ცეზარ ჩოჩელის დამოუკიდებელი ცხოვრების გზა და ბიზნესის ისტორია 1991 წლიდან იწყება. მაშინ, როცა ქვეყანა ინგრეოდა, ნადგურდებოდა, იძარცვებოდა, ახალგორელმა ბიჭმა 23 წლის ასაკში ბიზნესში პირველი ნაბიჯები გადადგა და მცირე საწარმო „ლომისი“ დააფუძნა.
„ის, რასაც მე ვაკეთებ და მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, წარმოებების შექმნა და ქარხნების აშენებაა. ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდებოდა და სჭირდება ქვეყანას. ამის კეთება გაცილებით რთულია, ვიდრე მარკეტების, ბაზრობების, უძრავი ქონების შეძენა, ბანკების დაარსება და ა. შ. მე ბევრად რთული გზა ავირჩიე“, _ აცხადებს ცეზარ ჩოჩელი „ქრონიკა+“-თან.
_ მე რომ გუბერნატორობიდან წავედი, უამრავი პროექტი დამრჩა განსახორციელებელი. თუნდაც, იგივე, ლტოლვილების დასახლებას გავყვეთ. ნახევარი გზა მოასფალტებულია, ნახევარი დაგვრჩა. რაც წავედით, ასფალტიც კი არ დაგებულა. აქ საუბარი არ არის ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ვერავინ დააბრალებს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ მან მცხეთას ყურადღება დააკლო, ვინაიდან მუდმივად არის ჭარბი ფული, რომელსაც ვერ ითვისებენ, იმისდა მიუხედავად, რომ ამდენი პრობლემა გვაქვს. გაიარეთ სოფლებში _ ზოგან წყალი არ არის, ზოგან გზა და ა.შ.
_ რატომ?
_ ამ ოთხი წლის განმავლობაში ადგილობრივი მთავრობის უგუნურობის გამო რაიონმა 10-12 მილიონი ლარი დაკარგა. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ შეადარონ ყოველივე ეს ჩემი გუბერნატორობის დროინდელ მცხეთას. ჩემი დაწყებული პროექტები: გამწმენდი ნაგებობები, კულტურის სახლი, ხელოსნების უბანი, სადაც უნდა წარმოჩენილიყო ჩვენი ერის მთლიანი ხელსაქმე, რაც საქართველოში ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა _ მინანქარი, თექა, ნაბადი, ჭედვა, ოქრომჭედლობა და ყველა მიმართულება, ამის განხორციელებას ახლა ვაპირებ. ყოველივე ეს გამოიწვევს დამატებითი რაოდენობის ტურისტის მოზიდვას. არანაკლები პროექტები გვქონდა რაიონების მიხედვით. მახსოვს, გუბერნატორად რომ მოვედი, დიდ სოფლებთან: მუხრანი, ძალისი, წილკანი და ა. შ. (რომლებიც ერთმანეთზეა მიბმული) დამაკავშირებელი გზაც კი არ არსებობდა, ხალხი სოფლიდან სოფელში რომ გადასულიყო. ბევრი პრობლემა დაგვხვდა და მათ მოსაგვარებლად მხოლოდ სამი წელიწადი მქონდა. წელიწადნახევარი ლტოლვილების პრობლემების მოგვარებაზე და ომის შემდგომი ჭრილობების მოშუშებაზე წავიდა. როდესაც უკვე რაიონის პრობლემების მოგვარებაზე გადავედით, სოფელი არ იყო, სადაც გზა არსებობდა. დასახლებულ პუნქტში იშვიათად შეხვდებოდით ბუნებრივ აირს, ანდა წყალგაყვანილობას. რაც მთავარია, ბიუჯეტი იყო მიზერული და სულ ბრძოლა და მუშაობა მიწევდა იმისთვის, რომ ადგილობრივი შემოსავლები და პარალელურად, ცენტრალური ბიუჯეტიდან დანამატები გაზრდილიყო. მაქსიმალურად ვცდილობდით, გაკეთებულიყო ის პროექტები, რომლებიც ხალხს სჭირდებოდა _ რამდენიმე სკოლა და ბაგა-ბაღი ავაშენეთ, მათი დიდი უმრავლესობა გავარემონტეთ, მცხეთის სოფლებამდე გზები მივიყვანეთ და წამოსვლის წინ დავტოვეთ გეგმა, სადაც ყველა დიდ სოფელში სასოფლო გზები უნდა დასრულებულიყო. დედლაინი გვქონდა მაქსიმუმ 1-1,5 წელი, სადაც ყველა დიდ სოფელში (მუხრანი, წეროვანი, ნატახტარი, მისაქციელი და სხვ.) ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო სოფლების შიდა კეთილმოწყობაზე. ანალოგიურად ვმუშაობდით ინვესტიციების მოზიდვაზე და მაქსიმალურად ვიყავით ჩართულები, რომ რაც შეიძლება მეტი მეწარმე შემოსულიყო მცხეთის რაიონში და საწარმოები გახსნილიყო. მაგალითად, ჩვენი ჯგუფი გარდა იმისა, რომ თავად ხსნიდა წარმოებებს, გარკვეული მუშაობა დაგვჭირდა, რომ სერიოზული კომპანიები შემოგვეყვანა _ აშენდა ქაღალდის გადამამუშავებელი წარმოება, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ასევე ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი წარმოება ჩაეშვა, დიდი რესურსი და ენერგია ჩავდეთ სასათბურე მეურნეობების გაშენებაზე. ეს პროცესი დღესაც გასაგრძელებელია. ჩვენ უნდა შევქმნათ მაქსიმალური გარემო რეგიონში წარმოების განსავითარებლად, რაც, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს. ხელი უნდა შეეწყოს ტურიზმის განვითარებას, რასაც სასტუმროების მშენებლობა მოჰყვება. ეს, თავის მხრივ, ზრდის სავალუტო ნაკადის შემოდინებას და ა. შ. მთლიანობაში, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ყოველივე ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი _ დაწყებული მცხეთის რეაბილიტაციიდან, დასრულებული სოფლების შიდა გზების კეთილმოწყობამდე, რაც ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. თუ ჩვენ გლეხს სოფლად იმის პირობებს შევუქმნით, რომ ცოტა კომფორტულად იცხოვროს, მას მეტი მოტივიცია ექნება, ბოლომდე ჩაერთოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. რაც უფრო მეტი გვექნება სამუშაო ადგილი, ნაკლები ღარიბი ადამიანი გვეყოლება და სოციალური დახმარების გაცემის საჭიროებაც აღარ იქნება. ამას კი დიდ პაკეტში უნდა განხილვა. გადავხედოთ, ჩემი მართველობის 4 წელიწადში რამდენი ადგილი შეიქმნა მცხეთის რაიონში და შეადარეთ, ბოლო პერიოდში სად რამდენი ადგილი შეიქმნა. ბევრი სამუშაო ადგილია, მაგრამ კიდევ ბევრია შესაქმნელი, რათა მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი დასაქმდეს.
_ ბატონო ცეზარ, თქვენ ჩამოთვალეთ ის პროექტები, რისი გაკეთებაც შეძელით. რა ვერ მოასწარით?
_ იდეების გენერაციას რაც შეეხება, ჩვენმა ჯგუფმა სამომავლოდ უკვე დაამუშავა 5-6 პროექტი, აქედან ორს ჩვენ ვახორციელებთ, დანარჩენი კი, თუ პოტენციური ინვესტორი გამოჩნდება, მზად ვართ, ჩვენი დამუშავებული პროექტები აბსოლუტურად უსასყიდლოდ გადავცეთ. სამწუხაროდ, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უაზროდ არის გაბერილი შტატები და არავის მოსვლია აზრად, რომ ერთი სამსახური შექმნილიყო, რომელიც კოორდინატორი იქნებოდა მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის. ამ სამსახურს აუცილებლად შევქმნით. დღეს სახელმწიფოს უამრავი პროექტი აქვს: სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი, აწარმოე საქართველოში და ა. შ., მაგრამ, პარალელურად, სოფლად აღარ გვყავს ხალხი, ვისაც ამ პროექტების განხორციელება შეუძლია. ჩვენ ამ მიმართულებით მეტი მუშაობის ჩატარება მოგვიწევს, რათა აგიტაციაც შესაბამისი იყოს. სწორ გზაზე უნდა დავაყენოთ ადგილობრივი მკვიდრები _ როგორ მოიპოვონ მოცემული მიმართულებებით კრედიტი, გრანტი და ა. შ. თუ ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელსაც სურვილი ექნება, რომ სოფლად რაღაც განავითაროს, თავისი წარმოება შექმნას და ა. შ. გულწრფელად გეუბნებით: დღეს რომ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს პროგრამები წარმოებისა და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, მე არასდროს მინახავს. ამავე დროს, რომ გადაამოწმოთ, აღმოაჩენთ, რომ მცხეთა-მთიანეთში ასეთი, სულ რაღაც, ერთი-ორია განხორციელებული. ასე რომ, ამ მიმართულებით რაც უფრო ინფორმირებულს გავხდით მოსახლეობას, მეტ წარმატებას მივაღწევთ.
_ თქვენ ერთხელ უკვე იყავით პარლამენტარი...
_ პარლამენტარობა საკმაოდ დიდი ტვირთია. მაშინაც, როდესაც პარლამენტარი ვიყავი, ერთი მიზანი მქონდა, რომ ჩემი ახალგორელებისთვის ის პრობლემები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, გადამეწყვიტა. თავის დროზე, 2003 წელს, პარლამენტში მოვხვდი, ფაქტობრივად, ოპოზიციური ფრთიდან. 2007 წლისთვის ახალგორი პირველი რაიონი იყო, რომლის ცენტრშიც თავიდან ბოლომდე მოასფალტებული გზა შევიდა. არადა, დღემდე მცხეთის რეგიონში ბევრ რაიონს არ გააჩნია ცენტრამდე მისასვლელი მოასფალტებული გზა. ახალგორში კი ეს მოვახერხე იმიტომ, რომ სხვა პრობლემა მინისტრებთან არ მქონდა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ჩემი ტკივილი ახალგორის რაიონი იყო. ჩემი გუბერნატორობის პერიოდში დუშეთში მისასვლელი გლდანის მხრიდან, თიანეთთან დამაკავშირებელი გზა გაკეთდა. დღეს ჟინვალის მიმართულებით მიმდინარეობს გზის მშენებლობა.
_ ახალ გეგმებზეც გვითხარით.
_ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რათა ის დაკარგული დრო, წინა ოთხი წელიწადი ადგილობრივებისა და მაშინდელი მოქმედი პარლამენტარების მიერ ხელიდან გაშვებული, ავინაზღაუროთ. როდესაც მცხეთაში დეპუტატი ცდილობს, რომ მაქსიმალურად თავის ხელში ჰქონდეს ხელისუფლება და ყველაფერზე მიდის საიმისოდ, რომ ყველას დისკომფორტი შეუქმნას, თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც მან მოიყვანა, მათ დავუყენებ მოთხოვნებს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა ყველა გარღვევა გამოასწორონ. როდესაც ადამიანს არ ვაძლევთ მოქმედების საშუალებას და ყველა წვრილმანი საკითხი დეპუტატს უნდა შეუთანხმოს, იმის მიუხედავად, რომ დეპუტატს რეალურად არავინ ეკითხება წვრილმანებს, რა უნდა გააკეთო ამ მოცემულობაში? რაც დღეს არის გასაკეთებელი, ამისთვის ცოტა მეტი ორგანიზებულობაა საჭირო, მეტი პასუხისმგებლობა და მეტი შენი საქმის სიყვარული. რაც მთავარია, ალალი დამოკიდებულება შენი რაიონის მკვიდრების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფინანსები საკმარისია, ორგანიზებული მუშაობის პირობებში ეს თანხები, პირიქით, დეფიციტში უნდა იყოს და მუდმივად თანხების მოთხოვნის რეჟიმში უნდა იდგეს მმართველი. მცხეთის მაგალითი ავიღოთ: რატომ არ უნდა გაგრძელდეს ქალაქის რეკონსტრუქცია _ ცუდად განვითარდა?! არადა, დღეს რომ გაიაროთ, ყველა სახლის წინ მოჯღანეს რაღაც სავაჭრო „ბუტკები“. გამგეობებმა პრემიები და ტყუილი დახმარებები ერთი თვით მაინც რომ არ გასცენ, ეს საკმარისი იქნება მთელ მცხეთაში იმისთვის, რომ ადგილობრივ მოვაჭრეებს კომფორტი შევუქმნათ და ტურისტი რომ მოდის, ელემენტარულად არ შევრცხვეთ.
_ ე. ი. მცხეთის განაშენიანებას გააგრძელებთ?
_ იმიტომ ირჩევენ ადამიანს გამგებლად, საკრებულოს თავმჯდომარედ, მმართველად, რომ ეს პრობლემები ცოტა სხვანაირად დაინახოს. თავიდან რომ გავაკეთეთ მცხეთა, უმეტესობა ამბობდა, _ რად გვინდა? ჩვენ რას გვარგია? და ა. შ. დღეს აბსოლუტურად ყველა ოჯახს აქვს შემოსავალი. ზოგს გაქირავებული აქვს, ზოგმა თვითონ შექმნა სავაჭრო ადგილი. 35 მარტო საოჯახო სასტუმრო გაიხსნა და ეს პროცესი გრძელდება. ახლა დროა, რომ პირიქით, მთელი მცხეთა მოვიცვათ.
სრული რეაბილიტაციის შემთხვევაში არც ერთ მცხეთელს არ უნდა სჭირდებოდეს სხვა რაიონში წასვლა სამსახურის საძიებლად და ყველა ოჯახში უნდა იყოს ერთი დასაქმებული მაინც. მე გეუბნებით, რომ ამ ფორმით მივაღწევთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას. ეს არის ყველაზე სწორი გზა!
თამარ როსტიაშვილი