საპარლამენტო არჩევნებში ქალი კანდიდატების სიუხვით ქუთაისი არ გამოირჩევა, მაგრამ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად, ქალბატონების რიცხვი გაცილებით მეტია.
ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნატო ქათამაძის გარდა, ყველა მათგანი პოლიტიკაში ახალბედაა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ჯერჯერობით, მათი ხედვები უცნობია. ახალ პარლამენტში ქალაქს 3 დეპუტატი ეყოლება.
„ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ ამ ქალბატონებს:
ლია გვენეტაძე _ 47-ე საარჩევნო ოლქი (თამაზ მეჭიაური, „ერთიანი საქართველო“);
ლელა სებუა _ 49-ე საარჩევნო ოლქი („თავისუფალი დემოკრატები“);
ნინო ონიანი _ 47-ე საარჩევნო ოლქი („პატრიოტთთა ალიანსი“);
ნატო ქათამაძე _ 48-ე საარჩევნო ოლქი („რესპუბლიკური პარტია“);
ნატო დანელია _ 47-ე საარჩევნო ოლქი (დამოუკიდებელი კანდიდატი);
_ უამრავ პრეტენდენტთა შორის პარტიამ ყურადღება თქვენზე შეაჩერა, რატომ?
ლია გვენეტაძე:
_ ქალთა პარტიამ, რომელიც ალიანსშია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთან“, ღირსად მიმიჩნია, კენჭი მეყარა მისი სახელით. ჩემზე ყურადღების შეჩერება, ალბათ, განაპირობა იმან, რომ მიცნობენ, როგორც აქტიურ ადამიანს. პარტია მუშაობს ქალთა როლის წამოწევაზე, რათა ისინი მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში. პოლიტიკურ გაერთიანებაშიც და უშუალოდ ქუთაისშიც კარგად იცნობენ ჩემს პოზიციასა და საქმიანობას.
ნატო ქათამაძე:
_ 13 წელია, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვარ. ვიყავი ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ თავმჯდომარე. ამჟამად ვარ პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი. ყველაფერმა ამან განაპირობა კანდიდატად ჩემი წარდგენის გადაწყვეტილება.
ნინო ონიანი:
_ პარტიის აქტიური წევრი არ ვყოფილვარ. ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში ახალი ვარ, მაგრამ, ალბათ, ჩემში რაღაც დაინახეს. გარდა ამისა, ვარ ქუთაისელი, აქ დავიბადე და გავიზარდე. ისე, უკეთესი იქნება, ამ კითხვით პარტიის ლიდერებს მიმართოთ.
_ როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს ქუთაისში? რამდენად მშვიდად და კანონის დაცვით მიმდინარეობს იგი?
ნინო ონიანი:
_ ჩვენი პარტიის კანდიდატების წარდგენა უნდა ყოფილიყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. შეთანხმებულები ვიყავით, განაცხადიც გავაკეთეთ, მაგრამ 2 დღით ადრე ოფიციალური წერილი გამოგვიგზავნეს, რომ თითქოს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს იყო მიზეზი, რომ შენობაში არ შევსულიყავით, თუმცა წარდგენა მოხდა თეატრის წინ, ცენტრალურ ბაღში და უფრო ეფექტურიც გამოვიდა. ვერ გეტყვით, რომ მმართველი ძალა აქტიურად აკეთებს მსგავს რამეს, მაგრამ მცირე ინციდენტები მოხდა: როცა უბანში ჩემმა მახარდამჭერებმა პლაკატები გამოაკრეს, შენიშვნები მისცეს და მიუთითეს, ჩამოეხსნათ, მაგრამ არა უშავს, ხალხი, სადაც მივდივარ, ყველგან სიყვარულით მხვდება.
_ პლაკატების ჩამოხსნისკენ ვინ მოუწოდა ხალხს, _ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, თუ მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა?
_ სტრუქტურების წარმომადგენლებმა. გარდა ამისა, ხშირია ფაქტები, როცა ჩემი ოფისის წინ საეჭვო მანქანები გაივლიან, ზოგი ფოტოებს იღებს. ამ ბოლო დროს უფრო გააქტიურდნენ ჩემი გააქტიურების პარალელურად.
როცა წინასაარჩევნო კაპანიას შევუდექი, ყველა ჩემს კონკურენტ კანდიდატს შევთავაზე, მეუღლეებთან ერთად დავმსხდარიყავით და მშვიდობიანი სტარტი აგვეღო. ზოგი ვიცნობთ ერთმანეთს, ზოგსაც ვიღაც საერთო ახლობელი გვეყოლება. ბუნებრივია, ქუთაისში ცხოვრება არ იწყება და არ მთავრდება არჩევნებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, უარი მივიღე. ყველამ დააფიქსირა, რომ ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში თავისუფალი არ არიან. ალბათ, პარტიასთან ათანხმებენ, მე კი ჩემი ინიციატივა პარტიასთან არ შემითანხმებია.
ნატო ქათამაძე:
_ საარჩევნო გარემო არათანაბარია. 31 აგვისტოს საკრებულოში მერის ბრძანებულება შემოვიდა, რომლითაც განისაზღვრა ქალაქის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავი ადგილები. ბუნებრივია, თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს წესებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკუთარი ინტერპრეტაცია გააკეთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და განათების ბოძებზე სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალა. ჯერ ერთი, ყველა ბილბორდი თავად დაიკავეს. ადგილებიც, რომლებიც გამოყვეს, ისეთ ტერიტორიებზეა და იმდენად მცირეა, რომ ასეთი სახით საარჩევნო კამპანიის წარმართვა რთულია. ამასაც თავი რომ დავანებოთ, ბოძები ქუთაისის თვითმმართველობის საკუთრება არ არის და მას არ ჰქონდა უფლება, სხვის ქონებაზე რაიმეს გაკვრა აეკრძალა.
ოლქმა საუბნო-საარჩევნო კომისიები ისე დააკომპლექტა, რომ უმრავლესობა ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირია. ხოლო ის უბნები, რომლებიც საბავშვო ბაღებშია, თანამშრომლებით დააკომპლექტეს და გასაგებიცაა, რატომ. 246 კომისიის წევრიდან ჩემს ოლქში მხოლოდ 129-ს აქვს გამოცდილება, დანარჩენი გამოუცდელია. დასკვნის გაკეთება ადვილია: შეცვალეს ისინი, ვისზედაც ეჭვი ეპარებოდათ. ძირითადად აიყვანეს მედდები, ფარმაცევტები. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ოცნების“ კანდიდატი ექიმია, მიხვდებით, რომ მისი ინტერესების დაცვას მოარგეს ყოველივე.
ერთადერთი, რაც დადებითია, არის ის, რომ წინა ხელისუფლების მსაგავსად ესენი არ აშინებენ და არ ატერორებენ ადამიანებს. დანარჩენი ყველაფერი კოპირებულია, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც.
ლელა სებუა:
_ წინასაარჩევნო გარემო ქუთაისში საკმაოდ არათანაბარია. მმართველი გუნდის კანდიდატები ყველა რესურსს იყენებენ. ბოლო დღეებში ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების ფინანსურ რესურსებს ბლოკავს და მათი საჭიროებისამებრ გამოყენების საშუალებას არ აძლევს. დავაკომპლექტეთ შტაბები, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ავიყვანეთ. მათთან ფინანსური ანგარიშსწორება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რადგან ისინი სერიოზულად გვეხმარებიან. სწორედ ასეთ დროს უდგას პარტიას ფინანსური პრობლემა.
ავტოქარხნის დასახლებაში ერთი შემთხვევა იყო, როცა სოციალურად დაუცველ ქალბატონს, რომელიც ქირით ცხოვრობს, უარი უთხრეს მადლიერების სახლში კვების უფლებაზე იმიტომ, რომ ის ოპოზიციურ პარტიას უჭერს მხარს.
ლია გვენეტაძე:
_ რაც შეეხება ხელისუფლებას, ჯერ არც ვინმე მეხმარება და არც ხელს მიშლის. არც ჟურნალისტები დაინტერესებულან, რას ვფიქრობ და რა მინდა. მედია მუშაობს იმ ხალხზე, ვისაც თანხები აქვს. თქვენი გაზეთი პირველია, რომელსაც სურს, გაიგოს ჩემი პოზიცია.
თქვენ ხედავთ, როგორ მოიმატა საჯარო სამსახურებში კადრებმა. ეს აშკარაა. როცა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მიდის, არ უნდა აძლევდეს ხმას დაავალებით, მაგრამ ბევრს ჰგონია, რომ რადგანაც საჯარო სამსახურში მუშაობს, ვალდებულია, ასე მოიქცეს. ჯერჯერობით, რთულია თქვა, გამოყენებული იქნება თუ არა ადმინისტრაციული რესურსი. ეს არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი და საუბარიც მაშინ შეიძლება.
ნატო დანელია:
_ მეტნაკლებად საარჩევნო გარემო ყველა კანდიდატისთვის თანაბარია, მაგრამ არის ხარვეზებიც. ბილბორდები დაკავებულია მხოლოდ სახელისუფლებო კანდიდატების პლაკატებით. ყოველივე ეს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის ხელის შემშლელი პირობაა.
_ რატომ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა?
ლია გვენეტაძე:
_ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღება უნდა. თუ პარლამენტში მოვხვდი, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნებისთვის. გასაგებია, რომ საარჩევნო კამპანიას ფული სჭირდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გადამწყვეტი. მე არაფერი შემშლია ხალხთან ურთიერთობაში, სამართლიანობაში და ეს გადამწყვეტი უნდა იყოს.
ნინო ონიანი:
_ ადამიანებს საერთოდ აღარ აინტერესებთ არჩევნები. ასეთი სიტუაცია დღემდე არ მინახავს. ვერ იტყვი, რომ რომელიმე პარტიას იმდენი მომხრე ჰყავს, რომ გადაწყვეტილია მისი ბედი.
საღამოს, როცა შებინდდება, ვჯდები მანქანაში და დავდივარ. ჩამოვივლი ქუჩებს, ვხვდები მოსახლეობას, დავსხდებით, ვსაუბრობთ. არც „ოცნება“ უნდათ, არც _ „ნაციონალები“. რაღაც ახალი ძალა სჭირდებათ, მაგრამ მიჭირს მათი დარწმუნება, რომ ჩვენზეა დამოკიდებული სიტუაციის შეცვლა. რაც შეეხება თავად კანდიდატებს, როცა ხალხთან მიდიან, არავინ უხსნის მათ, რა არის მაჟორიტარის ფუნქცია და რაღაც გლობალურ თემებზე საუბრობენ. ისევ უნდათ, ხალხს თვალი აუხვიონ, იმედები მისცენ. ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, რომ მართლა გავხდები მათი ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
ლელა სებუა:
_ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა მინდა, იყოს გაცილებით საინტერესო, ვიდრე ამას აქამდე გვთავაზობდნენ პოლიტიკოსები. დიდი ხარვეზი არსებობს მაჟორიტარსა და ამომრჩეველს შორის. დიდი ჩაკეტილობაა მაშინ, როცა დიდი თანამშრომლობა უნდა იყოს. მინდა მოვახერხო, მუდმივი კომუნიკაცია მქონდეს ხალხთან, ვიზრუნო მაჟორიტარული სისტემის გაძლიერებაზე საკანონმდებლო ორგანოდან, ფუნქციების კონკრეტულ გაწერაზე. როცა ამომრჩეველს დაპირებას აძლევ და რეალურად არ გაქვს შესაძლებლობები, დაეხმარო ადამიანებს, ეს სათავეშივე ქმნის პრობლემებს. ის, რომ ნაწილი მაჟორიტარებისა ვაჭრობს, ყიდულობს ხმებს, დაუშვებელია. საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება ყველაზე კარგად მოაწესრიგებს და დაალაგებს სიტუაციას.
ნატო ქათამაძე:
_ წლების მანძილზე ვიყავი წინა ხლისუფლების ოპოზიცია და ადამიანის უფლებებს ვიცავდი. ამას არავინ მაძალებდა და მაიძულბდა, ეს იყო ჩემი შინაგანი მოთხოვნილება. ვარ საკრებულოში, ვიყავი უმრავლესობაშიც, მაგრამ განსხვავებით ოპოზიციისა, მეტად კრიტიკული გახლდით ჩემი გუნდის მიმართ იქ, სადაც მიმაჩნდა, რომ რაღაც არასწორი ხდებოდა. იმიტომ უნდა მომცეს ხმა ჩემმა ამომრჩეველმა, რომ საქართველოს პარლამენტში არ დავკავდები მაამებლობით. პრობლემების მოგვარებისთვის ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ის დაპირება, რასაც ჩემს ამომრჩეველს მივცემ, შევასრულო. საკრებულოშიც არ მაქვს ხელფასი, არ მყავს თანამშრომლები და მიუხედავად ამისა, ვაქტიურობ განსხვავებით იმ დეპუტატებისგან, რომლებიც ხელფასსაც იღებენ და თანამშრომლებიც ეხმარებიან. ყოველთვის ვიყავი ხალხთან და ყოველთვის ვიცხოვრებ მათი ცხოვრებით.
ნატო დანელია:
_ ამომრჩეველმა მხარი უნდა დამიჭიროს იმიტომ, რომ მეც მათსავით რწმენა მაქვს დაკარგული ყველა პარტიის მიმართ. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური მოძრაობები როგორ კი ხელისუფლებაში მოვლენ, დანაპირები ავიწყდებათ. მე გავიზაირებ ამომრჩევლების პრობლემებს, თან გადავყვები. ერთი ნაბიჯით არ დავიხევ უკან და არ წავალ კომპრომისზე, თუ ეს ეწინააღმდეგება ჩემსა და ჩემი ამომრჩევლის პრინციპებს. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში დავუპირისპირდები ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ამ მოცემულობაში, ან ამ დროში არ იქნება ჩვენს ხალხზე მორგებული. მოვისმენ ხალხის წუხილს და არ მოვისვენებ, ვიდრე მათ პრობლემებს არ მოვუგვარებ.
_ როგორ შეაფასებთ იმ ქალაქის ხელისუფლების საქმიანობას, რომლის დეპუტატობაც გსურთ?
ნინო ონიანი:
_ ჩემი შეფასება გამომდინარეობს ხალხის შეფასებისგან. ქუთაისში წყალი რომ არ არის, ვისი დანაშაულია? გზები საშინელ მდგომარეობაშია. მაინცდამაინც არჩევნების გამართვამდე 20 და 30 დღით ადრე მოუნდებათ ყველაფრის გაკეთება. გადათხრილია ქუჩები და ყველაფერმა ამან გამოიწვია სავაჭრო ობიექტებისა და კაფეების პარალიზება.
ლია გვენეტაძე:
_ ვერ ვიტყვი, არაფერი გაკეთებულა-მეთქი. ბევრი რამ მართლა გაკეთთდა, მაგრამ ვიდრე ქუთაისს ისეთი ბიუჯეტი არ ექნება, როგორიც სიდიდით მეორე ქალაქს შეფერება, მანამდე რთულია ვინმეს დადანაშაულება.
ლელა სებუა:
_ ეს შეფასება, ძირითადად, მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ და ამჯერად მე გამოვიყენებ ჩემს მოქალაქეობრივ უფლებას: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაფერ ამას ვხედავთ და ვსაზღვრავთ შედეგებით, ვუყურებთ თუ როგორ დაეტყო მათი საქმიანობა ქალაქს და მოსახლეობას. ამ კუთხით ძირეული ცვლილებები არ გვაქვს. როცა მოსახლეობას ვხვდები, ისინი გაცილებით განაწყენებულები არიან მიუხედავად იმ ძალადობისა, რასაც წინა ხელისუფლების პერიოდში განიცდიდნენ.
ნატო ქათამაძე:
_ ქალაქის ხელისუფლებამ გააგრძელა ის მახინჯი ტენდენცია, როგორიცაა ტროტუარების, სკვერების გასხვისება. რაც ყველაზე თვალსაჩინოა, ეს არის ნეპოტიზმი. პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ერთ კლანს ჩაენაცვლა მეორე და ხდება ის, რომ რიგითი ადამიანი ამ შემთხვევაში მოტყუებული დარჩა. ადრე „ნაციონალების“ ხელისუფლება ელაპარაკებოდა, ახლა _ „ოცნების“, რომელიც ამჯერად გადაცმულია ლურჯ მაისურში. ადამიანები არ შეცვლილან, შეიცვალა მხოლოდ მაისურის ფერები.
_ შეგიძლიათ, ნეპოტიზმის კონკრეტული მაგალითები დაგვისახელოთ?
_ ქალაქის მერის ორივე მოადგილე მისი სკოლელია და თანაკლასელია. ფაქტობრივად, პირველი სკოლის ფილიალი გაიხსნა მერიაში. ძირითადად საქმდებიან მერის თანაკლასელები, სკოლელები, ნათესავები. ადამიანი უნდა აარჩიო პროფესიული და არა რომელიმე კონკრეტული სკოლის დამთავრების ნიშნით. მერიასა და საკრებულოში დასაქმებულებიდან არც ერთი არ არის ჩვენი თანამებრძოლი, მაგრამ დღეს ყველა ოცნებობს.
ნატო დანელია:
_ გაცილებით მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო. დრო არის დაკარგული. ბევრი პრობლემაა კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. XXI საუკუნეა და ქალაქის უამრავ უბანში საკანალიზაციო სისტემის საკითხი ისევ აქტუალურია. არ ვიქნები მართალი, თუ არ დავინახავ იმასაც, რაც გაკეთდა. ბევრი ქუჩა მოწესრიგდა და ასფალტის საფარი დაიგო. მიხარია, რომ ქალაქის ცენტრში დაიწყეს ფალიაშვილის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია. როცა ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ, დაუშვებელია ქალაქის ცენტრში მაინც არ იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ისტორიული შენობები ინგრეოდეს.
ჩემთან მოვიდნენ თამარ მეფის ქუჩის ერთ-ერთი მონაკვეთის მცხოვრებლები, ადამიანები, რომლებიც ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ. 8 მეტრი სიგრძის მილია საჭირო, რომ 22 ოჯახი ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელს მიუერთდეს. გაიგო ეს წინა ხელისუფლებამ და _ ვაი, ვაი, ამას გავაკეთებთო! ეს იცის მოქმედმა ხელისუფლებამ და _ უი, უი, გავაკეთებთო! ამასობაში კი წლები გადის.
_ დღეს ბევრი საუბრობს, როგორი უნდა იყოს ქუთაისი და რა უნდა გაკეთდეს ქალაქის განვითარებისთვის. თქვენ როგორ ხედავთ ქუთაისის მომავალს და რას ჰპირდებით ამომრჩევლებს?
ნინო ონიანი:
_ მთავარია ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის შენარჩუნება.
_ ეს პირადად თქვენი პოზიციაა, თუ პარტიაც იზიარებს მოსაზრებას, პარლამენტი დარჩეს ქუთაისში?
_ პარტია ამას მხარს უჭერს, მაგრამ ჩემი მყარი პოზიციაცაა. უცნაურია, იყო ქუთაისის დეპუტატი და სხვა პოზიცია გქონდეს.
ლია გვენეტაძე:
_ ქუთაისი უნდა იყოს ისეთი, როგორიც იქნება ქვეყანა. ქვეყნის განვითარება ეკონომიკით უნდა დავიწყოთ. ქუთაისს შეიძლება ჰქონდეს ძალიან ბევრი ფუნქცია. ხშირად ვსაუბრობ ნანოტექნოლოგიებზე, რისი განვითარების შესაძლებლობაც არის. დიახაც, შესაძლებელია იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, რადგან საუკეთესო მდებარეობა გვაქვს. საინტერესოა ქალაქი იმითაც, რომ ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია. ბუნებრივია, ტურიზი უნდა განვითარდეს, მაგრამ მარტო ტურიზმით აშენებული ქვეყანა არ მინახავს. ტურიზმის განითარებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
რაც შეეხება საპარლამენტო სტატუსს, იმ ადამინთა რიცხვს განვეკუთვნები, რომლებიც საუბრობდნენ, რომ შეცდომა იყო ასეთი საკითხის რეფერენდუმის გარეშე გადაწყვეტა, მაგრამ შენობა, რომელიც 300 მილიონი დაჯდა, ასე მიატოვო, გაავერანო და გააპარტახო, არ შეიძლება! ალბათ, როცა ორპალატიანი პარლამენტი გვექნება, ერთი პალატა ქუთაისში მუშაობას გააგრძელებს.
ლელა სებუა:
_ საპარლამენტო სტატუსს მხარს ვუჭერ. საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევის ინიციატივაც ჩემთვის მისაღებია. ყველაფერ იმას მივესალმები, რაც ჩემს ქალაქს წაადგება და მოსახლეობას გააძლიერებს, მაგრამ მგონია, ეს არ არის ის, რაც ძირეული ცვლილებებისთვის იქნება საკმარისი. ვფიქრობ, სპეციალისტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტროის წარმომადგნლები უნდა მივუსხდეთ მაგიდას და მოვისმინოთ ყველას აზრი, რათა ქალაქი გახდეს უფრო სიცოცხლისუნარიანი და ადამიანებს არ უჭირდეთ!
ნატო ქათამაძე:
_ ის იდეა, რომელიც პრემიერმა გააჟღერა საუნივერსიტეტო ქალაქთან დაკავშირებით, სწორედ „რესპუბლიკელებისგან“ იყო ინიცირებული კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. კარგია, რომ ეს იწყება. ქალაქს სერიოზული პერსპექტივა აქვს ტურიზმთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ პარლამენტია. ყველა იმ საშუალების გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ, რაც ქალაქში ადამიანების დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
_ პარლამენტთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ მოსაზრება შეიცვალა და მხარს უჭერს მის ქუთაისში ფუნქციონირებას?
_ პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში, სადაც მთავრობაა, მაგრამ რადგანაც შენობა უკვე აშენებულია, მხარს დავუჭერ და ვეცდები, ჩემს გუნდშიც ვიპოვო მხარდამჭერები.
_ ეს პირადად ნატო ქათამაძის პოზიციაა და არა პარტიის?
_ დიახ!
ნატო დანელია:
_ მხარს ვუჭერ იდეას, ქუთაისი იყოს საპარლამენტო და საგანმანათლებლო ქალაქი, მაგრამ, ამავე დროს, მიმაჩნია, რომ ეს არასაკმარისია. ქალაქი უნდა იყოს მრავალფუნქციური. მერიამ და მისმა სამსახურებმა საკუთარი ბიუჯეტები ისე უნდა განკარგონ, რომ განვითარება შეიმჩნეოდეს. ქუთაისმა უამრავი სახელოვანი სპორტსმენი აღუზარდა ქვეყანას. ბევრი სპორტის სახეობა დღეს სულს ღაფავს. მხარს დავუჭერდი ამ ქალაქში მძლავრი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და მაღალი დონის შეჯიბრებების გამართვის იდეას. ეს გაზრდიდა ქალაქის ცნობადობას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც შეუწყობდა ხელს და ადამიანების დასაქმებასაც. შესაძლებელია, აქ რამდენიმე ტრადიციული საერთაშორისო დონის ფესტივალის მოწყობასაც ჩაეყაროს საფუძველი. პირველ რიგში, აუცილებელია, ქალაქს ჰყავდეს გულშემატკივარი ხელისუფლება; კარგი იქნება, თუკი ცენტრალური ხელისუფლებაც დაინახვას, რომ განვითარებული ქუთაისი ქვეყნისთვისაა აუცილებელი და არა მხოლოდ ამ ქალაქის მცხოვრებელებისთვის.
ხვიჩა ვაშაყმაძე