. ამ ყველაფერმა შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა, რომ საფრანგეთს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო და მიიღეს კიდეც. აქ მთელი მთავრობა იყო ჩართული. მე ჩაყვანილი მყავდა ფინანსთა მინისტრის მოადგილეც, რათა ფინანსური საკითხები ისე დაგველაგებინა, რომ აღნიშნული კომპლექსების შეძენისას გადახდა მხოლოდ შვიდი წლის მერე გვიწევდა. ამისთვის ყველაფერი წინასწარ გამართული იყო. წინა ღამით, როდესაც მემორანდუმზე ხელი უნდა მომეწერა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ხელმოწერაზე უარი მეთქვა და დრო გამეჭიმა. ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო! ამით საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და პარტნიორობასაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა. რახან ეს ყველასთან შეთანხმებული იყო და ვერ მითხრეს კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მომეწერა ხელი, მემორანდუმს მაინც მოვაწერე ხელი. დღეს რომ საფრანგეთთან ეს საქმე რეალურად გრძელდება (4 წლის დაპაუზების მერე, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს), ეს სწორედ იმ ხელმოწერის საშუალებითაა. მაგრამ მეორე დღეს, გამთენიისას, 5 უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს, ორი ოფიცერი, სამი სამოქალაქო პირი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს განხეთქილებისა და კოალიციიდან ჩვენი წამოსვლის მთავარი მიზეზი გახდა. ვპასუხობ თქვენს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა ეს? _ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პირველი, ვისაც ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება არ აწყობდა, ეს მოწინააღმდეგეა, ვისაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ეს არის რუსეთის ფედერაცია. ამიტომაც გამოვედი და განვაცხადე, რომ საფრთხე ექმნება თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს გამართლდა კიდეც, რადგან ხელისუფლებიდან ჩემი წამოსვლიდან 6 თვის განმავლობაში შეთანხმებებს ხელს არავინ აწერდა. მხოლოდ ჩვენი მხრიდან კრიტიკისა და ღია გამოსვლების შემდეგ იძულებული გახდნენ, ეს კონტრაქტი გაეგრძელებინათ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამ კუთხით ხმა ამოვიღეთ და შედეგს მივაღწიეთ. ამიტომ ხაზს ვუსვამ, ამაზე უარი, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებში შედიოდა. _ თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინცრესპუბლიკელებთანერთად არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდით, ამას რა ეშველება? _ ერთადერთი, რაც ამას ეშველება ის არის, რომ 8 ოქტომბერს საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს „თავისუფალ დემოკრატებს“, შემოხაზონ 27, რადგან ჩვენ ვართ პროფესიონალური ძალა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოვანი მართვა გამოვააშკარავეთ. აქ ერთადერთი გზა ის არის, რომ ივანიშვილს პარლამენტში არ ჰქონდეს უმრავლესობა. ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს. თუკი პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნეს, გაგრძელდება ქვეყნის არაფორმალური მართვა და ამას წყალი არ გაუვა. ამიტომ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ არა ცუდსა და უარესს შორის (როგორიც „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“), არამედ ყოველთვის უკეთესი უნდა ავირჩიოთ. სრული ობიექტურობით ვაცხადებ: ასეთი არჩევანი „თავისუფალი დემოკრატები“ ვართ და ამიტომ ეს გადამწყვეტი მხარდაჭერა ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. _ წინასაარჩევნო პროცესში რა პრობლემებს გამოჰყოფთ? _ პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა ისევ უსაფრთხოებაა. უშიშროების სააგენტო ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობრივი ქმედებები, როგორიც სააკაშვილის რეჟიმს ახლდა, დღეს არ არის. ეს ხალხის, მთელი საზოგადოების დამსახურებაა. ხალხს აღარ ეშინია, თორემ საზოგადოება რომ შეშინებული იყოს, მასზე კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენდნენ. ეს სწორედ 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარია. მაგრამ სამწუხაროა, რომ რეგიონში, პრაქტიკულად, ყველაფერს უშიშროების სამსახური წყვეტს. არც გამგებელს, არც გუბერნატორს, არც ადგილობრივ თვითმმართველობას არანაირი ძალა არ გააჩნია. ჩემი ამოცანა ის იქნება, რომ უშიშროების სტრუქტურების სრული დეპოლიტიზაცია მოვახდინო. მე ეს გავაკეთე, როდესაც თავდაცვის სამინისტროში ვიყავი. პრაქტიკულად, სამხედრო პოლიცია პოლიტიკურ პოლიციას წარმოადგენდა. რადგან პოლიტიკური ნება მქონდა, სამხედრო პოლიცია თავის თავს დავამსგავსე. ის აღარავის ერჩოდა, აღარ დაძვრებოდა და სხვისი პირადი ცხოვრების ქექვით აღარ იყო დაკავებული. ეხმარებოდა ჯარს თავისი საქმის შესრულებაში.  როცა პოლიტიკური ნება არსებობს, ასეთი საქმეების მოგვარება ადვილად შეიძლება. ამიტომ ყველა ჩვენს მოქალაქეს პირობას ვაძლევ, რომ პროკურატურის, უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთლიანად საჯარო სამსახურის სრულ დეპოლიტიზაციას განვახორციელებ. _ უშიშროება რომ მართავს აღნიშნულ პროცესებს, ეს თქვენს პარტიასთან მიმართებით როგორ გამოიხატება? _ არაერთი მცდელობა იყო ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებზე, რომ გადაეფიქრებინათ და არჩევნებზე დამოუკიდებლად წასულიყვნენ. ამის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს, მათ შორის, წინასაარჩევნო უწყებათაშორის ჯგუფს შევატყობინეთ. ძალიან ბევრი პროვოკაცია ხორციელდებოდა, პარტიაში კადრების შემოგზავნა და შემდეგ გასვლის ინსცენირება იყო... მაგრამ ამან ვერაფერი დაგვაკლო. ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც ადამიანები ასეთ ნაბიჯს დგამენ, პირველ რიგში, დარტყმის ქვეშ საკუთარ თავს აყენებენ. ხალხს არ უყვარს მოღალატეები. აქედან გამომდინარე, მიხარია კიდევაც, რომ ვინც წასასვლელი იყო, წავიდა. ვისაც ბრძოლა არ შეუძლია, „თავისუფალ დემოკრატებთან“ არაფერი ესაქმება. _ ხვდებით მოსახლეობას დედაქალაქსა თუ რეგიონებში, რას ხედავთ მათში, რა უმთავრესი პრობლემები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას? _ უპირველესი პრობლემა იმედგაცრუებაა _ უიმედობა, რომელიც „ქართული ოცნების“ შეურსულებელმა დაპირებებმა გააჩინა; ნიჰილიზმი და ასეთივე დამოკიდებულება, ზოგადად, პოლიტიკოსების მიმართ. ამიტომ მე მთელი ჩემი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ისევე როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა მაჟორიტარები, სწორედ ამ ჩატეხილი ხიდის აღდგენას, ნდობის მოპოვებას ვცდილობთ. ნდობა მხოლოდ ერთადერთი ქმედებით შეიძლება მოიპოვო. ადამიანს ვერაფერს ისეთს ვერ დაჰპირდები, რომ ამით გააკვირვო. დაპირებები სხვა პოლიტიკური ძალებისგანაც უამრავია. ამიტომ საზოგადოებას ჩვენივე წარსულს ვახსენებთ, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც ადამიანებისთვის არაფერი დაუშავებია, არასოდეს გადაგვიდგამს სახელმწიფოსა და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ყოველთვის, სადაც კი შეგვეძლო, საქმეს ვაკეთებდით და ამ გზით აღვადგენთ ნდობას ჩვენ მიმართ. ხალხისგან თითქმის ყველგან ერთი და იგივე განწყობას ვხვდებით, _ მას არ სურს არსებული ვითარება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება; არ უნდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ წარსულში დაბრუნება და ამიტომ მაქვს იმ იმედის საფუძველი, რაზეც გესაუბრებით. კერძოდ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა ჩვენს პარტიას, „თავისუფალ დემოკრატებს“ მხარს დაუჭერს. _ რას სთავაზობთთავისუფალი დემოკრატებიქართულ საზოგადოებას, მთავარი წინადადებები რომ ჩამოვაყალიბოთ?.. _ მთავარი, ჩვენ ვართ გამორჩეულად პროფესიონალური გუნდი, რომელიც სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ და, სხვებისგან განსხვავებით, არც ერთ კაპიკს სახლში არ წავიღებთ. ანტიკორუფციულ რეალურ ნაბიჯებს განვახორციელებთ. როდესაც ბიუჯეტიდან სამმილიარდნახევარი ტენდერებზე მიდის, პრაქტიკულად, მთელი ეს სისტემა კორუფციისთვის ღიაა. და მე სიტყვას ვაძლევ, რომ მთელ ამ კორუფციულ სისტემას დავალაგებ. ამ თანხებიდან 500 მილიონი, ნახევარი მილიარდი, რომელსაც დღეს იპარავენ, ხალხს დაუბრუნდება და პენსიებს სამას ლარამდე გავზრდით. აქედან 300 მილიონი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით იქნება და 500 მილიონი სწორედ ტენდერებისა და შესყიდვების სისტემიდან წამოვა. პენსია სამას ლარამდე გაიზრდება, მაგრამ არა 2017 წელს, რადგან ამ წლის ბიუჯეტი ამ მთავრობას უკვე დადგენილი აქვს. მეორე _ მინიმალური ხელფასი კანონით განსაზღვრული იქნება. სამ ლარზე ნაკლებად მონურ მუშაობას აღარავის ვაპატიებთ, ეს კანონით იქნება დადგენილი და დაქირავებული დამქირავებლისგან დაცული იქნება. რაც უფრო დაცულ სამუშაო ატმოსფეროშია ადამიანი, უფრო პროდუქტიულია, უფრო მეტის შექმნა შეუძლია. მესამე _ რეალურად განვახორციელებთ საბანკო რეგულაციების რეფორმას. მიკროსაფინანსოებს უფლება არ ექნებათ, რომ ასეთი მაღალი პროცენტები დააწესონ. 30%-ია ერთი თვის გადაცილების შემდეგ და ჩვენი მოსახლეობა წელში გაწყვეტილია. ასევე გავატარებთ საპენსიო რეფორმას. დაგროვებითი პენსია იქნება და ფინანსური ქაღალდების ბაზარსაც შევუქმნით ჩვენს ქვეყანას. მცირე და მიკრობიზნესი იქნება ჩემი მხარდაჭერის მთავარი საგანი. მათ რეალურად ხელს შევუწყობთ, რომ რაც შეიძლება, მეტად გაიზარდონ და დასაქმდნენ, სხვა ადამიანები დაასაქმონ. განათლებაში ჩავდებთ ყველაზე დიდ ფულს. მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დაიხარჯება განათლებაზე. ჩვენი სკოლები წელში გაიმართება. პედაგოგებს ექნებათ მხარდაჭერა, განვითარდნენ და ჩვენს მოსახლეობას უფრო ხარისხიანი განათლება მისცენ. ასევე ოპოზიციაში ვიყავით იმ კანონის ინიციატორები, რომელიც უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერას ეხება. ბანკებთან ერთად უფრო მეტ ადამიანს ჩამოვაწერთ ამ ვალებს. ანუ ადამიანი სისტემაში გაშავებული აღარ იქნება და უფრო მეტს ექნება საშუალება, რომ ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთოს. _ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული აუდიო თუ ვიდეოკადრები რამდენად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კენჭისყრის შედეგებზე? _ არ მგონია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა ბუნების იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სააკაშვილისდროინდელი რეჟიმი. ამაზე დამოკიდებულება უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ასევე ძალიან კარგად ხედავს, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რამდენი დაპირება შეუსრულებელი დარჩა, ადამიანების მეხსიერებიდან ამასაც ვერავინ წაშლის. ამიტომ ვამბობ, რომ ხალხს არ სურს, ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ამარა დატოვოს; არ უნდა, წარსულს დაუბრუნდეს, რასაც ძალადობრივი, სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. ბოლო დრომდე ამომრჩევლის 40%-მდე ჩამოუყალიბებელი იყო. დარწმუნებული ვარ, სწორედ `თავისუფალ დემოკრატებში” დაინახავენ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ქვეყნის მართვა შეუძლია. _ რა შედეგებს ელოდებით არჩევნებზე? _ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. 8-ში ჩვენი საზოგადოება ვერდიქტს გამოიტანს. მე ვიტყოდი, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი არა ძალადობის წინააღმდეგ (რაც, პრაქტიკულად, 2012 წელს იყო), არამდ ეს რეფერენდუმია შეუსრულებელი დაპირებებისა და არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ კომპეტენტურ ძალას (ვინც გაკეთებული საქმეებით იმაგრებს ზურგს), „თავისუფალ დემოკრატებს“ დაგვიჭერენ მხარს. _ როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი პარლამენტი და შესაძლო კოალიცია? _ კარგი შეკითხვაა და ხალხს ეს აინტერესებს, მაგრამ დღეს ის დრო არ არის, რომ ჩვენ მარჩიელობა დავიწყოთ, პარლამენტში ვინ რა პროცენტით შევა. 8 ოქტომბერი დადგება, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილი. დღეს ვერ ვხედავთ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, ვისთანაც ალიანსის ჩამოყალიბება შეიძლება, მაგრამ მომავალში, როდესაც ხალხი საკუთარ ხმას მისცემს პოლიტიკურ ძალებს, დავიწყებთ ფიქრს, თუ როგორ წავწიოთ წინ ჩვენი ქვეყანა.  

                                                                                გელა მამულაშვილი

გაზიარება