QronikaPlus
,,ერთი ფანჯარა აღმაშენებელზე გამოდის, მეორე _ კიევის ქუჩაზე. 600 ლარი მოგვთხოვეს შეცვლაში!”

,,ერთი ფანჯარა აღმაშენებელზე გამოდის, მეორე _ კიევის ქუჩაზე. 600 ლარი მოგვთხოვეს შეცვლაში!”

2016-09-10 09:06:33

„ეს აუცილებლად დასრულდება წელს! ყველა შენობაზე გამოვაკრავთ კალენდარს, თუ რამდენ დღეში დასრულდება სამუშაოები. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს“, _ ბრძანა ა. წ. 5 თებერვალს საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებისას. იმავე დღეს, ადგილობრივებთან ერთად, ხარაჩოებში გახვეული შენობების ფონზე კომენტარები ჩამოარიგეს ურბანისტებმა და ბიზნესმენებმა. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერიც, რომელიც „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპის პრეზენტაციის შემდეგ, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მარშირებულად დაიძრა აღმაშენებლის გამზირზე. შვიდი თვის წინათ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს მწვანე ბადეებში გახვეული ძველი შენობები და მთავრობის წარმომადგენელთა მომღიმარი სახეები, თუმცა დღეს უკვე შენობებზე ვერც დამცავ ბადეებს ნახავთ და ვერც სპეციალურ კალენდრებს, მომღიმარ სახეებზე რომ აღარ ვიოცნებოთ. ვარდების ბაღიდან ძველი კულტურის ინსტიტუტის შენობამდე (დაახლოებით 700-800 მეტრის მანძილზე) სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ისეთი ნისლი დგას, საჰარის უდაბნოში მიმავალ ქარავანსაც არ დაესიზმრება. გზის ორივე მხარეს ტროტუარები აყრილია, ადგილობრივებს კი ქვიშიან გზაზე უწევთ გავლა _ იქ, სადაც საკანალიზაციო ჭები ღიაა და იქ, სადაც სატვირთო მანქანებზე სამშენებლო ნარჩენები ტონობით იყრება. ქვეითად მოსიარულეებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, იქვე, გზის პირას, ქვის თლის ხელოვნება თეორიულად შეისწავლონ. სასურველია, დაკვირვება დაზგებიდან გარკვეული დისტანციის დაცვით აწარმოოთ. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ამკრძალავი ლენტები სიმბოლური დატვირთვისაა. პოლიეთილენის წითელი ლენტები ყველგან დაშვებულია. ის ზონები, სადაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, გადაკეტილი არ არის, რითაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება გარკვეული რისკის ქვეშ დგება. გაფრთხილება! და მაინც: თუ დღის საათებში აღმაშენებლის გამზირის ამ მონაკვეთის გავლა გადაუდებელი აუცილებლობაა, დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ! სასურველია, მხოლოდ ძირს არ იყუროთ, რადგანაც თუ უკნიდან მომავალი მინიტრაქტორის ქაფჩაზე არ აღმოჩნდით (რომელიც გადათხრილ გზაზე საკმაოდ სწრაფად მოძრაობს), შესაძლოა, უცებ მობერილმა ქარმა ქვიშის მთები თქვენს თვალწინ ნამქერის სახით გაფანტოს! დიდი ყურადღებაა საჭირო იმ შემთხვევაშიც, თუ გზის სავალი ნაწილის ნაცვლად ტროტუარზე გადაინაცვლებთ, ვინაიდან აქ ალაგ-ალაგ დაგებულ ფილებს მიმოფანტული ფიცრის ნაჭრები და სამშენებლო იარაღი ანაცვლებს. პერიოდულად, მძაფრსიუჟეტიანი კომპიუტერული თამაშების მსგავსად, ჩვენს წინ მყისიერად ჩნდება უფსკრულივით ღია ჭები, რომელთა სიღრმე, ერთი შეხედვით, 3-4 მეტრს აღემატება. ტროტუარებზე გაუვალობის ხარისხი ზოგან ხარაჩოების ლაბირითების სიმრავლის პროპორციულია. როგორც ცნობილია, სამშენებლო სფეროში უსაფრთხოების საკითხებს ზედამხედველობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსპექცია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ინსპექცია ინფორმირებული არ არის, რომ დედაქალქის ცენტრში, ერთ-ერთ მაგისტრალურ ქუჩაზე, რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე მიმდინარე სამუშაოებისას, მთელი რიგი ნორმებია დარღვეული: მუშებს არ უკეთიათ ხელთათმანები და პირბადეები; მუშებს არ ახურავთ უსაფრთხოების ჩაფხუტები; მუშები იკვებებიან ღია ცის ქვეშ ბორდიურებზე, მტვერში! უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია მაშინაც, როდესაც ამ მონაკვეთზე სპეცტექნიკით გადაადგილდებიან; სატვირთო ავტომობილები ქვეითად მოსიარულეთა შორის გზას მძღოლების შეძახილების შედეგად იკვლევენ; ხარაჩოების ქვემოთ (რომელთა საიმედოობის ხარისხის შემოწმება ჟურნალისტების კომპეტენციას სცდება) დარბიან ბავშვებიც; ადგილობრივები თვეების განმავლობაში ვერ ინარჩუნებენ სახლებში სისუფთავეს: ვერ აღებენ ფანჯრებს, უჭირთ გადაადგილება და სუნთქავენ მტვერს. მათი ბედით არავინ ინტერესდება: არც თბილისის მერიიდან, არც თბილისის განვითარების ფონდიდან და არც სამშენებლო კომპანია „დაგიდან“. ასეთი ქაოსური სურათის მნახველები ვითარებაში უკეთ გარკვევას შევეცადეთ _ „ქრონიკა+“-ის ჯგუფი ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდა აღმაშენებლის გამზირის იმ მონაკვეთს, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვკითხეთ ქუჩაში გამვლელები, დავინტერესდით მოსახლეობის პოზიციით და კერძო ობიექტების ხელმძღვანელებსაც გავესაუბრეთ, რის შემდეგაც კომენტარების მოპოვებას ადგილზე დასაქმებული პირებისგან შევეცადეთ: ქალბატონი მარინა _ ადგილობრივი მკვიდრი: _ შვილო, თავადაც ხედავ ყველაფერს, მეტრიან ორმოებში დავდივარ სამოც წელს გადაცილებული ქალი. ამას წინათ მეუღლე შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს თანამშრომლებმა დიდი მანძილი ფეხით გამოიარეს სახლამდე. გზაში ქვას გამოვედე და ლამის მე გავხდი საექიმო. _ რას ამბობენ, როდის დავასრულებთ სამუშაოებსო? _ სექტემბრის ბოლოსო. ალბათ, მოვესწრებით ამ ქუჩის დასრულებას... ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუ სექტემბრამდე ვერ მოესწროო. არჩილ მუმლაძე _ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე: _ მე ამ ქუჩაზე არ ვცხოვრობ, თუმცა ობიექტი აქ მაქვს, აქ ვმუშაობ, თუ ამას მუშაობა ჰქვია... ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ზარალზე წავედით. შემთხვევითი გავმლელი კი არა, ადგილობრივები აღარ დადიან უკვე, გაფხეკილია ხალხი. ეს ტანსაცმლის მაღაზიაა, ჩვენთან აქაურები ნაკლებად შემოდიოდნენ, სუპერმარკეტი რომ გვქონდეს, კიდევ ჰოო... ამას წინათ დავთვალე და ვაჭრობა, დაახლოებით, 80%-ით შემიმცირდა. იმედია, ამ თვის ბოლოს ტროტუარი მაინც მოწესრიგდება... ქალბატონი ხათუნა _ საქორწინო კაბების მაღაზიის მენეჯერი: _ ნამდვილად სასიამოვნოა, რომ გარემოს გვილამაზებენ და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება ეს ქუჩა, შესაბამისად, ვუძლებთ, როგორც შეგვიძლია... _ რაც ეს სამუშაოები დაიწყო, ზარალი გაქვთ? _ რა თქმა უნდა, დავზარლდით. ახლა კიდევ არა უშავს, წინა თვეებში ორმეტრიანი ორმოები იყო. მოგეხსენებათ, აქ კომუნიკაციებსაც ცვლიან და ქუჩა მხოლოდ ზედაპირულად არ იყო გადათხრილი. ფიცრებისგან შეჭედილი ხიდებით შემოვდიოდით სამსახურში. სიძე-პატარძალს კი არა, ალბათ, მთამსვლელსაც გაუჭირდებოდა ჩვენთან შემოსვლა. _ თქვენ სადედოფლო კაბების ბიზნესი გაქვთ, აქვე არის შუშის კარი, რომლის წინაც ქვიშის გორებია, ეს კაბები არ იმტვერება? _ როგორ არა! მტვერია მთავარი პრობლემა, ხანდახან ხმაურიც გვაწუხებს, მაგრამ უფრო მეტად მტვერი, ამიტომ ყველა კაბა ცელოფანში გვაქვს შეფუთული. უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ვითმენთ. ლეილა ლომთაძე _ აღმაშენებლის #69-ის მკვიდრი: _ მუშაობა კარგად მიდის, უბრალოდ, მტვერი გვაწუხებს. რას ვიზამთ? ჩვენ კიდევ ოდნავ შიგნით ვართ, აი, ქუჩაზე ვისი ფანჯრებიც გადის, იმათმა რა უნდა თქვან? ჩვენი სახლი ისტორიულია, უნდა გავაკეთოთო, თუმცა ამ „ჟოლოპის“ აქეთ არ მოდიან. ძალიან გვინდოდა, ოდნავ ეზოშიც შემოსულიყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. ზოგი ამბობს, 16 სექტემბერს მორჩებიანო, ზოგი _ ოქტომბრის დასაწყისისკენო. ოღონდაც გააკეთონ და არ დავეძებთ. ბატონი ვალერი _ თბილისის მკვიდრი: _ მე ცოტა ქვემოთ ვცხოვრობ, მაგრამ აქ მიწევს გამოვლა, ხან შვილიშვილი დამყავს, ხან მეტროთი ვმგზავრობ. ვწუხდები, მაგრამ რას ვიზამთ? _ რა გაწუხებთ ყველაზე მეტად? _ ცუდად არის მოფიქრებული: ჯერ ერთი მხარე დაესრულებინათ და მერე მეორეზე გადმოსულიყვნენ ისე, რომ ხალხს ერთ მხარეზე მაინც შეძლებოდა გავლა. ყველაფერი ერთდროულადაა გადათხრილი, კედელ-კედელ დავდივართ. როცა ამ ქუჩაზე ვაპირებ გამოვლას, ძველ ტანსაცმელს ვიცვამ. ამ თაღში ძმაკაცი ცხოვრობს. როგორც ვიცი, სახლი დაკეტა და შვილთან გადავიდა დიდუბეში. სოფლის შუკას ხომ არ აგებენ, მამაცხონებულები?! ქალაქის ცენტრია, ამდენი ქუჩა შემოდის, ამდენი ხალხი დადის, ასე შეიძლება?!. ბატონი ვალერისგან მოპოვებული კომენტარის შემდეგ კიდევ ერთი მამაკაცის შეჩერება ვცადეთ, თუმცა, ამ ჯერზე, რესპონდენტისგან მოკლე პასუხი გზაში სიარულისას მივიღეთ, _ შვილო, აქ რომ გავჩერდე, შენც დაისვრები და _ მეც. აგერ ამხელა მანქანა მოდის. ისე, მართალი ყოფილან, რომ ამბობდნენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო... მაია ჟორჟოლიანი, თბილისის მკვიდრი: _ ამ მხარის რესტავრაცია მეოთხე თვეა, გრძელდება. უფრო ქვემოთ თებერვლიდან დაიწყეს სამუშაოები. თავიდან დამცავი ბადეები კი ჰქონდათ გაკრული, მაგრამ ახლა მოხსნეს. მტვერსა და ამ უბედურებას ემატება ისიც, რომ მანქანას ვერსად ვაჩერებ, „სითი პარკი“ კი გვაჯარიმებს, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ასეთი სიტუაციაა. არ შეიძლება, შეღავათი გაგვიწიონ ადგილობრივებს? _ „სითი პარკი“ არ ითვალიწინებს იმ გარემოებას, რომ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თქვენს საცხოვრებელ სახლთან ასობით მეტრი გადაკეტილია? _ ეგ არ აინტერესებთ... ახლა ქვედა ქუჩებზეც გვიკრძალავენ დაყენებას და ხან სად ვაჩერებთ, ხან _ სად. ამას წინათ კილომეტრი ვიარე ფეხით, იმიტომ რომ ჩემს სახლს ვერც ერთი მხრიდან ვერ მივუდექი. თუ გამიმართლა, ვარდების ბაღის შესასვლელთან ვაყენებ. ბოლო თვეების განმავლობაში „სითი პარკმა“ იმდენი ჯარიმა გამომიწერა, ხუთი წლის გეგმა შევასრულე. _ ალბათ, მტვერიც გაწუხებთ... _ „პლეხანოვი“ ერთ-ერთი ჩავარდნილი ადგილია თბილისში და ამას ეს მშენებლობაც დაემატა. რაღაც გაუსაძლისია! დააკვირდით, მაინცდამაინც არჩევნების წინ დაიწყო ეს ფუსფუსი. რასაც კარგს გააკეთებენ, მიხარია, უბრალოდ, თანმიმდევრულად მიჰყვნენ ყველაფერს. ამხელა მონაკვეთის ასე ერთბაშად გადაკეტვა და მტვერში გახვევა შეიძლებოდა?! როგორც ვიცი, ხალხი ქვედა ქუჩებიდან გაქცეულია... _ მერიისგან, პირველ რიგში, რას ითხოვთ? _ პარკირება მოაწესრიგონ, ან შეღავათი გაგვიწიონ მოსახლეობას და არ დაგვაჯარიმონ; სამუშაოები დათქმულ ვადებში დაასრულონ (მაგრამ ეჭვი მეპარება, ერთ თვეში მოესწროს). ლია მახარობლიძე _ აღმაშენებლის #57-ში მცხოვრები: _ დღეს ჩამოვედი რაიონიდან, დედა ჩამოვიყვანე, რომელიც ვერ დადის. მანქანით ვუარე, ვუარე, ვეღარ გავიგე, საიდან შემოვსულიყავი და ძლივს მოვაღწიე. ჩემი სახლის ირგვლივ სამივე მხრიდან ქუჩა გადათხრილია. _ რას ეტყოდით „ქრონიკა+“-ის მეშვეობით თბილისის მერიას? _ ერთხელ არ შეიძლება, მოვიდეს ვინმე და ნახოს, რა ვითარებაა? ჩემი ერთი ფანჯარა აღმაშენებელზე გამოდის, მეორე ფანჯარა _ კიევის ქუჩაზე. ე. ი. ერთი სხვა ფანჯარა მექნება, მეორე _ სხვა. 600 ლარი მოგვთხოვეს მეორე ფანჯრის შეცვლაში. მე პედაგოგი ვარ, ამ თანხის გადახდას ვერ შევძლებ! ამ პაპანაქება სიცხეში მტვერში ნუ გაგვგუდავენ, ისედაც ჩავარდნილია „პლეხანოვი“, ხე აქ არაა და სიგრილე. გაჯი და ცემენტი როდემდე ვყლაპოთ?! *** ადგილობრივებთან და ქუჩაში გამვლელებთან გასაუბრების შემდეგ „ქრონიკა+“ სამშენებლო კომპანია „დაგის“ ოფისსაც ესტუმრა, რომელიც იქვე, აღმაშენებლის #67-ში მდებარეობს. მას შემდეგ, რაც საღებავით მოთხვრილი კასრების გვერდით მსხდომ მასპინძლებს ვუთხარით, რომ მედიის წარმომადგენლები ვიყავით, უცნაურმა დუმილმა დაისადგურა... _ ვინ არის თქვენი ხელმძღვანელი? ამ ობიექტზე არაერთი დარღვევა შევნიშნეთ. ვის შეიძლება, კითხვებით მივმართოთ? კომპანია „დაგის“ წარმომადგენელი: _ გარეთ იქნება, გარეთ მოძებნეთ... _ გარეთ ვიკითხეთ და აქ მოგვასწავლეს, 67 ნომერში. _ ... (დუმილი). საბოლოოდ, პასუხისმგებელი პირის მობილურის ნომერი, როგორღაც, გავიგეთ (577 17.71.**), რომელიც იმ წუთას გამორთული იყო, თუმცა აბონენტთან დაკავშირება მას შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაშიც შეუძლებელი აღმოჩნდა. ოფისიდან გამოსულ „ქრონიკა+“-სა და მუშებს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: _ სახეზე ბადეები რატომ არ გიკეთიათ? აქ ხომ მტვერია? _ სიცხეა და იმიტომ. _ ასეთ ადგილებში ჩაფხუტის გარეშე რომ არ შეიძლება მუშაობა, ჩემზე კარგად იცით... _ ჩვენ არაფერი დაგვეცემა, თქვენ საიდან ხართ? _ უფროსები სად არიან? _ ჩვენი უფროსები იქით არიან, სულ თავში, იქ მერიის მანქანაც დგას. შეგიძლიათ იმათ ჰკითხოთ. მითითებულ ადგილზე ვერც მერიის ავტომობილი დავაფიქსირეთ და ვერც _ ზედამხედველები. აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორდღიანი დაკვირვებისას არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჩვენ ამ კითხვებით შესაბამის მხარეებსაც მივმართეთ. ,,ქრონიკა+” დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, ელ.ფოსტით კითხვებიც გადაუგზავნა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

                                                                                                            ზაზა სვანაძე

 

გაზიარება