„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატი, გურჯაანის საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე და საპარლამენტო არჩევნების კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ _ ნათია გიორგაძე:
_ როგორ გესახებათ რეგიონის, ქალაქის ეკონომიკური გაძლიერება? რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ გურჯაანის მიმართულებით?
_ რა მინდა, რომ გურჯაანში შევცვალო? ასე რიგითობით ჩამოთვლა, ალბათ, რთულია. გურჯაანში ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი. პირველი, რაც მტკივა, ეს მძიმე სოციალური ფონია.
_ ეს ხომ არ გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თქვენ არ იღებთ გამგებლის მიერ გამოწერილ პრემიას?!
_ ბუნებრივია. როცა ვხედავ, რომ ჩემს იქით არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შვილების შენახვა უჭირთ, არ შემიძლია, ეს ფულადი ჯილდო ავიღო.
_ ნათია, ბავშვობაში თუ გიფიქრიათ, რომ ოდესმე პოლიტიკოსი გამოხვიდოდით?
_ არასოდეს, მთელი ბავშვობა მსახიობობაზე ვოცნებობდი, თუმცა ექიმი გავხდი. იმდენად აპოლიტიკური ვიყავი, რომ არასოდეს ვიცოდი, ვინ რომელი დარგის მინისტრი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ბედი არ მაღელვებდა
_ ოცნებობ ხოლმე?
_ ყველა ოცნებობს. ოცნება ფართო ცნებაა. მე მუდამ მაქვს მიზანი და ნელ-ნელა მივდივარ მისკენ. მაგალითად, გითხარით, ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა-მეთქი და საკრებულოს დეპუტატობის პერიოდში ველისციხის სამოყვარულო დასის მსახიობიც გავხდი, ორ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. ეს დასი წელიწადში 2 პრემიერას დგამს.
_ ახლა რომ უფრო სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთ, აპირებთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში?
_ კონსტიტუციაზე რა გითხრათ, მაგრამ, როგორც ექიმს, რამდენიმე ინიციატივა მაქვს, რომელსაც აუცილებლად დავაყენებ ჯანდაცვის კომიტეტში.
_ რა ნაბიჯებს გადადგამთ უმუშევრობის დასაძლევად?
_ ახლა რომ დავიწყო, ავაშენებდი ფაბრიკა-ქარხნებს და შევქმნიდი სამუშაო ადგილებს-მეთქი, ეს ტყუილი იქნება, მაგრამ ჩემი დეპუტატის მანდატს გამოვიყენებ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინვესტორების მოსაზიდად, რადგან გურჯაანი მიმზიდველია როგორც სამედიცინო ტურიზმის კუთხით, ასევე ღვინის ტურიზმით, რაც, ბუნებრივია, შესაძლებლობას გააჩენდა უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად.
_ რა პოლიტიკისა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას გეგმავთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ასამაღლებლად?
_ არავინ დაობს, რომ ჯანდაცვის რეფორმა წარმატებული იყო, მაგრამ ამ რეფორმას თან ახლდა პატარა ხარვეზები. მაგალითად: როცა ავადმყოფს ექიმი იღებს უფასოდ და ემსახურება, შემდეგ რეცეპტით ხელში გამოსული ავადმყოფი მედიკამენტების გარეშე რჩება. მიმაჩნია, რომ ამისთვის რეფორმაა ჩასატარებელი, _ თუ ადამიანი სოციალურად დაუცველია, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებს უფასოდ იღებდეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მედიკამენტების თანადაფინანსება მუდმივად იყო ერთჯერადად, ხოლო ჩემი კომისიის ინიციატივით ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანებს შეუძლიათ მედიკამენტები მიიღონ ორჯერ, ასევე სამედიცინო მომსახურებაც ორჯერადად დაუფინანსდეთ.
_ რას ფიქრობთ ქალთა ადგილობრივ დონეზე პოლიტიკაში მონაწილეობაზე? თუ მიგაჩნიათ აღნიშნული საკითხი პრობლემურად? როგორ გესახებათ და როგორ აპირებთ მის მოგვარებას, გადაჭრას?
_ მინდა, რომ ყველა ქალმა, სოფლად მცხოვრებმა თუ ქალაქად, იცოდეს, ჩვენ არ ვართ სუსტი სქესი, ჩვენს უფლებებს ჩვენ გარდა ვერავინ დაიცავს. არჩევნების დროს აგიტატორები და დამკვირვებლები ქალები არიან. „პატრიოტთა ალიანსი“, ალბათ, განსაკუთრებულია სწორედ იმიტომ, რომ ერთ რეგიონში სამი კანდიდატი ქალი ვართ! შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მეტი ქალი უნდა იყოს საკრებულოშიც, მეტი ქალი უნდა იყოს პარლამენტშიც!
_ ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატი ხართ. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება, საკრებულოდან უცებ გამოგიშვან?
_ სამსახურებრივად არანაირი დარღვევები არ მაქვს და არა მგონია, ასე ხელაღებით გამომიშვან!
_ „პატრიოტთა ალიანსი“ რატომ აირჩიეთ?
_ „პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი პროქართული პარტიაა. სულ მქონდა პროტესტი, რომ პარტიები იყვნენ პრორუსული, ან პროდასავლური, ამიტომ გადავწყვიტე ამ პარტიასთან თანამშრმლობა. თუმცა, ბუნებრივია, სხვა პარტიებისგანაც მქონდა შემოთავაზებები.
მაკა მოსიაშვილი