ერთი თვის წინათ საშინელმა სტიქიამ ბორჯომის ხეობის მოსახლეობა დააზარალა. მხცოვანი ადამიანები ვერ იხსენებენ მსგავს სტიქიურ უბედურებას _ ასეთ რამეს ჩვენც კი არ მოვსწრებივართო. ხალხს გაუნადგურდა მოსავალი, სახლები დაეტბორა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება, ამ ეტაპზე, თურმე, მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ დაზარალებულების სახლებს ფოტოები გადაუღეს და მეპატრონეებს დახმარებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თვალი აღარ მოუკრავთ. ცხადია, ტყესაც მისწვდა სტიქიის მსახვრალი ხელი და ხეების ჭრაც, ტერიტორიების მოტიტვლება და მდელოებად ქცევაც გაათმაგებული სისწრაფით გაგრძელდა.
ადგილობრივებს ესმით, რომ ხელისუფლებები „უმწეოები“ აღმოჩნდნენ ტყეს შესეულ ჭიასთან ბრძოლაში და დაჭიანებულ-დაავადებული ხეებიც აუცილებლად უნდა მოიჭრას, ვერც სტიქიისგან წაქცეულსა და მოგლეჯილ ხეებს გადაარჩენენ, მაგრამ ერთი რამ ვერ გაუგიათ: რამდენიმე თვის წინათ ხის ერთი ადგილიდან მეორეზე გადარგვაში მილიარდერმა ივანიშვლმა ლამის მილიონები რომ დახარჯა და ტიტა მაინც გადაარჩინა, რატომ არ შეიძლებოდა, აქაც ასე ეზრუნათ ხეების გადარჩენაზე მისი მოყვანილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მხოლოდ მოჭრაზე არ ეფიქრათ? გასაგებია ისიც, რომ ბორჯომის მკვიდრი ნაძვები ტიტას ბედისანი არ არიან, მაგრამ ადგილობრივებისთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება ის ფაქტი, პლატოზე დაზიანებული ხეების მორებს საგულდაგულოდ რატომ ამზადებენ და ასაწყობებენ? დაავადებული ხე ხომ საშენ მასალადაც არ გამოიყენება და ამათ რისთვის სჭირდებათო? მათი თქმით, პლატოზე ხეებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჭრის და ქერქსაც ადგილზე სწორედ ის აცლის. შემდეგ მორებს ერთმანეთზე აწყობენ და წასაღებად ამზადებენ. სად უნდა წაიღონ, ჯერ არავინ უწყის, თუმცა, ადგილობრივების აზრით, ის მორები საშეშე მასალად რომ უნდოდეთ, სხვაგვარად მოიქცეოდნენ _ მოსახლეობას დაურიგებდნენ და ხალხს ქვითრებით შეშის მოსატანად შორ მანძილებზე არ ატარებდნენ. ხალხი ასევე ამბობს, რომ დაავადებულ ხეებთან ერთად ამ ტყეში ჯანმრთელი ხეებიც იჭრება და ამის განმკითხავი არავინაა.
პლატოს ტყეში რამდენჯერმე მომიხდა ასვლა, იმ სამსახურის წარმომადგენლებს რომ შევხვედროდი, რომლებიც ხეებს ჭრიან, მორებს ქერქს აცლიან და წასაღებად ამზადებენ. ერთ დღესაც გამიმართლა და მორების ერთ-ერთ „ზვინთან“ ბორჯომის მთავარ მეტყევეს, ლევან თედიაშვილს შევხვდი.
ლევან თედიაშვილი:
_ ამ ტყეს 2001 წლიდან აზიანებს მბეჭდავი ქერქიჭამია ტიპოგრაფია. ეს არის ნაძვის ჭია, ამიტომაც ატარებს აქ სანიტარიულ ჭრას ეროვნული სატყეო სააგენტო.
_ 2001 წლიდან იჭრება აქ ხეები?
_ არა, ეს მწერი 2001 წელს შეამჩნიეს ცალკეულ ხეებზე სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, მერე დაიწყო სანიტარიული ჭრები, 2014-15 წლებში კი ინტენსიური ხასიათი მიიღო. თავის დროზე სათანადოდ რომ მიეხედათ, მხოლოდ რამდენიმე ხის მოჭრაც საკმარისი იქნებოდა. 2012 წლიდან ტყეში ჩამოიკიდა მწერსაჭერები _ ყავისფერი ყუთები და ამ მეთოდითაც ხდება გავრცელებულ მწერებთან ბრძოლა.
_ ამბობენ, ამ ყუთებში ერთ დაჭერილ მწერსაც ვერ ნახავ და სულ ტყუილად კიდიაო... იმასაც ამბობენ, ეს მწერსაჭერები ბიძინა ივანიშვილმა მოიტანაო. ასეა?
_ მწერსაჭერების პირველი პარტია მართლაც ბიძინა ივანიშვილს მოუტანია, მაგრამ ახლა სხვა მწერსაჭერები გვიკიდია. 5 ათასი ცალია მთელ ტერიტორიაზე განფენილი. მილიონობით მწერს ვიჭერთ ამ მწერსაჭერებით. ენტომოლოგები ჩამოდიან და ერთობლივად ვატარებთ მონიტორინგს, რა დროსაც მწერებს ვითვლით და მერე ვწვავთ. 270 ჰა-ზე მიმდინარეობს ახლა სანიტარიული ჭრა. ამ ეტაპზე 3400 კუბმეტრია უკვე დანომრილი. თავად მეტყევე სპეციალისტები ვარჩევთ დაავადებულ ხეებს. გვინდა, საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ეს ტერიტორია.
_ ხალხი ამბობს, დაავადებულ ხეებთან ერთად ჯანმრთელ ხეებსაც ჭრიანო და ხომ გაგიგონიათ, ყველა ჭორს თავისი საფუძველი აქვს...
_ აგერ არის მორები და დააკვირდით, თავადაც შეატყობთ, რომელი არის ჯანმრთელი. ქერქს სპეციალურად ვაცლით და ვწვავთ, რადგან ჭია ქერქშია დაბუდებული. ამის მერე გაგვაქვს ეს მორები აუქციონზე გასაყიდად, როგორც სამასალე. ასევე გვაქვს საშეშე მერქანიც, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდება.
_ მეც სწორედ ეს მაინტერესებს: თუ ხე დაზიანებულია, ჭიანია, ის სამასალედაც ხომ არ გამოდგება და რატომ ყიდით?
_ ქერქი როცა ზიანდება, ხე ხმება და იღუპება. მწერი აზიანებს მხოლოდ ქერქს, მაგრამ ხე სამასალედ მაინც გამოიყენება. გარედან მკვდარია, მაგრამ მერქანი გამოსადეგია. ასეთი მასალა გააქვს ელექტრონულ აუქციონზე სატყეო სამსახურს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი შესყიდვა. საშეშე მასალას კი გამგეობას მივცემთ და ის სოციალურად დაუცველებზე გაანაწილებს.
_ მოტიტვლებულ ადგილებს რა ეშველება? ბორჯომის სავიზიტო ბარათი ბორჯომის წყალი და წიწოვანი ტყეებია. მისი გაჩეხა აქაურ ჰავას არ შეცვლის?
_ როცა მთლიანად მორჩება სანიტარიული ჭრა და დაზიანებული ხე-ტყე გამოიზიდება, პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც უკვე დამტკიცებულია. ამ პროექტის მიხედვით, ეს ტერიტორია შემოიღობება, შეითესება, დაირგვება და ბუნებრივ განახლებას ხელი შეეწყობა. პლატოს ტერიტორია ისევ აღიდგენს ძველ ფუნქციას.
_ ერთი ხის გაზრდას რა პერიოდი სჭირდება?
_ (იცინის) დიდი ხანი სჭირდება, მაგრამ როდესღაც ხომ უნდა დავიწყოთ? როცა შემოღობვა დასრულდება, შეთესვა და დარგვა მოხდება. ჩვენ სანერგეები გვაქვს რეგიონის მასშტაბით და იქიდან მოვიტანთ ნერგებს. ამ ყველაფერს სტიქიაც დაემატა, რომელიც, დაახლოებით, ერთი თვის წინათ მოხდა და უამრავი ხე გაანადგურა. ამის მთლიანი აღწერაც მალე მოხდება და სტიქიის ზარალის შესახებ მერე უკეთ ვისაუბრებთ.
ზურაბ ჩადუნელი _ მეტყევე:
_ რას ამბობთ?! ეს ფიზიკურადაც შეუძლებელია და ადამიანურადაც. ასე რომ იყოს, აქ არის ერთი დიდი ტერიტორია _ „კომპოზიტორების სახლი“, რომელიც ინგრევა, შეიძლება გარემონტდეს, კეთილმოეწყოს და კარგი დასასვენებელი სახლი იყოს, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ. ტყის განადგურება რად უნდათ, მას იყიდიან და გააკეთებენ.
_ თუ მართლა ასეა, რასაც თქვენ მეუბნებით, მარტო პლატოს ტყეს რატომ გაუჩნდა ჭია?
ლევან თედიაშვილი:
_ მარტო პლატოზე არ გაჩენილა _ მთელი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზეა, ეროვნულ პარკშიც შეინიშნება ასეთი სიტუაცია და ყველგან ვატარებთ ბრძოლით ღინისძიებებს. პრევენცია მარტო აქ კი არა, ყველგან საჭიროა. აქ რაც უნდა გავაკეთოთ, თუ ყველგან არ გატარდა შესაბამისი ზომები, ჭია მაინც გადმოვა.
_ რას გულისხმობთ?
_ დაცული ტერიტორიები ჩვენ არ გვეკუთვნის, იქ სხვა სამსახურია...
ზაალ სტეფნაძე _ მეტყევე:
_ წინა ხელისუფლებამ დაანგრია სატყეო მეურნეობები. სამინისტროც გააუქმეს, ამიტომაც ვართ ხელმოჭრილები და ვერაფერს ვაკეთებთ. მეტყევეების რაოდენობა მაშინ შემცირდა და ყველანაირი უფლება წაგვერთვა. ვაუჩერიზაციაც საშინელება იყო. ადამიანს ვისაც ხელში ვაუჩერი ეჭირა, სადაც უნდოდა, იქ ჭრიდა ხეს. „ნაციონალების“ აქტივისტებმა აქ საქმე ქნეს, ასეთი არავის უქნია. ამწეებით იტვირთებოდა და გადიოდა ხე-ტყე აქედან. ყველა ვფიქრობთ, რომ სატყეო სამინისტრო უნდა აღდგეს და მას დაუბრუნდეს ის უფლებები, რაც წინათ ჰქონდა, მერე უკეთ მოუვლიან ჩვენს ტყეებს.
P. შ. იმის დასამტკიცებლად, რომ ხეებზე ჩამოკიდებული მწერსაჭერები ხალხის მოსატყუებლად მოწყობილი არ არის და ის ხის ჭიას ნამდვილად იჭერს, მეტყევეებმა ჩემთან ერთად სახელდახელო მონიტორინგი ჩაატარეს და ერთ-ერთი ყუთი გახსნეს. არ გაუმართლა სატყეოს, _ ყუთში თითზე ჩამოსათვლელი მწერი აღმოჩნდა. ცხადია, იმედგაცრუება არ შეიმჩნიეს და მითხრეს, _ ასე იმიტომაა, რეალური მონიტორინგი ახლახან ჩატარდა და ყუთები მწერებისგან დაიცალაო. ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს, ბოლო გვაკვირვებს. ხო, მართლა, რიგითი მეტყევის ხელფასი 400 ლარია...
ნელი ვარდიაშვილი