QronikaPlus
როგორ აღძრა არჩილ კბილაშვილმა ტყიბულის მაჟორიტარ კანდიდატზე სისხლის სამართლის საქმე?

როგორ აღძრა არჩილ კბილაშვილმა ტყიბულის მაჟორიტარ კანდიდატზე სისხლის სამართლის საქმე?

2016-10-07 11:41:27

  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტყიბულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი გახლავთ ელგუჯა გოცირიძე. 2014 წელს ღუდუშაურის კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მერაბ კილაძე, ღუდუშაურის კლინიკის ექიმებსა და  ჩაჩავას ინსტიტუტის აქციონერებთან ერთად შეხვდა იმდროინდელ გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს. კბილაშვილმა იმ დღესვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ელგუჯა გოცირიძის წინააღმდეგ. საქმეს მიენიჭა ნომერი და მიეცა მსვლელობა. თემა ძალიან სკანდალურია! იგი რამდენიმე პუნქტისგან შედგება და „ქრონიკა+“ თითოეულ მათგანს ფაქტებითა და დოკუმენტებით წარმოგიდგენთ.   პრეისტორია   ღუდუშაურის მედპერსონალი არ მალავს იმ ფაქტს, რომ მათი კლინიკის შესყიდვისა და ხელოვნურად გაკოტრების უკან ფრანგი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ინტერესები დგას. სწორედ იმ ქებურიასი, რომელმაც პარლამენტის შენობა იყიდა. ჩაჩავას კლინიკის დირექტორი და რესტორან „ამბასადორის“ მეპატრონე, ასევე თემქის საავადმყოფოსა და ღუდუშაურის კლინიკის მფლობელი _ ელგუჯა გიცირიძე, პარიზში რესტორანს ფლობდა. სწორედ იქ გაიცნო ბუბა ქებურია. როგორც, თავის დროზე, ჯერ კიდევ, ჩაჩავას სამშობიაროს თანამშრომლები გვიყვებოდნენ, გოცირიძეს რესტორნის წილში სწორედ სოხუმელი ბიზნესმენი ჰყავდა შემოყვანილი. პირველად სწორედ ელგუჯა გოცირიძემ გააცნო ბუბა ქებურია ქართველ პოლიტიკოსებს _ კერძოდ, დავით ბაქრაძეს (პარლამენტის თავმჯდომარე) და ზურაბ ადეიშვილს (იუსტიციის მინისტრი). დავით ბაქრაძის ცოლი, მაკა მეტრეველი, ელგუჯა გოცირიძის ბიზნესის პიარი გახლავთ. მოგვიანებით, მან მაკა მეტრეველს ჩაჩავას კლინიკაში ესთეტიკური მედიცინის ცენტრი გაუხსნა. სწორედ ადეიშვილთან და ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ მიღეეს გადაწყვეტილება ქებურიასთვის პარლამენტის შენობის მიყიდვაზე. ამხელა ინვესტორის შემოყვანისთვის, რა თქმა უნდა, ელგუჯა გოცირიძესაც უნდა მიეღო თავისი სასაჩუქრე ბონუსი და ეს ბონუსი გამოდგა სწორედ ღუდუშაურის საავადმყოფო. ელგუჯა გოცირიძე ამის შემდეგ აყალიბებს კომპანია „ჯორჯიან მედის“ თავისი შვილის სახელზე, რის შემდეგაც 2012 წელს ეს კომპანია ღუდუშაურის საავადმყოფოს ყიდულობს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 6,67 მილიონ ლარად. ამ ფასში შედიოდა მანამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 29 378 010 აქცია, საავადმყოფოს გარემონტებული და სრულად აღჭურვილი 8-სართულიანი შენობა და 62 093 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ახლა ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ აქციები, 8-სართულიანი კაპიტალურად გარემონტებული შენობა, შიგნით განთავსებული რამდენიმემილიონიანი აპარატურა და მხოლოდ მიწის ფასი ვიანგარიშოთ: ლუბლიანის ქუჩაზე 1 კვ.მ. მიწის კომერციული ღირებულება 200-220 დოლარია. მუნიციპალური (საკრებულოს მიერ დადგენილი) ღირებულება _ 120 ლარი. გასათვალისწინებელია: როდესაც მიწა გამოდის აუქციონზე და მისი ფართობი ჰექტრობით იზომება, სახელმწიფო უშვებს გამონაკლისს (თუმცა რომელი კანონის ფარგლებში, დღემდე გაურკვეველია) და მიწის 1 კვ.მ. ღირებულება 50 დოლარამდე დადის. მაშასადამე, ღუდუშაურის კლინიკის შემთხვევაში ლუბლიანის ქუჩაზე მდებარე 62 093 კვ.მ. მიწა, მინიმუმ, უნდა გაყიდულიყო (50 დოლარზე გადაანგარიშებით) 3100 000 დოლარად, რაც, ფაქტობრივად, შეადგენს კიდეც 6 მილიონ ლარს. ეს მხოლოდ მიწის ფასია. არადა, სწორედ ამდენად იყიდა ელგუჯა გოცირიძემ ღუდუშაურის კლინიკა _ მიწის ფასად. არც შენობა, არც აპარატურა და არც აქციები მისთვის არავის უანგარიშია. ამის შემდეგ ახალი მეპატრონე, პირველ რიგში, ღუდუშაურის შეძენისთანავე, საავადმყოფოს კუთვნილი ტერიტორიის 8 ჰექტარს ყიდის ოთხ მილიონ ლარად, სადაც ლეილა მესხის კორტები და სტადიონი აშენდა. ამით გოცირიძემ კლინიკაში გადახდილი თანხის ნახევარზე მეტი ამოიღო. ტერიტორიის სოლიდურ თანხად გაყიდვის შემდეგ საავადმყოფოს 8-სართულიან შენობა-ნაგებობასაც სარფიან კაპიტალდაბანდებას უძებნის. ღუდუშაურის კლინიკა მთელი თავისი აქტივებით იდება „პროკრედიტ ბანკში“ 22 მილიონ ლარად. ამ პროცედურამდე თუ ამ პროცედურის შემდეგ კლინიკას ტოვებს კლინიკის მთავარი ბუღალტერი და ფინანსისტი და პირდაპირ სასამართლოში შეაქვს სარჩელი. სასამართლო სარჩელებზე და კლინიკაში არსებულ რევოლუციურ სიტუაციაზე ცოტა ქვემოთ, ახლა კი იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თავად კლინიკაში? თავის დროზე, ამ მასალის მზადების პროცესში, ღუდუშაურის კლინიკიდან წასულ თითქმის ყველა ექიმს დავუკავშირდით. არც ერთი მათგანი ელგუჯა გოცირიძეს ექიმად არ მიიჩნევს. თუ რად მიიჩნევენ, ამას აქ არ დავწერთ, გარკვეული ეთიკური მოსაზრებების გამო. დავდებთ მხოლოდ ფაქტებს, დოკუმენტებსა და რეალურ მასალებს.   მამუკა ცუხიშვილი _ პაციენტთა და მედიცინის მუშაკთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი: _ ღუდუშაურის კლინიკას ვალები ჰქონდა: 22 054 274,70 ლარის დებიტორული და 4 140 002,41 ლარის კრედიტორული დავალიანება. ჯამურად _ 26 მილიონი ლარი. ამ დავალიანების დიდი ნაწილი „ნაციონალურმა“  მთავრობამ კლინიკას ჩამოაჭრა. ისმის კითხვა, _ რატომ? მოვიდა ელგუჯა გოცირიძე და დაიწყო გააუქმებები. მაგალითად, ქირურგიულ და ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტებს 5-6 განყოფილება ჰქონდათ: ზოგადი ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, უროლოგია, ბავშვთა, მოზრდილთა ტრავმა, ორთპედიული განყოფილება და ა. შ. როგორც კი გოცირიძე მოვიდა, განაცხადა, რომ ამხელა არ მინდა, პატარ-პატარა უნდა გავაკეთოო. ღუდუშაური ჩაჩავას კლინიკა ჰგონია, რომელიც მონოპროფილურია. აი, ამ ქირურგიულმა დეპარტამენტმა აგვისტოს ომის დროს 840 დაჭრილს ისე გაუკეთა ოპერაცია, რომ არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ჰქონია. ეს დეპარტამენტი დაშალა და წამყვანი, ძალიან ცნობილი ექიმები და პროფესორები იძულებული გახადა, წასულიყვნენ. _ რომლები? _ პროფ. ბაადურ ზემლიცკი _ ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „მედიკლაბში“ გადავიდა. იგი მსხვერპლი გახდა იმისა, რომ ხმამაღლა ლაპარაკობდა, „ღუდუშაური“ იღუპება, კადრების სერიოზული გადინებააო; პროფ. ვაჟა მარსაგიშვილი _ ტრავმატოლოგიური განყოფილების გამგე გადავიდა „კარაპს მედლაინში“; ვაჟა გაფრინდაშვილი, უცნობილესი ტრავმატოლოგი და წამყვანი სპეციალისტი გადავიდა „მედიკლაბში“; ლევან ნაჭყებია _ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი წავიდა „მედიკლაბში“; ნაწილი ექიმებისა გადავიდა „ნიუ-ჰოსპიტალში“: პროფ. გიორგი გურგენიძე _ თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზაზა მეტრეველი _ ღუდუშაურის ანესთეზიოლოგიურ-რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელი დღეს მცხეთის საავადმყოფოს მთავარი ექიმია. ანუ წონიანი ფიგურა ყველა წავიდა და დღეს ღუდუშაურის ცენტრი ის ღუდუშაურის ცენტრი აღარ არის. რაც მთავარია, ზაზა მეტრეველს გაყვნენ მისი რეანიმატოლოგები და ძირითადი დრო მცხეთაში არიან. მიმღებიდან წავიდა უძლიერესი რეანიმატოლოგი გიგა გელენიძე, ქიურგი ნუკრი ლომინაძე. დაახლოებით 30-მდე ექიმი წავიდა ღუდუშაურის ცენტრიდან 6 თვეში. ისეთი პირობები შეუქმნა, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, განცხადება დაეწერათ. გოცირიძე უყვიროდა ამ წამყვან კადრს. ამათ ვერ აიტანეს, ექიმების გარდა ექთნებიც გაუშვა. ღუდუშაურში ამერიკული მოდელი იყო დანერგილი _ სანიტარი, მერე ექთანი, მათ შორის, ექთნის თანაშემწე და სუპერვაიზერი.   ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისი განთავისუფლების ფაქტს შემდეგნაირად ხსნიდა: _ როგორც კი ოფიციალურად მოვიდა გოცირიძე, მან განაცხადა, რომ თუ ადრე ოპერაციაში ქირურგი იღებდა 200 ლარს, ახლა აიღებთ 100 ლარსო. ამის მერე ათდღიანი უხელფასო შვებულება ავიღე. 29 დეკემბერს საერთო კრება ჩატარდა. კრებას ესწრებოდა ღუდუშაურის საავადმყოფოს თითქმის ყველა ექიმი და იქ ყველას მიეწოდა ხელმოსაწერად კონტრაქტები, რომლებიც 24 ნოემბრის თარიღით იყო გაფორმებული. ანუ შემოგვთავაზეს დეკემბრის კონტრაქტზე ხელის მოწერა, მხოლოდ ნოემბრის თარიღით. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ექიმებს შორის საუბარი იყო, რომ დავეთანხმოთ, ვნახოთ, რა იქნებაო. იმ ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტი შედიოდა: ან გამომუშავებით, ან ფიქსირებულად. მე იქ ჩავწერე, რომ თანახმა ვიყავი ფიქსირებულ ხელფასზე და კანცელარიაში ჩავაბარე. ვინაიდან ჩემ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე პასუხი არ მივიღე, 3 იანვარს ისევ გავედი შვებულებაში. თებერვლამდეც რომ არ მივიღე არანაირი პასუხი, განცხადება დავწერე წასვლაზე და ჩემი ხელფასი მოვითხოვე. დამიბარეს და მითხრეს, შვებულებების ფულს ვერ მოგცემთო. არსებული კანონმდებლობის თანახმად, ექიმს შვებულების ფული უნაზღაურდება და აქამდე ყველას გვინაზღაურდებოდა. ვკითხე, _ რატომ არ მომცემთ-მეთქი? _ არ გიმუშავია შვებულების დროს და როგორ უნდა მოგცეთო? როგორი ცინიზმია! მე ვუთხარი, რომ თუ თქვენ არ იცით, როგორ უნდა მომცეთ, მაშინ ამას სასამართლო გაარკვევს-მეთქი. მე მეკუთვნოდა, დაახლოებით, ათი ათასი ლარი და მაძლევდნენ 7 ათას ლარს. ასე მითხრეს, „ლოხები“ ხომ არ ვართ, შვებულების ფულს რას გვთხოვო?! გოცირიძე სულ ორჯერ მყავს ნანახი, ერთხელ კაბინეტში შევხვდი და მეორედ აეროპორტში და მაშინაც არ შეგვიმჩნევია ერთმანეთი. ავიყვანე ადვოკატი. იგი შეეცადა, ღუდუშაურის იურისტებს დალაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი რომ არ გამოვიდა, სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და პროცესი დღემდე მიმდინარეობს. _ სხვებმა არ შეიტანეს სასამართლოში სარჩელი? _ არიან, ვინც შეიტანა. მე სწორედ გამიგეთ, ფულის გამო ამას არ ვაკეთებ, ეს გავაკეთე პრინციპის გამო. ვითხოვდი იმას, რაც მეკუთვნოდა. ისინი ამას არ მაძლევენ. სამაგიეროდ, იმათ შეაქვთ შემხვედრი სარჩელები. გამოიძახეს ჯანდაცვის სამინისტროს კომისია, ჩემი ნამკურნალები ავამყოფები 2008, 2009 2010 წლებში გადაამოწმეს. _ რა კავშირში იყო თქვენი სარჩელი ხელფასის მოთხოვნით 2008-2010 წლებში თქვენ მიერ ნამკურნალებ ავადმყოფებთან? კომპრომატებს ეძებდნენ? _ იცით, როგორი კუთხით, რომ ჩემ მიერ ნამკურნალებ ავადმყოფებზე არ არის გადმორიცხული „ბისიაისა“ და „იმედი ელის“ თანხებიო. ამ დროს, „ბისიაისგან“ გადახდა შეფერხდა იმიტომ, რომ იმ დროს „ბისიაი“ შეურთდა „იმედი ელს“, თორემ „იმედი ელისგან“ არ ყოფილა შეფერხებები. 4-5 თვის განმავლობაში ახალ-ახალი სარჩელები შემოაქვთ. ბოლო პროცესი 13 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, გადავიდა ოქტომბრისთვის და სამი კვირის განმავლობაში ღუდუშაურს ვერ შეატყობინეს. _ თქვენთან ერთად ბევრმა ექიმმა დატოვა ღუდუშაური? _ ძალიან ცნობილმა ექიმებმა. ბაადურ ზემლიცკი ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, ზაფხულში წამოვიდა და ამ კაცს თავისი პირადი ნივთები არ გამოატანეს: კარადა, მაგიდა, წიგნები _ ყველაფერი დაატოვებინეს. _ რატომ? _ ჰკითხეთ ღუდუშაურის ახალ ხელმძღვანელობას. ბაადურ ზემლიცკის მაგიდა, მაგალითად, გახლდათ კლინიკის დაამაარსებლის _ ოთარ ღუდუშაურის ნაქონი. ეს მაგიდა გადაგდებული იყო, იმიტომ რომ ღუდუშაურის კლინიკა რომ აშენდა, იქ არ შეიძლებოდა ძველი ავეჯის შეტანა. არაფერი ანტიკვარული არ იყო, ჩვეულებრივი კომუნისტების დროინდელი სამთავრობო სტილის მაგიდა გახლდათ, რომელსაც ზემლიცკიმ თვითონ გაუკეთა რესტავრაცია, ვინაიდან ღუდუშაურის მოწაფედ მიიჩნევდა თავს და უნდოდა, რომ მის მაგიდასთან მჯდარიყო და მისი კარადა მდგარიყო კაბინეტში. ეს ყველაფერი დაატოვებინეს. _ რას აპირებთ? _ ველოდები სასამართლო პროცესის დასრულებას. ღუდუშაურის საავადმყოფო ჩემი ოჯახი იყო, მაგრამ წამოვედი ჩემი ოჯახიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე, იმიტომ რომ საშუალება არ მივეცი, გავეგდე. ნოემბრიდან რაც მოვედი, 29 დეკემბრამდე იხდიდა ძველი ტარიფით თანხებს. კიდევ ერთი დეტალი: 24 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე ვინც მოაწერა ხელი ხელშეკრულებას 24 ნომებრის ტარიფით, იმათ ახალი ტარიფით ახდევინებდა. ანუ  ავადმყოფი რომ იხდიდა 2000 ლარს ოპერაციაში, ექიმის ხელფასი ხომ იყო ჩადებული 300-200 ლარი? ექიმებს მისცა 100 ლარი და ამით მოატყუა. ე. ი. ავადმყოფს ფული გამოართვა ძველი ტარიფით და ექიმს ახალი ტარიფით გადაუხადა და სხვა მიზნით გაუშვა. მარტო ეს ეყოფა საქმის შესასწავლად.   ახლა კიქრონიკა+“ ზემოთ მოყვანილ ბრალდებებთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ ღუდუშაურის კლინიკის იმდროინდელი გენერალური დირექტორის, სოსო ბრეგვაძეს პოზიციას: _ რა ინტერესები აქვს ბუბა ქებურიას ღუდუშაურთან მიმართებით? _ ღუდუშაურში მიმდინარე პროცესები ვინმე გარეშე პირებთან არ არის დაკავშირებული, ვინც არ უნდა იყოს ეს. ეს არის დაწესებულების შიგნით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება პერსონალსა და ხელმძღვანელობას შორის, რაც, ძირითადად, შეეხება შრომის ანაზღაურებას. ჩვენ სესხი გვაქვს იმისთვის, რომ ის მძიმე ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაგვხვდა, პრივატიზაციის შემდეგ გაგვესწორებინა მაქსიმალურად მოკლე დროში _ ეს შეეხება სახელფსო დავალიანებებს, მომწოდებლებთან გასწორებას და საბიუჯეტო დავალიანებების დროულად დაფარვას.   ქრონიკა+“ მერაბ კილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც პირადად გადასცა საქმე არჩილ კბილაშვილს და რომლის თვალწინაც საქმეს ნომერი მიენიჭა: _ ბატონო მერაბ, საქმე დაიხურა? _ არა. _ აბა, რა ხდება? გოცირიძე მაჟორიტარ კანდიდატად არის წარდგენილი „ქართული ოცნებიდან“. _ ჰოდა ვულოცავ მთელ საქართველოს, მოიყვანონ კრიმინალები სათავეში. _ არ მოგიკითხავთ, რა ეტაპზეა საქმე? _ აზრი? ამ მთავრობის უნიათობით ხომ ხედავთ, რაც ხდება?! „ნაციონალებში“ აყვავდა, დღეს „ოცნებაშია“, ხვალ კომუნისტური პარტია რომ მოვიდეს, იქ გადავა.   ქრონიკა+“ ეცადა, არჩილ კბილაშვილს დაკავშირებოდა, თუმცა ის საქართველოში არ აღმოჩნდა.   ამის შემდეგ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნათია სუხიაშვილს დავუკავშირდით: _ 2014 წელს მერაბ კილაძე, ასევე ღუდუშაურის ექიმები შეხვდნენ არჩილ კბილაშვილს და სისხლის სამართლის საქმე მოკვლევაში წავიდა. ამის შესახებ იწერებოდა კიდეც და გვაინტერესებს, რა ეტაპზეა დღეს? _ ამ საქმესთან დაკავშირებით ვეცდებით, ყველა ინფორმაცია მოვიპოვოთ. რა მუხლით არის აღძრული, ხომ ვერ მეტყვით? _ საქმე მოკვლევაში წავიდა და, ფაქტობრივად, გამოძიებას გადაეცა. იმის შემდეგ რა ბედი ეწია, არავინ იცის. ამიტომ გირეკავთ... _ კარგით, გავარკვევ.   შემდეგ ნომერში „ქრონიკა+“ შემოგთავაზებთ ჩაჩავას ინსტიტუტის აქციონერების კიდევ ერთ სკანდალურ თემას.  

                                                                                                                 თამარ როსტიაშვილი

     

გაზიარება