„გამოცდილება, პროფესიონალიზმი და საქმის კეთება!“ _ ეს სლოგანი „პატრიოტთა ალიანსის“ გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა მამაცაშვილს ეკუთვნის. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის გენერალურ მდივანს, როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში ყოფინის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. როგორ აფასებს ის გუშინდელ დღეს? როგორ უყურებს ხვალინდელს? რით შეუძლია მოხიბლოს ამომრჩეველი თელავსა და კახეთში?!
„ქრონიკა+“ გოჩა მამაცაშვილს ესაუბრება:
_ გოჩა, რამდენად იცნობთ იმ მუნიციპალიტეტების პოტენციალს, რომელთა მოქალაქეებიც თქვენი ამომრჩევლები არიან?
_ ძალიან კარგად ვიცნობ, გამომდინარე იქიდან, რომ 1993 წლიდან ვიყავი „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი, თელავის რაიონის საკრებულოს წევრი და უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარე, თელავის რაიონის გამგებელი, თელავის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე ვიყავი საქართველოს თვითმმართველობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ანუ ძირფესვიანად ვიცი თელავის ის პრობლემები. მე მათ გადაწყვეტაზე მიმუშავია და ბევრი საკითხი გადამიჭრია. რამდენიმეს ჩამოვთვლი: ადგილობრივი ბიუჯეტის ბაზაზე ჩამოვაყალიბე საქართველოში პირველად უფასო სასწრაფო დახმარება; შევქმენი სატრანსპორტო პარკი და ყველა სოფელში დაიწყო სიარული ავტობუსმა, რომლითაც სარგებლობდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, უფასოდ: პედაგოგები, მოსწავლეები, სოციალურად დაუცველები; ჩემს დროს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა; ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის გუნდები უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ და სპორტის დაფინანსება ადგილობრივ ბიუჯეტში გაიზარდა 12-ჯერ; ჩვენ ვმოქმედებდით დევიზით: „ყველა მშიერი უნდა დაპურდეს“, ამიტომ უპოვართა სამსახური 670 ბენეფიციარს აპურებდა; სოციალური დახმარება გაიზარდა 15-ჯერ; განხორციელდა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და ა. შ. ზუსტად ამიტომაც გადავწყვიტე, კენჭი მეყარა. რადგანაც ჩემს მაჟორიტარულ ოლქში შედის ქალაქი ყვარელი და ყვარლის მუნიციპალიტეტის ნაწილი სოფლები, ამიტომ ყვარლის პრობლემებიც საკმაოდ დეტალურად შევისწავლე და ვიცი, ეს საკითხები როგორ გადავწყვიტო. ასევე ვმუშაობდი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ და ვიყავი საპარლამენტო მდივანი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო საქმიანობას გარემოს დაცვის კუთხით პარლამენტში ვაწარმოებდი.
_ როგორია თქვენი ხედვა თელავზე, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქზე?
_ XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, რაც კახეთის მეფე არჩილ მეორემ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა, ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. უკვე 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფო-სახვთისმეტყველო სკოლა. თუ არ მეშლება, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს დაარსდა, ანუ თელავი ყოველთვის იყო ძლიერი საგანმანათლებლო ცენტრი და საუნივერსიტეტო ქალაქი. ბოლო დროს თელავის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის როლი შესუსტდა. ეს ძალიან მაღელვებს, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თელავის უნივერსტეტის კედლებში დავიცავი სადოქტორო და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება, რომ თელავი უფრო ძლიერი საუნივერსიტეტო ქალაქი გახდეს. უნივერსტეტს ამის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც აქვს და რაც მთავარია, პროფესორ მასწავლებელთა შემადგენლობა ჰყავს. პროგრამაში გვიდევს განათლების დაფინანსების სწორად გაზრდა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აღდგენა, რადგან განათლება მეცნიერების გარეშე არ არსებობს, განათლების გარეშე კი მომავალი არ გვაქვს. და თუ ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დამერწმუნეთ, ბევრად მეტი სტუდენტი ეროვნულ გამოცდებზე პირველ ნომრად შემოხაზავს თელავის უნივერსიტეტს. ჩვენ უნდა გავზარდოთ განსწავლული თაობა, ეს არის ყველაზე მოკლე გზა მაღალგანვითარებული მსოფლიოსკენ.
_ როგორ გესახებათ რეგიონის, ქალაქის ეკონომიკური გაძლიერება. რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ ამ მიმართულებით? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მუნიციპალიტეტებში უმუშევრობის დასაძლევად?
_ სიმართლე გითხრათ, აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო და არ ვიცი, ერთ პასუხში როგორ მოვაქციო საკითხი, მაგრამ ვეცდები, მოკლედ მოგახსენოთ: პირველი უნდა გაიზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტები, შესაბამისად, უფრო მეტი კომპეტენციები გადაეცეს ადგილობრივ ხელისუფლებას. ისინი, ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებენ ხელფასების გაცემის გარდა და რაღაც მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობენ. ჩვენ მოსახლეობას ვთვაზობთ, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყოს ოთხი პროცენტი, რომელიც, სპეციალური ფონდის მეშვეობით, ბიზნესის ნულიდან დაწყებაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 8000 ოჯახს დაეხმარება. თუ კაცს საინტერესო იდეა აქვს, მან ფონდს უნდა მიმართოს, ფონდმა უნდა გამოუყოს ბუღალტერი, იურისტი, ეკონომისტი, თანამმართველი, საჭირო ფართი და რაც მთავარია, ყოველგვარი გირაოსა და გარანტიის გარეშე გამოუყოს სესხი 20-დან 80 000 ლარამდე. ეს უნდა იყოს ან უპროცენტო სესხი, ან ძალიან დაბალპროცენტიანი წლიური 2-3%.
წვრილი მეწარმე ოთხი მაჩვენებლიდან გამომდინარე მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადს უნდა იხდიდეს. რომელ სოფელში, რომელ ქალაქში ან ქალაქის რომელ უბანში რას საქმიანობს, რამდენი კაცი ჰყავს დასაქმებული და რა ფართობს იყენებს _ აქედან გამომდინარე უნდა დაუდგინოს სახელმწიფომ გადასახადი. რაც მთავარია, წვრილ მეწარმეს არ უნდა ევალებოდეს სალარო აპარატების გამოყენება, რომ შემდგომში ვინმემ რაიმე შარი არ მოსდოს. საშუალო მეწარმეც ფიქსირებულ გადასახადს უნდა იხდიდეს, ოღონდ მას მეხუთე რაოდენობრივი გადასახადი უნდა დაემატოს.
ასევე უნდა შეიქმნას ქვეყანაში ცეკავშირის ტიპის რამდენიმე ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით. სწორედ ამ ორგანიზაციებმა უნდა შეისწავლონ ბაზარი, დაუკვეთონ გლეხებს პროდუქცია და მათგან გარანტირებულად შეისყიდიან სამართლიან ფასად. და კიდევ ბევრი საკითხია, რომელთა ერთობლიობა ეტაპობრივად მოგვიხსნის უმუშევრობის პრობლემას.
_ თუ აპირებთ მნიშვნელოვანი ცვლილების ინიცირებას ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის შესახებ?
_ თვითმმართველობის კანონი არის გამოშიგნული, მე ვგულშემატკივრობ თვითმმართველობას, ამიტომ ჩემი პირველი ინიცირებული კანონპროექტი შეეხება თვითმმართველობის ფუნქციების გაძლიერებას და, შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტების გაზრდას.
_ ცნობილია: ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იქნება უფრო ღია, გამჭვირვალე და დიალოგს მოქალაქეებთან გააძლიერებს. თუმცა ჩვენი თვითმმართველობების მაგალითზე ვიღებთ სურათს, სადაც მოქალაქეთა ჩართულობა ნულის ტოლია. შესაბამისად, უნდა გკითხოთ, როგორ აპირებთ ამ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას თვითმმართველობის დონეზე?
_ საჯაროობა შველაა თვითმმართველობისთვის, რაც უფრო ჩაკეტილია თვითმმართველობა, მით უფრო ბევრ შეცდომას უშვებს, რომელიც ბოლოს, შეიძლება, სისხლის სამართლის საქმედ ჩამოყალიბდეს. ამიტომ მე ყველა თვითმმართველობას ვურჩევ, რომ რაც შეძლება გახსნილები და საჯაროები იყვნენ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა განიხილოს მათ მიერ გადაწყვეტილი საქმე.
ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ხალხს უნდა შეეძლოს ნებისმიერი თანამდებობის პირის გადაყენება, ეს იქნება პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, გამგებელი, თუ მერი; ასევე ხალხს უნდა შეეძლოს დეპუტატის, საკრებულოს წევრის გამოწვევა; ხალხს უნდა შეეძლოს ნებისმიერი უვარგისი კანონის გაუქმება. ამისთვის ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას სპეციალური უწყება და ჩატარდეს რეფერენდუმები. უწყებამ ყველა საარჩევნო ოლქში განყოფილებები უნდა შექმნას; თუ ამ განყოფილებას ხალხის გარკვეული რაოდენობა მიმართავს დეპუტატის გამოწვევის, ან გამგებლის გადაყენების მოთხოვნით, ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ადგილობრივი რეფერენდუმი და მათ ბედს ხალხი გადაწყვეტს. ამ გაწვევის მექანიზმის ამუშავების შემთხვევაში ბევრად ყურადღებიანი და ხალხის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებულები გახდებიან თანამდებობის პირები.
_ სახელმწიფომ ვალდებულება აიღო ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის წინაშე, რომლის მიხედვითაც უნდა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკასა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, უნდა გკითხოთ, როგორ გესახებათ ქალთა პრობლემების მოგვარება, მათ შორის, ოჯახური ძალადობის დაძლევისათვის კანონმდებლობის შემუშავება? ასევე ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობა დღეს ნულის ტოლია, კანონმდებლობით ის შემაკავებელი ორდენები ვერაფერს ცვლის სასიკეთოდ. როგორ აპირებთ აღნიშნული საკითხის გადაჭრას? ქალაქ თელავის საკრებულოს არც ერთი ქალი არ ჰყავს, თელავის მერს არ ჰყავს არც ერთი მოადგილე ქალი!
_ ქალის როლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. მოვიყვან მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მაგალითს: იმედია, არავინ უარყოფს, რომ ქალების ჩართულობა გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცების, მაგრამ როგორც კი თანამდებობებზე მიდგება საქმე, რატომღაც, პრიორიტეტი ენიჭებათ, უფრო სწორად, ენიჭებოდათ მამაკაცებს, რადგან ეს მითი უკვე დაიმსხვრა ჩვენი საარჩევნო ბლოკის მაგალითზე: კახეთში ექვსი მაჟორიტარული ოლქიდან სამში პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად ქალბატონები წარვადგინეთ: საგარეჯოში კენჭს იყრის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, ასევე ჩვენ მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში პირველი სამი ნომერი არის ქალი. მე ქალის გონიერებას, საქმიანობასა და ინტუიციას ვაფასებ და ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელი უნდა შეეწყოს ქალის დიდი დოზით ყოფნას მმართველ რგოლებში როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში.
_ რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს? როგორ ფიქრობთ, 19 სამინისტრო ცოტა ზედმეტი ხომ არ არის და ხომ არ საჭიროებს სამომავლოდ მთავრობა გადახალისებას? აქვე შეგეკითხებოდით უპორტფელო სამინისტროებზე, ანუ გუბერნიებზეც.
_ არა მარტო სამინისტროები, სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტოები, დეპარტამენტები შესარწყმელია და შტატები შესამცირებელია, ადმინისტრაციულ ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სახელმწიფო სტრუქტურები უნდა იყოს შედარებით მცირე, ბევრად მოქნილი და ეფექტიანი.
_ დაბოლოს, გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში მოღვაწეობა მოგიწევთ. რა პერიოდულობით შეხვდებით მოსახლეობას ყვარელსა და თელავში?
_ როდესაც თელავის გამგებელი ვიყავი, მიღებები მქონდა არა მარტო ჩემს კაბინეტში, არამედ სოფლის გამგებლების კაბინეტში. იქ ჩავდიოდი და სოფლის მოსახლეობამ იცოდა, ამა და ამ დღეს რაიონის ხელმძღვანელი მათ სოფელში რომ იმყოფებოდა, რადგან ზოგიერთი პრობლემა ადგილზე სანახავი იყო. პარლამენტში პლენარული სხდომები კვირის გამოტოვებითაა. ანუ ერთი კვირა _ პლენარული სხდომები, მეორე კვირას კი მაჟორიტარი თავის მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობას უნდა ხვდებოდეს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. არასდროს დავშორებივარ ხალხს და ახლაც მზად ვარ, მათ ვემსახურო.
მაკა მოსიაშვილი