QronikaPlus
„ქართულ ოცნებაში“ დაკარგული თაობა

„ქართულ ოცნებაში“ დაკარგული თაობა

2016-10-06 12:36:13

არჩევნების წინ ყველაფერს ფასი ედება. ველური კაპიტალიზმის ეპოქაში გაცხოველებული ვაჭრობა არავის უკვირს, _ იყიდებიან როგორც ცალკეული პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები, ისე მთელი რიგი პარტიები. კრიმინალური ფონის გაუარესების პარალელურად ქართული პოლიტიკური მარკეტინგი არად დაგიდევთ გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკით სპეკულირებასაც. გასულ კვირას თბილისში დანაშაული დანაშაულზე ხდებოდა. ასეთ ვითარებაში ცეცხლის ფასი დედაქალაქში გახსნილ ცეცხლსაც დაედო. პარტიულ დახლებზე ადამიანთა ტრაგედიები მორიგ ჯერზე გაიშალა... გარკვეულმა სუბიექტებმა (მედიის წარმომადგენლებს არ ვგულისხმობთ) კონკრეტული ოჯახების ტრაგედია სრულიად გააზრებულად სათავისოდ გამოიყენეს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დუმილი არჩიეს. ახლა სწორედაც რომ ამ კატეგორიაზე მოგიყვებით, _ ადამიანებზე, რომლებიც წლების წინათ რეაგირების გარეშე არ ტოვებდნენ სამართალდამცველების მხრიდან არსებულ შეცდომებსა თუ გადაცდომებს, მაგრამ დღეს მათი პროტესტის ხმა, რატომღაც, არ გვესმის. ალბათ, გასაგებია, რომ საუბარი გვექნება მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსებზე და ჩინოვნიკებზე, რომლებიც სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის ტრაგიკულ მკვლელობებზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ. მივყვეთ თავიდან: 2007 წლის შემოდგომა მიხეილ სააკაშვილისთვის, ერთობ, რთული გამოდგა, _ ვარდებით მოსულ ხელისუფლებას ოთხი წლის შემდეგ ბევრი გაემიჯნა. მართალია, შევარდნაძის ეპოქისთვის დამახასიათებელი სტაგნაცია სააკაშვილმა წარსულს ჩააბარა, ქვეყანაში აღმშენებლობა დაიწყო და კრიმინალმაც იკლო, თუმცა ამ ყველაფრის სიმეტრიულად იმატა განაწყენებულთა რიგებმაც. სააკაშვილის მიერ გაჩოჩებულმა ელიტურმა კლასმა, გაბრაზებული მასების მხარდამხარ, მმართველი ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალური ბრძოლა დაიწყო. მართალია, იმავე 2007 წლისთვის (განსხვავებით 90-იანი წლებისგან) მოსახლეობას 24-საათიანი ელექტროენერგია მიეწოდებოდა, მოწესრიგდა გზების ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, კორუფცია ყოფით დონეებზე მართლაც მოისპო, თუმცა გაუმჯობესებული გარემო და კრიმინალის კლება კონკრეტული ადამიანების ზურგზე და ბედზე გადავიდა _ თაობა, რომელიც პოსტსაბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბდა და რომელიც ჯერ ქუჩაში ტანკებით მოსეირნე საბჭოთა ჯარს (1989 წ.) და შემდეგ „მხედრიონს“ მოესწრო, თაობის ნაწილი, რომლისთვისაც ე. წ. ქურდული იდეოლოგია და ძალადობა უცხო არ იყო, სწრაფად ვერ ადაპტირდა ახალ გარემოსთან. ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში დანაშაულმა პატიმრების რიცხვის ზრდის ხარჯზე იკლო. მმართველ გუნდს ბრალს სდებდნენ რეპრესიებსა და ახალგაზრდების განადგურებაში. ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო პატარკაციშვილის დაფუძნებულ ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „დროებაში“ მაშინ საზოგადოებისთვის უცნობი სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების რეალური ისტორია. სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეებს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამ ტრაგიკულმა ამბებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავზე არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. უსამართლობა ყოველთვის ხდებოდა და მოხდება, რიგითი ადამიანის ბედი კი სახელმწიფო მანქანას არ ანაღვლებს. ამ ტიპის შეგრძნებებს მოჰყვა ემოციები, ემოციებს კი _ სამართლიანი პროტესტი (ცალკე საკითხავია, რამდენად იყენებდნენ ადამიანურ პოროტესტს სათავისოდ პოლიტიკოსები). ცნობილ ოპოზიციონერებთან ერთად ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალი სახეები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ლაშა ჩხარტიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი, ხატია შიუკაშვილი და სხვები. ოდნავ მოგვიანებით, გააქტიურდნენ: დაჩი ცაგურია, მელორ ვაჩნაძე, მიშა მესხი, შოთა აფხაიძე, ცოტნე ზურაბიანი, ლევან ჩიტაძე, ოთარ აბესაძე, დათო ფაცაცია. გამოჩნდნენ მცირე მასშტაბის მქონე ორგანიზაციები. ამ ადამიანებს ვერც საბჭოთა იდეოლოგიასთან კავშირს მოედავებოდა ხელისუფლება და ვერც „მხედრიონის“ დროინდელ დანაშაულებებს მიაწერდა. ახალი თაობის რადიკალი აქტივისტები (რომელთან ერთადაც თქვენი მონამორჩილიც ვაპროტესტებდი სააკაშვილის მმართველობის ნაკლოვანებებს), სუფთა ხელებით შეუდგნენ ხელისუფლების კრიტიკას _ იმ დროისთვის სრულიად ნოვატორულადაც. ამ სტატიაზე მუშაობისას საკუთარ თავს მეც დავუსახე ახლებური ამოცანა: ჩემი მიზანია, არა ყოფილი თანამოაზრეების კრიტიკა, არამედ მეტ-ნაკლები ანალიზი არსებული სურათისა, მენტორული ტონის მიღმა. რატომ საუბრობენ ადამიანურ ტრაგედიებზე მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში? ვინც არ საუბრობს, რატომ ირჩევს დუმილის უფლებას? ვინ აკეთებს კრიმინალური ქრონიკებიდან შოუს? ძალიან ფრთხილია ის ზღვარი, რომელზედაც ამ მასალაში უნდა გავიაროთ _ რასაკვირველია, აქაც შემიძლია (მორიგ ჯერზე), დეტალურად გავიხსენო სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებს შორის არსებული შიდა ბატალიები, მაგრამ, ამჯერად, ასეთ პასაჟებს თავს ავარიდებ. ბუნებრივია, რადიკალ აქტივისტებს შორის შიდა დაძაბულობები იყო, ისევე როგორც მათ ზურგს უკან მდგარ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მაშინდელ მთავრობაში, მაგრამ, როგორც შეგპირდით, პიროვნული ურთიერთობების ლაბირინთებში სიარულით არ დაგღლით. გადავიდეთ მთავარ თემაზე: 22 წლის ახალგაზრდა დემურ სტურუამ პოლიციის შანტაჟის შედეგად თავი ჩამოიხრჩო და დაგვიტოვა მთავარი მტკიცებულება _ წერილი, სადაც თვითმკვლელობის მოტივები იყო ახსნილი. მსხვერპლის მიერ დაწერილი წერილიდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მას ფიზიკურად უსწორდებოდა, რასაც ახალგაზრდამ ვერ გაუძლო. შემთხვევას, რომელიც სამტრედიის რაიონში 2016 წლის 7 აგვისტოს მოხდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბრალდებულ პოლიციელ გოდერძი თევზაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა იმავე პროკურატურის მიერ, 29 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად გოდერძი თევზაძე მიმალვაშია. მასზე ახლაც ძებნაა გამოცხადებული. 3 სექტემბერს კი გავრცელდა ცნობა, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო _ დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შვილმკვდარი დედა ხელს ადებს მამაკაცს, რომელიც პროკურატურაში მოწმედ იყო გამოძახებული მისი შვილის საქმეზე. ასეთი სურათის პარალელურად დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში, ღია ცის ქვეშ, ზედიზედ ორი მკვლელობა ხდება: 2 სექტემბერს, დაახლოებით, სამი საათისთვის, ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე, მოკლეს ახალგაზრდა კაცი სოსო ჯოხაძე, მასთან ერთად ავტომობილში მჯდომი პირი _ ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში მიიყვანეს. საბედნიეროდ, ის გადარჩა. სამი დღის შემდეგ (5 სექტემბერს) იმავე ვაკეში _ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე პროფილაქტიკაში მომუშავე ადამიანი, რამაზ მჭედლიშვილი, ავტომატის ტყვიით მოკლეს. მართალია, ამ ორი შემთხვევის უკან სამართალდამცველების კვალი არ იკვეთება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ადამიანების ქუჩაში ლიკვიდაცია 90-იანი წლების საუკეთესო ტრადიციებში ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ შესაბამისი უწყებები არ ატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს მთელი რიგი მიმართულებებით. ახლა შეიძლება იკითხოთ, _ რა შუაშია ეს ფაქტები სტატიის დასაწყისში დაანონსებულ ტექსტთან? რა უნდა გააპროტესტოს „ქართული ოცნების“ ახალმა თუ ახალგაზრდა სახეებმა? სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, ერთად გავიხსენოთ, ვინ, როდის და რას აპროტესტებდა თვით სააკაშვილის მმართველობის დროს: 2007 წლისთვის ახალი თაობის აქტივისტებში ლევან გოგიჩაიშვილს გამორჩეული ადგილი ეჭირა. შეიძლება, დღეს ის ბევრს აღარ ახსოვს, თუმცა „გოგიჩა“ (ასე მოიხსენიებდნენ მას შიდა წრეებში) ძალიან ბევრს აკეთებდა მაშინდელი ოპოზიციისთვის. ლევანი აქციებზე ახალგაზრდების მასობრივ მობილიზებას აკეთებდა. ის ხვდებოდა პოლიტიკოსებს, მას იწვევდნენ რეიტინგულ გადაცემებში. ერთი სიტყვით, გოგიჩაიშვილს ანგარიშს უწევდნენ. „რატომ აღარ ისმის იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ადრე აპროტესტებდნენ გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და სხვა გახმაურებულ მკვლელობებს? არის თუ არა სამართალი შერჩევითი?“ _ ასეთი ანონსი გაუშვეს ტელეკომპანია „იბერიაზე“ გადაცემა „პრიორიტეტის“ შემქმნელებმა, სადაც მიწვეული იყო „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან გოგიჩაიშვილი, თუმცა მან ჩვენს კოლეგებს გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანმა გიორგი გასვიანმა ღია ეთერში ისაუბრა: ადამიანი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი წამყვანი უბნის მაჟორიტარობა სურს, თავს არიდებს საჯარო სივრცეში დისკუსიას ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალურ თემაზე. დემურ სტურუას საქმეზე საზოგადოებამ ვერც დაჩი ცაგურიას პოზიცია მოისმინა. მართალია, დაჩის პოლიტიკური თანამდებობა არ უჭირავს (და არც მაჟორიტარობის კანდიდატია), თუმცა ერთ დროს ცნობილი აქტივისტი, რომელმაც, თავის დროზე, უფლებადამცველის მანტია წარმატებით მოისხა, მშობლიურ რაიონში მომხდარ ფაქტზე დუმილს ამჯობინებს. „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში, მაგრამ ეს მაშინ, როცა ჯერი ოპონენტების კრიტიკაზე და „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებლის პიარზე მიდგება. როგორც ჩანს, ადამიანის უფლებებზე საუბარი მხოლოდ კარიერის გარკვეულ ეტაპზე იყო საინტერესო ჯაბა ჯიშკარიანისთვისაც. იგი თავისი ბრძოლის განმავლობაში, დაახლოებით, 15-ჯერ დააკავეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯიშკარიანმა საპარლამენტო არჩევნებზე კახა კუკავას პარტიის სიით ნაძალადევის ოლქში კენჭი იყარა, თუმცა დამარცხდა. შემდეგ იყო მცირე პაუზა და ბოლოს მისი გზაც „ქართულ ოცნებამდე“ მივიდა. დღეს ჯიშკარიანი თბილისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს და ის დრო, როცა ქუჩის აქციებზე სანდრო გირგვლიანის პლაკატებით ხელდამშვენებული დარბოდა, წარსულს ჩააბარა. თუმცა მის მიერ რაიმე ტიპის განცხადება დემურ სტურუას თემაზე სოციალურ ქსელშიც არ გვინახავს, ისევე როგორც არ წაგვიკითხავს და არ მოგვისმენია „ქართული ოცნებიდან“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ცოტნე ზურაბიანის გაკეთებული განცხადება ამ თემაზე. ტრაგედია, რომელიც სამტრედიაში მოხდა, ხომ შეიძლება განმეორდეს იმერეთის სხვა ქალაქში? ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოს აყვავებაზე საუბრობს. სოლიდარობის გამომხატველი, ან პრევენციული შინაარსის ტექსტები მას, ამ ეტაპზე, არ სჭირდება. სააკაშვილის მმართველობის წლებში ქუჩის აქციებში მონაწილეობდა ლევან ჩიტაძე, ძირითადად, პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით. მართალია, სააკაშვილის რეჟიმი ახალმა ჩაანაცვლა, თუმცა ჩიტაძე პოლიტიკურ თანამდებობებზე კარგა ხანია, რაც აღარ ოცნებობს. გიორგი ფარესიშვილის კადრების სკანდალის შემდეგ, რაც მისი გვარი ამ საქმეში საეჭვოდ წამოტივტივდა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი დაიბანა და ჩიტაძეს გაემიჯნა, თუმცა ეს ოფიციალურად _ ლევანი ხელისუფლების ფარულ მოკავშირედ დღემდე მოიაზრება. ერთ დროს მოძრაობა „არას“ ლიდერის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ამ ხელისუფლების მისამართით არავის გვახსოვს. ჩიტაძისგან განსხვავებით მთავრობაში დააწინაურეს ოთარ აბესაძე. მართალია, მას მაღალი პოლიტიკური თანამდებობა არ უჭირავს, თუმცა მისი სურვილი, ხშირად გამოჩნდეს მედიით, ჟურნალისტებისთვის კარგა ხანია, რაც ცნობილია. პრინციპში, მედიის წარმომადგენლებს დიდი არჩევანი არც გააჩნიათ, _ მაშინ, როცა უფროსი თაობის „მეოცნებეების“ რეიტინგი მკვეთრად დავარდნილია, მაშინ, როცა მთავრობის ძველ სახეებს ხალხი აღარ ენდობა, ისინი ამას ხვდებიან და საზოგადოების გაღიზიანებას, ისევ, კულისებში ყოფნას ამჯობინებენ. ასეთ დროს გააქტიურებულ აბესაძეს მედიის კარი ბუნებრივად გაეხსნა _ ახალგაზრდა ყმაწვილი დაუზარებლად დადის გადაცემებში, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა კომპეტენცია, ისაუბროს ამა თუ იმ თემაზე. 6 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიაზე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან ჩართვისას ოთარ აბესაძემ გამოთქვა იმედები, რომ დამნაშავეებს დააკავებდნენ. ეს იყო მისი პასუხის ძირითადი პათოსი მომხდარზე. დაშვებულ შეცდომებზე არავის უსაუბრია. აქ ჩამოთვლილ ახალგაზრდებს გარდა სააკაშვილს სხვებიც ებრძოდნენ. ზემოთ მათი სახელები უკვე ჩამოვთვალე: მელორ ვაჩნაძე, მიშა მესხი, მურმან პატარაია, დავით ფაცაცია, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ იმაზე მაღალი პოზიცია მათ არ უჭირავთ, ვიდრე, ვთქვათ, აბესაძეს, ჯიშკარიანსა და ცაგურიას. ზოგიერთი ნაწილობრივ ჩამოსცილდა საჯარო აქტივობებს, ზოგი ოჯახს მოეკიდა, ნაწილმა საქართველო დატოვა (ზურაბ რთველიაშვილი, ხატია შიუკაშვილი, შოთა აფხაიძე), ამიტომ ყველა მათგანის ამჟამინდელ პოზიციაზე ამ მასალაში აღარ მოგიყვებით. უკიდურესი ზედაპირულობითა და პარტიული კონიუნქტურით სავსე ტექსტებში ჩაკარგული ახალგაზრდა „მეოცნებეები“, რომლებიც ხანაც პატარკაციშვილის, ხანაც გაჩეჩილაძეების, ხანაც ნინო ბურჯანაძის გვერდით აპროტესტებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევას, დღეს ივანიშვილის ქოლგის ქვეშ მშვიდად არიან. მათ კარგად იციან, რომ სამტრედიელ ნონა ჯოჯუასაც ისევე სტკივა დემურის ამ ქვეყნიდან წასვლა, როგორც ირინა ენუქიძეს სტკიოდა სანდრო, მაგრამ, რატომღაც, ეს ადამიანები კონფორმისტულ პოზას ინარჩუნებენ. მათ არავინ სთხოვს, რომ, ვთქვათ, ზურაბ ჯაფარიძის გვერდით, რადიკალ აქტივისტებთან ერთად, დალეწონ და შეღებონ პოლიციის ავტომობილები სამტრედიის ცენტრალურ პარკში, მაგრამ მათ აქვთ იმაზე მეტი ბერკეტი, ვიდრე წლების წინათ. წლების წინათ, როცა ბატონი ჯაფარიძე და სხვები („ნაციონალური მოძრაობიდან“) ჩუმად იყვნენ, „ქართულ ოცნებაში“ დაწინაურებული ახალგაზრდები ბარიკადებზე იდგნენ, მათ სისტემა ნამდვილად დაანგრიეს, თუმცა სისტემის ნარჩენები ახლა ადამიანის უფლებებზე საუბრობენ, დამანგრევლები კი ახალი სისტემის შეცდომებზე დუმან... „ქართულ ოცნებაში“ დაკარგული თაობა სამთავრობო კლასად იქცა _ კლასად, რომელიც ადამიანებს ელიტურ და არაელიტურ მსხვერპლებად ჰყოფს... ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ ისიც, რომ სამთავრობო კლასი გამონაკლისს არ წარმოადგენს. ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების მიმართ შერჩევითი მიდგომაა, ქვეყანაში, სადაც მსხვერპლთა შესახებ იმის მიხედვით საუბრობენ, თუ რამდენად მომგებიანია პოლიტიკურად, თუ რამდენ დივიდენდს მოიტანს ამა თუ იმ ტრაგედიის გააქტიურება, „მეოცნებე“ ახალგაზრდები კონტექსტიდან სულაც არ არიან ამოვარდნილები...   ეპილოგის მაგიერ: 1972 წელს დედოფლისწყაროში დაბადებული იოსებ გოგაშვილი 2012 წლის გაზაფხულზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (40 წლის ასაკში) საპროტესტო აქციაზე „ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გავიდა. მაშინ, ჯერ კიდევ, ოპოზიციაში მყოფი კოალიციის აქტივისტები შსს-ს ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებდნენ და თავისუფლებას ნატრობდნენ. განსხვავებით 2007-2009 წლებში გააქტიურებული ახალგაზრდებისგან, ბატონი სოსო მართლაც რომ არავის გვახსოვს, არც ერთ ბარიკადზე, თუმცა „მეოცნებეების“ საყვარელ კითხვას (რომელსაც ოპონენტებს ხშირად უსვამენ): რას აკეთებდი 2012 წლამდეო? _ გოგაშვილს ერთი მარტივი მიზეზით არ დავუსვამ, _ თუ 2012 წლამდე მის შესახებ ცოტა რამ ვიცოდით, დღეს მოგვეხსენება, რომ ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა, მას ადამიანის უფლებებზე მეტად ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალება. შესაბამისად, ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის წარსულს. ახლა მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც, თუ მთავრობის მიერ მართულ მედიასაშუალებებს დავუჯერებთ, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნაში ცხოვრობენ. ჰო, ასე დაიწერა ამ ერთი თვის წინათ მშობლიურ პორტალებზე. „კრიმინალური ინდექსის მიხედვით 118 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულშია. გასულ წელს, იგივე რეიტინგში საქართველო მეექვსე ადგილზე იყო“.  

                                                                                                                              ზაზა სვანაძე

   

გაზიარება