მსოფლიო ისტორიაში უამრავი მაგალითი არსებობს, როცა რეჟისორები ხელისუფლებას, რეჟიმს, დიქტატორს უთანხმდებოდნენ და პროპაგანდისტულ-იდეოლოგიურ ფილმებს ქმნიდნენ. ფილმებს, რომლებიც მოგებაზე კი არა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე იყო გათვლილი და რომლის გადაღებასა და მონტაჟში უამრავი თანხა და უდიდესი ადამიანური რესურსი იდებოდა.
ასეთ ფილმებზე, სერიალებსა თუ სპექტაკლებზე ცალკე განყოფილებები მუშაობდნენ, სადაც დასაქმებული ადამიანები პასუხისმგებელი იყვნენ უმცირეს დეტალებზეც კი, ვთქვათ, როგორიცაა ზედმეტი ლაქა ბელადის პიჯაკზე, ან დაჭმუჭნული ცხვირსახოცი.
ასე იყო საბჭოთა სინამდვილეშიც და საბჭოთა რეჟისორები ჯერ სტალინს ასხამდნენ ხოტბას, მერე _ ხრუშჩოვს და მერე ყველას, ვინც კვარცხლბეკზე ადიოდა. მოგვიანებით, სპეცეფექტებიც შემოვიდა და ისიც პროპაგანდის სამსახურში ჩააყენეს.
რასაკვირველია, ისე არ იყო, რომ ფილმები მხოლოდ ვინმე კვარცხლბეკზე მდგომის განსადიდებლად გამოეყენებინათ _ ზოგჯერ ფილმები, სერიალები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მულტფილმებიც კი მხოლოდ იმისთვის იქმნებოდა, რომ ხალხში უკვე ერთხელ ხოტბაშესხმული ლიდერი განექიქებინათ, დაემცირებინათ, ან, უბრალოდ, სასაცილოდ წარმოეჩინათ.
ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა ფილმებში, სადაც ლენინი უნდა ყოფილიყო ნაჩვენები, რეჟისორებს ეკრძალებოდათ, ის მასზე მაღალ ადამიანებთან გვერდით მდგომი ეჩვენებინათ: ასეთ ადამიანებთან ლენინი მუდამ დამჯდარი, ან ცოტა მოშორებით მდგარი იყო წარმოჩენილი _ მათ ერთ საეკრანო სიბრტყეზე არ აჩვენებდნენ. მოგვიანებით, იგივე პრინციპი ვრცელდებოდა სტალინზეც.
პროპაგანდისტულ ფილმებშეკვეთილ რეჟისორებშიც ჩუმი, ან აშკარა მეამბოხეები ცოტანი იყვნენ, მაგრამ მაინც იყვნენ. ვინც ხმამაღალი მეამბოხე იყო, საბჭოთა რეჟიმი მას „კუდიგორის გზას“ გაუყენებდა ხოლმე, მაგრამ სტალინის შემდგომ ეპოქაში ე. წ. ჩუმი მეამბოხე რეჟისორები გაჩნდნენ და მათ „გმირობაზე“ ჩურჩულით საუბრობდნენ ხოლმე. ამის მაგალითად თენგიზ აბულაძე გამოდგება. „ნატვრის ხის“ ეკრანიზაციის შემდეგ ბევრი ამბობდა ჩურჩულით, _ აბულაძემ ცენზურას „აჭამაო“. ამის დასტურად ის სცენა მოჰყავდათ, სადაც, ფილმის დასაწყისში, თეთრი ცხენი წითელ ყაყაჩოებში კვდება. ხომ გესმით, რა სიმბოლოებზე საუბრობდნენ: თეთრი ცხენი (პირველი, დამოუკიდებელი საქართველო) და წითელი ყაყაჩოების (საბჭოთა რუსეთი) გარემოცვაში სიკვდილი. არავინ იცის ზუსტად, რა ჩადო ამ სცენაში თავად რეჟისორმა, ვაჟას „არწივისა“ არ იყოს... მაგალითად, ჩემი ქართულის მასწავლებელი სკოლაში (რომელიც შესაშური ცოდნითა და ანალიზის უნარით გამოირჩეოდა) ხშირად ამბობდა, მე მაინც მგონია, ვაჟამ მართლაც ნახა, ან წარმოიდგინა დაჭრილი არწივი და მაგიტომ დაწერა ეგ ლექსი, არანაირი საქართველოს ხატება მაგ არწივში არ ჩაუდევსო...
აბა, რას გაუგებ პოეტებსა და რეჟისორებს და თენგიზ აბულაძემაც რა იფიქრა და რას მიამსგავსა ეს სცენა, ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, ცენზურაში არცთუ გამჭრიახი მოხელეები ისხდნენ, რომ ამისთვის ყურადღება მიექციათ. აბულაძის კიდევ ერთ ფილმში, ლეგენდად ქცეულ „მონანიებაში“ კი იმ პერსონაჟის პროტოტიპს, ვინც საშიშ, სულმდაბალ დიქტატორად და დაუნდობელ ლიდერადაა დახატული, დიდი ამოცნობა არ დასჭირვებია, მით უმეტეს, არეკლილი შუქის ფონზე მოელვარე პენსნეს ფონზე...
სამაგიეროდ, იყო დაკვეთილი, სამარცხვინო ფილმები ე. წ. დიდი რეჟისორებისგანაც კი. მაგალითისთვის, თუნდაც, ქართული კინემატოგრაფიის სირცხვილი, „წიგნი ფიცისა“ იკმარებდა _ აბა, რუსეთთან ჩვენი შეერთების ისედაც არცთუ სახელოვან ისტორიულ ფაქტებს კიდევ რა დამახინჯება-გადასხვაფერება უნდა დასჭირვებოდა და რეჟისორმა ესეც კი მოახერხა...
იგივე რეჟისორის ცნობილი მრავალსერიანი მხატვრული ფილმი „დათა თუთაშხიაც“ ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ, სამწუხაროდ. რასაკვირველია, ყველას კარგად გვახსოვს წიგნიდან, რა იყი იმის მიზეზი, რომ დათა თუთაშხია გააბრაგდა _ მან დის ღირსება დაიცვა და რუს ოფიცერს დუელში ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ მეფის რუსეთის ოფიცერზე იყო საუბარი, როგორც ჩანს, რეჟისორი აშკარად მოერიდა უფროსი ძმების გაღიზიანებას და ამიტომაც, ფილმის მიხედვით, დათა იმიტომ გააბრაგდა, რომ მეფის მილიციამ და ოხრანკამ მასთან თავშეფარებული რევოლუციონერი მოუკლა...
ასეთი დეტალები უამრავია და მათი ჩამოთვლა, ალბათ, შორს წაგვიყვანს. ამიტომ ეპოქას უნდა გადავახტეთ და პროპაგანდისტული ფილმებისა და სერიალების შექმნისადმი ბოლო ორი ხელისუფლების ლტოლვას მივადევნოთ თვალი. ამ კუთხით წინა ხელისუფლების ოპონენტები ყველაზე ხშირად ერთ ფილმს ასახელებენ: „ნოემბრიდან ნოემბრამდე“.
ცოტა სადავოა, რამდენად პროპაგანდისტული იყო ეს ფილმი, რადგან ფილმის შექმნიდან დღემდე გასულმა დრომ, ჩემი აზრით, დაადასტურა, რომ ფილმის პათოსი სულაც არ იყო თითიდან გამოწოვილი და, მეტწილად, სიმართლეც კი გახლდათ, მაგრამ ეს ამ ფილმს ხელს არ უშლის პროპაგანდისტულობაში და იმის ჩვენებაში, რომ ოპოზიციური ფლანგის ლიდერების უმრავლესობა, სინამდვილეში, ანგარებიანი, მტერთან შეკრული და არეულობის მოსურნე, მერკანტილური ინტერესებით მოქმედ პირთა ჯგუფი იყო _ სწორედ ეს გახლდათ ფილმის ჩვენების მიზანი. თავს ვერ დავდებ და ვერ ვიტყვი, რომ მან დადებითად იმოქმედა მაყურებელთა უმრავლესობაზე და მიზანს მიაღწია, მაგრამ ფაქტია, რომ პროპაგანდისტული ფილმების სიაში მისი ჩაწერა, მაინცდამაინც, მცდარი ქმედება არ უნდა იყოს...
და აი, მივადექით წერილის კვანძის გახსნასაც: დიახ, ეს სწორედ „ლეხაინდრაო სტუდიის“ „ჰეროკრატია“ გახლავთ _ სერიალი, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებდნენ როგორც „ოცნების“ რიგითი მხარდამჭერები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, მამამ და მარჩენალმა ამ სერიალის გადასაღებად უამრავი თანხა გაიღო, დაირაზმა სახელმწიფო სტრუქტურები, ღარიბაშვილზე უკეთესმა პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულებები, რითაც, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს პირდაპირ დაევალა ტექნიკით, სამხედრო ფორმითა და სხვა ამუნიციით დახმარებოდა გადამღებ ჯგუფს. იგივე ოფიციალური დავალება მიიღეს, სავარაუდოდ, შსს-მ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმაც.
„დიდ რეჟისორს“ კი ისღა დარჩენოდა, მსახიობები შეერჩია და გადაღებები დაეწყო. ფილმის სერიები ეტაპებად დაიყო და მასში, ცხადია, მთავარი ადგილი „ციხის ცხოვრებამ“ დაიკავა. ფილმის არათუ კონსულტანტობა, სცენარის თანაავტორობაც კი, პრაქტიკულად, აღიარა წვერიან გოგა ხაინდრავაზე არანაკლებ დიდმა, მაგრამ უწვერულმა ლადო ბედუკაძემ. „ჯიდიესმა“, რომელიც გადაღებას ტექნიკით უზრუნველყოფდა და, საერთოდაც, სერიალის მფლობელი იყო, მისი გადაღების დამთავრებისთანავე ტრანსლირების უფლება, ოფიციალურად, ტვ „იმედს“ მიჰყიდა _ ამ ტელეკომპანიას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, თორემ ისე რას დაუთმობდა...
„იმედმაც“ დიდი ამბით დააანონსა სერიალის დაწყება და იმ დათმობაზეც კი წავიდა, რომ მის ეთერში ოფიციალურად გასვლამდე, ფილმი, აგვისტოს ბოლოს, კინოთეატრ „რუსთაველში“ აჩვენეს...
მოკლედ, ჯინი ბოთლიდან ამოუშვეს _ ასე ეგონა ხელისუფლებას, მაგრამ სწორედ ამაზე იყო ნათქვამი, _ ხაინდრავა ბჭობდა, სინემას ღმერთი იცინოდაო...
რა შეიძლება ითქვას ფილმის ეკრანზე გამოსვლიდან თითქმის ერთი კვირის თავზე? როგორი იყო დამოკიდებულება მის მიმართ ფილმის გამოსვლამდე და გამოსვლის შემდეგ რა შეიცვალა?
ფილმის გამოსვლამდე როგორც „ნაციონალების“, ასევე, „ოცნების“ მომხრეებში ორი დამოკიდებულება სჭარბობდა: ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ფილმს სერიოზული ეფექტი არ მოჰყვებოდა, რადგან ისედაც იმ „მეოცნებეებზე“ იყო გათვლილი, ვისაც ლეგენდებისა და ახალაიების აივანზე დაბმული მგლების სჯერა, მეორე ნაწილი კი ამტკიცებდა, ეს ფილმი სერიოზულ, ცუდ გავლენას მოახდენს ე. წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე და სწორედ მათ რეაქციაზეა გათვლილიო.
ფაქტია, რომ გამოხმაურებები იმდენად მწირი აღმოჩნდა, რეალურად, საფრთხე, როგორც ასეთი, ვერ შეიქმნა. ანუ თუ ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ვინც მას ნახავდა, ქუჩაში გამოვიდოდა და „ნაციონალებს“ დაერეოდა, ასე არ მოხდა. ფილმში ისე ხელოვნურად, იმდენად დიდი ზიზღის დოზით და ისე გადაჭარბებულადაა აღწერილი, ვთქვათ, იგივე ძალადობა, რაც ციხეებში მართლაცდა, ზოგჯერ, ხდებოდა, რომ ეს ყველაფერი „ქოცებსაც“ კი ზედმეტად უხეშად და არადამაჯერებლად მოეჩვენათ...
თავდაპირველად გაჩნდა ჩუმი შეცხადებები, _ ხომ არ სჯობდა, რეჟისორს ნამდვილი, ნატურალური კადრები გამოეყენებინაო? იქ „შავებმაც“ შეიცხადეს, _ ეს რა უბედურებაა, ამ ფილმში ყველა პატიმარი ტირის და ბღავის, „კაი ბიჭები“ სად არიან, მართლა ყველანი კი არ მოვუ***ვართო... მოკლედ, აღშფოთება არცთუ უსამართლო იყო: ამ ფილმის უკვე გასულ სერიებში ჯერ არსად ჩანს „არესტანტის“ უტეხი სული, რაც საბჭოთა ფილმებშიც კი ხაზგასმული იყო... ამიტომაც გაჩნდა შეკითხვები: „ანუ რა გამოდის? კაი, მიშამ „ქურდები“ გააქცია, მაგრამ „კაი ბიჭები“ ხომ დარჩნენ? სად არიან? ციხეებში არ ისხდნენ? რატომ არ ჩანან?“
ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ალბათ, გოგა ხაინდრავას მოუწევს. თქვენ კი სანამ შეკითხვა გაგიჩნდებათ, სათაური რა შუაშიაო? გეტყვით, რომ „შავი“ გაგების რამდენიმე მიმდევარმა, ვინც არც „ფეისბუქზე“ აქტიურობაზე ამბობს უარს, ხაინდრავას მისამართით დაწერა, _ ამ კაცს რძე და ყველი ხომ ჰქონდა და ჩვენ რაღას გვერჩოდა, რატომ აღარ მოუნდაო?.. მერე ეს ამბავი გადავამოწმე, _ რა რძე, რა ყველი-მეთქი?..
აღმოჩნდა, რომ გოგა ხანდრავას, შესაძლოა, ამ დროისთვის ფერმერის წყნარი ბიზნესი ჰქონოდა _ ძროხები მოეშენებინა და, ბუნებრივია, რძეც და ყველიც ბლომად ექნებოდა. ამაზე ის თვითონ საუბრობდა, როცა პოლიტიკაზე გულაცრუებული, სულ რაღაც, ორიოდ წლის წინათ, თბილისიდან გადაბარგებას აპირებდა და ბიზნესპროექტიც შეადგინა, მერე კი სოფელში წავიდა და ძროხებიც შეიგულა.
მაშინ ვაკიდან თეთრი წყაროში გადაბარგებული ხაინდრავა ამბობდა, _ ათი ოჯახი თეთრი წყაროში ახალ სოფელს დააარსებს, კოოპერატივი უკვე შექმნეს და ახლა სესხის აღებას აპირებენო.
კოოპერატივს უკვე ჰყავდა 50 ძროხა, თუმცა ხაინდრავა ჩიოდა, რომ ექვსი თვეა, პროექტი გამზადებული ჰქონდა, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციაში დადიოდა, მაგრამ ის ადგილიდან ვერ ძრავდა: „ვაუჩერები ახალდაწყებულებს არ ეკუთვნით, ასე რომ, ამითაც ვერ ვსარგებლობ, ტექნიკაზე, საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია“.
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გოგა ხაინდრავა ფერმერთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებმაც სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად, მიწის დაზღვევასა და აგროდაზღვევაზე დააკვალიანეს.
მაშინ ხაინდრავამ თან „ბიზნესკურიერის“ ჯგუფიც გაიყოლია და სულ მისხალ-მისხალ უჩვენა, სად იქნებოდა ფერმა, სად _ ადმინისტრაცია, სად, კიდევ, _ საძოვარი...
როგორც ჩანს, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული ფილმის რეჟისორობა იმდენად მაცდური აღმოჩნდა, რომ გოგა ხაინდრავას რძესა და ყველზეც კი უარი ათქმევინა და ახლა გვარწმუნებს, ეს ფილმი თქვენი და ჩემი შვილებისთვის გადავიღეო... საკმაოდ თამამი განცხადებაა, მაგრამ მაინც, იქნებ, ამ ყველაფერს რძე და ყველი სჯობდა?..
ლაშა ბერულავა