QronikaPlus
სად გადავიდა ვივარიუმი და იგეგმება თუ არა ფარმაცევტული ფაკულტეტის შენობის გაყიდვა?!

სად გადავიდა ვივარიუმი და იგეგმება თუ არა ფარმაცევტული ფაკულტეტის შენობის გაყიდვა?!

2016-10-07 11:45:39

„პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებათა დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნანა სანაია, სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სასწავლო კორპუსიდან ვივარიუმის გადატანაზე საუბრობს. მისი თქმით, გადატანის მიზეზი ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ელენე ახვლედიანის (პეროვსკაია) ქუჩაზე მდებარე 2000 კვ.მ.-ის შენობაა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის ბალანსზეა და დღეს დაცარიელებულია. მიზეზებზე „ქრონიკა“-თან „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის“ ასოციაციის თავმჯდომარე _ ნანა სანაია საუბრობს: _ ელენე ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე შენობაში ათწლეულებია, სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტია განთავსებული. რამდენიმე ხნის წინათ ფაკულტეტი მთლიანად გაიყვანეს იქიდან და შენობა დაკეტილია. როგორც შევიტყვე, იგი ავარიულად გამოაცხადეს, ხოლო ბავშვები ლექტორებიანად ვივარიუმის შენობაში გადაიყვანეს. _ ვივარიუმიც იქ არის? _ არა, ვივარიუმი სად გადაიტანეს, არ ვიცი. ან საერთოდ, რა უქნეს? _ გადაიტანეს, მოშალეს, გააუქმეს... რაც მთავარია, საუბარია ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე შენობის გაყიდვაზე. _ კი მაგრამ, ის ხომ სამედიცინო უნივერსიტეტის ბალანსზეა და სახელმწიფო ქონებაა? _ ფაქტი ერთია: უზარმაზარი ფაკულტეტი იქიდან გაყვანილია, ხოლო ამ ფაკულტეტის მოსათავსებლად ვივარიუმი უნივერსიტეტის ერთ-ერთი სასწავლო კორპუსიდან მოაცილეს.   „ქრონიკა+“ სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ზაზა ტალახაძეს დაუკავშირდა: _ ბატონო ზაზა, მართალია, რომ ვივარიუმი აღარ არის სამედიცინო უნივერსიტეტში? _ ვივარიუმში გამოჰყავდათ ცხოველები ექსპერიმენტებისთვის: გამრავლება, ცდების ჩატარება და გამოყენებული პროდუქტის შემდგომი უტილიზაცია ხდებოდა. ეს გახლდათ ვირთაგვები, თაგვები და ა. შ. ბოლოს სამი-ოთხი წლის განმავლობაში, გამომდინარე იმ სიმძლავრიდან, როგორც ის მუშაობდა, ჩვენს ერთ-ერთ სამეცნიერო ინსტიტუტში გადავიყვანეთ და ზუსტად იგივე სიმძლავრით დავტვირთეთ. აღნიშნულ შენობაში, რომელიც ვივარიუმს სრული დატვირთვით არ ემსახურებოდა, თუ იყო ეს ხუთსართულიანი შენობა, ვიყენებდით ვივარიუმისთვის მხოლოდ ერთ სართულს. ჩვენ განვახორციელეთ მისი გადაპროექტება და საბოლოო მიზნებისთვის მისი რეაბილიტაცია. ეს არის ამჟამად მშენებარე პროცესში და ახალი სასწავლო წლისთვის მწყობრში შევა. აქ განთავსდება სხვადასხვა ფაკულტეტი. ფარმაცევტების _ სამ სართულზე, რეაბილიტაცია _ ერთ სართულზე, პათანატომები _ ორ სართულზე. ექვსი სართული მთლიანად დატვირთული იქნება. უკვე შეკვეთილია ავეჯი. ეს იქნება თანამედროვე შენობა გათბობით, კონდიცირებით, ვენტილაციით და ა. შ. _ თვითონ ვივარიუმი სად გადაიტანეთ? _ ჩვენს ერთ-ერთ სამეცნიერო ინსტიტუტში, ბელიაშვილის ქუჩაზე, იგივე ფართით, იგივე დატვირთვით, რომლითაც ის ბოლო 2-3 სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. სტუდენტები ჩართული არიან ამ პროცესში _ ცხოველები გამოჰყავთ, უვლიან, მიჰყავთ გარკვეულ კონდიციამდე და შემდეგ ექსპერიმენტებში რთავენ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, უჭირთ თუ არა სტუდენტებს იქ სიარული, ოპერაციები და ცდები ცხოველებზე კეთდება აქ. იქ ხდება მათი გამოყვანა. თუმცა ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებული ინსტიტუტი ისევეა ადაპტირებული სასწავლო პროცესისთვის, როგორც ჩვენი ყველა კორპუსი. იქ მიმდინარეობს როგორც სამეცნიერო მუშაობა, ისე სასწავლო პროცესი. ვივარიუმის გადატანის აუცილებლობა დააყენა იმან, რომ ჩვენ თუ სასწავლო პროცესისთვის  ვიყენებდით შენობის 15-20%-ს, რაც არარენტაბელური იყო, ახლა 100%-ს ვიყენებთ. _ ხელს რა გიშლიდათ, დანარჩენი 80%-იც რომ აგეთვისებინათ? _ იქ, სადაც ვივარიუმი იყო განთავსებული, ეს შეუძლებლი გახლდათ: ვინაიდან ცხოველების სპეციფიკური სუნი, ნარჩენების უტილიზაცია და ა. შ. ასე რომ, მთლიანად გადავწყვიტეთ, სასწავლო პროცესისთვის გამოგვეყენებინა. რაც მთავარია, დიღომში ვივარიუმი იგივე სქემით მუშაობს, როგორც აქ მუშაობდა. _ ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ შენობაში ათწლეულების მანძილზე განთავსებული იყო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი. დღეს იქ ეს ფაკულტეტი აღარ არის _ შენობა დააცარიელეთ და როგორც ამბობენ, გაყიდვისთვის ამზადებენო... _ დიახ, მთლიანი ფარმაცევტული ფაკულტეტი იქიდან გადმოვიყვანეთ და, ჯერჯერობით, მეორე სასწავლო კორპუსში განვათავსეთ, ხოლო ყოფილი ვივარიუმი, რაზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ე. წ. ყოფილი მეოთხე კორპუსის დასრულების შემდეგ გადმოვა აქ. _ ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან შენობაში რა იქნება? _ ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის. _ გაიყიდება? _             არა. ეს ასე ადვილად გადასაწყვეტი არ არის. გაყიდვაზე არ გახლავთ საუბარი. შენობა, რომელშიც განთავსებული იყო ფარმაცევტების ფაკულტეტი, ავარიულია. ამაზე შესაბიმისი დასკვნები არსებობს. იქ სწავლის გაგრძელება საფრთხის შემცველი იყო. ამიტომაც სტუდენტები მეორე სასწავლო კორპუსში გადმოვიყვანეთ, შემდგომ დაფუძნდებიან მეოთხე სასწავლო კორპუსში, ხოლო შენობის ბედს გადაწყვეტს... _ ეკონომიკის სამინისტრო? _ ქონება ჩვენია, ამიტომ მათთან შეთახმებით მოხდება, მაგრამ ამ თემას დამუშავება უნდა. ასე ადვილად გადასაწყვეტი არ არის. რემონტი ღირს თუ არ ღირს?! გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, ამისთვის კი შესაბამისი კვლევებია საჭირო. _ რამდენია შენობის ფართი? _ დაახლოებით, 2000 კვ.მ.-მდე. _ აქამდე არც სტუდენტები და არც ფაკულტეტის ხელმძღვანელობა არ შეწუხებულა ამ ავარიულობით, რაიმე პრეცედენტი მოხდა? კედელი ჩამოინგრა? _ დიახ, მეზობლის მხარეს პარაპეტი ჩამოიშალა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე. ამის შემდეგ დასკვნები ავიღეთ კონსტრუქტორებისგან. მათი დხმარებით პარაპეტი აღდგა. დასკვნაში მოხსენიებული იყო ასეთი ფრაზა, რომ მისი მდგომარეობის გამო საჭიროებს კვლევას. შენობა 100 წელზე მეტი ხნის არის. _ ამ ლოგიკით, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სხვა შენობებიც ავარიულია, ისინიც ხომ ასწლოვანია? _ ჩვენი აბსოლუტურად ცალკე მდგომი შენობაა. მასე ვერ ვიტყვით. არ გავრისკეთ, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების გადაყვანის საშუალება აქვს.  

                                                                                                     თამარ როსტიაშვილი

   

გაზიარება