QronikaPlus
უხარისხო წამლები, თაღლითური სქემები და კორუფციის კვლევა

უხარისხო წამლები, თაღლითური სქემები და კორუფციის კვლევა

2016-08-17 11:29:36

საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებიდან საზოგადოებისთვის ყველაზე მთავარი მაინც სიცოცხლის უფლებაა, რომელიც ბევრ რამეს გულისხმობს, თუმცა, ამჯერად, მასში ნაგულისხმები ნიუანსებიდან მხოლოდ მედიკამენტებთან საზოგადოების ხელმისაწვდომობას შევეხებით. ეს საკითხი დღემდე საზოგადოების დიდი ნაწილს ძალიან აწუხებს. საქმე ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის წინ, ხალხი სწორედ ამ თემით „მოისყიდა“, რადგან მათ მდგომარეობის გაუმჯობესებას შეჰპირდა. 4 წლის თავზე კი ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ წამალი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. დღესაც იდება სახლები ბანკებში მკურნალობისთვის საჭირო სესხის ასაღებად; დღესაც ქრონიკული ავადმყოფები ვერ სვამენ სიცოცხლისთვის საჭირო წამლებს და ა. შ. ფაქტია, სახელმწიფომ ვერ შეძლო, წამლებზე ფასები ისე დაერეგულირებინა, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.   პრეისტორია   მხოლოდ საყოველთაო დაზღვევამ ვერ შეავსო ის ხარვეზები, რაც საზოგადოებაში მედიცინის კუთხით არსებობდა. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ მიერ მოძიებული სკანდალური მასალები საერთო სურათს ქმნის იმის შესახებ, რაც საქართველოში, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში და ბაზარზე ხდება. ეს არ არის თითიდან გამოწოვილი, ან ყურმოკრული ამბები. საქმე ეხება 2015 წელს მომზადებულ ანალიზურ მიმოხილვას, რომელიც „ჯანდაცვის პოლიტიკის მონიტორინგის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი წამლებისათვის“ პროექტის ფარგლებში გაკეთდა. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის“ მხარდაჭერით და მისი ხელმძღვანელი იყო თიკო ცომაია, კონსულტანტი _ თინა ტურძილაძე და 2015 წლის გარკვეულ პერიოდთან ერთად, წინა წლებსაც შეეხება. თუმცა 2015 წლის შემდეგაც ამ კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა. იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი სახელმწიფო ფარმაცევტული რისკების მართვაში, რამდენად არის მზად, შეაკავოს ბაზარზე უხარისხო წამლების ექსპანსია, უზრუნველყოს ხარისხიან და ეფექტიან წამლებზე ხელმისაწვდომობა, გაანალიზდა ჯანდაცვის სისტემის ეროვნული ანგარიშები, სისტემის შეფასების ანგარიშები, თემატური სისტემატიზებული სტატისტიკური და ფაქტობრივი მასალა პირდაპირი ფარმაცევტული დანახარჯების, წამლის სამომხმარებლო ფასის ინდექსისა და ფასნამატის მარჟების შესახებ, ჩაღრმავებული ინტერვიუები საკვანძო რესპონდენტებთან, სხვა სანდო კვლევები, პუბლიკაციები და აკადემიური ლიტერატურა. ასე რომ, ანალიზი ეფუძნება დოკუმენტებსა და ფაქტობრივ მასალებს.   მონოპოლიური ფასები   მეცნიერული ანალიზიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობა წამლებზე, ყოველწლიურად, საშუალოდ, მშპ-ს 3%-ს ხარჯავს, ანუ ორჯერ მეტს, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები. წამლებზე მაღალი ფასები, მათი არარაციონალური მოხმარება და პირდაპირი (ჯიბიდან) გადახდები, ხარისხთან, უსაფრთხოებასთან და ეფექტიანობასთან ერთად იყო და რჩება ქართული ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად. ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიასა და მონოპოლიურ ფასებზე. ეს ყველაფერი დინამიკაში ასე მოჩანს: „ფარმაცევტულ ბაზარზე ორი კომპანიის მონოპოლიაა, რომელიც საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციას იმპორტის, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და წარმოების სექტორებში ბაზარზე დომინირებისათვის იყენებს, რაც მანიფესტირებული იყო წამლებზე მონოპოლიური ფასებით; მართალია, ხელისუფლება საჯაროდ არ აღიარებდა მონოპოლიას ფარმაცევტულ ბაზარზე, მაგრამ მონოპოლიური ძალაუფლების შესუსტების მიზნით, 2009 წელს კანონმდებლობით დაუშვა პარალელური იმპორტი და ზოგადად განახორციელა ფარმაცევტული სექტორის მასშტაბური დერეგულაცია. 2011 წელს, წინა წლის საშუალო წლიურ მონაცემთან შედარებით, გამოიკვეთა წამლებზე ფასის კლების ტენდენცია. ფონდ „კურაციოს“ კვლევებით საგრძნობლად გაიაფდა რეფერენს ბრენდები. ფასნამატი მათზე 56-%-ით შემცირდა. საქართველოში, გაიაფების ტენდენციის მიუხედავად, საშუალო ფასნამატი მაინც მაღალი რჩებოდა, საშუალოდ 102%“. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი სამედიცინო დაზღვევის გარეშე და, შესაბამისად, ჯანდაცვის ხარჯებისაგან დაუცველი აღმოჩნდა. 2013 წლის თებერვლიდან ამოქმედდა „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“. 2014 წლის მდგომარეობით, ჯანმრთელობის სახელმწიფო და კერძო დაზღვევამ თითქმის სრულად დაფარა მოსახლეობა. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა როგორც ამბულატორიული, ისე ჰოსპიტალური სერვისი, შესაბამისად, იმატა სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისა და მიმართვის რიცხვმა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინებს ამბულატორიული ვიზიტის დროს დანიშნული წამლის ანაზღაურებას, შესაბამისად, თუ წამალი სხვა ვერტიკალური პროგრამის შემადგენელი არ არის, პაციენტს საკუთარი სახსრებით უხდება მისი შეძენა. 2011 წელს წამლებზე დაწყებული საშუალო წლიური ფასის კლების ტენდენცია 2014 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. 2014 წლის ნოემბრიდან ვითარება შეიცვალა და საშუალოდ 7.1%-ით გაიზარდა წამლების ფასი. 2014 წლის იანვართან შედარებით 2015 წლის იანვარში წამლების ღირებულება, საშუალოდ, 16.2%-ით გაიზარდა, თებერვალში ზრდის მაჩვენებელი 11.4% იყო. ასეთია კვლევის შედეგები, რომელსაც, ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ წამლის გაზრდილ ფასებს მოსახლეობა დღესაც იგივენაირად უჩივის, როგორც 2015 წელს, ან წინა წლებში. ამის გამო ბევრი ადამიანისთვის კვლავ მიუწვდომელია ის საჭირო მედიკამენტები, რომლებიც მათ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სჭირდებათ.   უხარისხო წამლები, თაღლითური სქემები და კორუფციის კვლევა   ხშირად გაგვიგონია ისიც, რომ წამალი არის უხარისხო, ფალსიფიცირებული... ეს ამ „მედლის“ ახალი, ასევე პრობლემური მხარეა. აქედან გამომდინარეც,  მკურნალობა არაეფექტიანია. ვინ არის ყოველივეზე პასუხისმგებელი და რატომ ხარჯავს მოსახლეობა ფულს იმაში, რაც მის ჯანმრთელობას არ გააუმჯობესებს? რატომ არ სრულდება მედიცინის მთავარი მოთხოვნა საქართველოში _ არ ავნო? არაეფექტიანი წამალი ხომ დაავადების გახანგრძლივებასა და გართულებას უწყობს ხელს, რასაც პაციენტი ფატალურობამდე მიჰყავს და ამ დანაშაულის აღსაკვეთად ბრძოლა არ არის მნიშვნელოვანი?! ვინ უნდა შიფრავდეს და ებრძოდეს მსგავს თაღლითურ სქემებს და რატომ არაფერს აკეთებს სახელმწიფო? თავადაც ხომ არ იხრჩობიან კორუფციის ჭაობში? ეს ის კითხვებია, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს, მაგრამ უპასუხოდ. ახლა ვნახოთ, რა წერია ამასთან დაკავშირებით აღნიშნულ კვლევაში: „ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მონაცემებით, 2007 წლიდან 2015 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, არ გამოვლენილა წამლის ფალსიფიცირებისა და კონტრაფაქტის არც ერთი შემთხვევა. 2013-დან 2015 წლის ოქტომბრამდე ბაზარზე მხოლოდ 5 სუბსტანდარტული (წუნდებული) წამალი აღმოაჩინეს (სამედიცინო რეგულირების სააგენტო). აღნიშნული პოზიტიური სტატისტიკა არარელევანტურია და მარეგულირებელი ინსტუტიციის ფორმალურობაზე მეტყველებს“. ეს ყველაფერი კი, ცხადია, მიუთითებს, რომ სისტემა გაუმჭვირვალეა და მის მიმართ კითხვებიც არსებობს. სახელმწიფო მმართველობაში კორუფციის კვლევა პოლიტიკურად სენსიტიური თემაა. შესაფასებლად როგორც წესი, ირიბ გზას ირჩევენ _ ზომავენ სისტემის გამჭვირვალობას. რეკომენდირებულია, იგი შეფასდეს მსოფლიო ბანკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის ეროვნულ ინსტიტუციებზე მოდელირებული მეთოდით, რომელშიც მოცული იქნება წამლის ცირკულირების მთელი ჯაჭვი, დაწყებული კვლევებიდან, გაგრძელებული ავტორიზაციით, ფორმულარების შედგენით, შესყიდვით და ა. შ. გამოყენების ჩათვლით, ყველა კრიტიკული სეგმენტი, რომელშიც სახელმწიფო მმართველობა გადაწყვეტილებებს იღებს და ბიზნესის ქცევის კორექციას ახორციელებს. ფარმაცევტული ბიზნესი ცდილობს და ნახულობს შესაძლებლობებს, ჩაერიოს და გავლენა იქონიოს კლინიკურ გადაწყვეტილებებზე, კლინიკურ კვლევებზე და ჯანმრთელობის უწყვეტ განათლების სისტემაზე. ამისათვის ზემოქმედების გზა პირდაპირი და ირიბი ტრანსფერებია, ფორმები კი მრავალფეროვანია: ხელფასი, ჰონორარი, სპონსორობა, საჩუქრები, გართობა, მგზავრობისა და სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსება, სადილები, უწყვეტი განათლება და ა.შ. ფარმაინდუსტრია იყენებს კოოპერაციის როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორაციულ პრაქტიკას, რითაც სამედიცინო ობიექტებსა და მედიცინის მუშაკებს მოისყიდის.   სანშაინის კანონმდებლობა და „პროპუბლიკის“ სტატისტიკა   სანშაინის კანონმდებლობა ადგენს ფარმაცევტული ინდუსტრიისა და ჯანდაცვის პროვაიდერების ინტერაქციების ტრანსფარენტულობას, რომ შესაძლებელი იყოს ამ ინტერაქციების პროფესიულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მონიტორინგი. რეგულაციებით სავალდებულოა ფარმაინდუსტრიის ყოველწლიური ფინანსური რაპორტების იმ ნაწილის გასაჯაროება, რომელშიც სამედიცინო პროვაიდერების, მათ შორის, კონკრეტული ექიმების ტრანსფერებია ასახული. რეგულირება მოწოდებულია ფარმაცევტული და სამედიცინო სისტემის თანამშრომლების ურთიერთობების გამჭვირვალობით, პროფესიული გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობის მხარდაჭერასა და ჯანდაცვის სისტემისადმი პაციენტების ნდობის აღდგენაზე. ცნობისთვის: სანშაინის აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წელს მიიღეს, ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო 2013 წლიდან. 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული დოკუმენტებით დაინტერესდა და მასალა დაამუშავა `პროპუბლიკამ“. ეს არის დამოუკიდებელი არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს ახორციელებს. გამოვლინდა, რომ ფარმაცევტული ინდუსტრიის გავლენა ექიმების მიერ გაკეთებულ დანიშნულებაზე ძალიან დიდია! აი, კიდევ ერთი სკანდალური მონაკვეთი  ჩვენ მიერ მოპოვებული ანალიზიდან. „პროპუბლიკის“ სტატისტიკით, ამერიკაში 10 კარდიოლოგიდან ყოველი 9, ხოლო 10 ოჯახის ექიმიდან ყოველი 7 იმყოფება ფარმაინდუსტრიის გავლენის ქვეშ. ანალოგიურია თანამშრომლობა სამედიცინო ინდუსტრიასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის. 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის დეკემბრამდე 1100-მა საავადმყოფომ 780 მლნ. დოლარი მიიღო სხვადასხვა ღონისძიების სახით. ყველაზე დიდი თანხა, 506 მლნ, როიალთის (საავტორო ჰონორარი) სახით გადაუხადეს ჯანდაცვის პროვაიდერებს, რაც გულისხმობს იმ გადასახადს, რომელსაც ინდუსტრია საავადმყოფოს უხდის გაყიდვების წილის სახით პროდუქტის შექმნაში თანაავტორობისათვის. 104 მლნ. გადახდილი იყო გრანტის სახით, 168 მლნ. კი განათლების, კონსულტაციის, სპიკერობის, ქველმოქმედებისა და საჩუქრების სახით. 1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მოდიოდა კვლევაზე. საფრანგეთსა და დანიაშიც სავალდებულოა საპრომოციო ხარჯების გასაჯაროვება, დიდ ბრიტანეთში 2014 წელს დაიწყო პროცესი, პორტუგალიაში სანშაინის ტიპის რეგულაციები 2013 წელს შემოიღეს. დანარჩენ ევროპაში ფარმაცევტული ინდუსტრიისა და ასოციაციების ევროპული ფედერაციის ღიაობის კოდექსის ფარგლებში რეგულაციების შემოღებას 2016 წლის ივნისში ელოდებიან.   მუხლი 30, პუნქტი 2   „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან გარიგებას „ინტერესთა შეუთავსებლობად“ აკვალიფიცირებს და სამედიცინო დაწესებულებას და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს ავალდებულებს, არ დადონ ასეთი გარიგება. „სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებული არიან, დაიცვან ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები: არ შევიდნენ გარიგებაში რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ან/და ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებენ პაციენტებს და ამით რაიმე მატერიალურ სარგებელს ნახავენ“ (მუხლი 30 პუნქტი 2). ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება 1000 ლარით, განმეორებით შემთხვევებში 2000 ლარით. ამ შეზღუდვის პირობებში ლოგიკურია, რომ ფარმაცევტული კომპანიების თვითრეგულაციისთვის შექმნილი კოდექსი საქართველოში არ ითვალისწინებს პრომოუშენის ხარჯების გასაჯაროებას და ამით რეალური პრობლემა მხოლოდ ფორმალურად იფუთება“.   რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ყოველივე ზემოაღნიშნულიდან? ალბათ ასეთის: გარემო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, მედიცინის, ფარმაკოლოგიის კუთხით არის შექმნილი, მიუთითებს, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება დაცული არ არის და მათ მდგომარეობას მავანი დიდი ფულის საკეთებლად იყენებს. ფარმაკოლოგია გახდა მხოლოდ ბინძური გარიგებებისა და შავი ფულის კეთების, გვამებზე გადაბიჯების წყარო, რითაც ირღვევა უზენაესი კანონი _ კონსტიტუცია, თუმცა ამაზეც არავინ დარდობს. კვლევის სკანდალური მონაცემები ცხადია, ამით არ შემოიფარგლება. კიდევ უფრო მეტი სკანდალი ჩვენს მკითხველს წინ ელის. ამჯერად კი, ალბათ, საინტერესოა, რას ფიქრობს და იტყვის ყოველივეზე ქვეყანაში ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი  სამინისტრო და როგორ გაიმართლებს იგი თავს?     ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს „ქრონიკა+“-ის მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით. გვაინტერესებდა, მათთვის თუ იყო ცნობილი 2015 წელს მომზადებული ამ ანალიზური მიმოხილვის შესახებ და როგორ აფასებდნენ მას? ასევე, ანალიზში მოყვანილი სტატისტიკა რამდენად არის იდენტური მათ სტატისტიკასთან? რამდენი პროცენტით არის გაზრდილი ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები და რატომ? 2007 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით, წამლის ფალსიფიცირებისა და კონტრაფაქტის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა? დგას თუ არა დღის წესრიგში „სანშაინის აქტის“ გაზიარება? რა აზრის არიან მასზე და სჭირდება თუ არა საქართველოში არსებულ მდგომარეობას მსგავსი რეგულაცია? სააგენტომ ჩვენ მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას იმიტომ არ უპასუხა, რომ, თურმე, მათი პრეროგატივა არ არის. ამ საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან (აფბა) გადაგვამისამართეს, რომელთან დაკავშირებაც, ამ ეტაპისთვის, ვერ შევძელით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო წერილში მათ კომენტარს აუცილებლად მოვიპოვებთ და გავარკვევთ, რამდენი პროცენტით მოიმატა წამლის ფასმა და რატომ? სხვა კითხვებზე კი ასეთი პასუხი მივიღეთ: _ „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის“ ფარგლებში, სამკურნალო საშუალებების ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგად, დადგენილია ფალსიფიცირებული და სუბსტანდარტული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის ფაქტები, კერძოდ: 2008 წ. _ 3 (სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიმუში); 2009 წ. _ 3 (ფარმაცევტულ ბაზარზე შეძენილი ფარმაცევტული პროდუქტი); 2010 წ. _ 6 (ფარმაცევტულ ბაზარზე შეძენილი ფარმაცევტული პროდუქტი); 2011 წ. _ 7 (ფარმაცევტულ ბაზარზე შეძენილი ფარმაცევტული პროდუქტი); 2012 წ. _ 4 (ფარმაცევტულ ბაზარზე შეძენილი ფარმაცევტული პროდუქტი); 2013 წ. _ 1 (ფარმაცევტულ ბაზარზე შეძენილი ფარმაცევტული პროდუქტი); 2014 წ. _ 3 (ფარმაცევტულ ბაზარზე შეძენილი ფარმაცევტული პროდუქტი); 1 (დაწესებულებიდან სინჯის სახით ამოღებული); 2015 წ. _ 2 (ფარმაცევტულ ბაზარზე შეძენილი ფარმაცევტული პროდუქტი); 1 (დაწესებულებიდან სინჯის სახით ამოღებული); 9 (სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიმუში). რაც შეეხება „სანშაინის აქტს“, რომელიც აშშ-ში რამდენიმე წლის წინათ მიიღეს, ევროპაში კი ნებაყოფლობით ინერგება EFPIA-ს მიერ (ფარმაცევტული მრეწველობისა და ასოციაციების ევროპის ფედერაცია) და მოწოდებულია ჯანდაცვის პროვაიდერებსა და ფარმაცევტული და სამედიცინო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ფინანსური ურთიერთობების  გამჭვირვალობის გასაზრდელად,  მისასალმებელი მოთხოვნაა. ასეთი ანგარიშგება მწარმოებლების მხრიდან ხელს შეუწყობს ექიმებსა და მწარმოებლებს შორის კეთილსინდისიერი ურთიერთობების განმტკიცებას, რაც თანხვედრაშია როგორც პაციენტების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებთან. ამავე დროს, მსგავსი ინიციატივის წამოყენება არ წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პრეროგატივას. ბაზარზე მოქმედი კომპანიების ფინანსური ოპერაციების კონტროლი, ისევე როგორც მედიკამენტების ფასების კონტროლი, ან ფასწარმოქმნის რეგულირება, არ შეადგენს სააგენტოს ფუნქციებს.  

                                                                                                        ნელი ვარდიაშვილი

       

გაზიარება