QronikaPlus
რა გზავნილებით ჩამოვიდა საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი?!

რა გზავნილებით ჩამოვიდა საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი?!

2016-10-06 12:28:06

გასულ კვირას საქართველოს ოფიციალურად ეწვია ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. ნატოს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში ეს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი იყო. სტუმარმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. რა იყო სტოლტენბერგის ვიზიტის მიზეზი და რა გზავნილები გააჟღერა მან საქართველოს მიმართ? ამ საკითხებზექრონიკა+“ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებს ესაუბრა. თამაზ იმნაიშვილი: _ საერთოდ, ნატოს საბჭო არაწევრ ქვეყნებში გასვლით სხდომებს არ ატარებს, მაგრამ საქართველოში ეს ევროატლანტიკური საბჭოს მეოთხე ჩამოსვლაა. ახლა ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო ჩამოსული. თავისთავად, ეს ფაქტი  ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. საქართველოსთან მიმართებით ნატოს არაერთხელ გაუკეთებია ისეთი ნაბიჯი, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის პრეცედენტი არ ყოფილა და ეს გახლდათ მხოლოდ საქართველოსთვის. ავიღოთ, თუნდაც, ერთი წლის წინათ განხორციელებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელიც პირველად განხორციელდა ნატოს არაწევრ და პარტნიორ ქვეყანასთან. ვნახეთ ჩვენ მიმართ უდიდესი დითირამბები, მხარდაჭერა და დელეგაციის წარმომადგენლების ძალიან მკაცრი და კრიტიკული გამოსვლები რუსეთის მიმართ, ღია და მკაცრი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. ამის თავი და თავია ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ყველაზე ცხელ გეოპოლიტიკურ კვანძზე, ეს არის ახლო აღმოსავლეთი, ანუ რუსეთი, კავკასია, რომელიც მიიჩნევა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე აღმოსავლურ ციტადელად. რუსეთ-თურქეთის, რუსეთ-ირანის, მოსკოვი-ანკარისა და მოსკოვი-თეირანის ურთიერთობები იმდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთისთვის და განსაკუთრებით ანგლოსაქსური სამყაროსთვის, რომ მათ ეშინიათ, ეს გეოგრაფიული ლანდშაფტი არ დაკარგონ. ჩვენ ვნახეთ სტოლტენბერგის განცხადება, რომ ნატოს კარი ღიაა, მიგიღებთ, მაგრამ ეს, ჯერჯერობით, არ დგას დღის წესრიგში იმიტომ, რომ ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიტუაცია. ღიად აფიქსირებენ, რომ გვინდა მიღება, მაგრამ ჯერ გვეშინია რუსეთის, თურქეთისა და ირანისო. თანაც ეს იყო დაგეგმილი მეოთხე ვიზიტი, ეს არ იყო სპონტანური. ხომ ნახეთ, რუსეთმა რა გააკეთა, როდესაც ჩვენთან ტარდებოდა წვრთნები „ღირსეული პასუხი“. რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში ამის პარალელურად ჩაატარა დაუგეგმავი წვრთნები 13 000-კაციანი კონტინგენტით და 250 თვითმფრინავით, 700-მდე ჯავშან-ტექნიკით, თან კონცენტრირება მოახდინა ულტრათანამედროვე იარაღზე, რაც მას აქვს საკუთარ შეიარაღებაში. ინტენსიური კავშირები ძლიერდება თურქეთთან და ირანთან. მიუხედავად იმისა, რომ ამას წინათ მოსკოვის, ბაქოსა და ირანის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და მერე აზერბაიჯანი ორი მილიარდი კბმ გაზის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს მოსკოვისგან, „გაზპრომისგან“, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი ნიმუში დადასტურებულიყო, მერე უცებ უარი თქვეს და ახლა ირანიდან ყიდულობს, საკუთარი რეზერვები რომ შეავსოს. თითქოს ეს ვექტორი ძლიერდებოდა, მაგრამ ასეთი შედეგი მივიღეთ _ ბაქომ უარი თქვა მოსკოვის გაზზე, ირანისა და მოსკოვის ურთიერთობა ერთობლივი საავიაციო ბაზის გამოყენების თაობაზე უცებ ჩავარდა, ირანის თავდაცვის მინისტრმა ძალიან მკვახე განცხადება გააკეთა, _ რუსეთს ისე წარმოუდგენია, რომ ირანი მეორეხარისხოვანი ქვეყანაა. ეს იყო გასაიდუმლოებული შეთანხმება, რუსეთმა გაახმაურა და აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვაცხადებთო. მეორე მიმართულება არის ანკარა-მოსკოვი. ანკარა სირიაში შევიდა. როდესაც ქალაქი ჯალაბრუსი აიღო, თითქოს ჩანდა, რომ მოსკოვის თანხმობით მოხდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსკოვისა და ანკარის ინტერესები სერიოზულად დაეჯახა სირიის ამ ტერიტორიაზე და სასაზღვრო ზოლში. ამან გამოიწვია შემდეგი: ტარტუში 3 კვირის წინათ საკმაოდ კარგი რეკლამა მიდიოდა იმისა, რომ ჩამოსულიყვნენ ტურისტები და დაესვენათ. ამ ბოლო 10 დღის განმავლობაში, რაც ინტენსიურად დაიწყო თურქეთმა სირიაში საბრძოლო მოქმედებები და მასშტაბებს ზრდის, ასევე რამდენიმე აფეთქება მოხდა, ასევე დამასკოშიც, ეს ყველაფერი გამოიწვია თითქოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ და, საბოლოო ჯამში, მიიღო, რომ მათი ინტერესები უკვე ვეღარ ემთხვევა ერთმანეთს. ყველა ყველას წინააღმდეგ _ დაახლოებით ასეთი დიდი ქაოსია. საქართველოს ტერიტორია, გეოგრაფიული ლანდშაფტი, რა თქმა უნდა, ძალიან მოწყვლადია და აქედან გამომდინარე, ნატოს ევროატლანტიკური საბჭოს აქ ჩამოსვლა იმის დემონსტრირება იყო, რომ აქ ამერიკელები არიან, აქ ანგლოსაქსური სამყაროა, აქ დასავლეთია და არ გაბედოთ რაიმეს გაკეთება. ძალიან აქტიურად და მკაცრად ვერ დაუპირისპირდებიან საქართველოს ტერიტორიაზე დღესდღეობით ვერც რუსეთს და ვერც თურქეთს ერთი რამის გამო _ იმდენად აგრესიული პოლიტიკის გამტარებლები არიან დღეს. გაბრაზებულ გულზე დაჯახებამ შეიძლება, უკურეაქცია გამოიწვიოს და კონტრპროდუქცია მიიღოს და თუ თურქეთი და რუსეთი არ ფიქრობს მოკლევადიან რეჟიმში საქართველოს ტერიტორიაზე თუნდაც სამხედრო-პოლიტიკური პროექტების განხორციელებას, შეიძლება, ამას პროვოცირება გაუკეთონ. ზუსტად ეს იყო მთელი ლაიტმოტივი ევროატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლების საუბრებისა, გამოსვლებისა და ა. შ. _ დავით უსუფაშვილის განცხადებას როგორ შეაფასებთ ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ, რომელმაც ქართველ პოლიტიკოსებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია? _ ჩემი აზრით, დავით უსუფშვილის განცხადება, რომ აქ ამერიკული ბაზა უნდა გაკეთდეს, არ იყო შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის. ეს არ იყო სპონტანურად ნათქვამი, არამედ იყო წინასწარ შეთანხმებული განცხადება და ვნახეთ, რომ სტოლტენბერგმაც, ამერიკის ელჩმა იან კელიმაც და კიდევ სენატორებმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი განსახილველია და ვისაუბროთო. ჩვენ დავიწყეთ ერთობლივი საწვრთნელი ბაზის კეთება, ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი, ვისაუბროთ ამ თემაზე და განვიხილოთ ეს საკითხიო. როგორც ჩანს, ნატოს გადაწყვეტილი აქვს ასეთი რამე, ოღონდ არა ამ ეტაპზე: სანამ რუსეთი და თურქეთი, ჯერჯერობით, წარმატებულები (ამასთანავე, აგრესიულები) არიან მოკლევადიან რეჟიმში, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია იმიტომ, რომ უკურეაქციას გამოწვევს, მაგრამ თუ ბოლოდროინდელ პრესას გადავხედავთ, რომელიც თურქეთისა და რუსეთის შიდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციას განიხილავს, სვალალო სურათს მივიღებთ: 3 დღის წინათ „ფაინეშელ თაიმსმა“ დაბეჭდა სტატია, სადაც წერია, რომ რუსეთის სავალუტო რეზერვები 2004 წლის მინიმუმზე დავიდა და ეს არის კატასტროფა. წლის ბოლოსთვის, შეიძლება, ესეც ამოიწუროს, რადგან რუსეთს, პრაქტიკულად, არანაირი შემოსავლის წყარო აღარ დარჩა. ნავთობის ფასი 40-დან 50 დოლარამდე იმერყევებს და ეს იქნება, მინიმუმ, წელიწადნახევარი-ორი წელიწადი. რატომ იმერყევებს, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რამდენიმე ფაქტორია, რომ მოპოვების კვოტების გაყინვას, ან შემცირებას ვერ ახერხებენ, ამაზე თანახმა არავინ არის, ეს ერთი და მეორეა ჩინეთისა და ევროპის ეკონომიკის სტაგნაცია, მოთხოვნილებები მცირდება და მესამე ფაქტორი არის ე. წ. ფიქალური ნავთობის მიპოვება აშშ-ში. ამას აკეთებენ არა გიგანტები, არამედ მცირებიუჯეტიანი კომპანიები და როდესაც 40 დოლარზე დაბლა ჩამოდის ნავთობი, მათ არ უღირთ მოპოვება და აჩერებენ. 40 დოლარიდან 50-მდე როდესაც ადის, მათ უკვე აწყობთ ასეთი ფასი, სწრაფად იწყებენ მოპოვებას, მოპოვების მასშტაბებს ზრდიან, ნავთობის რაოდენობა ისევ იზრდება და კვლავ ვარდება ფასი. ამიტომ ეს სამი ფაქტორი აყენებს ნავთობის ფასს 40-დან 50 დოლარამდე. თავისთავად, რუსეთისთვის 40-დან 50 დოლარამდე ნავთობის ფასი სრული კატასტროფაა და შემოსავალი კი არა, მინუსებში მიდის, პლუს გაზთან დაკავშირებული საკითხები: რუსეთმა ვერანაირად მიაღწია საკუთარი გაზის ექსპორტის ზრდას და პირიქით _ უმცირდება განსაკუთრებით ევროპაში უკრაინასთან მიმართებით. „ცისფერი ნაკადი 2“, რომელსაც ხელი მოეწერა თურქეთთან, წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მას ეკონომიკურ ზრდასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია და, პრაქტიკულად, მისი განხორციელება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში რუსეთს არანაირი ნათელი წერტილი არ გააჩნია იმისა, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება. შორეულ აღმოსავლეთში 5 თვეა, ხელფასები ვერ დაურიგებია, სოციალური უზრუნველყოფა ვერ გაუკეთებია, ყირიმზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მედვედევის ძალიან ცნობილი ფრაზაა: ფული არ არის, მაგრამ თქვენ მაგრად დადექით და იქნებაო. თურქეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას თუ შევხედავთ, ძალიან ცუდი რამ ხდება: ისედაც თურქეთი ეკონომიკურად განადგურდა, პლუს 20 ტანკით შევიდა სირიის ტერიტორიზე და 1000-მდე სამხედრო შეიყვანა. დღეს სირიის ტერიტორიაზე თურქეთის, დაახლოებით, 60 ჯავშანმანქანაა და კონტინგენტი გაზრდილია 4000-მდე. იძულებულია, რომ მუდმივად ზარდოს და ზარდოს, ეს არის უძირო ქვევრი, საცერი, სადაც რამდენიც არ უნდა ასხა წყალი, შიგნით მაინც არ გაჩერდება. დანახარჯები იქნება კოლოსალური. ჯერ ისედაც ხომ თურქეთის 18-მილიონიან ქურთისტანს დაპირისპირებული იყო და საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, პრაქტიკულად, სრული მასშტაბით. ახლა 2-მილიონიანი სირიის ქურთისტანი გადაიმტერა, კიდევ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებები და ა. შ. თურქეთის ეკონომიკაც ძალიან დიდი ინერციით ეშვება დაბლა და აქაც დავინახავთ, რომ უახლოესი 6-8 თვის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკა ჩამოიშლება. ის გაცილებით უფრო სუსტი და მოწყვლადია, ვიდრე რუსეთის ეკონომიკა და პლუს თურქეთს ემუქრება სამოქალაქო ბუნტი. ის, რაც აჯანყებისა თუ ამბოხის მცდელობად შეირაცხა, უკვე ძალიან ბევრი დოკუმენტი გამოჩნდა, რომ გიულენი, სინამდვილეში, არაფერ შუაშია, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც აშკარად მოდიოდა ერდოღანიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე ბევრი დოკუმენტია იმისა, რომ სამი თვით ადრე ჰქონდა გაკეთებული ერდოღანს დასაჭერთა სია, თუ ამის მცდელობა იქნებოდა. თურქული საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს გაიგო და თურქეთიდან მანამდე გაასწრო. ერდოღანმა არმია, პრაქტიკულად, გაანადგურა, დაამცირა და ყველანაირი უფლებები წაართვა, რამდენი ათასი პროკურორი, მოსამართლე, ადვოკატი დაიჭირა, გაუშვა, ურთიერთობები შეუწყვიტა, განათლების სფერო გაანადგურა, სულ ბოლოს, 35 000-ს მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია, 1500 დეკანი ჯერ დაიჭირა, მერე ნაწილი ციხეში დატოვა, ნაწილი გამოუშვა და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ჟურნალისტიკა ხომ მთლად მიწასთან გაასწორა, თურქეთში ჟურნალისტიკა აღარ არსებობს. ახლა შევხედოთ 18-მილიონიან ქურთისტანს: თუ თავიდან ქურთების ერთი ნაწილი წყნარად იყო და მხარდამჭერი ჰყავდა, პრაქტიკულად, ქურთისტანისთვის გამოცხადებულმა ომმა 18-მილიონიანი ქურთისტანი ერდოღანის მტრად გახადა. ავიღოთ კიდევ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მთლად განადგურდა. თუ ამ რაოდენობებს დავალაგებთ, მივიღებთ ძალთა თანაფარდობას 35/65-ზე, ჯერჯერობით, ერდოღანის სასარგებლოდ, რომელიც სრულიად საკმარისია სამოქალაქო ბუნტისთვის. ორივე მხარეს ვხედავთ, რა სამხედრ-პოლიტიკური და გეოეკონომიკური სიტუაციაა და დაახლოებით ვიცით, რა დრო შეიძლება დასჭირდეს, რომ ისინი დასუსტდეს. _ რა პერიოდზეა საუბარი? _ ეს არის, საშუალოდ, წელიწადნახევარი. სანამ ეს პერიოდი გაივლის, მანამდე საქართველოს ხელისუფლებისა და მისი პარტნიორების მთავარი ამოცანაა, იყოს ძალიან წყნარად, არ გააღიზიანოს ეს ორი აგრესიულად განწყობილი და საკმაოდ სერიოზული მტერი და დაელოდოს იმ პერიოდს, როდესაც ისინი დასუსტდებიან და ისეთი აგრესიულები აღარ იქნებიან. ეს იყო ნატოს საბჭოს ვიზიტის მთავარი მესიჯი. დღევანდელი ხელისუფლებისადმი ასეთი მხურვალე მხარდაჭერა არ გვახსოვს ამ ოთხი წლის განმავლობაში, ერთნაირად, ერთდროულად ასეთი მასშტაბებით და ასეთი ღიად მხურვალე მხარდაჭერა არ ყოფილა. ამას განაპირობებს ერთი რამ _ ქვეყანას სჭირდება სტაბილური გარემო. მმართველი ძალა უნდა იყოს კონსოლიდირებული და პრაგმატული, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს ეს სტაბილურობა და კონტროლი გაუწიოს ქვეყანას. ამიტომ გვეუბნებიან, _ თქვენ გვერდით ვართ, ოღონდ ეს შეძელით. ეს არის მთავარი მესიჯი ამ ყველაფრისა. გასაგებია, რომ ახლა ჩვენთან არჩევნები ტარდება, რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებია თურქეთშიც. იქ ძალიან კარგად გამოჩნდება, რა ძალთა თანაფარდობა დალაგდება პარლამენტში, რა კონფიგურაცია შეიქმნება თურქეთის მეჯლისში, ეს იქნება პირველი სიმპტომი, ანუ თუ დღეს კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს ერდოღანს თავისი სატელიტი პარტიებით, ვფიქრობ, რომ, სადღაც, 50%-ის მიჯნაზე გაჩერდება ერდოღანის „სამართლიანობის პარტია“ პარლამენტში და ეს არის პირველი სიმპტომი, რომ სიტუაცია სრულიად შეიცვალოს. გასაგებია, ობამა კოჭლი იხვია და აქტიურობა ახლა არ შეუძლია, ცალსახად ვხედავთ, რომ ტრამპს არანაირი შანსი არ გააჩნია, არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ტრამპი, საერთოდ, საარჩევნო ფინალამდე? ამაზეც კითხვის ნიშანია და კლინტონი ჩნდება, როგორც რეალური კანდიდატი. კლინტონის მიდგომა რუსეთისადმი, თურქეთისადმი, ცალსახად, ღიად ცნობილია. ის არ აპირებს ობამას პოლიტიკის გატარებას და მით უმეტეს, ტრამპთან მას არანაირი კავშირი არ გააჩნია, რომ ჩვენ ამერიკას მივხედოთ და კისერი უტეხია აქეთ დანარჩენს, ასე არ ხდება. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ გამოსავალი, ჯერჯერობით, ჩვენი წყნარად ყოფნაა, ვეცადოთ, არ გავაღიზიანოთ არავინ, არ წამოვეგოთ პროვოკაციაზე და ქვეყნის შიდა ეკონომიკური მდგომარეობა, პოლიტიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ეს გვითხრეს ჩვენ. თუ ამას შევასრულებთ, მაშინ შემდგომში ძალიან დიდი შანსი გვიჩნდება, თუ ვერ შევასრულებთ, 2008 წლის ამბებს გავიმეორებთ და პროვოკაციებზე წამოვეგებით. სანამ დღეს ყველაზე ძლიერ აგრესიულ ორ ქვეყანას _ თურქეთსა და რუსეთს ასეთი პოლიტიკა აქვს, თუ ამათ დავეჯახებით და პროვოკაციებში ავყვებით, შეიძლება, მათ შუაში მოგვიყოლონ. თუ ასე მოხდა, ეს იქნება ატლანტიკური გეოპოლიტიკური დოქტრინის კრახი. გეოპოლიტიკური კრახებისთვის, ჯერჯერობით, მსოფლიო მზად არ არის, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი შანსი გვაქვს, ეს პირადად ჩვენზე, ქართულ საზოგადოებაზე და ქართულ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და ნუ დავიწყებთ ნურავისზე დაბრალებას. რამდენად შევძლებთ ამ ამოცანის გადაწყვეტას, იმდენად გვექნება დიდი შანსი წელიწადნახევრის შემდგომ, რომ სერიოზული ადგილი დავიკავოთ თანამეგობრობაში. დღეს მთელი მსოფლიო ორიენტირებულია ამ სიტუაციაზე და უკრაინის ომზე, თუმცა უკრაინის პერსპექტივა ძალიან ცუდია, აქედან გამომდინარე, წელიწადნახევრის თავზე, შეიძლება, უკრაინის საკითხმა ჩაიწიოს და საქართველოს საკითხმა ამოიწიოს. სამწუხაროდ, დასავლეთი ორივე საკითხს ერთად ვერ ქაჩავს, ან ერთი უნდა გაქაჩოს, ან _ მეორე. დღეს ქაჩავს უკრაინას, აშშ-მ დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთს უკრაინის გამო. რუსეთი, პრაქტიკულად, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინაში, მაგრამ, ჯერჯერობით, დიდი წარმატებები ვერ აქვს. ეს კონფლიქტი, მეტ-ნაკლებად, გაიყინება და მერე უკვე საქართველოს საკითხი წამოიწევს.   სოსო ცისკარიშვილი: _ ძნელი არ არის აღმოვაჩინოთ, დროის შერჩევით ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრების ჩამოსვლის მიზეზი. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმის, რომ საქართველოს არ გააჩნია როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში წარმატების პერსპექტივა და უკვე ერთი წელიწადია, ყველა განცხადება (ეს იქნება  ევროკავშირის მაღალჩინოსანთა, თუ ნატოს ხელმძღვანელებისა) მთავრდება ერთი ფრაზით: „ჩვენ მოველით 8 ოქტომბერს სამართლიან და მშვიდ არჩევნებს“. პრაქტიკულად, ამ გამონათქვამმა უკვე აუცილებლობა გამოიწვია და საკმაოდ ხიფათის შემცველადაც აღიქმებოდა ასეთი მოლოდინი, რადგან ვიცით, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთი სწორედ აურზაურს მიესალმებოდა 8 ოქტომბერს და არ იშურებს არც რბილ და არც ხისტ ძალებს იმისთვის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურ არჩევანთა სიაში არ მოხვდეს. ამიტომ ძალიან გააქტიურებულია ჩვენი დიპლომატია, ეს ყველაფერი მიგვანიშნებს მათი საქმიანობის შედეგიანობას და ვაცნობიერებთ რა, რომ ჩვენს თანამემამულეთა არც თუ ძალიან მცირე ნაწილს ნეგატიური განწყობა აქვს ევროატლანტიკური სივრცის მიმართ, უფრო კრემლის ვარსკვლავისკენ უციმციმებს მზერა, ასეთ ვითარებაში ხშირად ვკითხულობთ იმის თაობაზე, რატომ მიგვატოვა, ნატოს არასოდეს დავჭირდებით და ტყუილად ნუ ვხარჯავთ დროს. ეს იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი ასეთი დელეგაციის მიღებისა გასულ კვირაში, თანაც, რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას სამუდამოდ დავამახსოვროთ რეალობა დღევანდელი მოსკოვისა, ევროპული მიმზიდველობა ევროატლანტიკური პერსპექტივისა, საქმე გვაქვს არა მხოლოდ მსოფლმხედველობაზე, არამედ იმ აგიტაციის ძალასთან, რომლითაც უკვე წლების განმავლობაში ცდილობს მოსკოვი და ჯერ ასეთი მკაფიო გზავნილი მოსკოვის მისამართით საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს არ გაუგზავნია. რა თქმა უნდა, ნატოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა არ გახლავთ ტურისტული ექსკურსია. ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტს ორი ადრესატი ჰყავდა: ერთი კრემლი და მეორე ჩვენ, კრემლის მიერ თავბრუდახვეული მედიასაშუალებები და მათი მკითხველები. არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, თუ შევძლებთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ყოველგვარი დავის გარეშე ლეგიტიმურად შეფასდეს, მაშინ, რასაკვირველია, ვიტყვით, რომ ამ ვიზიტს სრულიად მკაფიო პოზიტიური შედეგი ჰქონდა. კიდევ უფრო მიმანიშნებელია ასეთი ადრესატების მიმართ არსებული ახალი გზავნილი, რომელიც ამ დღეებში გამოაქვეყნა აშშ-ს კონგრესმა. ის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობათა გასაძლიერებლად. კონგრესის დოკუმენტს 400-ზე მეტმა კონგრესმენმა მისცა ხმა და მხოლოდ 6-მა შეიკავა თავი. ასეთი განწყობის მქონე ქვეყანას, აშშ-ს, რასაკვირველია, კიდევ ბევრი აქვს სათქმელი, იმდენად ჩვენთვის არა, რამდენადაც კრემლისთვის. მდუმარე დიალოგის რეჟიმი მძაფრდება ნატოსა და კრემლს შორის, შავი ზღვა აღმოჩნდა ერთ-ერთი ლაკმუსის ფუნქციის შემძენი სივრცე, რადგან ეს ის სივრცეა, რომელშიც, როგორც ამერიკული გემების, ასევე რუსული წყალქვეშა გემების, რომელზედაც, რატომღაც, არ საუბრობენ, არის იმის მიმანიშნებელი, რომ რუსებს მარტივად არავინ არაფერს დააშვებინებს შავი ზღვის სივრცეში, მით უმეტეს მაშინ, როცა 6 სახელმწიფოსგან, რომელიც გარს არტყია შავ ზღვას, 3 გახლავთ ნატოს წევრი ქვეყანა: თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, 2 გახლავთ ევროკავშირის წევრი _ ბულგარეთი და რუმინეთი, 2 გახლავთ ევროკავშირთან ასოცირებული _ უკრაინა და საქართველო, ერთადერთი რუსეთია გაჩხერილი ამ სივრცეში, რომელსაც მხოლოდ თავისი უაღრესად აგრესიული პოლიტიკის განხორციელება სურს და რომლის მზაკვრობის კოეფიციენტი სრულიად მკაფიოდ არის გაცნობიერებული არა მხოლოდ მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მცხოვრებთათვის, არამედ, უკვე, ნატოსა და ევროპის საზოგადოებისთვის, რასაც შესაბამისი მზაობის აუცილებლობა ერთვის, რომ რუსეთმა თავი დაანებოს საკუთარი ბირთვული იარაღით ყოყოჩობას და დაუბრუნდეს იმ პერიოდს, როდესაც მას არ ჰქონდა ჟინი, კვლავ გამხდარიყო ძირითადი პრობლემა ჩვენი პლანეტისთვის. ჩვენთან, თბილისში, რას მოიმოქმედბენ, ამაზე საუბარი არ იქნება აუცილებელი მედიასივრცეში. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ჩვენი თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლისა, უფრო თანდათან მყარი ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტი. ის, ფაქტობრივად, ჩვენს ჯარში აკონტროლებს მიმდინარე პროცესებს. იქნებ ეს მაინც იყოს ის ნება, რომლის გამოც ჩვენი ქვეყნის კადრთუხუცესი აღარ მოახდენდეს თავდასხმებს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე და მის სასახლეზე. ასე რომ, ჯერი ჩვენზეა, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ გზააბნეულ ჩვენს თანამემამულეებს, ამომრჩევლებს, უსათუოდ უნდა მივაწოდოთ სანდო და რეალური ინფორმაცია დღევანდელი რუსეთის შესახებ, რომ მათ ცნობიერებაში არ იყოს დაბუდებული სოციალისტური ქვეყნის რუსეთი და მოსკოვი, რომელიც კომუნიზმზე ოცნებობდა და ბევრი შეღავათი იყო მათთვის. სიტუაცია შეცვლილია და წარსულზე შეყვარებული ამომრჩეველი მომავლის არჩევანს ნამდვილად ვერ შეძლებს. რაც შეეხება, ზოგადად, არჩევნებს, აქ, თავისთავად, ისეთი პრობლემაა, რომელიც სამიოდე კვირაში ვერ მოგვარდება, რადგან პოლიტიკური პროცესები, რასაც ვაკვირდები, მეტყველებს, რომ ჩვენს ამომრჩეველს სერიოზული არჩევანის საშუალება არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლაც ასჯერ გაზომოს და ერთხელ ჩააგდოს ყუთში საარჩევნო ბიულეტენი, რადგან პოლიტიკური რეალობის სივრცე მწირია. მე ვხედავ მხოლოდ ოთხ მიმართულებას, რომელთაგანაც მოუწევს არჩევანის გაკეთება ჩვენს თანამემამულეებს. რისთვის და როგორ სახელმწიფოს ვისურვებდით ახალი არჩევნების შემდეგ, ამაზე საუბარი, რატომღაც, არ მიმდინარეობს იმიტომ, რომ ერთმანეთის კონკურენცია, ერთმანეთის მიჭირხვნის მცდელობა, ერთმანეთზე მხოლოდ აუგის ტირაჟირება არ გაძლევს ჩაფიქრების საშუალებას და ურთიერთგადაწყვეტილებების მიღებას უსპობს ჩვენი ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას. ამიტომ ძალიან პრიმიტიული სურათი მივიღეთ: ჩააბაროს სახელმწიფო შესაძლებლობები ძალიან მცირეა, კერძოდ, სახელმწიფო მიშას, ან სახელმწიფო ბიძინას, ან სახელმწიფო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს, ან სახელმწიფო ხალხს. თითქოს ადვილი ასარჩევია, მაგრამ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, _ კი ბატონო, ხალხს, მაგრამ როგორ ხალხს და როგორ გადავცეთ თანამემამულეთა გარკვეულ გუნდებს ამ ქვეყნის მომავალი? რადგან საშურია ამ თემებზე ღიად საუბრები, ჩვენი მედიისთვის უპრიანი იქნებოდა, რომ არა პოლიტიკოსები დააჯახონ ყოველ საღამოს საათების განმავლობაში ყველა მედიასივრცეში, არამედ განსხვავებული არჩევანის მქონე ჩვენი თანამემამულეები, რომ გავიგოთ მათი განწყობები, მათი კრიტერიუმები გადაწყვეტილების მისაღებად. სხვაგვარად მივიღებთ იმას, რაც გვქონდა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში და შემდგომ ოთხწლედს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დავიდარაბაში გაგვატარებინებენ. დასასრულ, ჩვენს მკითხველებს შევახსენებ უინსტონ ჩერჩილის დანაბარებს: „როდესაც იწყება კამათი აწმყოსა და წარსულს შორის, აღმოვაჩენთ, რომ დავკარგეთ მომავალი“. დიახ, ჩვენ 4 წელიწადში ერთმანეთის ძიძგნაში ვერ მოვახერხეთ მკაფიო მომავლისა და პერსპექტივის შემუშავება, ისევ ვაპირებთ მივიდეთ საარჩევნო უბანში და ხმა მივცეთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელშიც გვეგულება ჩვენი მეგობარი, ნათესავი, მეზობელი და ა. შ. კვლავ საკუთარი პატრონის საძიებლად გაეშურება ჩვენი ამომრჩევლების აბსოლუტური ნაწილი, რადგან მათ უჭირთ, რადგან ვერც ერთი ხელისუფლებისგან დაინახეს ასრულებული დანაპირები. ამიტომ კიდევ ერთხელ გადავხედავ პროგრამებს და შესაძლოა, მხარი მივცე იმ სუბიექტს, რომელსაც ყველაზე ნაკლები დანაპირები აქვს ამომრჩევლისთვის.   რამაზ საყვარელიძე: _ რა თქმა უნდა, სტოლტენბერგის ვიზიტი თავისთავად გზავნილი იყო. ასეთი რანგის ფიგურის ვიზიტი ყოველთვის მიანიშნებს ამა თუ იმ ქვეყანაში ნატოს პოლიტიკაზე. საინტერესო გზავნილი იყო იმ მხრივაც, ჩემთვის როგორც დამკვირვებლისთვის, რომელმაც არ იცის კულისებში რაზე გახლდათ საუბარი, მაგრამ თავისთავად წინასაარჩევნოდ სტოლტენბერგის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი, და ამ შემთხვევაში ნატოს გენერალური მდივნის სახით, მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მიმდინარე პროცესებს. დასავლეთი რომ არ უჭერდეს მხარს ამ პროცესებს, თვითონაც დაელოდებოდა არჩევნების შედეგს. დასავლეთმა ასეთი მოლოდინის რეჟიმზე უარი თქვა და არჩევნების წინ გამოხატა თავისი მხარდაჭერა. ეს მინიშნებაა იმისა, რომ გააგრძელეთ, როგორც მიდიხართო. ეს ვიზიტი ამით არის საინტერესო როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი მეზობლებისთვის.   ვაჟა ბერიძე: _ ამ ვიზიტით ცალსახა იყო პოზიცია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ამასთანავე, საქართველოში სკეპტიკოსების საყურადღებოდ სტოლტენბერგმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საბოლოო მიზანი იქნება და დადგება უეჭველად, რომ დასავლეთი განიხილავს საქართველოს როგორც სრულფასოვან პარტნიორს, ნატოს წევრი პარტნიორის წილობრივი მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ საერთაშორისო მისიაში და საქართველო უკვე უსაფრთხოების მსოფლიო სისტემის ნაწილია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი რეალობის ჩამოყალიბების ფონზე რეგიონში, როცა შეიქმნა სპეციფიკური და ჯერ არნახული ვითარება, როდესაც რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა ახლა უფრო გამონახეს საერთო ენა, ვიდრე წინა სამი საუკუნის განმავლობაში, რაც აღინიშნებოდა რუსეთსა და თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის. ამას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი დაპირისპირება უძღოდა, ეს იყო ტრადიციული დაპირისპირების არეალი ამ ქვეყნებს შორის. ახლა უკვე, თითქოს, რაღაც ფაქტორებმა გააერთიანა ისინი. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ ფაქტია, რომ ასე განვითარდა რეალობა და, გარკვეულწილად, მერყეობა დააფიქსირა ერდოღანმა და თურქეთის ხელმძღვანელობამ დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რაც დასავლეთს არასახარბიელო პერსპექტივის წინაშე აყენებს. იმავე თურქეთში დასავლელი ლიდერების გახშირებული ვიზიტები იმას მოწმობს, რომ უნდა იმუშაოს. რეალობა დღეს ასეთია და ამ ფონზე საქართველოს მნიშვნელობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის გაიზარდა, რამაც, თავისთავად, გაზარდა უახლოეს მომავალში ნატოში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა შემაფერხებელი ფაქტორები და განსაკუთრებით რუსეთის პრინციპული საპირისპირო პოზიცია ამ რეალობას, ჯერჯერობით, მიუღწეველს ხდის. ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იყო კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ ეს სტატუს კვო ისევ არსებობს, ბუქარესტისა და ვარშავის სამიტების დოკუმენტები ძალაშია და თვითონ ვნახეთ უახლოეს პერიოდში სენატისა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გაკრიტიკებული იყო იმის გამო, რომ საქართველოს გაწევრიანებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა არასათანადო იყო ბოლო წლების განმავლობაში. ეს თავისთავად მისასალმებელია, თუმცა ჩვენ, ქართველებმა, ეს უნდა შევაფასოთ, როგორც პოზიტიური, ევროატლანტიკური არჩევანის პოზიცია, მაგრამ ჩვენ საკუთარი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რათა ეს რეალობა ჩვენთვის სასურველი იყოს და ამას შედეგად არ მოჰყვეს მარტო ბრძოლის ხაზის გავლა საქართველოზე რუსეთსა და დასავლეთს შორის და საქართველოს ცხელ წერტილად გადაქცევა. უეჭველი და აუცილებელია როგორც დასავლეთთან თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება ახალი ხელისუფლების მიერ, ან იმავე ხელისუფლების მიერ, თუ „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში, ასევე რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რამდენად ძნელიც არ უნდა იყოს და უმაღლეს დონეზე შეხვედრების დანერგვა, დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 22% ოკუპირებული აქვს.  

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება