16 აგვისტოდან, ანუ ორი ჯარისკაცის გაუჩინარებიდან ორი კვირის თავზე, როცა ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თურქეთიდან დასახმარებლად მოსულმა სპეციალურმა გემმა დაკარგულთა ცხედრების ძებნა შეწყვიტა და თურქეთში გაბრუნდა, დაკარგულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო. ადამიანებმა, რომლებიც გონიოს ზღვის ნაპირზე ათენ-აღამებდნენ იმ იმედით, რომ მყვინთავები მათი შვილების ცხედრებს იპოვიდნენ, შიმშილობაც კი გამოაცხადეს, რათა შვილების ცხედრების დატირების საშუალება ჰქონოდათ:
„არავინ სერიოზული მყვინთავი მე აქ არ მინახავს, ისევ ჩემი ბიჭის მეგობრები გადიოდნენ და ყვინთავდნენ, ცდილობდნენ, მაგრამ ესენი თვითონ ახალბედები არიან და რას იპოვიდნენ? აგერ, თურქული გემიც გაბრუნდა უკან, აღმოჩნდა, რომ პერიმეტრი სრულად დაათვალიერა და ვერც ცხედრებს მიაგნო, ვერც რაიმე კვალს. ასეთი რამე ძნელი დასაჯერებელია“, _ ამბობს იაგო შარაძის დედა.
„ახლა სხვა რამეზე მაქვს ეჭვი, რომ ამ ბიჭების ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს. ჩვენ ვიცით, რომ წყალქვეშ გატაცებებიც ხდება, იქ თურქეთია, იქ ამერიკაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის _ აქ ბიჭების ცხედრები, უბრალოდ, გააქრეს, რომ მერე მათ (თავდაცვის სამინისტრო) არ დაბრალებოდა ყველაფერი, როცა ცხედრებს იპოვიდნენ“, _ ასე ფიქრობს ერთ-ერთი გაუჩინარებული ჯარისკაცის მეუღლე.
„ის ინსტრუქტორი კი არა, მეთევზე ყოფილა და ისიც, ცუდი მეთევზე. ათასნაირი ინფორმაცია გავრცელდა, ზოგი ამას ჰყვება და ზოგი _ იმას. ამბობენ, რომ როცა ერთმა ჯარისკაცმა ამოყვინთა, ხელში ქვიშა ეჭირა, მაგრამ ინსტრუქტორმა თავზე ხელი დააჭირა, ისევ ჩაყვინთეო. იმანაც ისევ ჩაყვინთა და ვეღარ ამოყვინთა“, _ იხსენებს გაუჩინარებული ჯარისკაცის მამა.
გონიოში ტრაგედია 16 აგვისტოს დატრიალდა. იმ დღეს შტორმი იყო _ ღელვის მაჩვენებელი 4-4,5 ბალს აღწევდა. გონიოში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები _ კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, მათ ამოყვინთვა ვერ შეძლეს.
ზღვის სიღრმეში ყვინთვა სპეციფიკური და რთული პროცესია. ცნობილია, რომ როგორც კი ადამიანი 9 მეტრს ჩასცდება, უკვე 9, 1 მეტრის სიღრმეზე ფილტვები ჰაერით ივსება, რაც სხეულს საშუალებას აძლევს, წყალზე იტივტივოს. 10 მეტრის სიღრმეზე ფილტვებში არსებული ჰაერი ნახევრდება, ხოლო 10 მეტრიდან სხეული გრავიტაციულ სივრცეში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომგდები ძალა აღარ მოქმედებს და წყალი აღარ უბიძგებს ადამიანს ზედაპირისკენ, პირიქით _ სიღრმისკენ მიჰყავს ის.
არსებული მონაცემებით, იმ ადგილას, სადაც, ზოგადად, ადრეც ჩატარებულა ყვინთვის კურსები და სადაც ჯარისკაცები გაუჩინარდნენ, წყლის სიღრმე ფსკერამდე 15 მეტრია. ყვინთვის პროცესის წარმატებით დასრულების ნიშნად ამ სწავლების ფარგლებში მიჩნეულია ზეაწეული მარჯვენა ხელი ამოყვინთვის დროს მომუშტული ხელის მტევნით და ხელში ფსკერიდან ამოტანილი ქვიშით ან კენჭებით _ ეს იმის ნიშანია, რომ მყვინთავმა დავალება შეასრულა და ფსკერამდე ჩააღწია.
ასევე ცნობილია, რა აუცილებელი აღჭურვილობაა საჭირო იმისთვის, რომ ჯარისკაცმა ყვინთვა სრულყოფილად შეძლოს:
სველი, ნახევრადმშრალი და მშრალი ჰიდროკოსტიუმები, ტივტივადობის ჟილეტი, რეგულატორი, ლასტი, ნიღაბი, კომპიუტერი, კომპასი, დანა, ბალონი.
რეგულატორი, ანუ ჰაერის ჩასასუნთქი მოწყობილობა, შეიძლება ორმა მყვინთავმაც გამოიყენოს. ეს ავარიული ამოყვინთვისას ხდება. ასეთ დროს ინფლატორის მეშვეობით იბერება ტივტივადობის ჟილეტი, მეორე მყვინთავი ხსნის პირველს „ოქტუბუსს“, შემდეგ ხელს ჰკიდებს უკვე გაბერილ ჟილეტს და მყვინთავები სამ-სამი ჩასუნთქვით ხმარობენ ერთ რეგულატორს, თან ზედაპირისკენ მოიწევენ. როცა ზედაპირზე ამოდიან, იხსნიან აღჭურვილობას, თავს სწევენ მაღლა და პირიდან ჰაერს უშვებენ, რათა ფილტვები გაითავისუფლონ.
თუ მყვინთავი დიდ სიღრმეებზე ყვინთვას აპირებს, უნდა გამოიყენოს ბალონი, რომლის მოცულობა 15-18 ლიტრი იქნება. უფრო ხშირად გამოიყენება 12-ლიტრიანი მოცულობის ბალონები. ერთ ჩაყვინთვაზე მყვინთავი იყენებს ერთ ბალონს. დღის განმავლობაში, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ჩაყვინთვა შეიძლება, 3-4-ჯერ განხორციელდეს.
წყალში უნდა ჩავიდეს არანაკლებ ორი მყვინთავი (რეალურ ვითარებაში), ხოლო სწავლების დროს, მათთან ერთად _ ინსტრუქტორი. ყოველი ჩაყვინთვისას მათ უნდა ჰქონდეთ კავშირი დამზღვევ მაშველთან ნავზე (კატერი), ან ნაპირზე. წყალქვეშა საძიებო-სამაშველო სამუშაოებს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოების თანმიმდევრობაზე, ჩაყვინთვის სიღრმეების განსაზღვრაზე და მყვინთავის უსაფრთხოებაზე.
ასეთია პირობები, რომელშიც უნდა ტარდებოდეს ნებისმიერი ყვინთვა, იქნება ის დაკავშირებული სამძებრო-სამაშველო საქმიანობასთან, თუ სასწავლო პროცესთან. მეტიც, სასწავლო პროცესის დროს უკვე დამატებითი დეტალებიცაა გასათვალისწინებელი და მოთხოვნები უფრო მკაცრდება. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ინსტრუქტორი, როგორ როლს შეასრულებს ის კრიტიკულ ვითარებაში და რამდენად ზუსტად იცის მყვინთავის მომზადების დონე?
ახლა ძნელია იმაზე დავა, რომელი სტანდარტი დაირღვა, როგორ მოიქცა ინსტრუქტორი, მაგრამ გაუჩინარებული ჯარისკაცების მშობლებს რომ სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ მომხდარზე, ფაქტია.
მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში დაკარგულის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმრის მეგობრებისგან იცის, თითქოს ჩაყვინთულმა ამოყვინთა, მუჭში კი ქვიშა და კენჭები ჰქონდა, მაგრამ ინსტრუქტორმა ეს ვერ დაინახა და თავზე დააჭირა ხელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნავზე ამოსვლის ნაცვლად, მას ისევ უნდა ჩაეყვინთა. მეუღლე ამბობს, რომ სწორედ ეს, მეორე ჩაყვინთვა აღმოჩნდა მისი ქმრისთვის საბედისწერო.
არსებობს კიდევ ერთი დეტალი: იაგო შარაძის მეგობრის თქმით, იაგოს თანამებრძოლებისგან იცოდა, რომ მას ყურის ანთება ჰქონდა. თუ ეს მართალია, სამედიცინო შემოწმების დროს უნდა გამოვლენილიყო, რომელიც, წესით და რიგით, ყოველი კურსის გავლის წინ უნდა ტარდებოდეს. ყურის ანთება ერთ-ერთი პრობლემაა, რის გამოც ყვინთვაში მონაწილეობა პირდაპირ იკრძალება, რადგან ყურის აპკი ყველაზე მგრძნობიარეა სიღრმეში ყვინთვისას.
გამოძიება კი მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი დეტალები არ ვიცით, ამიტომ ძნელი სათქმელია, გაიარეს თუ არა სამედიცინო შემოწმება ყვინთვის წინ ჯარისკაცებმა და თუ გაიარეს, რატომ არის დღემდე ღიად საკითხი, ჰქონდა თუ არა ყურის ანთება იაგო შარაძეს? როგორც ცნობილია, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებზე უშუალოდ დასასწრებად დაკარგული ჯარისკაცების მშობლები თურქულ გემზე აიყვანეს და განა, რა გახდებოდა სამედიცინო შემოწმების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენება დაკარგულთა ოჯახის წევრებისთვის, თუკი ასეთი რამ ბუნებაში არსებობს? და თუ არ არსებობს, რატომ? ანუ რატომ არ ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება ჯარისკაცებს, სანამ ყვინთვას დაიწყებდნენ?
გამოძიებამ, ასევე, უნდა დაადგინოს, რამდენად სწორად და პროფესიონალურად მოქმედებდა ინსტრუქტორი, ჩავიდა თუ არა ის წყალში და რა როლი ითამაშა კრიტიკული სიტუაციის დროს და, რაც მთავარია, უნდა დაადგინოს, რატომ გახდა აუცილებელი სწავლების ამ კურსის ჩატარება შტორმის პირობებში, ანუ მაშინ, როცა, წესით, სწავლება უნდა გადადებულიყო?
ცნობილი ფაქტია, რომ შტორმი სამაშველო სამუშაოების ჩატარებას ართულებს. ასეთ დროს მიღებულია, რომ თუ სასწორზე დგება სამაშველო ოპერაციის შედეგად გადასარჩენთა (რომელთა მდგომარეობა და ისიც კი, ცოცხლები არიან თუ არა, არ იცი) და მაშველთა სიცოცხლე, არჩევანი მაშველების სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ანუ როცა დარწმუნებული არ ხარ, გადასარჩენი ცოცხალია თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ მაშველის სიცოცხლეს, შესაძლოა, შტორმმა საფრთხე შეუქმნას, წყალქვეშ მის გაგზავნაზე უარს ამბობ... და თუ ასე ხდება სამაშველო ოპერაციების დროს, რატომ იყო აუცილებელი, მაინცდამაინც, შტორმში საბრძოლო ყვინთვის კურსის ჩატარება?
თავდაცვის უწყებაში, თავდაპირველად, კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და ყველანაირ შეცდომას გამორიცხავდნენ. მოგვიანებით, როცა ფაქტს დიდი მღელვარება მოჰყვა და დაკარგულთა ოჯახის წევრებმაც მკვეთრი განცხადებები გააკეთეს, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, თანაც, „არაერთი პირის“.
რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ზოგადად, რა საფრთხეები არსებობს ამგვარი სწავლების დროს, ამაზე თავის გამოცდილებას ყოფილი სამხედრო პირი, ალექსანდრე ჩიტიშვილი, გვიზიარებს, რომელიც, პირველ რიგში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწორედ იმ სტრუქტურისადმი არაპროფესიონალურ მიდგომაზე მიანიშნებს, სადაც დაკარგული ჯარისკაცები მსახურობდნენ. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ამ დანაყოფს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი არ შეუძენიათ არც ერთი ახალი მცურავი საშუალება მაშინ, როცა ძველები მწყობრიდანაა გამოსული, კატარღები კი ნაპირზეა გამოთრეული და იქვე ყრია უპატრონოდ.
მისივე თქმით, ამ დანაყოფში ოფიცრები და ტექნიკური პერსონალი შერჩეულია ნათესაური პრინციპით და არა პროფესიონალიზმის მიხედვით, ასევე იმ ახალგაზრდებისგან, ვისაც სახლთან ახლოს სურთ სამხედრო სამსახური, შედეგად კი ვიღებთ არა ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ საზღვაო ქვეითთა დანაყოფს, არამედ ერთ ჯგუფს, სადაც ადამიანები მოვალეობის მოხდის მიზნით არიან გაერთიანებული, ამას კი ახალგაზრდა, გულანთებული ბიჭების სიცოცხლე ეწირება.
ალექსანდრე ჩიტიშვილის ინფორმაციით, მთელ ამ ტრაგედიაში მთავარი ის არის, რომ მყვინთავები ზღვაში ნაპირიდან შევიდნენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვა მოითხოვს, რომ სანამ ყვინთვა დაიწყება, დაივერები ზღვაში კატარღით უნდა გავიდნენ: „ამ შემთხვევაში კატარღები ზღვაში არ გაიყვანეს, რადგან საწვავს გაუფრთხილდნენ, ან კიდევ საწვავი, უბრალოდ, ჩამოწერეს“, _ ამბობს ალექსანდრე ჩიტიშვილი. მისი თქმით, უამრავი კატერი, რომელიც მერე დაკარგულებს ეძებდა, მანამდე უნდა გამოეყვანათ და სწავლების დროს მათი ნაწილი მაინც გამოეყენებინათ.
ამის გარდა, ჩიტიშვილი 10 მეტრის სიღრმეში ყვინთვის თავისებურებებზეც ამახვილებს ყურადღებას:
„როცა წყალში 10 მეტრის სიღმეზე, ან უფრო ღრმად კურსანტს უშვებ, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათადარიგო ჰაერის ბალონი, იქვე უნდა ტრიალებდეს ინსტრუქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალი და არა ბიძაშვილობით შერჩეული. კურსანტ დაივერს უნდა ჰქონდეს მობმული თოკი, რომლის ბოლოც გემზე უნდა იყოს მიმაგრებული. ჩვენს შემთხვევაში ზღვაზე მცურავი საშუალებაც კი არ ჰყავდათ, რაც უკვე დანაშაულია! არ ჰქონდათ სათადარიგო ბალონები და საერთოდ, ნაპირიდან იყვნენ დაივერები შესული ზღვაში. მოკლედ, საქმე გვაქვს სამხედრო დანაშაულთან და არა დაუდევრობასთან. დასასჯელია თავდაცვის სამინისტროს მთელი შემადგენლობა, გენშტაბის უფროსის მეთაურობით, მინისტრით დამთავრებული!“ _ ამბობს ჩიტიშვილი.
მას შემდეგ, რაც ჯარისკაცთა გაუჩინარება ოფიციალურად გამოცხადდა, დაიწყო სამაშველო-სამძებრო სამუშაოები, რომელშიც, თავდაპირველად, ადგილობრივი ძალები მონაწილეობდნენ. ოპერაციაში ჩაერთნენ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგისა და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამისი დანაყოფები.
17 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელებულმა სამძებრო სამუშაოებმა ისევ ვერ გამოიღო შედეგი. გონიოში თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი ჩავიდნენ. სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც იყო ჩართული.
20 აგვისტოს, დილიდან, გონიოს სანაპიროზე თურქეთის სასაზღვრო ძალების სამძებრო ხომალდი შევიდა. სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზე გათვლილი, 650-ტონიანი Mინეჰუნტერ-ი რადარით არის აღჭურვილი. მისი ეკიპაჟი 41 კაცისგან შედგება. ხომალდმა ძებნის ოპერაცია დაიწყო.
მეორე დღეს, 21 აგვისტოს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლები _ ვლადიმერ შარაძე და გელა ნანეტაშვილი _ Mინეჰუნტერ-ის ტიპის ხომალდის ბორტზე აიყვანა. ხომალდის ეკიპაჟმა დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თურქული მხარე აცხადებდა, რომ სამძებრო სამუშაოებს, მინიმუმ, 3 დღე დასჭირდებოდა.
ამ სამი დღის განმავლობაში გონიოში თურქული გემის ეკიპაჟს სამძებრო სამუშაოები არ შეუწყვეტია. მეტიც, მათ ოპერაცია კიდევ გააგრძელეს და დაკარგულ სამხედროებს მთელი ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა არათუ ცხედრებს, დაკარგულთა რაიმე კვალსაც კი ვერ მიაგნეს. ძებნიდან ორი კვირის თავზე გემი უკან, თურქეთში გაბრუნდა, რამაც დაკარგულთა ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტის ხელახალი ტალღა გამოიწვია.
დაკარგულთა მშობლები და სხვა ახლობლები ამჯერად უკვე წინასწარგანზრახულ დანაშაულზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, შეუძლებელია, ამდენი ხნის განმავლობაში დაკარგულთა რაიმე ნიშანი მაინც ვერ ეპოვათ.
„აგერ, სამი დღის წინ გოგო დაიხრჩო, ვერ იპოვეს, მაგრამ გამორიყა ზღვამ, ცოტა ხნის წინ კიდევ კაცი დაიხრჩო და ისიც გამორიყა, ჩვენი შვილების ცხედრები რა იქნა? როგორ ვერ მიაგნეს ან ამათ, ან იმხელა გემმა რამეს? ცოცხალს ხომ არ ვითხოვ ჩემს შვილს, ცხედარს ვითხოვ, რომ ჩავეხუტო და ვიტირო, ორი ცხედარი სად უნდა წასულიყო, სად?! ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ახლა ესენი კვალს მალავენ და ცხედრებს არ აჩენენ, რადგან მაშინ უამრავი ადამიანი იქნება დასასჯელი...“ _ ამბობს გიორგი ნანეტაშვილის დედა.
მთელი ეს ეპოპეა, საბოლოოდ, დაკარგულთათვის საზღვაო წესით პატივის მიგებით დასრულდა. ცერემონია გონიოს ნაპირზე ჩატარდა და მას სხვადასხვა ოფიცილურ პირთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც ესწრებოდა. ოჯახის წევრებმა პროტესტი აქაც გამოთქვეს, თუმცა ცერემონიის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლიათ.
„ქრონიკა+“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრა:
_ სანამ გონიოში მომხდარზე გკითხავთ, რას იტყვით თავდაცვის სამინისტროში ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით და, ზოგადად, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ თავდაცვაში „დესანტი“ სუსიდან?
_ ბოლო ოთხი წელია, შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად ნადგურდება. იზორია ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა, თორემ ალასანიაც და ხიდაშელიც ამ სქემის მონაწილეები არიან, სამწუხაროდ.
_ რაც შეეხება გონიოში მომხდარ შემთხვევას?
_ მეტად მწირი ინფორმაცია არსებობს და დეტალები დასაზუსტებელია. რთული საკითხია. მე თუ სწორად მესმის, ეს იყო სპეცდანიშნულების დანაყოფის ვარჯიში. ანუ ეს არ გახლდათ ჩვეულებრივი შენაერთი, რადგან სპეცდანიშნულების დანაყოფის ბაზა მანდ არის. ინფორმაცია იმის შესახებ, იქ რა მოხდა, ძალიან მცირეა და მწირი. ამიტომ კონკრეტული დასკვნის გაკეთება რთულია, ვარაუდით კი ბევრი რამ შეიძლება, ვივარაუდოთ. საბოლოო გადაწყვეტლებას მეთაური ადგილზე იღებდა. ანუ მანამდე, სანამ არ გაირკვევა, ეს იყო რუტინული ყოველდღიური ვარჯიში, თუ რამე სხვა გადაუდებელი შემთხვევა, პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება. თუ ეს იყო რუტინული ვარჯიში, ჯოხი გადატყდება უშუალო მეთაურზე, თუ ეს იყო რამე სხვა გადაუდებელი ოპერაცია, მაშინ უნდა იყოს გენშტაბის ბრძანება და შესაბამისად, გამოძიებაც გენშტაბისკენ წავა.
გააჩნია, რა იყო მიზანი და ეს მხოლოდ უშუალო მეთაურმა იცის. შტორმის დროსაც ასეთი ვარჯიში მსგავსი დანაყოფებისთვის მიღებულია, რადგან მათ ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში უნდა შეეძლოთ სამაშველო საქმიანობის შესრულება, მაგრამ უამრავი დეტალია კიდევ: მაგალითად, ეს მყვინთავები საუკეთესოდ მომზადებული უნდა ყოფილიყვნენ, არ უნდა ჰქონოდათ ჯანმრთელობის პრობლემები...
_ თქვენი აზრით, რით დამთავრდება ეს ყველაფერი?
_ წესით, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს იმით, რომ პროკურატურამ დაადგინოს, ან ვერ დაადგინოს, რომ, უშუალოდ, მეთაურის მხრიდან იყო გულგრილობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება; ან უნდა დაადგინოს, რომ იყო უბედური შემთხვევა. ჩემი აზრით, სხვა ადამიანების პასუხისმგებლობა არ დადგება, რადგან რუტინული წვრთნის დროს მხოლოდ უშუალო მეთაური იღებს გადაწყვეტილებას.
ასეა თუ ისე, გონიოში ბოლო დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი სწავლებისა და უშედეგო ძებნის პირველი ეტაპი დასრულდა. რას იზამენ დაკარგულთა მშობლები, მომავალში გამოჩნდება.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, გამორიცხული არაა, აქციები სპეცდანიშნულების დანაყოფის დისლოკაციის ადგილზე დაიწყოს _ მეთაურებისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და თავდაცვის მინისტრის გადაყენების მოთხოვნით.
ლაშა ბერულავა