QronikaPlus
ეფემია სიმონიშვილი: „იცით, რა ძალა და გავლენა აქვს დიმიტრი ხუნდაძეს?!“

ეფემია სიმონიშვილი: „იცით, რა ძალა და გავლენა აქვს დიმიტრი ხუნდაძეს?!“

2016-08-16 11:33:08

პედაგოგი ეფემია სიმონიშვილი 2014 წლამდე სოფელ წეროვანში საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა, შემდეგ კი სოფელ ნავაზის კლუბი ჩაიბარა. რეორგანიზაციის შედეგად მცხეთის გამგეობამ მისი სამსახური გააუქმა. სიმონიშვილის თქმით, ეს ყველაფერი ფორმალურად მოხდა, რადგან გამგებლის მოადგილემ სამსახურიდან მისი განთავისუფლება გადაწყვიტა. როგორც სიმონიშვილი აღნიშნავს, ამ ყველაფრის უკან დგას საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი _ დიმიტრი ხუნდაძე.   „ქრონიკა+“-ს ეფემია სიმონიშვილი ესაუბრება:   _ 2014 წლის ოქტომბრამდე ვიყავი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #1-ლი საჯარო სკოლის დირექტორი. „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში, როცა პენსიონერებს უგულებელყოფდნენ, რაიონის ხელმძღვანელობამ უკონკურსოდ მიმავლინა საჯარო სკოლის დირექტორად. მანამდე, მთელი ჩემი ახალგაზრდობა, ამ სოფელში გავატარე. მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩემი საქმიანობის შესახებ იცოდა და არც ველოდი, ისე აღმოვჩნდი წეროვნის საჯარო სკოლის დირექტორი. 2012 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლება შეიცვალა, ჩემთვის ერთ დროს ძალიან საყვარელ ადამიანთან, დიტოსთან, ოჯახურ ვახშამზე ვიმყოფებოდი და ვუთხარი, _ რადგან „ნაციონალებმა“ ამ ადგილზე დამნიშნეს, არჩევნებზე მათ დავუჭირე მხარი და შენ, როგორც მაჟორიტარს, ისე მოგეცი ხმა-მეთქი. 2012 წლიდან დღემდე დიტომ ეს არ მაპატია. _ დიმიტრი ხუნდაძეზე საუბრობთ? _ დიახ, საქართველოს პარლამენტში მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატზე, დიმიტრი ხუნდაძეზე ვსაუბრობ. ის ჩემი რძლის ძმა გახლავთ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამის გამო მსგავსი უსიამოვნება შემემთხვეოდა. მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. 2012 წლის არჩევნებში ჩემმა მასწავლებლებმა მას დაუჭირეს მხარი და წეროვნიდან საკმაოდ ბევრი ხმა წამოიღო. რადგან 68 წლის ვარ, ტესტირება არ გავიარე და, თავისთავად ცხადია, სკოლა უნდა დამეტოვებინა. ჯერ სკოლიდან წამოსული არ ვიყავი, როცა დიტოს თხოვნით მივმართე, კულტურის სფეროში ჩემთვის რამე ადგილი მოეძებნა. 8 თვე გავიდა და ყურადღება არ მომაქცია. დავეჭვდი. ჩემს რძალს ვუთხარი, ძმასთან გაერკვია, რა ხდებოდა და ასეთი პასუხი მივიღე: რა ვქნა, „ნაციონალებს“ რომ მხარი დაუჭირე, დიტოს ამიტომ არ უყვარხარო. როცა ადრე პრესაში ვკითხულობდი და მსგავსი რაღაცები შორიდან მესმოდა, ამას საკუთარ თავზე წარმოუდგენლად მივიჩნევდი. 8 თვე გავიდა, უმუშევარი ვიყავი, აგარაკი მქონდა და გავყიდე, თავი რომ მერჩინა. საკრებულოს თავმჯდომარე იყო არაჩვეულებრივი პიროვნება _ გურამ ანსიანი, რომელმაც ჩემი ავტობიოგრაფია წაიკიხა და მითხრა: სოფელ ნავაზის კლუბს ვარემონტებთ და იმას ჩაგაბარებთო. 27 აგვისტო იყო, როცა ნავაზის კლუბი ჩავიბარე. 8 თვის თავზე მადონა ჯიქიამ (ხუნდაძის ყოფილი მდივანი, ახლა გამგებლის მოადგილეა) სამსახურიდან გამომიშვა. _ განთავისუფლების მიზეზი რა იყო? _ დიმიტრი ხუნდაძეს დიდი ძალა და გავლენა აქვს! მან და მისმა ყოფილმა მდივანმა მცხეთის ბერკეტები ხელთ იგდეს. მადონა ჯიქიამ არარაობად აქცია გამგებელი და პირველობისთვის ისწრაფის. მცხეთას ეს ორი ადამიანი მართავს. ჩემი განადგურება როგორ უნდა ვაპატიო?! საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდეს! მიზეზი იყო ვითომ რეორგანიზაცია. ეს ყველაფერი კი ფორმალურად მოხდა. ჯიქიამ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ სიცრუეზე დაყრდნობით, შეუმოწმებელი არგუმენტებით, სოფლის კულტურის კერა გააუქმა, სადაც მოკლე ხნის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ჯიქიამ თანამდებობაზე დანიშვნის დროს მმართველობის იარაღად მორალური ტერორი აირჩია მისთვის მიუღებელი პიროვნებების მიმართ. „ოლიმპოსაკენ მიმავალი გზა“ ხუნდაძემ გაუხსნა, რადგან დეპუტატი რაიონის მონოპოლიური მმართველია. მუნიციპალიტეტის გამგებლის, აბესაძის გადაწყვეტილებით, კულტურის სამსახურში რეორგანიზაცია ჩატარდა: გაუქმდა სოფელ ძალისის, წილკნის, საგურამოსა და ნავაზის კლუბები; ანტიკულტურისტმა ჯიქიამ წილკნისა და ძალისის კლუბების სამხატვრო ხელმძღვანელები ერედის კლუბში სპეციალისტებად გადაიყვანა; ნავაზის კლუბის სპეციალისტი ბულბულაშვილი _ ნატახტრის კლუბში; ნატახტრის კლუბში დასაქმებული დრიაშვილი, რომელიც 11 აპრილს დაინიშნა, ნავაზის გაუქმებულ კულტურის ცენტრში „მოღვაწეობს“, სადაც წრეების მუშაობა და საარჩევნო სამზადისი მიმდინარეობს. „სოფლიდან ხმები!“ _ ასეთია ჯიქიას დევიზი. დეპუტატის ყოფილი მდივანი ამჟამად დეპუტატობის კანდიდატის გულის მოსაგებად ყველაფერს აკეთებს. დრიაშვილის გვერდით მყოფი ახალგაზრდები ხუნდაძისა და ჯიქიას საამებლად საარჩევნოდ აქტიურობენ. მხოლოდ მე აღმოვჩნდი ჯიქიას სამიზნე. მისი ხელშეწყობით დანიშნული კულტურის სამსახურის თანამშრომლები კომიკურ სიტუაციაში არიან. რამდენიმე ხნის წინათ გაათავისუფლა 11 აპრილს მოვლენილი უუნარო კულტურის გაერთიანების დირექტორი და მის ადგილზე ახალი ხელმძღვანელი დანიშნა. ჯიქიას მცხეთური შოუ დღემდე გრძელდება. უსამართლობის სიმბოლოს სურვილით იმართება რაიონი. იგი მცხეთის ბერკეტებს დაეპატრონა. ამჟამად ფეშენებელურ მარკეტს იშენებს და პირველობის იმიჯისათვის ისწრაფის. დიდი ნაპრალია ამ ქალბატონსა და რაიონის მოსახლეობას შორის. მისი საქციელიდან იგრძნობა ბოღმა, ცინიზმი, კულტურის დეფიციტი, ქედმაღლობა! იგი ხლართავს ინტრიგებს, ყველას და ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მისი ქმედებით მოსახლეობა მალე აფეთქდება. შეუწყნარებლობის გამოხატულებაა რაიონის ხელმძღვანელთა უსამართლობა და უსულგულობა. გუბერნიასა და საკრებულოს სამსახურში აღგენასთან დაკავშირებით წერილით მივმართე, მაგრამ ამაოდ. ყოველგვარი მეთოდები გამოვიყენე მშვიდობიანი ატმოსფეროს შესაქმნელად, მარადიულმა ცოდვილებმა კი ჩემგან მტრის ხატი შექმნეს. _ სასამართლოს მიმართეთ? _ დიახ, მივმართე და 3 დღეა, გადაწყვეტილება ჩამბარდა. მოსამართლე თამარ ხაჟომიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და ბათილად ცნო ააიპ თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 11 აპრილის #109 ბრძანება. ასევე, მათ დაევალა კომპენსაციის გადახდა 6 თვის ხელფასის ოდენობით. გასაჩივრების ვადა 12 დღე აქვთ. როგორც მითხრეს, ასაჩივრებენ. მუხრანის კულტურის სახლში ვითხოვე დასაქმება და მიპასუხეს, _ შტატი არ არისო. რას აპირებენ, პასუხი დღემდე არ ისმის. ვიმეორებ: ამ ყველაფრის უკან ჯიქია და ხუნდაძე დგანან! მათ მცხეთა-მთიანეთის ხელმძღვანელებზე გაცილებით მეტი უპირატესობა აქვთ. მცხეთაში „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ ძალისხმევით კეთდება ყველაფერი. 11 აპრილიდან დღემდე ჩემ მიმართ ფსიქოლოგიური წნეხი და ტერორი ხორციელდება. ოპონენტები ჩემი მისამართით შეგნებულად ამკვიდრებენ უნდობლობას, საჯარო სამსახურში დასაქმებული უახლოესი მეგობრები და კოლეგები აღარ მეხმიანებიან, რათა დაუმორჩილებელ ადამიანთან ურთიერთობით საყვედური არ დაიმსახურონ. მცხეთაში თავს მიუსაფრად ვგრძნობ, ამიტომ იქაურობა მივატოვე და საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანგარიშს თუ დავიმოწმებთ, ხუნდაძის მთავარი ღირებულება ყოფილა „ადამიანი და მისთვის ყველაზე ძვირფასი _ სიცოცხლე“. სამწუხაროდ, მან დაივიწყა ადამიანური ვალი და ბევრი ფიზიკურად გაანადგურა. ჩემი მოთხოვნაა, დაკმაყოფილდეს სასამართლოს გადაწყვეტილება! არ დავთმობ და ბოლომდე ვიბრძოლებ!   „ქრონიკა+“ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. გამგებლის პირველმა მოადგილემ, მადონა ჯიქიამ, მათი მეშვეობით გადმოგვცა, რომ მზად იყო, კომენტარი გაეკეთებინა და ჩვენს სატელეფონო ზარს ელოდებოდა. ამის მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში მან არ გვიპასუხა. სამაგიეროდ, კომენტარი გააკეთა დიმიტრი ხუნდაძემ: _ ბრალდება, რომ მე ეფემია სიმონიშვილს არ ვაპატიე ის, რომ „ნაციონალებს“ დაუჭირა მხარი და ამის გამო დავსაჯე. აბა, დააკვირდით, 2012 წელს ჩვენ რომ მოვედით ხელისუფლებაში, ის საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა, ამის შემდეგ მუშაობდა ნავაზის კულტურის სახლის ხელმძღვანელად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, მის განთავისუფლებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მერე ვიკითხე და აღმოჩნდა, რომ კი არ გაათავისუფლეს, სკოლიდან წამოვიდა იმის გამო, რომ გამოცდები არ ჰქონდა ჩაბარებული. რა შუაშია ჩემი მხრიდან ზეწოლა? კულტურის სახლის ხელმძღვანელად როდესაც მუშაობდა, იქ შეუმუშავებიათ სოფლის პროგრამა, შენობის ნაწილში უნდა განთავსებულიყო ბიბლიოთეკა და ნაწილი დაქვემდებარებოდა წრეობრივ მუშაობას. ეს არის ტყული და ცილისწამება. თუ მას პრეტენზია აქვს, რომ უსამსახუროდ დარჩა და რადგან ჩემი ნათესავია, მისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიმექცია, ჯერ ერთი, მე არ ვმონაწილეობ სამსახურებში დასაქმებაზე და მეორე, პრივილეგიას ნათესაობის გამო ვერავის მივანიჭებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, 2014 წლის ჩათვლით ის მუშაობდა საჯარო სამსახურში და დეპუტატი არაფერ შუაშია.  

                                                                         თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება