QronikaPlus
დაიწყებს თუ არა სახელმწიფო პოლიციურ გამოსახლებებს?

დაიწყებს თუ არა სახელმწიფო პოლიციურ გამოსახლებებს?

2016-10-07 11:58:29

იპოთეკით დატვირთული ქონების ჩამორთმევამ და შემდგომში მისი აუქციონის წესით გაყიდვა-გასხვისებამ უკვე უამრავი მოქალაქის ჯანმრთელობა და ფსიქიკა შეიწირა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ საბედისწერო ქმედების შემდეგ არსებობის გაგრძელება აღარ მოისურვეს და ურთულესი სიტუაციიდან თავის დასაღწევად ლეტალური გამოსავალი იპოვეს. წარმოსადგენადაც რთულია, ხედავდე როგორ ატოვებინებენ სახლს ძალისმიერი მეთოდებით ადამიანებს, ოჯახებს და მათ ღია ცის ქვეშ ტოვებენ, სრულიად უიმედოებსა და სასოწარკვეთილებს, მით უფრო მაშინ, როდესაც მათგან ზოგიერთი უმწეო ავადმყოფი, მოხუცი, ინვალიდი, ან, სულაც, არასრულწლოვანი ბავშვია, რომელსაც ავტომატურად ეზღუდება მისი კონსტიტუციური უფლება _ მიიღოს სრულფასოვანი განათლება, იყოს ჯანმრთელი, იცხოვროს მშვიდ გარემოში და ა. შ. ძნელი მისახვედრი არ არის, როგორ კვალს დატოვებს მათ, ჯერ კიდევ, ბავშვურ, ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე ის საშინელი სტრესი, რომლის გადატანაც მოუხდათ, ან მომავალში მოუწევთ.   სამწუხაროდ, გამოსახლებული ოჯახის წევრების ჯანმრთელობის შერყევისა და ჭკუიდან შეშლის ფაქტებიც მრავლად გვაქვს. მაგალითად, ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი თავად გახდა გამოსახლების პროცესის მონაწილე. წინააღმდეგობის გაწევისას პოლიცია იძულებული იყო, მისთვის ხელბორკილი დაედო, შექმნილმა მძიმე სურათმა კი მისი ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად შეარყია, რომ ის დღესაც მკურნალობს თბილისის ასათიანის სახელობის კლინიკაში. რაც შეეხება ბანკებს, მათთვის ეს საკითხი სხვა პრიზმიდან აღიქმება და ხელის მოთბობის საუკეთესო საშუალებაა. მათ კანონი აძლევს ამის უფლებას და ისინიც მიმართავენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ქმედით გზას, რადგან თანხის ამოღების სხვა მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა. საქართველოში ყოველი მესამე ოჯახი სარგებლობს იპოთეკური სესხით. სტატისტიკის მიხედვით, სიტუაცია 2008 წლიდან დამძიმდა, რაც, ადვოკატ ლელა ბჟალავას აზრით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაცემულმა და დასუსტებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. 2013 წლიდან პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში“ შეიტანა ცვლილება, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის ბრძანება გაუქმდა. ცვლილების თანახმად, გამოსახლების გადაწყვეტილების მიღების უფლება ჩამოერთვა პოლიციას და გადაეცა მხოლოდ სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ზღუდავს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კრედიტორის მიერ მსესხებლის ქონების იძულებით გაყიდვა ჩაითვლება უფლების ბოროტად გამოყენებად. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს მოვალის მდგომარეობა და ხელი შეუწყოს მას ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკმა საკუთარი უფლების დაკმაყოფილებისას უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც მეტად იქნება შესაბამისობაში მოვალის ინტერესებთან და შესაძლებლობებთან, არ მოახდინოს ქონების სასწრაფო რეალიზება, თუკი არსებობს მისი უფლების დაკმაყოფილების ალტერნატიული გზა. საფინანსო ორგანიზაციამ თუ მევახშემ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მსესხებელს და უძრავი ქონების გაყიდვა მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვოს, როდესაც თანხის ამოღების ყველა გზას ამოწურავს. მოქალაქე გია ნოდიამ, რომელმაც აუქციონის წესით შეისყიდა ქონება, მაგრამ სახლიდან ძველი მეპატრონის გამოყვანა ვერ მოახერხა,  ბიზნესორგანიზაციებისა და საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებიც ერთობლივად იცავენ მოსარჩელის, ანუ იპოთეკარის ინტერესებს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირა სარჩელი, რომლითაც საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნებას მოითხოვს, რამაც იპოთეკით დაზარალებულ პირთა პროტესტი გამოიწვია. ისინი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, უშუალოდ გიორგი პაპუაშვილთან (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე) შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ და სურდათ, მოესმინათ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ  მიიღო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოჯახებიდან ადამიანების გამოსახლების უფლება ისევ პოლიციას მიეცემა? პაპუაშვილი დაზარალებულებს არ შეხვდა; შემდგომში კი  სასამართლოს პრესსამსახურმა გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ მოსამართლე არ ხვდება მხარეებს, ხოლო სარჩელი, რასაც დაზარალებულები აპროტესტებენ, ჯერჯერობით, მხოლოდ დარეგისტრირებულია და მისი დაშვების საკითხი სასამართლოს არ განუხილავს.   ლელა ბჟალავა _ ადვოკატი: _ მართალია, პოლიციას შეეზღუდა გამოსახლების უფლება, მაგრამ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. შედეგად მხოლოდ დროში გაწელილი პროცესი მივიღეთ, რომელიც მხარეთა შორის მორიგებას ხდის შესაძლებელს, რაც, თავის მხრივ, სულაც არ შედის კრედიტორის ინტერესებში, პირიქით, მას ურჩევნია, ნოყიერი ლუკმა ერთიანად ჩაიგდოს ხელში, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, სასამართლოზე გადაწყვეტილება აუცილებლად მოსარჩელის სასარგებლოდ მიიღება და სარჩელი გამოსახლების შესახებ დაკმაყოფილდება სრულად, რადგან მსესხებელს ბანკიდან თუ კერძო იპოთეკარიდან აღებული სესხი უზრუნველყოფილი აქვს უძრავი ქონებით და მოურიგებლობის შემთხვევაში დაკარგავს მას. სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ კრედიტორი ხელშეკრულებაში ჩაწერს, რომ სესხის გადახდის პირველსავე შეფერხებისას ქონებას ნოტარიულად მყისიერად გადაიფორმებს, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, მარტივად შეძლებს მოვალისთვის ქონების ჩამორთმევას, ზედმეტი პროცედურების გარეშე. ამასთან კრედიტორს შეუძლია, ისე გაასხვისოს სახლი, რომ ინფორმაციაც არ მიაწოდოს მეპატრონეს. მსგავსი მაგალითები საქართველოში მრავლად გვაქვს. რაც შეეხება კერძო მევახშეებს, ისინი იპოთეკის ხელშეკრულებას არ აფორმებენ, დებენ ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას და ერთი დღის დაგვიანების შემთხვევაშიც კრედიტორი იფორმებს ბინას.ერთი შეხედვით, სამართლიანი სქემა, რომელიც ნაკისრი ვალდებულების დაკმაყოფილებას გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში, იპოთეკური სესხით მოსარგებლეთა ცხოვრებას ძირფესვიანად ანგრევს, ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ გაითვალისწინოს მოქალაქეების მდგომარეობა, განხორციელდეს შესაბამისი რეფორმა და დაიხვეწოს კანონი. _ რას გულისხმობთ? _ ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ რაიმე დამატებითი უძრავი საკუთრება და მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი აქვთ, უნდა შეეზღუდოთ უფლება, ეს უკანასკნელი დატვირთონ იპოთეკით და გამოიყენონ სესხის უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაჭირვებულ ხალხს დახმარება არ უნდა გაეწიოს. მაგალითად, მეზობელმა თურქეთმა თავის მოქალაქეებზე გასცა გრძელვადიანი უპროცენტო სესხები, მაგრამ ქონების ჩადება მსესხებელთათვის არ მოუთხოვია. ამით მათ ხელი შეუწყვეს მცირე ბიზნესსაქმიანობების განვითარებას და, შესაბამისად, ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენთან კი ბიზნესდაფინანსების ხელშეწყობა მხოლოდ პოლიტიკური სიმპათიების გათვალისწინებით და საჭირო ნაცნობ-მეგობრების დახმარებით ხდება. სამწუხაროა, რომ, წინასაარჩევნოდაც კი, არც ერთ პოლიტიკურ ძალას მოსვლია თავში აზრად, მიზნად დაესახა მოქალაქეებისთვის დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა და ეკონომიკური კრიზისიდან ამგვარად თავის დაღწევა, მაშინ როდესაც, საზოგადოების 90% სწორედ კრედიტებით სულდგმულობს. რამდენად სარწმუნოა მათი პოპულისტური დაპირებები, ეს კიდევ სხვა სასაუბრო თემაა. შევახსენებ პარლამენტარებს, რომელთა კეთილდღეობა დღითი დღე უმჯობესდება ქართველი ხალხის შრომითა და მათი კუთვნილი ფულის მითვისებით: სახელმწიფო უნდა იყოს საქველმოქმედო ფონდი თავისი მოქალაქეების მიმართ. პარლამენტმა უნდა იმუშაოს ისეთი კანონების დახვეწაზე, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებას და სამართლიანობის დამყარებას შეუწყობს ხელს და არა პრეზერვატივების გაუმჯობესებას. ახალმა პარლამენტმა მაინც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ოჯახი დარჩეს უსახლკაროდ. აუცილებელია, განხორციელდეს საბანკო რეფორმა და ეროვნულმა ბანკმა შეძლოს კერძო ბანკებზე კონტროლის დამყარება. _ რაც შეეხება გია ნოდიას სარჩელს, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში ტკივილიან წარსულში დავბრუნდებით? ან ვინ არიან ის ბიზნეს და საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ძველ დროში დაბრუნებას და პოლიციურ გამოსახლებებს ითხოვენ? _ იმედს გამოვთქვამ, რომ გია ნოდიას სარჩელი არ დაკმაყოფილდება და კიდევ ერთ, დიდ ნახტომს არ გავაკეთებთ რეგრესისკენ. რაც შეეხება ნოდიას მხარდამჭერებს, ესენი არიან ბიზნესასოციაცია, საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციები და ა. შ. როგორც ჩანს, მათ აწყობთ ის მდგომარეობა და ხალხის ისეთი გამწარება, რაც პოლიციურ გამოსახლებებს ახლდა თან.   ქრონიკა+“ ადვოკატ ლევან ალაფიშვილს დაუკავშირდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გია ნოდიას, ბიზნესასოციაციისა და ბანკების ასოციაციის ინტერესებს იცავს: _ სარჩელი არის ჩემი დაწერილი და ამ სამი სუბიექტის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში მე ვიცავ. მათი ერთობლივი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ივლისში შევიდა. საქმე გვაქვს ძალიან მარტივ საკითხთან: თუ მე, ან თქვენ ვინმესგან ვისესხეთ ფული და არ, ან ვერ ვუბრუნებთ, ის უნდა დაზარალდეს? პოლიტიკოსებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს, მაგრამ პოლიციის მეშვეობით გამოსახლებების გაუქმებით ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. თქვენთან, ან ჩემს სახლში ვინმე რომ შემოვიდეს უკანონოდ, ვერც ჩვენ და ვერც პოლიცია ხელს ვერ ვკიდებთ, უნდა წავიდეთ სასამართლოში და, მინიმუმ, სამი ინსტანცია გავიაროთ. ამ პირობებში მესაკუთრეს უწევს დამატებითი ხარჯების გაღება, დროისა და ნერვების ხარჯვა. შეიძლება, პროცესი მოვუგოთ ერთ ადამიანს, მაგრამ როცა აღსრულების საკითხი დადგება, ის შენს ბინაში დაგახვედრებს სხვას. მერე ხელახლა უნდა წახვიდე სასამართლოში და ა. შ. ასეთი რამეების საშუალებას კი სწორედ კანონი იძლევა. ალბათ, გახსოვთ, პარლამენტში კანონის ცვლილების დროს ამბობდნენ, პოლიციის მიერ გამოსახლების გაუქმება შეეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როცა სისხლის სამართლის დანაშაულთან არ გვექნება საქმეო. თუ მოხდა კრიმინალი, რომელიც სისხლის სამართლის 160-ე მუხლს ესადაგება, მას ეს კანონი არ შეეხებაო. გია ნოდია არის ბინის მესაკუთრე. ის მივიდა თავის მიერ შეძენილ ბინაში, მაგრამ წინა მესაკუთრეებმა, რომლებსაც, არ ვიცი, რა სასესხო ურთიერთობები ჰქონდათ შემდგომ მესაკუთრესთან, მიიჩნიეს, რომ შეიძლებოდა ნოდია იძულებული გაეხადათ და სარგებელი მიეღოთ მისგან. გია ნოდია ნაყიდ სახლში მივიდა, შეცვალა საკეტები, მაგრამ მათ ეს საკეტები გატეხეს და სახლში შევიდნენ. ნოდიამ პროკურატურასაც მიმართა იმ კანონის ამოქმედების შემდგომ, რიმლითაც პოლიციური გამოსახლებები გაუქმდა, მაგრამ აცხადებდნენ, რომ კრიმინალის დროს ეს ნორმა არ იმოქმედებსო. იცით, რა უპასუხა პროკურატურამ მას? _ ჩვენ ამაში არ ჩავერევით და სასამართლოს მიმართეთო. აი, ეს გააკეთეს პოლიტიკოსებმა. იპოთეკა ნიშნავს, რომ თუ სესხი აიღე, მის უზრუნველსაყოფად შენი ბინა დატვირთე ვალდებულებით, რათა ვისგანაც ფული მიიღე, ის არ დაზარალდეს. ანუ წინასწარ გაქვს გაცნობიერებული, არგადახდას თუ ვერგადახდას რაც შეიძლება მოჰყვეს. სხვისი ფული რატომ უნდა შერჩეს ვიღაცას, ბანკი, ან იპოთეკარი საქველმოქმედო ორგანიზაციები ხომ არ არის? ე. ი. დასაშვები გახდა, ადამიანებმა სხვისი ფული გამოიყენონ, დააზარალონ ისინი და საკუთრების უფლებაც ჰაერში იყოს გამოკიდებული, ანუ არ იყოს ეს უფლება სამართლებრივი წესით დაცვადი და აღსრულებადი. _ ოპოთეკით დაზარალებულების პრობლემა გლობალური გახდა, ბევრი ასეთი შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა და პარლამენტმაც ამიტომ მიიღო ასეთ გადაწყვეტილება. თქვენ კი ასეთი მდგომარეობის დაბრუნებას ითხოვთ. ასეა? _ ამ კანონის მიღებიდან თვენახევრის თავზე იპოთეკით დაზარალებულები მიხვდნენ, რომ, საბოლოო ჯამში, მაინც მოუწევდათ ბინებიდან გამოსვლა. სასამართლოს შემდგომ მათ მაინც დაატოვებინეს სხვისი ქონება და იცით, მერე რას ამბობდნენ? _ მთავრობა ამას არ შეგვპირებიაო. ანუ ხელისუფლებამ მიიღო ქაოსი. აღსრულების ბიურო პარლამენტარებს ეუბნებოდა, _ ამის რესურსი არ გაგვაჩნია, რამდენიმე ათეული პოლიციელი გვყავს და მთელი საქართველოს მასშტაბით ამ გამოსახლებებს როგორ უნდა აუვიდეთო? მეტსაც გეტყვით: მთავრობაში არ დარჩენილა არც ერთი უწყება, რომელიც ამის წინააღმდეგ არ წასულიყო: პრემიერი, ბიზნესომბუდსმენი, სახალხო დამცველი, ეკონომიკის მინისტრი. ეკონომიკის სამინისტრომ პირდაპირ მისწერა პარლამენტს _ იცოდეთ, რომ ამით, პირველ რიგში, სახელმწიფო დაზარალდებაო. ეს იმიტომ უთხრა, რომ სახელმწიფოს შენობებში შეიჭრებიან და პრივატიზაციის გეგმა, რომელიც წელს 200 მილიონია, ჩავარდებაო. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს ახდა. ამ საკითხის განხილვები მიდიოდა, როცა უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფართიდან შეჭრილები რომ გამოეყვანათ, სახელმწიფომ სასამართლოს კი არ მიმართა, პოლიციური აღსრულება მოითხოვა და სანამ ეს საშინელი კანონი ამოქმედდებოდა, პოლიციის ძალით გამოასახლეს უკანონოდ შეჭრილი ადამიანები. თავად სახელმწიფომ გააკეთა ეს. ამ პირობებში, ჩვენმა პოლიტიკოსებმა, ვითომ ძალიან კი „იზრუნეს“ ხალხზე, მაგრამ რა მიიღეს, ეს უფრო საინტერესოა _ გაძვირებული კრედიტი და კრედიტებზე შეზღუდული ხელმისწვდომობა. ეს საკითხი ახლა არ გამხდარა გლობალური. ოპოთეკა, სასესხო ვალდებულებები და სამართლებრივი პროცედურები ყოველთვის იყო დაკავშირებული რისკებთან. ბოლო დროს ახალი არაფერი მომხდარა. ერთადერთი, განსაკუთრებით აჭარაში, ჩვენმა პოლიტიკოსებმა 2012 წელს არასწორი დაპირება გასცეს, რომლის შესრულებაც მერე ხალხმა მოითხოვა. ჩვენმა კანონმდებლობამ კი, საბოლოო ჯამში, ეს ხალხი მოატყუა, შეჰპირდა, _ ბინებს შეგინარჩუნებთო და არ გაუკეთა. ვითომ შეღავათი დაუწესეს, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც გამოსახლებები ჩატარდა. ამასობაში, დააზიანეს საკუთრების უფლება, საინვესტიციო გარემო, საფინანსო სექტორი და ა. შ. ეს მიიღეს ჩვენმა კანონმდებლებმა გაუაზრებელი და არასწორი გადაწყვეტილებით. საკუთრების ურთიერთობები ყოველთვის უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. წარმოიდგინეთ, თქვენ მე მასესხეთ რაღაც თანხა, ამაში შეიძლება ვინმე პოლიტიკოსი ჩაერიოს? შეიძლება, სახელმწიფომ თქვას, შენ რომ ისესხე თანხა ქალბატონი ნელისგან, მას აღარ უნდა გადაუხადოო? არ შეიძლება ასეთი რამის განცხადება, როდესაც გვაქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიის გზას შევუდექით. _ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო თქვენი სარჩელი? როგორც ვიცი, გია ნოდიამ მცხეთის სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი... _ დიახ, პირველი ეტაპი გაიარა, თუმცა გამწესრიგებელი სხდომა ჯერ არ ჩატარებულა და იმედია, ჩატარდება. ნოდიას პირველი ისტანციის სასამართლოში მაისში აქვს შეტანილი სარჩელი და ამდენი ხანია, მცხეთის სასამართლოს არ გასცილებია ეს საქმე. ამდენი ხანია, სამართალს ეძებს მესაკუთრე, რომელსაც არაფერი დაუშავებია, არც თავდაპირველ მესაკუთრესთან ჰქონია ურთიერთობა. იყიდა ბინა, რომელიც გატეხილი დახვდა და შიგ ხალხი იყო შესული. პოლიციამ და პროკურატურამ უთხრა, კარგად იყავიო. წავიდა სასამართლოში და იქაც არაფერი კეთდება სამართლიანობის აღსადგენად. ეს შესთავაზეს ჩვენმა კანონმდებლებმა მესაკუთრეებს. _ არ ვიცი, თქვენ როგორ იცით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით უამრავი ადამიანია იპოთეკით დაზარალებული. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო როგორ უნდა მოქცეულიყო, არანაირი შეღავათი არ უნდა დაეწესებინა მათთვის? _ როდესაც ვამბობთ იპოთეკით დაზარალებულს, ცალ მხარეს რატომ ვაპელირებთ და განვიხილავთ? მათ შორის, თავდაპირველად ხომ წარმოიშვა ურთიერთობა და თუ თანხას არ, ან ვერ აბრუნებს, ასეთი ქმედებით ხომ ვუშვებთ, რომ რადგან ერთი დაზარალდა, მეორეც აუცილებლად უნდა დაზარალდეს? ამ საკითხის გადაწყვეტის დროს სხვა მექანიზმები შეიძლება იყოს ჩართული, მაგრამ ცუდი ის არის, რომ აღნიშნულ  სიტუაციებზე პოლიტიკოსებს 2012 წელსვე რომ ეფიქრათ მეტი, უფრო მოზომილსა და რეალურ დაპირებას გასცემდნენ. აშშ-იც იყო ასეთი კრიზისები, მაგრამ იქ არავის უთქვამს მესაკუთრისთვის, შენ დაზარალდი და ვინც შენგან ისესხა ფული, ჩვენ მხოლოდ მის ინტერესებს დავიცავთო. სახელმწიფომ იქ თქვა, მე ვაწესებ ფინანსურ შეღავათს, სუფსიდირებას და რესტრუქტურიზაციას თუ მოახდენთო და ა. შ. ამისათვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, რაზედაც საჭირო იყო ფიქრი და კარგად გათვლა. ბიძინა ივანიშვილმა ამ თემაზე კომენტირებისას, ბოლო საჯარო გამოსვლის დროს, თქვა: ეს არის სახიფათო თემა და ასე ადვილად ვერ გადაწყდებაო. აბსოლუტურად სწორია, მაგრამ თავშივე, 2012 წელსვე, უნდა ეთქვათ ეს და არა ის, რასაც ხალხს შეჰპირდნენ. პრეცედენტის დაშვება მძიმე პოლიტიკურ ფონს შექმნის საქართველოში და ახლა ამის ეშინიათ. უკვე ცდილობენ, რამენაირად გადაავადონ ყველაფერი. _ თქვენი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დაგიკმაყოფილებთ? _ დაკმაყოფილების საფუძველი არსებობს. მით უფრო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა საქმეებთან დაკავშირებით აქვს მოცემული მსჯელობა საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში, მის მნიშვნელობაზე თავისუფალი მეწარმეობის განვითარებაზე, მეწარმისთვის გარანტირებული დაცვის უფლებებსა და ა. შ. დაცვის უფლება არ არის განყენებული ცნება და მისთვის საჭიროა პრაქტიკული და ეფექტიანი მექანიზმების არსებობა. როცა სასამართლო, პირველი ისტანცია, წელიწადზე მეტია, საქმეს იხილავს, ეს უკვე შეიძლება მივიჩნიოთ მის დარღვევად! ასეთი არაერთი ფაქტია _ გია ნოდია პირველია, ვინც ასეთი სარჩელი შეიტანა? _ ის არ არის პირველი, მაგრამ ბანკებისა და ბიზნესასოციაციის მიერ განხილული საქმეებიდან სწორედ ეს შეირჩა.  

                                                                             ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება