როგორია ქართული ოჯახის ყოველდღიური მენიუ? _ ამის შესახებ სპეციალისტებმა კვების ეროვნული კვლევა ჩაატარეს და საგანგაშო შედეგები მიიღეს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ყოველ მესამე ოჯახს სურსათის საყიდლად საკმარისი თანხა არ გააჩნია. ამ არცთუ სასიამოვნო და მძიმე სიტუაციის შესაცვლელად მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა, სურსათის უვნებლობისა და კვების ეროვნული პოლიტიკის, ქვეყნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც ყველა პასუხისმგებელი უწყების სერიოზულ მუშაობას გულისხმობს.
ორგანიზაცია „ოქსფამმა“ რამდენიმე წელია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასურსათო უსაფრთხოების პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლისთვისაც მთავარია ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა. ამ ყველაფრისთვის კი შესასწავლი იყო საქართველოს მოსახლეობის კვების ხარისხის დონე, ამიტომ ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა კვების ეროვნული კვლევა ჩაატარა, რომელსაც ნუტრიციის ექსპერტი, თამარ მანჯავიძე ხელმძღვანელობდა.
თამარ მანჯავიძე _ ნუტრიციის ექსპერტი:
_ კვლევისას, ოჯახების კვების შესწავლის გარდა, ცალ-ცალკე გაანალიზდა ოჯახის წევრების _ ზრდასრული ადამიანებისა და 10-17 წლის ბავშვების, ახალგაზრდების კვების მრავალფეროვნების მდგომარეობა. გამოვლინდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (სოფლად თუ ქალაქში) სრულფასოვნად ვერ იკვებება. პროდუქტის შეძენისას მათთვის ძირითადი კრიტერიუმი ხარისხი და ფასია. უმრავლესობა შესასყიდი პროდუქტის ეტიკეტს კითხულობს, ინტერესდება ვარგისიანობის ვადით და ფასით.
გამოკითხულებიდან ნახევარზე მეტი გარკვეული პროდუქტების ნაკლებობას ასახელებს, ანუ ისინი მათი რაციონიდან გამორიცხულია. ხშირია ხორცის მიუღებლობის ფაქტები, ზოგიერთი ოჯახი ყველა სახის სურსათის ნაკლებობას მთელი წლის განმავლობაში განიცდის. ყველაზე მძიმე თვეებად ასახელებენ თებერვალს, მარტსა და აპრილს. სურსათის დეფიციტის მთავარი მიზეზი ფინანსური ხელმიუწვდომობაა. ყოველი მესამე გამოკითხული ოჯახი აცხადებს, რომ მას არ აქვს საკმარისი თანხა სურსათის საყიდლად.
კვლევა ავლენს იმას, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად მიირთმევენ შემდეგ კერძებს: შემწვარ კარტოფილს, ლობიოს კერძს, აჯაფსანდალს. ხორციანი კერძები გამოკითხულთათვის შედარებით იშვიათია.
მოკლედ, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი კვების საშუალო მრავალფეროვნებით ხასიათდება. დაბალი და საშუალო მრავალფეროვანი კვების მქონე ოჯახების უმეტესობა იღებს: მარცვლეულს, ზეთსა და ბოსტნეულს. ბოსტნეულის მიღების მაღალი წილი შეიძლება იმ ფაქტით აიხსნას, რომ კვლევა ზაფხულში ჩატარდა, როცა ახალი ბოსტნეულის მოხმარება მაღალია. მაგრამ მიუხედავად ზაფხულისა, გამოკითხული ოჯახებიდან ხილს მხოლოდ 46% იღებს, მიზეზი ეკონომიკური ფაქტორია, ხორცი და ხილი ძვირია. ამ პროდუქტებს სიტემატურად მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახები მიირთმევენ. ასევე დაბალია რკინით მდიდარი პროდუქტებით ორგანიზმის გაძლიერება და ამის დეფიციტს განსაკუთრებით მარტოხელა პენსიონერების ოჯახები განიცდიან. სრულწლოვანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი კვება არაჯანსაღია. ზოგი ფიქრობს, რომ ჯანსაღი კვება მხოლოდ ბოსტნეულის მიღებაა.
10-17 წლის ახალგაზრდები ნაკლებ ბოსტნეულს, ზეთს, რძეს და რძის პროდუქტებს იღებენ, ვიდრე სრულწლოვნები. გამოკითხული ბავშვების უმეტესობამ აღნიშნა, რომ კვირაში რამდენჯერმე ჭამენ ტკბილეულს და სვამენ გაზიან უალკოჰოლო სასმელებს. ქალების 50% (ვისაც 100-1000 ლარი აქვს ყოველთვიური შემოსავალი) მოიხმარს 4 ჯგუფის საკვებს: მარცვლეულს, მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, ბოსტნეულს, რძესა და რძის პროდუქტებს, მაშინ, როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ჯგუფის საკვებს. ხილს და ხორცს მოიხმარს ქალების მხოლოდ ის ჯგუფი, რომელსაც 1000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს.
მოკლედ, ყოველ მესამე ოჯახს არ გააჩნია საკმარისი თანხა სურსათის საყიდლად. უვნებელი პროდუქტი და ჯანსაღი კვება კი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გარანტიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის ნუტრიცია. თუ მოზარდის ორგანიზმი სწორად არ გამოიკვება, განვითარება შეფერხდება, რაც მათ გონებრივ შესაძლებლობებზე, ათვისების უნარსა და მომავალზე იმოქმედებს. ამ არცთუ სასიამოვნო და მძიმე სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა, სურსათის უვნებლობისა და კვების ეროვნული პოლიტიკის, ქვეყნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც ყველა პასუხისმგებელი უწყების სერიოზულ მუშაობას გულისხმობს.
მადონა კოიძე _ „მომხმარებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი:
_ საქართველოს მოსახლეობა ჯანსაღად რომ არ იკვებება, სიახლე არავისთვის არის. კვლევების ჩატარებაც არ არის საჭირო, თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში ერთ ადამიანზე რა რაოდენობის ხელფასია გამოყოფილი. კვებისთვის საჭირო პროდუქტს ადამიანი ვერ იძენს, სამომხმარებლო კალათა ძალიან ღარიბია, პენსიონერსა და, სხვათა შორის, საშუალო შემოსავლების, მქონე ადამიანსაც არ შეუძლია შეიძინოს საჭირო რაოდენობით ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და ხილ-ბოსტნეული. საქართველოში კვების ძალიან დიდი წილი მოდის ბურღულეულზე, მაკარონსა და პურ-ფუნთუშეულზე, რაც სრულყოფილად არ ავსებს ორგანიზმს, აქედან გამომდინარე, დაბალია ადამიანის პროდუქტიულობა. რადგან ვერ ღებულობს საჭირო კალორიებს, რომელიც სრულყოფილი არსებობისთვისაა საჭირო და მის რაციონში არ შედის ვიტამინები, ცილები თუ ნახშირწყლები, თავისთავად, ადამიანი სრულყოფილად ვერ მუშაობს და მისი ჯანმრთელობა ბევრად ადრე ზიანდება, იმუნიტეტი ქვეითდება და შრომისუნარიანობა ძალიან იკლებს.
რაც შეეხება სტრატეგიულ გეგმას, ის ახალი თემა არ არის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის უვნებლობის განსასაზღვრ გეგმას და სტრატეგიას ყოველწლიურად იღებს. ზუსტად იმ გეგმისა და სტრატეგიის მეშვეობით მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლთან მიმართებით რისკების განსასაზღვრად რეგიონებში, ვეტერინარიაში და ა. შ. რაც შეეხება სტრატეგიას, პოლიტიკა განსაზღვრულია და ერთი ეგზემპლარი მეც მაქვს. რამდენად სრულყოფილია, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. რაღაც-რაღაცები სადავოა, მაგრამ სტრატეგია მაინც არსებობს. რაც შეეხება გამოსავალს _ სასწრაფოდ უნდა დაჯდეს ეკონომისტთა ჯგუფი და სამომხმარებლო კალათა სწორად უნდა განისაზღვროს. ამ ჯგუფში აუცილებლად უნდა შევიდნენ სურსათის უსაფრთხოების სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, იმუნოლოგები და ა. შ. სხვათა შორის, სხვადასხვა რეგიონის მიხედვით ჩამოყალიბებულია და უკვე არსებობს განსაზღვრება, ზრდასრული ადამიანის სრულყოფილი კვებისთვის რამდენი ცილა, ნახშირწყალი თუ ცხიმია საჭირო, რა სახით უნდა მიიღონ და რა რაოდენობით? ამის მიხედვით უნდა შედგეს ახალი სამომხმარებლო კალათა, აუცილებლად უნდა გადაიხედოს საარსებო მინიმუმი. „ქართული ოცნების“ დაპირება საქართველოში მცხოვრებ პენსიონერებს, ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებს, რომ სახელმწიფო ხელახლა გადაითვლიდა და საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით გაზრდიდა პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს, ეს ფუფუნებაა. აქ საუბარია არსებობაზე და არა ფუფუნებაზე! მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იმ 160 ლარს კომუნალური გადასახადები უნდა გამოვაკლოთ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ცვეთა, ტრანსპორტი, ამ ყევლაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად, 160 ლარით ერთ სულ მოსახლეზე არსებობა, დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ძალიან რთულ მდგომარეობაშია საქართველოში მცხოვრბ ადამიათა უმრავლესობა. ამიტომ ვიმეორებ: სასწრაფოდ სწორად უნდა განისაზღვროს საარსებო მინიმუმი.
ის მდგომარეობა, რაც დღესდღეობით გვაქვს, რომ თურმე ერთი მაცივარი დგას სახლში და ერთი მობილური აქვს ვიღაცას, ან დივანი და ამიტომ სოციალურადც დაუცველის სტატუსი უნდა მოეხსნას, ყოვლად დაუშვებელია! სახელმწიფომ რომ ნაკლები პენსია გასცეს, ინვალიდობის პენსია ისეთ ადამიანებს შეუწყვიტა, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არ არის ისეთი პოლიტიკა, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. ხელისუფლება უნდა იყოს საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული და საქართველოს ყველა ის რესურსი აქვს, რომ ამ ქვეყანაში მშიერი და ხელგამოწვდილი ადამიანი არ არსებობდეს! საკმაოდ ბევრი მატერიალურად ძლიერი პიროვნება გყვავს. ისინი ფინანსურ დახმარებებს არ იშურებენ სოციალურად დაუცველთა ფენისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად უნდა ხდებოდეს და არავის ჯიბეში არ უნდა ილექებოდეს!
თამარ ბატიაშვილი