თამაზ ეძგვერაძე, რომელიც თავის პარტნიორთან ერთად რუსთავში „სტამბულის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 4583 კვ.მ. მიწას ფლობდა, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად, ჯერ კიდევ, შევარდნაძის მმართველობის დროიდან იბრძვის. ეძგვერაძემ მთავარ პროკურატურას უკანასკნელად 2013 წელს მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, თუმცა მისი საქმე დღემდე ხელუხლებელია. მისი თქმით, გამოძიების არდაწყების მიზეზი ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ და დღეს მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც თანამდებობებს იკავებენ.
„ქრონიკა+“-ს თამაზ ეძგვერაძე ესაუბრება:
_ 1998 წლიდან ქალაქ რუსთავში, „სტამბულის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მე და ჩემი პარტნიორი ამირან კედელაშვილი ვფლობდით 4583 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. მაშინ ქალაქის მერი იყო მერაბ ტყეშელაშვილი, ხოლო მისი პირველი მოადგილე _ ლევან ჩიკვაიძე, რომელიც ახლა „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორია. ტყეშელაშვილმა და ჩიკვაიძემ იმ დროისთვის ჩამოაყალიბეს რუსთავის განვითარების ფონდი და ბიზნესსაქმიანობა დაიწყეს. ეს ფონდი „სტამბულის ბაზრის“ 40%-იან წილშიც ჩაჯდა, ანუ ბაზრის შემოსავლის 40% უნდა გადარიცხულიყო ფონდში. ამ საქმეზე, თავის დროზე, ხალხი პასუხისგებაშიც კი მისცეს. „სტამბულის ბაზრის“ დირექტორი იყო დურმიშხან ფარცხალაძე, მასთან ერთად შექმნეს გუნდი და მიწის ნაკვეთებზე ნადირობა დაიწყეს, კერძოდ, მიწაზე, რომელიც აღრიცხული იყო ფირმაზე „კედელაშვილი და კომპანია“. ამ ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. ნაკვეთის დაუფლების მიზნით ტყეშელაშვილმა გააუქმა თავისი გადაწყვეტილება, რომელიც გამოცემული იყო იმისთვის, რომ ეს მიწა ჩვენს კომპანიას გადასცემოდა. როდესაც ქალაქის მერმა მიწის ნაკვეთი ჩამოგვართვა, დავა სასამართლოში გაგრძელდა. უზენაესმა სასამართლომ ტყეშელაშვილის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო, გააუქმა მისი დადგენილება და ჩვენ გადმოგვეცა მიწა მუდმივი სარგებლობის უფლებით. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტყეშელაშვილი ვალდებული იყო, სამეწარმეო რეესტრში გაეტარებინა მიწა საკუთრების უფლებით. მიწის საკუთრების შესახებ კანონი უკვე გამოსული იყო, მაგრამ არ გაატარა, რადგან თვითონ იყო დაინტერესებული. მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრაციის თაობაზე რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ უარს გვეუბნებოდნენ. ისევ სასამართლოს მივმართეთ იმის გამო, რომ ტყეშელაშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა. მიწის მართვის სამმართველოს უფროსმა იური ქურასბედიანმა კი სასამართლოს უპასუხა: არ ვეთანხმებით უზენაეს სასამართლოსო. ამიტომ ჩვენი მიწა ჰაერში გამოკიდებული დარჩა. შემდეგ ტყეშელაშვილმა დურმიშხან ფარცხალაძის დახმარებით ჩვენი ფიზიკური დევნა დაიწყო. მე თბილისში ვცხოვრობ, ჩემი პარტნიორი კედელაშვილი რუსთაველი იყო, ჩარიეს „კანონიერი ქურდები“ და გვაშინებდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო და გვაიძულებდნენ, ტერიტორია დაგვეტოვებინა. რადგან სასამართლოს ძალით ვერაფერს მიაღწიეს, ფიზიკური დევნა დაგვიწყეს. უამრავი დოკუმენტი მაქვს, რომ ამის თაობაზე მივმართავდით პროკურატურას, პოლიციას და სხვა ორგანოებს. ვწერდით, დაგვხმარებოდნენ, რადგან ქალაქის მერი ტყეშელაშვილი ჩვენი ფირმის საქმიანობაში ერეოდა და გვდევნიდა. როცა ტერიტორიიდან გამოგვაძევეს, საგადასახადო ინსპექციას მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ ჩვენი საქმიანობა შეეჩერებინა. ასე დავტოვეთ ჩვენი სამუშაო უბანი.
_ ამ მიწის ფართზე რას საქმიანობდით?
_ ეს ტერიტორია განკუთვნილი იყო ავტოსადგომისთვის და გვერდით ავტონაწილების საბითუმო ვაჭრობისთვის. რადგან ხელს გვიშლიდნენ, ეს საქმე ვერ დავიწყეთ. მოგეხსენებათ, მაშინ გარევაჭრობა ფართოდ გაშლილი იყო და ამ ტერიტორიაზეც ასეთი ტიპის საქმიანობა მიმდინარეობდა. განდევნის შემდეგ ტერიტორიაზე ისევ დავბრუნდით. დურმიშხან ფარცხალაძემ კი ტერიტორია რკინა-ბეტონით გადაგვიკეტა და არ გვიშვებდა. ისევ სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც დადგენილება ჩვენ სასარგებლოდ გამოიტანა და აღმასრულებლების მეშვეობით მოშალეს ეს ღობე. თვითნებურად ორჯერ გადაგვიკეტეს ტერიტორია და გამოგვყარეს. გვაშინებდნენ „ქურდებით“ და „შავებით“. რადგან სასამართლოში საქმეს ყოველთვის სამართლიანად ვიგებდით, ასეთი რამე მოიგონეს: საერთო ნაცნობების მეშვეობით დაგვიკავშირდნენ, ლევან ჩიკვაიძე პირადად მე მელაპარაკა და შეხვედრა მთხოვა. როცა შევხვდი, მითხრა, _ თუ გინდათ, იმუშაოთ და არავინ შეგეხოთ, თანხის 50% უნდა გადაგვიხადოთ და წილში ჩაგვსვათო. იძულებულები ვიყავით, დავთანხმებულიყავით. ჩიკვაიძემ თავისი მეგობარი გელა გიორგაძე გამაცნო და მითხრა, _ ჩათვალე, მე ვარ, თქვენთან იმუშავებს და შემდეგ მასზე 50%-იან წილს ოფიციალურად გადააფორმებთო. გიორგაძემ საქმეში ჩაიხედა. ნახა, სერიოზულ თანხებზე იყო ლაპარაკი და უკვე 50%-ს აღარ დასთანხმდა. ჩიკვაიძემ შემომითვალა, 75% გვინდაო. 75%-ზე ჩემმა მოწილე კედელაშვილმა უარი განაცხადა, მაგრამ დავარწმუნე, რომ სხვა გზა არ გვქონდა და დავთანხმდით. ბოლოს მაინც ჩვენი გაძევება მოინდომეს. ტყეშელაშვილმა უზენაესი სასამართლოს დადგენილების შემდეგ კიდევ გააუქმა გადაწყვეტილება და ამ ტერიტორიიდან თავისი განკარგულებით გაგვყარა. შემდეგ ჩვენთან გამოგზავნეს ბაზრის დირექტორი ფარცხალაძე, რომელმაც მითხრა: პასუხისმგებელი მე ვარ, 50%-ში შემოვალ და ყველაფერს გავაკეთებო. დავთანხმდით. გავიდა დრო და ამბობს, _ რაც გითხარით, იმას ტყეშელაშვილი დამპირდა, ახლა კი უარზეა და ვერაფერს ვაკეთებო. შემდეგ ფარცხალაძე ისევ მოვიდა და მეუბნება, _ ტყეშელაშვილს ჩემი ვალი აქვს, უკრაინაში მყავს ბიძაშვილი, რომელთანაც ძალიან ახლოს არის, მისი ვალიც აქვს 120 000 დოლარი, პროკურატურა რომ დაეცა ტყეშელაშვილს, ჩემი ხელით მივუტანე ეს ფული, ჩემმა ბიძაშვილმა გამომიგზავნაო. მოკლედ, ის გააკეთებს, თქვენ მაინც გაგდებულები ხართ, აზრი არ აქვს თქვენს მცდელობას და ამ ტერიტორიას თქვენს ფირმაზე დააკანონებსო. ერთი მხრივ, ვიცოდი, რომ მატყუებდა, მაგრამ გარკვეულ თანხასაც მთავაზობდა, _ 24 000 დოლარს მოგცემ არაფრისთვის, მაინც წართმეული გაქვს, სანამ სასამართლოს მოიგებ, ამასაც დაკარგავ და ის ფირმა ჩვენ მაინც მოგვეციო. ვიმეორებ: ვიცოდი, რომ მატყუებდა, მაგრამ მინდოდა, დაეკანონებინათ, თან ეს ფულიც ავიღეთ. ამასობაში ამირან კედელაშვილი გარდაიცვალა, გული გაუსკდა ამ ამბავზე ნერვიულობით. მართლაც, ერთი თვის შემდეგ ტყეშელაშვილმა თავისი გადაწყვეტილება გააუქმა და ეს მიწა ფირმაზე გადაფორმდა. უზენაესმა სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება და ჩვენ გაგვამართლა, მაგრამ სასამართლოში გამართლებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან ტყეშელაშვილი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფარცხალაძეს ვუთხარი, _ კი ბატონო, ფირმას გაძლევთ, მაგრამ მიწას არა, ბოლომდე ვიბრძოლებ-მეთქი. მიპასუხა, _ კი, თამაზ, მეც გვერდით დაგიდგებიო. მართლაც, ცოტა ხნით დამიდგა გვერდით, ალბათ, მოსაჩვენებლად.
_ პროკურატურას არ მიმართეთ?
_ როგორ არა, პროკურატურაში რომ შევიტანე საქმე, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იყო, „ნაციონალები“ იყვნენ მოსულები. საჩივარი რომ შევიტანე, ფარცხალაძემ მითხრა, ყველაფერს ვიტყვი, როგორ გავიწროებდა ტყეშელაშვილი, როგორ მავალდებულებდა, რომ გამეყარეთო. საჩივარი რომ შევიტანე, მართლაც ისე წავიდა საქმე, რომ მერიის 5 თანამშრომელი დაიჭირეს, ტყეშელაშვილი კი საქართველოდან გაიქცა. გამომძიებლები მეუბნებოდნენ, გეშველა, შენი საქმე წინ წავიდაო. მაგრამ როგორ მეშველა? თურმე, გაურიგდნენ ერთმანეთს, რეხვიაშვილმა ფული აიღო. კონკრეტულად რა მოხდა ქვემო ქართლის პროკურატურაში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ტყეშელაშვილი თანამდებობას დაუბრუნდა და რაღაც შეთანხმება გაფორმდა. კანონიერად იყო თუ არაკანონიერად, არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ დურმიშხან ფარცხალაძემ მითხრა, _ მე და მელორ ტყეშელაშვილმა, მერაბის მამამ, ჩემი მანქანით ორი მილიონი მივიტანეთ პროკურატურაშიო. დურმიშხანს ვკითხე, _ პროკურატურაში მაგას აღიარებ-მეთქი? _ როგორ არაო! ამიტომ ჩემი საქმე ამოდეს ქვემოთ და დამთავრდა. გამაოგნებელი და საგანგაშო იყო პროკურატურის ყოფილი გამომძიებლის, ჯაბა კერესელიძის ჩემი საქმისადმი მიკერძოებული მიდგომა. კერესელიძე, თავის დროზე, რუსთავის მერიაში მუშაობდა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ. მისი პირველი შეკითხვა ჩემი დაკითხვის დროს იყო, _ თამაზ, შენ რა, ბოზობ? ხოლო შემდეგ, როდესაც შევთავაზე დამატებითი მტკიცებულებები აუდიო და ვიდეო კასეტების სახით, მათ შორის, ჩემი სატელეფონო საუბრების ჩანაწერი ლევან ჩიკვაიძესთან, ასევე პირისპირ საუბარი დურმიშხან ფარცხალაძესთან, კერესელიძისგან ირონიული პასუხი მივიღე, _ აქ დისკოთეკების კაბინეტი არ გვაქვსო და მის მიღებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მივმართე ქვემო ქართლის ოლქის პროკურორ გიორგი ჯიქიას. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელი კერესელიძე შეიცვალა ჯიმი ერაძით, ხოლო ოლქის პროკურორი _ შოთა რეხვიაშვილით, პროკურატურაში სამართლიანობის კუთხით არაფერი შეცვლილა. წერილობით რეხვიაშვილსაც მივმართე, რათა კონტროლზე აეყვანა ჩემი განცხადება, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამაზეა ნათქვამი, _ წერე და იკითხე, თუნდაც ჩაწერე და ისმინე. ფაქტია, რომ ჩემი განცხადება პროკურატურამ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.
_ აღნიშნეთ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც მიმართეთ მთავარ პროკურატურას.
_ დიახ, 2013 წელს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების თაობაზე განცხადებით მივმართე მაშინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს. ისეთი მტკიცებულებები მივიტანე, ვერც უარს მეუბნებიან და არც იძიებენ. ხშირად რომ ვრეკავდი და თავს ვახსენებდი, ერთ მშვენიერ დღეს, 2016 წლის 12 აპრილს, დამიბარეს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელთან, შოთა კაკულიასთან. დღესაც ჩემი განცხადება პასუხგაუცემელია. სამაგიეროდ, იქ მომხდარი კურიოზი მოსაგონებლად სამუდამოდ დამრჩება: დაკითხვაზე ვარ და ბატონი შოთა ისეთ კითხვებს მისვამს, ჩემს საქმესთან ახლოსაც არ არის. თურმე, შეეშალათ და სხვა საქმეზე დამიძახეს. ვუთხარი, _ მე სხვა კაცი ვარ-მეთქი. გავიდა უფროსთან და ჰკითხა, _ რა გავაკეთოთო? უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, მოილაპარაკეს, რომ დავეკითხე. ეს პროცედურა რომ დამთავრდა, მითხრა, _ ერთ კვირაში დაგირეკავთ და გამოძიება დაიწყებაო. იმის შემდეგ არავის დაურეკავს. მე თვითონ ვურეკავ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ამათ არ აწყობთ, რომ ამ საქმეს ხელი მოჰკიდონ, მაშინ უნდა დაიბარონ დურმიშხან ფარცხალაძე. ყოფილი მთავარი პროკურორის, ფარცხალაძის რა არის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მოგვარეა. იქ ლევან ჩიკვაიძეა, რომელიც დღეს „საქართველოს ფოსტის“ დირექტორია; იქ შოთა რეხვიაშვილია, რომელიც კბილაშვილის პირველი მოადგილე იყო, ახლაც თანამდებობაზეა და არ აწყობთ ამ საქმეზე ხელის მოკიდება. დანაპირები საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძესაც შევახსენე, მაგრამ ამაოდ... ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთან მესაუბრა.
_ რას დაგპირდათ?
_ როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, გოჩა მაჭარაშვილი, რომელიც მეხმარებოდა და წილის გარკვეულ პროცენტში მეჯდა, სპეციალურად შევიდა „ქართულ ოცნებაში“, რომ სამართლიანობის აღდგენაში მიეღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ არც გოჩა იყო „ოცნების“ კაცი და არც _ მე. ყოველთვის „ნაციონალების“ მხარეზე ვიდექი, ისიც იქ იყო. გოჩა მანანა კობახიძეს დაუკავშირდა და ეს ყველაფერი უთხრა. ის პერიოდი იყო, როცა ჯერ „ნაციონალები“ დაჭერილები არ ჰყავდათ. მან გოჩას უთხრა, _ პროკურატურაში საჩივარი სასწრაფოდ შეიტანოსო. ვუთხარი გოჩას, _ როგორ ფიქრობ, შოთა რეხვიაშვილი კბილაშვილის მოადგილედ მუშაობს და საქმეს გამოიძიებს-მეთქი? არ შემქონდა, მაგრამ კობახიძის ბიუროდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კბილაშვილთან სასწრაფოდ შემეტანა საჩივარი, აუცილებლად განვიხილავთო. შევიტანე, მაგრამ როგორც გითხარით, არავითარი აზრი არ ჰქონდა მის შეტანას. კობახიძეს შემდეგ ორჯერ შევახსენე დანაპირები, მაგრამ ის ჩემი განცხადებით აღარ დაინტერესდა, რაც ეჭვის საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ჩემს სიაში მათთვის სასურველი პირები ვერ ნახეს. შესაბამისად, ჩემი განცხადება უინტერესო და მიუღებელი აღმოჩნდა. ე. ი. სამართლიანობის აღდგენა შერჩევითია. ამიტომ ვფიქრობ, არ არის გამორიცხული, რომ წინამორბედის მსგავსად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დამნაშავე პირებთან რაიმე სახის შეთანხმება მოხდა. მით უმეტეს, რომ განცხადებაში დასახელებული პირები დღესაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ. როგორც გავიგე, ამ საკითხთან დაკავშირებით კობახიძესთან გოჩასაც მოუვიდა უსიამოვნო ლაპარაკი. მკვახედ უპასუხია, _ რაც შემეძლო, გავაკეთეო. ფაქტია, ეს საქმე არ აინტერესებთ. პროკურატურას ისიც კი მივწერე, ოღონდ საქმის გამოძიება დაიწყეთ, კომპენსაცია არ მინდა-მეთქი. სამართლიანობის აღდგენა და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება რომ შერჩევითია, დღეს ამაზე უკვე არავინ დაობს. ეს ცრუ დაპირებები ხელისუფლებამ, მხოლოდ და მხოლოდ, რევანშის ასაღებად და თავიანთი ინტერესების გასატარებლად შესანიშნავად გამოიყენა. ამიტომ ძალიან კარგად მესმის, რომ საქმეში მონაწილე დამნაშავე პირები რბილ სკამებზე ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. მათ კარგად იციან, რომ დღეს ბურთიც მათკენ არის და მოედანიც, თავდამსხმელებიც კარგი ჰყავთ და დამცველებიც. სათადარიგო მოთამაშე კი მათი საკმაოდ საიმედო დასაყრდენია. ამიტომ არის, რომ დღესაც ძალიან მშვიდად და მიზანმიმართულად აგორებენ ბურთს. სხვის ქონებაზე დახარბებულები და გაბოროტებულები ხვალინდელ დღეზე არც კი ფიქრობენ. ნათქვამია, დრონი მეფობენ და არა მეფენიო! მოვა დრო და ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით. 70 წელს მიღწეულ კაცს არანაირი სურვილი არ გამაჩნია, რომ ეს დაუსრულებელი და სანერვიულო საქმე მომავალ თაობას დავუტოვო, ამიტომ ვცდილობ, დარჩენილი ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უსამართლობას ჩვენი კომპანიის დირექტორი ამირან კედელაშვილი უკვე შეეწირა, არც ის არის გამორიცხული, მეც შემირჩიონ სიკვდილის სხვა ფორმა. თუ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, რისკის ფაქტორი მართლაც ძალიან მაღალია. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგან გაფრთხილება უკვე მიღებულია შემდეგი სახით: არ გეშინია? მოგკლავენ, ჩაგიდებენ, დაგიჭერენ... როგორც საკმაოდ გავლენიანმა პირმა გამაფრთხილა, „უკეთეს“ ვარიანტში, ალბათ, ნერვები მიმტყუნებს და თვითმკვლელობამდე მიმიყვანენ. ყველა შემთხვევაში, მომხდარზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ლევან ჩიკვაიძეს და მის ბანდას, რომელმაც 2016 წლის 3 აგვისტოს, ჩემი წერილის თანახმად, შეხვედრა და დალაპარაკება არ იკადრა, სადაც ვთავაზობდი საქმის მოგვარების მარტივ გზას. ასევე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს ხელისუფლება და პროკურატურა, რომელმაც ქუჩაში პირისპირ დამტოვა მოძალადე კრიმინალებთან. უსაფრთხოებისა და ჩემი თავის დაცვის მიზნით, კანონიერების ფარგლებში, მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ფართო საზოგადოების ყურადღება მივიქციო: გამოვაცხადო შიმშილობა, დაზარალებულებმა და ჩვენმა მხარდამჭერებმა მოვაწყოთ მშვიდობიანი აქციები, მივმართო მედიას. აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ შესაბამისი ორგანოებიდან ამომწურავ და დასაბუთებულ პასუხს არ მივიღებ.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის გოჩა მაჭარაშვილს დაუკავშირდა:
_ ბაზრის საქმეში ჩემი თანხაც იყო ჩადებული და ამიტომ მეც ვიყავი ჩართული ამ ამბებში. „ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი, მანანა კობახიძე ჩვენი დეპუტატია და რამდენჯერმე შევხვდი საჩხერეში. პირველი შეხვედრის დროს დახმარება აღმითქვა, მთავარი პროკურორი მაშინ ბატონი კბილაშვილი იყო და მითხრა, პროკურატურას საბუთები გადავეციო, თუმცა იქ საქმე არ დაძრულა, გამოძიებაც კი არ ჩატარდა. მეორედაც შევხვდი საჩხერეში ქალბატონ მანანას და კიდევ მითხრა, რომ ეს საქმე პროკურატურაში გადაცემულია, ეკა ბესელიასაც ჩავაყენებ საქმის კურსში და პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანსო. რადგან მაინც არ დაიძრა საქმე, მესამედაც შევხვდი ამის თაობაზე. ბოლო შეხვედრის დროს ძალიან უხეშად მომმართა, პრაქტიკულად, შეურაცხყოფილი დავრჩი, _ მეტი არაფერი შემიძლია რაც გავაკეთე და ფეხი არ შემოდგა ჩემთანო. პრაქტიკულად, გამომაგდო. მოგეხსენებათ, „ოცნების“ დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა და ბაზარი, პრაქტიკულად, წაგვართვეს. როგორც კი დამითხოვა, შეხვედრის მცდელობაც კი არ მქონია. რა თანხაც ჩავდე 40 000 დოლარამდე, იმ დროს დიდი ფული იყო და დღეს მშიერი დავრჩი, არც დამასაქმეს, არც არაფერი, ვერ ვხვდები, რა სამართლიანობის აღდგენასთან მაქვს საქმე, როცა ჩვენს საქმეზე სასამართლოს ყველა ინსტანცია მოვიგეთ. ქალბატონ ბესელიასთანაც დავწერე განცხადება, თვითონ არაფრით მიმიღო, ვიღაც მამაკაცი დამხვდა და მითხრა, მის მაგივრად პასუხს მე გაგცემო. ვუთხარი, _ ეკა ბესელია მჭირდება, რომელთანაც უშუალო კონტაქტი მქონდა საჩხერეში-მეთქი, მაგრამ საერთოდ არ შემხვდა.
„ქრონიკა+“ მერაბ ტყეშელაშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ვერ მოხერხდა. ჩვენი ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება. ვერ დავუკავშირდით ლევან ჩიკვაიძესაც, „საქართველოს ფოსტაში“ მისი ტელეფონის ნომერი არ მოგვცეს. მთავარ პროკურატურასაც გავუგზავნეთ შეტყობინება, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
თამარ ბატიაშვილი