მეოთხე კვირაა, დედაქალაქის მერიის წინ „პარტიზანი მებაღეების“ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელობა. როგორც ერთ-ერთი პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე აცხადებს, მერიიდან აქციის მონაწილეებთან ამ ხნის განმავლობაში არავინ მისულა. ის კი არა, მეოთხე კვირაა, მერი და გამწვანების სამსახურის მესვეურები, სპეციალურად, ცენტრალური შესასვლელით არ სარგებლობენ.
„ქრონიკა+“-ს ნატა ფერაძე ესაუბრება:
- „პარტიზანული მებაღეობა“ 2013 წლიდან ვიბრძვით გამწვანებაზე, ჩვენ რომ მოღვაწეობა დავიწყეთ, ეკოლოგიისა და გამწვანების უფროსი გიორგი ქორქაშვილი იყო, მერე გამოიცვალა მთავრობა და უფროსი გახდა ბიძინა გიორგობიანი, მერე მოვიდა ნინო სულხანიშვილი, თუმცა, რეალურად, როგორც შიგნიდან გავიგეთ და არაერთი წყაროდან, ამ სამსახურს მართავს ვინმე ნუგზარ კახნიაური, რომელიც ოფიციალურად გაფორმებულია, როგორც სულხანიშვილის მოადგილე, რომელიც არის სამხედრო პირი და რომელიც რეალურად მართავს გამწვანების სამსახურს. როდესაც შეგვატყობინეს და ვიდეო გამოგვიგზავნეს, რომ ყაზბეგის გამზირზე ეზოში დილას ხეები მოიჭრა, რა თქმა უნდა, არაფერი დაგეგმილი არ გვქონდა, მივედით და ვნახეთ, რომ ხეების ნაწილი საღი იყო. თბილისში რაც ვერხვებია დარგული, დაახლოებით, 40-50 წლისაა, ვერხვი ასაკში რომ შედის, იფიტება, ავარიული ხდება და ზუსტად ამ ასაკის მიხედვით იყო დარგული თავის დროზე, რომ სწრაფად მზარდი ხეა. ვერხვთან ერთად რგავდნენ ნელა მზარდ ხეებს, ის ვერხვები კიდევ აპრიორი მოჭრაზე იყო გათვლილი 40-50 წლის შემდეგ. ადგილზე რომ მივედით, ვერხვების გარდა დაგვხვდა სრულიად საღი კედარი და ვერცხლისფერი ნაძვები, ეს ორივე არის ძალიან ძვირფასი, ძალიან ნელა მზარდი და ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქისთვის. ადგილზე რომ მივედით, ჩვენთან ერთად იყო ალეკო ელისაშვილი და გამოვიძახეთ გამწვანების სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი, რომელიც გამოცხადდა და ნერვის აუტოკებლად თქვა, რომ ვერ გვეტყვის, ის ხე საღია თუ არა. თუმცა, როცა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ხარ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და დიაგნოზის დასმა სრულიად საღ ხეზე მარტივად უნდა შეგეძლოს. ეს ადამიანი ნამდვილად რობოტია, რომელიც ობიექტურად არანაირად არ გამოხატავს იმას, რა ხდება გამწვანებაში. საშინელ სასოწარკვეთაში ჩავვარდი, პარტიზანებიდან ჯერ მხოლოდ მე ვიყავი იქ მისული, ორი ვარიანტი იყო, ერთი _ უმოქმედობა და არაფრის კეთება, მეორე _ ემოციური გადაწყვეტილება, რომელსაც არ ვნანობ, რომ იქვე გამოვაცხადე შიმშილობა. ყაზბეგის გამზირიდან მერიასთან გადმოვინაცვლე, სადაც შიმშილობა დავიწყე, ამასობაში დანარჩნი პარტიზანი მებაღეები მოვიდნენ. შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რომლისთვისაც ვცდილობდით, რომ არ მიგვემართა, ეს არ შედიოდა ჩვენს გეგმებში და ეს იყო სასოწარკვეთით გამოწვეული. თუმცა დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ დანარჩენი მებაღეები, რადგან 3-წლიანი ბრძოლა სრულდება კაბინეტში არაფრისმთქმელი საუბრებით და რეალური ცვლილებები არ შეინიშნება. ყაზბეგის გამზირის ხეები არ იყო შიმშილობის ერთადერთი საბაბი და ეს იყო ბოლო წვეთი იმ აუტანელი პოლიტიკისა, რაც აქვს ამ მწვანე სამსახურს. დღემდე მერია ცდილობს, რომ ეს საპროტესტო ტალღა გადაიტანოს საქმის გარჩევაზე, ყაზბეგის გამზირზე რამდენად მართებულად თუ არამართებულად მოიჭრა ხეები. დღეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა ყაზბეგის გამზირზე, თუმცა ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზა უკვე ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ მოჭრილი ნაძვი და ფიჭვი სრულიად საღი იყო, მათზე მხოლოდ 1-2 პარაზიტი იპოვეს. ხეები ძალიან მარტივად ექვემდებარებოდა წამლობას, რაც ყველა ექსპერტმა თქვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად ამ კონკრეტულ შემთხვევაზეც შევიტანეთ მოთხოვნა პროკურატურაში, რომ დაიწყოს გამოძიება. პროკურატურა, მოულოდნელად, სწრაფად ჩაერთო ამ საქმეში. აქამდე პროკურატურაში შეტანილ მსგავსი ტიპის განცხადებებზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ეს საქმე რეზონანსული გახდა, მეორე დღეს ის ადამიანი დაიბარეს, ვინც სარჩელი შეიტანა და გამოძიება დაიწყეს, თუმცა გამოძიება რა ეტაპზეა, დღემდე არ ვიცით.
- რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რას აკეთებს მერია ამ საკითხებთან მიმართებით?
- როგორც გითხარით, 3 უფროსი გამოვიცვალეთ. გადადგეს ნინო და მოვიდეს მარინა, ამით სიტუაცია არ გამოსწორდება. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი სტრუქტურის გამოცვლაზე და დოკუმენტირება, როგორ უნდა შეიცვალოს გამწვანების სამსახური ისე, რომ ქალაქს რეალურად დაეტყოს. მე-4 კვირაა, საპროტესტო ტალღა მიმდინარეობს და ამასობაში რას აკეთებს მერია _ იტარებს სხდომებს და როგორც თვითონ არქმევს, იწვევს დაინტერესებულ არასამთავრობო სამოქალაქო მოძრაობებს, თუმცა არც ერთი გამპროტესტებელი იმ სხდომაზე მიწვეული არ იყო. რომ დავაზუსტო, „პარტიზან მებაღეებს“ მოწვევა მოგვივიდა, თუმცა ძალიან რთული ბიუროკრატია გაიარა. წინა დღეს მივიღეთ მოწვევა, მაშინვე დავუდასტურეთ და 5 ადამიანის გვარი გავუგზავნეთ, ვისაც გვსურდა დასწრება და ეს ხუთი ადამიანი იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ბევრი თემა გახლდათ განსახილველი. საჩხუბრად არ მივდიოდით, ძალიან გაგვეხარდა, ვიფიქრეთ, რომ დიალოგი იწყებოდა. ეს 5 ადამიანი მოვემზადეთ და გადავინაწილეთ, ვინ რომელ თემას გაიტანდა ამ სხდომაზე. მეორე დღეს გაიმართა ჩენი სასამართლო პროცესი, მაგრამ დილას სასამართლოში წასვლამდე შევიხედე ინბოქსში და პასუხი არ იყო მოსული. სასამართლოს სხდომის შესვენებაზე დავრეკე საკონტაქტო პირთან და მითხრა, რომ ხუთის ნაცვლად მიგვიღებდნენ ერთს იმ შემთხვევაში, თუკი მეილზე გავუგზავნიდი თანხმობას. ავუხსენი, რომ წინა დღეს გავუგზავნე შეტყობინება, პასუხი არ მიმიღია და იმ დროისთვის სასამართლოში ვიყავი, არ მქონდა ინტერნეტთან წვდომა და დავუდასტურე, რომ თუკი ერთი ადამიანის დასწრების საშუალება იყო, ეს იქნებოდა ნატა ფერაძე და ამით დავასრულეთ საუბარი. სასამართლოს სხდომის მერე მოვედით მერიაში, სადაც სრულიად გაურკვეველი ადამიანები შედიოდნენ, რომლებსაც არც ერთი საათი საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიუღიათ და „პარტიზანი მებაღეებიდან“ არც ერთი ვიყავით სიაში. გვერდით დაგვიდგა ერეკლე ურუშაძე „გამჭვირვალობა საქართველოდან“, რომელმაც ნახა, რომ არ გვიშვებდნენ და მანაც გადაწყვიტა, არ დასწრებოდა სხდომას. სხდომა გაიმართა რეალურად დაინტერესებული მხარის გარეშე, იქ რაზე ისაუბრეს და რას აკეთებდნენ, გადმოცემით ვიცი და იგივეს აკეთებდნენ ადრე, რაღაც სტრატეგიებს წერენ და ალაგებენ თაროზე. გარდა ამისა, საკრებულოში მოიწვიეს ძალიან დიდი სხდომა, ბევრი იმსჯელეს, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს გადაერქვა სახელი და ახლა რაღაც გრძელი და ძალიან რთული სახელი ჰქვია. ალბათ, ერთი საღამო უნდა დავუთმო ამ სახელის დაზეპირებას, თუმცა სახელის შეცვლით რომ არაფერი იცვლება, მგონი, ყველასთვის ნათელია.
რაც შეეხება სასამართლო სხდომას, ეს ეხებოდა მერიასთან კარვის დადგმას. მანამდე, ჩემი მანქანა იყო ჩვენი საძილე ადგილი, რაც ძალიან მოუხერხებელია, ამიტომ გადავწყვიტეთ კარვის დადგმა. როგორც კი კარავი მოვიტანეთ და გაშლა დავაპირეთ, გამოვიდა მერიის დაცვა და არ მოგვცა დადგმის საშუალება. მივმართეთ საპატრულო პოლიციას, თუმცა ისინი საქმეში არ ჩაერთნენ, გვითხრეს, რომ ეს მათი საქმე არ არის. საპატრულო პოლიციაზე, რა თქმა უნდა, დავრეკეთ გენერალურ ინსპექციაში და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში კარვის დადგმის მოთხოვნით. მოვითხოვეთ, რომ სასამართლო პროცესი დაჩქარებული წესით ჩანიშნულიყო, სასამართლოს ჰქონდა სრული უფლება, რომ ჩვეულებრივ ვადაში განეხილა ეს საქმე, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, სასამართლო მართლა 2 დღეში დაინიშნა და კიდევ უფრო გასაკვირად და სასიხარულოდ, ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ მერია დაავალდებულა, რომ კარვის დადგმაში ხელი არ შეგვიშალოს, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახლა გვიდგას კარავი. სამომავლოდ მერიამ უნდა იცოდეს, რომ არაკანონიერი უფლებები არ მოითხოვოს. გენერალურ ინსპექციაშიც მივიყვანთ საქმეს ბოლომდე, რომ საპატრულო პოლიციამ დაიცვას ადამიანის უფლებები და არ ჰქონდეს მას ბუტაფორიული ფორმა. შიმშილობა შევწყვიტეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე მოშიმშილეს დაგვჭირდა ჰოსპიტალიზაცია. დავით ნარმანია პარალელურად გამოდის ტელევიზიით და აცხადებს, რომ ქვევით შიმშილობენ თუ არა, არ მაინტერესებს, რაც უნდა ის გააკეთონო. მან ისიც არ იცის, რამხელა ფასი აქვს შიმშილობას და მარგარეტ ტეტჩერი სწორედ იმიტომ გადააყენეს, რომ მოშიმშილეებთან არ ჩავიდა. მეოთხე კვირაა, რაც აქ ვართ და არც ერთხელ, არც ქალაქის მერი და არც გამწვანების სამსახურის უფროსი, ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა. გვირაბებით დადიან, თავიანთ კაბინეტებში სხედან, გარეთ რა ხდება, არ იციან. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო თუნდაც ის, რომ მერიასთან აღმოვაჩინეთ, სკვერში ბუჩქები მოურწყავი და გამხმარი, არყის ძვირიანი ხეები მოურწყავი და გამხმარი, ქუჩას რომ გადავხედეთ, ჭადრის ხეები არის დაავადებული, გადასასვლელთან არის ოდესღაც არაჩვეულებრივი სკვერი მოუვლელი, დაავადებული ცხენის წაბლი, ელემენტარულად, ფანჯრიდან რომ გადაეხედა „მეურნე მერს“, მიხვდებოდა, რომ ისინი უნდა მოირწყას. შიმშილობის მეოთხე დღეს, მას მერე, რაც ყველა ტელევიზიაში გამოვაცხადე, მეორე დღეს გამოუშვეს მებაღე, რომელმაც მორწყა და გაკრიჭა ეს ბუჩქები. ასე თუ ისე დაიწყეს მოვლა, თუმცა მე ტელევიზიით არ მიხსენებია, რომ არყის ხეს არ რწყავენ, ბოდიში არყის ხესთან და ის დღემდე ამიტომ არ ირწყვება, ხე, რომელიც იტალიიდან არის იმპორტირებული. აგერ არის უთხოვარის ბორდიური, წითელ წიგნშია შეტანილი, არც ეს ირწყვება და ძალიან ბევრი გამხმარი ეგზემპლარი გვაქვს, ხელის გულზე გვიდევს, მერიას და კერძოდ, გამწვანების სამსახურს, რამდენად შეუძლია, მიბარებული ჰქონდეს მთელი თბილისის გამწვანება, როცა მერია უნდა იყოს შენი სახე, შენ წინ მაინც უნდა გქონდეს მოწესრიგებული გაზონი, რომ აღარაფერი ვთქვათ გმირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელ გზაზე, 700 000-იანი წინასწარ მოლაპარაკებული ტენდერით რამდენი ხე-მცენარე გაახმეს.
- რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?
- პროტესტი გრძელდება, მოგროვდა 1000-მდე ხელმოწერა და დღეს შეგვაქვს, სადაც მოვითხოვთ გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადაყენებას. მას მერე, რაც ეს ორი ადამიანი გადადგება, მათი გადადგომა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალაქში უნდა აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი. ახალი სამსახურის უფროსი ვინც მოვა, იმაზე კი არ იფიქროს, რომ ვისთან შეთანხმებული საქმე აკეთოს, არამედ, რეალურად როგორ იმუშაოს. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას რესტრუქტურიზაციაზე, როცა ეს ორი არაადეკვატური ადამიანი წავა და არა ისე, ადრე როგორც იყო, მე-20 სართულზე ვისხედით, „ფეისბუქზე“ დასადებად გაღიმებულ ფოტოებს ვიღებდით და ნარმანია წერდა რეპორტს, რომ შეხვდა სამოქალაქო ორგანიზაციებს.
- რესტრუქტურიზაციის თქვენი ვარიანტი როგორია? რა არის უპირველესი საქმე, რომელიც უნდა გაკეთდეს?
- ეს ბიუჯეტი არ არის საკმარისი, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა, თუმცა მერიას საკმარისი თანხები აქვს, რომ მიმდინარეობდეს ეფექტიანი მუშაობა. პირველ რიგში, სასწრაფოდ გასაჩერებელია სრულიად არაფრის მომცემი მილიონი ხის პროექტი, რომელსაც რეალურად ძალიან ბევრი ნაკლი აქვს: პირველი არის ის, რომ საქართველოს სანერგე მეურნეობებში არ გვაქვს ის რესურსი ხე-მცენარეებისა და ამიტომ არის რომ რგავენ გვარჯილაზე გაზრდილ და უცებ ამოწლაწულ მცენარეებს, რომელსაც ქალაქში გახარების არანაირი შანსი არ გააჩნია. ეს ხე-მცენარეები არ არის გათვლილი, სად უნდა დაირგას, როგორ უნდა დაირგას, უხდება თუ არა იმ ადგილს. თვალსაჩინოა, რომ ხარობს ამ დარგულიდან, მაქსიმუმ, 20%, გაიხარებს თუ არა, ისიც საკითხავია, კვიპაროსებით გაავსეს ქალაქი, რომელიც არ არის ურბანული და ვერ იღებს იმ დატვირთვას, რაც სჭირდება. ეს არის გაუთვლელი, დაუანგარიშებელი პროექტი, რომელიც მერიის ძირითადი ბიუჯეტია. ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაჩერდეს! ძალიან მძიმე მდგომარეობაა ფიტოსანიტარიასთან, დაავადებული წიწვოვანი ხეები უკვე კრიტიკულ ზღვარს გასცდა, არ ხდება ადეკვატური რეაგირება წიწვოვნების გამოხშირვის, წამლობისა და შერგვისა. ფოთლოვანი ხეები ქალაქში, _ ცხენის წაბლი და ჭადარი, უმეტესწილად, ყველა დაავადებულია და არავინ დააბრალოს, თითქოს ზაფხულში ეხრუკება ფოთოლი. ფოთოლი რომ გაიშლება, მაისის ბოლო რიცხვებში ფოთლები უკვე შეხრუკულია და ეს ხეები არანაირ სარგებელს არ გვაძლევენ. ასევე მშენებლობების დროს ხეებს ყურადღება არ ექცევა, სადაც სადენები იცვლება, ფესვებს უზიანებენ. უნდა გამკაცრდეს ხის მოჭრის ნებართვები და შეიქმნას სამოქალაქო საბჭო, რომელიც წინასწარ იქნება ჩახედული, სად რა ხის მოჭრას აპირებენ და არ გვიწევდეს ხეების პანაშვიდებზე სიარული და თმების წეწა.
თამარ ბატიაშვილი