ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
ასე იწყება საქართველოს კონსტიტუცია. კაცობრიობის ძირითად მონაპოვარს კი, სწორედ, თავისუფლება და დემოკრატია ჰქვია.
იმისათვის, რომ სახელმწიფოში შევქმნათ სწორი დემოკრატიული გარემო, ამის მთავარი საძირკველი არჩევნებია...
სულ რაღაც, ერთი თვის თავზე საქართველოში მერვე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება... ალბათ, ეს არჩევნები ერთ-ერთი დიდი ტესტია, გვინდა თუ არა დემოკრატია? ოთხი წლის წინათ მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა და, უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა, _ არა. უმრავლესობაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა. ოთხი წლის შემდეგ კოალიცია მარტივ მამრავლებად დაიშალა, ოპოზიციური სპექტრი გაფართოვდა და დღეს ახალ ნაწვიმარზე ამოსულ სოკოსავით მრავალპარტიული პარლამენტი გვიანონსდება.
როგორია არჩევანი? როგორია საარჩევნო გარემო? ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც პარლამენტის მანდატის დაკავება სურთ?..
ხიბლში ჩავარდნილი „ოცნება“
ახმეტა საინტერესო, ალაბთ, იმით არის, რომ აქ მოქმედი პარლამენტის დეპუტატი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული იყრის კენჭს. კენჭისყრამდე კი სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და გაიხსენა, რომ დედა სწორედ ახმეტიდან ჰყავს და ეს ერთი მთავარი საფუძველია, რატომ სჭირდება ახმეტას გელა.
სამხარაული, როგორც სხვა დანარჩენი „ოცნების“ კახელი ვარსკვლავი, „ქრონიკა+“-ს არ სწყალობს. ასე რომ, მასთან გასაუბრება არათუ დღეს, არამედ წლებია, მცდელობაშია. ის კი იმ ტერიტორიაზე არ ცხადდება, სადაც ჩვენ ვეგულებით.
2012 წლის არჩევნების დროს სამხარაულის მთავარი სლოგანი იყო: „ახლა ცვლილებების დროა“. იგი თელავმა აირჩია, თუმცა მის მიერ ინიცირებული ცვლილება ძნელად გასახსენებელია. სამხარაულის თელავში მოღვაწეობას უკავშირდება მუნიციპალიტეტის ბაზაზე შექმნილი ღვინის პარკი, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტიდან რამდენიმე ასი ათასი ლარი აქვს ათვისებული, თუმცა აიპი ღვინის პარკს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არც ოთახი გააჩნია და არც _ სკამი. სამხარაულის ქონების დიდი ნაწილი სწორედ ახმეტის მუნიციპალიტეტშია განთავსებული. თელაველთა აზრით, სამხარაულმა იცოდა, რომ ამ ქალაქში არჩევნები წაგებული ჰქონდა, ამიტომ ახმეტას შეაფარა თავი.
ოთარ კვირიკაშვილი ახმეტაში ალასანიას პარტიიდან იყრის კენჭს. მას პოლიტიკურად აქტიური წარსული აქვს. 2012 წელს „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ახმეტის რაიონში, თუმცა, მოგვიანებით, „ოცნებას“ განუდგა და დღეს ალასანიასთან არის...
კითხვაზე, _ რა უნდა შეცვალოთ ახმეტაში? იგი გვპასუხობს, _ თუშებს აქვთ საინტერესო ინიციატივა, ცალკე მუნიციპალიტეტად გამოყოფა უნდათ, თუშურ სოფლებს საამისოდ თვითკმარი რესურსი აქვთ. უნიკალური კუთხე და ხალხია. მათ ახმეტის ბიუჯეტში 40%-მდე შეაქვთ. ამ თემის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ეს არ გამოვა, რადგან ამით ახმეტის ბიუჯეტი დაზარალდება. არადა, მათ ამაში მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ.
ასე რომ, ალასანიას წარმომადგენელი მომავალში თუშეთისთვის ცალკე მუნიციპალიტეტს ინიცირებს, რაც ერთი არგუმენტია იმისა, რომ მას ალვანიდან მხრადაჭერა ექნება, თუმცა ფშავლები და ხევსურები კი გაუბრაზდებიან.
შაქრო ტერტერაშვილი 2003 წლიდან „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრია. იგი ჯერ ახმეტის საკრებულოს წევრი იყო, შემდეგ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 2006-2013 წლებში _ კახეთის გუბერნიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ადგილობრივი არჩევნების დროს გამგებლის კანდიდატად იყარა კენჭი. დღემდე ახმეტის ენმ ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
როგორც სურათი გვიჩვენებს, ახმეტაში მეორე ტური იქნება, მეორე ტურში კი სამხარაული და ტერტერაშვილი შეერკინებიან.
გურჯაანში პოლიტიკურ მარათონზე ოთხი მნიშვნელოვანი კანდიდატი გამოდის.
ერთი მოქმედი პარლამენტარი გიორგი ღვინიაშვილია, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების გუბერნატორი და პროკურორი იყო, მხარდამჭერები მაინც ჰყავს. ღვინიაშვილი, ძირითადად, გურჯაანში რთველის დროს ჩამოდის და მიტინგებს უდგას სათავეში. ახლა რთველის გარდა ჩამოსვლის მეორე მიზეზიც აქვს, _ მას კვლავ პარლამენტის მანდატი სჭირდება.
„ქართული ოცნების“ სახე „მოქკავშირის“ დროინდელი გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის ვაჟი, დავით სონღულაშვილია. 2001 წელს, როცა მისი მამა კახეთს უვლიდა, პანკისში ხალხს იტაცებდნენ, კახეთი ნარკოტიკების ბუდედ იყო ქცეული, სკოლაში ბავშვები თითო ნაჭერი შეშით მიდიოდნენ, რომ ღუმელი აენთოთ. ეს ის დრო იყო, როცა ოჯახებში შავი პურიც ძნელი საპოვნელი გახლდათ, პენსია და ხელფასი _ გაყინული, სკოლაში სწავლა მე-9 მე-10 და მე-11 კლასებში _ ფასიანი და ამისთვის საჯარო სკოლებიდან ბავშვებს უშვებდნენ. სწორედ ამ დროს დავით სონღულაშვილი მამამ მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში გაგზავნა სასწავლებლად. სონღულაშვილები წინა ადგილობრივი არჩევნების ჩათვლით „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებდნენ, მათ კანდიდატებს ეხმარებოდნენ და პარტიას თანხასაც სწირავდნენ, რადგან ბიძინა ის ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა, ვისაც მიშა, თავის დროზე, არ შეეხო და ქონება არ აუწრიალა. ექსგუბერნატორის ქონება კი ასეულობით ჰა მიწას შეადგენს, სასტუმროს გურჯაანში, სხვა მრავალ კომერციულ ობიექტს ასევე კახეთში. ახლა ხომ ბიძინა „ცვეტშია“. ასე რომ, სონღულაშვილი კახეთის მინიოლიგარქი ბიძინაა.
ნათია გიორგაძე 2014 წლიდან გურჯაანის საკრებულოს წევრია. წარმოშობით ველისციხიდანაა. არჩევნები ველისციხეში მოიგო, სადაც ველისციხელთა 80%-მა დაუჭირა მხარი.
ველისციხე გურჯაანის საერთო ამომრჩევლის 15%-ს შეადგენს.
გიორგაძე დღემდე საკრებულოში, სოციალური კომისიის თავმჯდომარეა. იმის კვალობაზე თუ გავიხსენებთ, რომ გურჯაანის „ოცნება“ მიიჩნევდა, პრემია ნაკურთხი იყო და ეს გახლდათ არგუმენტი პრემიების აღებისა, გიორგაძემ 2014 წლის შემოდგომიდანვე განცხადება გააკეთა და მისი კუთვნილი პრემია მხოლოდ გურჯაანში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ურიგდებოდა.
საბოლოო სურათი კი ასეთია: გურჯაანში ყოფილი გუბერნატორის, ყოფილი გუბერნატორის შვილისა და საკრებულოს სოციალური კომიტეტის თამჯდომარის მარათონი დაიწყო! ვინ გახდება დეპუტატი, ამას გურჯაანელები გადაწყვეტენ.
არჩევანი კი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც ერთი თვის თავზე კახელები გამოიყენებენ. შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს კანდიდატებს.
მაკა მოსიაშვილი