QronikaPlus
„ქართული ოცნების“ დასაქმების პროგრამა _ სიტყვებით მანიპულირება, თუ უმუშევრობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი?!

„ქართული ოცნების“ დასაქმების პროგრამა _ სიტყვებით მანიპულირება, თუ უმუშევრობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი?!

2016-10-07 12:09:21

  მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების ძირითად პუნქტს დასაქმება წარმოადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან და პოლიტიკურად აქტიურ ელექტორატზე _ პენსიონერებზე გააკეთა აქცენტი. იმ ფონზე, როდესაც დიდი ბრიტანეთის ბედი BREXIT -ის პროცესში სწორედ ასაკოვანი ადამიანების არჩევანმა განსაზღვრა, „ქართული ოცნების“ აქცენტები, მეტ-ნაკლებად, გასაგებია. ახალი პროგრამა ერთ-ერთი ნაბიჯია, რითაც „ქართული ოცნება“ 700 ათასამდე პენსიონერის საარჩევნო ხმის მოპოვებას ეცდება. მმართველი პარტიის ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პენსიონერების დასაქმების პროგრამა გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებს. მისი თქმით, ეს არ გულისხმობს პენსიისა და სოციალური შეღავათის მოხსნას. ეს არის დამატებითი შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს და თავისი გამოცდლება ახალგაზრდა თაობას გაუზიაროს. მისივე თქმით, პროგრამის სახელი იქნება „ცხოვრება გრძელდება“, რომელზედაც მუშაობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ისინი შეიმუშავებენ ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედება ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი: • მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი; • ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი; • ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი; • დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი; • ტურიზმის, ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი.   მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ დასაქმების პროგრამას სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებენ. ამ საკითხზე „ქრონიკა+“-თან დარგის ექსპერტებმა ისაუბრეს:   პაატა შეშელიძე: _ „ქართული ოცნების“ დასაქმების პროგრამაში არის ერთი ნიუანსი, რომ აქცენტი გაკეთდა საპენსიო ასაკის დასაქმებულთა რაოდენობაზე. აქამდე საპენსიო ასაკის ადამიანების დასაქმება  შეუძლებელი იყო იმიტომ, რომ ან პენსია უნდა აეღო, ან ემუშავა, დაახლოებით ასეთი სქემა იყო, შეეძლო არალეგალურად ემუშავა, ან ისეთ ადგილზე, სადაც მკაცრი აღრიცხვა არ არის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, რეალურად, არ არის გამოკვეთილი, რას სთავაზობენ, მხოლოდ ამბობენ, რომ დამსაქმებელს ექნება საგადასახადო შეღავათი, თუკი ის საპენსიო ასაკის ადამიანს დაიქირავებს, მაგრამ კონკრეტულად რა შეღავათი და რატომ უნდა დაიქირაოს, ეს მითითებული არ არის. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი თანაბარია! თუ ასეთი პირობა შემოვიდა, რომ საგადასახადო შეღავათი აქვს საპენსიო ასაკის ადამიანის დამქირავებელს, მაშინ ამ ასაკის ადამიანი პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სხვებთან შედარებით და საგადასახადო თვალსაზრისით უპირატესობა ექნება. ე. ი. ვასაქმებთ ადამიანთა ერთ ჯგუფს იმ საფრთხის ქვეშ, რომ სხვები ვერ დავასაქმოთ, ანუ ერთს ხელს ვუწყობთ და მეორეს პოტენციურად ხელს ვუშლით. ასე რომ, ჩემთვის ბუნდოვანია, რამდენად სწორი მიდგომაა. ყველაზე მარტივი და მართებული იქნებოდა ყოველგვარი ლეგალური წინააღმდეგობის მოშლა, რომ ასაკი არ იყოს შემზღუდველი ადამიანისთვის ნებისმიერ სამსახურში მუშაობის დასაწყებად. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. დამატებითი პრივილეგიები, საგადასახადო და კიდევ სხვა, მე მგონი, ერთი ჯგუფიდან მეორეზე რესურსების გადანაწილების მეტს არაფერს გამოიწვევს. რაც შეეხება 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას _ მოგების გადასახადის რეფორმა, რაზედაც ახლა ლაპარაკია, არა მგონია, მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანდეს ბიზნეს-საქმიანობაში, რადგან მოგება ისედაც არ იბეგრება. ეს, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ოპტიმისტური განცხადებაა. რაც შეეხება ინფრასტუქტურულ პროექტებზე დასაქმებას, ამის წატრაბახება იმას ნიშნავს, რომ ფული ჯერ სადღაც უნდა იშოვო და მერე დახარჯო. ამიტომ ეს არ არის რეალური სამუშაო ადგილები, ეს არის სამუშაო ადგილები, რომელიც შექმნილია მოხმარების თვალსაზრისით. მთელი ქვეყანა რომ დავდგეთ და გზები გავაკეთოთ, ხომ უნდა ვიკითხოთ, საიდან უნდა მოვიდეს ფული ამ გზების დასაგებად? აქედან გამომდინარე, ისეთი სამუშაო ადგილი, რომელიც გადანაწილებას გულისხმობს, რეალურ ღირებულებას არ ქმნის. ანალოგიურია ის სლოგანები, სადაც ლაპარაკია წახალისების პროგრამებზე, რომლებიც ახლა ხორციელდება და კიდევ გეგმაშია, რომ განხორციელდეს. ასეთი პროგრამები არის მხოლოდ გადანაწილება და ღირებულების შექმნაზე არ არის ორიენტირებული, ამის შედეგად ჩვენ ვიღაცას კი ვუხდით ფულს, მაგრამ ვიღაცას ვართმევთ კიდევაც, ამიტომ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვისაც ვართმევთ, იმას უფრო მეტი ღირებულების შექმნა შეეძლო და უფრო ორიენტირებული დასაქმების უზრუნველყოფა. ამიტომ ამის დანახვა ოპტიმისტურ ჭრილში არ შემიძლია. სიტყვებით მანიპულირება ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელია.   პეტრე მამრაძე: _ ერთია, თეორიულად რამდენად რეალისტურია დასაქმების პროგრამა, ანუ შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება და მეორეა, პარტია „ქართული ოცნება“ გამარჯვების შემთხვევაში თუ შეძლებს ამის გაკეთებას? საქმე ის არის, რომ განვლილმა ოთხმა წელიწადმა მთელ მოსახლეობას გვიჩვენა, რომ ისიც კი, რაც ელემენტარული გასაკეთებელი იყო, ვერ გააკეთეს, რაც ძალიან დიდ სკეპტიციზმს ბადებს. კი ბატონო, შეიძლება გამოცდილმა ფინანსისტმა და ეკონომისტმა თქვას, რომ პოტენციალი არსებობს და ძლიერი პოლიტიკური ნება რომ იყოს, მართლაც ექსპერტები არიან, მუხლჩაუხრელად იშრომებენ, უკან არ დაიხევენ და განახორციელებენ იმ რეფორმებს, რაც გასაკეთებელია. მაშინ, პრინციპში, შესაძლებელია, მაგრამ ახლა შეიძლება გქონდეს იმედი, რომ ამას გააკეთებენ?! _ ადამიანებმა, რომლებმაც მონოპოლიური განაწილება, იმპორტში იქნებოდა ეს თუ სხვა სფეროში, ვერ მოშალეს იმიტომ, რომ არ აწყობდათ მოშლა; ის, რაც უნდა გაეკეთებინათ 2012 წლის შემოდგომაზე, 21 ოქრომბერს შედგა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, ისე არ უნდა გასულიყვნენ არდადეგებზე, რომ არ მიეღოთ ანტიმონოპოლიური კანონი და არ აემოქმედებინათ, მერეც არ გააკეთეს. როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გაბერილი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები ისევ ისეა, 20 მინისტრი გვყავს პრემიერის ჩათვლით, რაც გაუგონარი რამეა და ვეებერთელა ხარჯი მიდის სწორედ იმაზე, რომ ხალხმა შეინახოს თავისი მთავრობა. ოთხჯერ მეტი ადამიანი იღებს ხელფასს ბიუჯეტიდან, ვიდრე კერძო სექტორში!!! ეს არის სრული მარაზმი და ამას „ოცნებამ“ ხელი კი არ მოჰკიდა, გააღრმავა თავიანთი ხელფასების გაზრდით, პრემიებით, უფრო ძვირი მანქანების შეძენით და რამდენი სკანდალი იყო ამასთან დაკავშირებით! ამის შემდეგ, როგორ დავიჯეროთ, რომ უცებ ასე შეიცვლებიან და ყველაფერს გააკეთებენ?! აქ ძალიან დიდი სკეფსისია როგორც მოსახლეობის, ისე სპეციალისტების მხრიდან. ესენი გააკეთებენ? ხალხი მეკითხება, მათ შორის ისინი, ვინც ხელისუფლების სტრუქტურებში მუშაობდნენ და იციან, რამდენად რთულია ამის გაკეთება. რაც შეეხება დაპირებულ ათეულ ათასობით სამუშაო ადგილს, პრაქტიკულად, ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია, მსგავსი ციფრები მხოლოდ ღიმილს იწვევს. შეიძლება, ეკონომიკის განვითარების ტენდენციებიდან, ზოგადად, და დარგების განვითარების მიხედვით, როცა მოლოდინი გაქვს, ვთქვათ, ტურიზმი ამდენი პროცენტით გაიზრდება და ა. შ., შეიძლება შეაფასო და თქვა, რამდენი ადამიანი დასაქმდება აქედან აქამდე. ის, რომ 40 000-ით გავზრდით ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ხალხს, ეს არის არაპროფესიონალური განაცხადი, დემაგოგია და პოპულიზმი. ხაზს ვუსვამ: სხვა პარტიებმაც უარესი პროგრამა წარმოადგინეს, ვიდრე „ოცნებამ“. აგერ, „გირჩი“ მწვავედ აკრიტიკებდა პაატა ბურჭულაძეს სწორედ პენსიების გამო და აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო ის, რასაც მისი პარტია ამომრჩეველს ჰპირდებოდა, მერე თვითონაც შეუერთდა და ამაზე ხმას არ იღებს. ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით, ყველაფერი მოსულა დემაგოგიისა და პოპულიზმის მხრივ, მაგრამ „ოცნება“, ძირითადად, იმიტომ, რომ ვერ მოიპოვა ნდობა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბიუჯეტი რა დღეშია და ოთხჯერ მეტი ადამიანია დამოკიდებული საბიუჯეტო სექტორზე, ვიდრე კერძოზე, გაუგებარია, როგორ, რანაირად აპირებს ამის განხორციელებას? ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს უნდა გაეკეთებინათ უამრავი რამ, რასაც დღემდე ხელი არ მოჰკიდეს.  

                                                                                                                         თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება