კოსტიუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი რუსთავის თეატრის ხელმძღვანელისგან მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციაზე საუბრობს. მხატვარს, რომელმაც ამ თეატრში 6 წელიწადზე მეტი იმუშავა და ამ პერიოდის მანძილზე თითქმის ყველა სპექტაკლი გააფორმა, ხელმძღვანელობისგან საყვედურიც არ მიუღია და თანამშრომლების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდა. რამდენიმე თვის წინათ თეატრში მოსულმა ახალმა ხელმძღვანელმა კი, სამსახურიდან რომ გაეთავისუფლებინა, ამ მიზნით კოსტიუმების მხატვრის ერთადერთი შტატი გააუქმა.
რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მუნიციპალური თეატრის დირექტორად მსახიობი ზვიად დოლიძე ისე დანიშნა, არც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის უკითხავს აზრი და არც _ დასის წევრებისთვის. ფინანსური ხელმძღვანელის ადგილი ჯერ ვაკანტური არ იყო, როდესაც ჯიქიამ კანდიდატურა შეარჩია. საფუძვლად კი თეატრში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების დასკვნა დაუდო, რომლის მიხედვითაც, ყოფილ დირექტორს ფინანსური დარღვევებისთვის ედავებოდა. რუსთავის მერის ასეთმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, რადგან მისი წინამორბედის მხრიდან წარსულშიც ხდებოდა მსგავსი ფაქტები, რამაც თეატრის პარალიზება გამოიწვია. რატომ გახდა საჭირო თეატრიდან დირექტორის მოშორება და მისი ჩანაცვლება მსახიობ ზვიად დოლიძით? ადამიანით, რომელიც 12 წლის წინათ რუსთავის თეატრიდან საკუთარი სურვილით წავიდა? ამ საკითხზე „ქრონიკა+“ უკვე წერდა.
კარგად ინფორმირებული წყარო ყვება, რომ ამ ყველაფრის უკან პარლამენტარი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე დგას, რომელმაც კარგად იცის, მომავალ არჩევნებზე მისი ადგილი პარლამენტში აღარ მოიძებნება. ქავთარაძეს ისიც კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე უკმაყოფილო ზესტაფონელების ამბებმაც მიაღწია, რომლებიც ჩივიან, _ დამლაგებელიც კი ვერ დავნიშნეთ ქავთარაძის გარეშეო. „ხომ არ გგონიათ, რუსთავის თეატრში მოვა და იქ დაჯდება გოგი, დასვამს თავისიანს და ისე გააკეთებს ფულს. ზვიად დოლიძე მისი სტუდენტი იყო. ქავთარაძე რუსთავის თეატრიდან უკმაყოფილო რომ წავიდა და მსახიობების ნახევარი თან გაიყოლა, დოლიძეც მათ შორის იყო. ახლა შეუყვარდათ ეს თეატრი? თეატრის რემონტს აპირებენ, სხვა თანხებიც გამოჩნდება, ასეთ საქმეებში იჭრება ფული, მაგის მეტი რა იცის... ერთი ჰკითხეთ, რატომ გადაიფიქრა ივანიშვილმა თეატრალური საზოგადოების შენობის რემონტი და ყველაფერი ცხადზე ცხადი გახდება“, _ ამბობს წყარო.
ამ სიცხადის წარმოჩენას დიდი დრო არ დასჭირვებია. ჯერ იყო და ქალაქის მერმა თეატრის ყოფილ დირექტორს საკუთარი ხელით განცხადების დაწერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გაშვებით დაემუქრა. რამდენიმე დღის განმავლობაში დირექტორი განცხადების დაწერაზე თავს იკავებდა, ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც თეატრში სხვა პოზიციაზე დატოვებისა და იგივე ხელფასის შენარჩუნების გარანტია მიიღო. მან შტატგარეშე კონსულტანტის პოსტი, თითქმის, იმავე ხელფასით ჩაიბარა, რაც დირექტორობის პერიოდში ჰქონდა. თან იმ პირობით, რომ 3 თვის შემდეგ შტატიანი თანამშრომელი გახდებოდა. თუმცა ეს ყველაფერი სულ ცოტა ხანში ტყუილი აღმოჩნდა, ყოფილ დირექტორს საკუთარი ხელით დაწერილი განცხადება გამოსტყუეს და სახლში ისე გაუშვეს. ცოტა ხანში საკონკურსო კომისიის მიერ არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელიც ჩამოაქვეითეს და რიგით რეჟისორად გადაიყვანეს, მისი ადგილი ზვიად დოლიძემ დაიკავა, დირექტორობა კი მის მიყვანილ ახალ ბუღალტერს შეუთავსა.
რამდენიმე კვირაა, დოლიძის მსხვერპლი კოსტიუმების მხატვარი, ქეთევან ციციშვილი გახდა, რომელიც წლებია, ამ თეატრში მუშაობს. ციციშვილმა უკანასკნელი ორი წლის მანძილზე 20 სპექტაკლი გააფორმა და ის წარმატებები, რომელიც თეატრმა ბოლო პერიოდში მოიპოვა, გარკვეულწილად, მის სახელსაც უკავშირდება. მხატვრისთვის დღემდე პასუხგაუცემელ კითხვად რჩება, _ რატომ გააუქმეს კოსტიუმების მხატვრის ერთადერთი შტატი, სადაც მცირე ანაზღაურება ჰქონდა? რატომ გახდა ქალაქის ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთი ამხელა ორგანიზაციაში, მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთი ადამიანის ხელფასი იმ დროს, როცა დოლიძემ შტატები დაამატა და ერთსა და იმავე პოზიციაზე რამდენიმე ადამიანი დანიშნა? „ქრონიკა+“-ს წყარო უყვება, რომ აქაც გოგი ქავთარაძის ინტერესები იკვეთება, რომელიც რუსთავის თეატრში უკვე მუშაობს, როგორც მიწვეული რეჟისორი და სპექტაკლს დგამს. სპექტაკლის კოსტიუმებზე მისი გერი დაასაქმა და ქავთარაძემ სწორედ მისთვის მოინდომა ციციშვილის ადგილი. იქიდან გამომდინარე, რომ ძნელი იყო თანამშრომლის განთავისუფლება, რომელსაც თეატრისთვის წარმატების მეტი არაფერი მოუტანია, შტატი გააუქმეს, ცოტა ხანში სახელს შეუცვლიან და ქავთარაძის კადრსაც დანიშნავენ. საბოლოო სიტყვას სამართალდამცველი ორგანოები იტყვიან. ქეთევან ციციშვილი გაჩერებას არ აპირებს და მისი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობს.
ქეთევან ციციშვილი:
_ სამხატვრო აკადემია 2009 წელს დავამთავრე და მაშინვე დავიწყე მუშაობა რუსთავის თეატრში კოსტიუმების მხატვრად. მაშინ რუსთავის თეატრს გოჩა კაპანაძე ხელმძღვანელობდა და პირველად სწორედ მისი სპექტაკლი გავაფორმე, ჩემი პირველი სამსახურიც ეს იყო. 2014 წლამდე რუსთავის თეატრში ვმუშაობდი, როგორც მიწვეული მხატვარი, შემდეგ შტატში ამიყვანეს. ბოლო ორი წლის მანძილზე 20 სპექტაკლი გავაფორმე. ამ პერიოდში, რაც კი რუსთავის თეატრში დაიდგა, ყველა სპექტაკლის კოსტიუმები ჩემი შექმნილია. რუსთავის გარდა ვიმუშავე მარჯანიშვილის, ქუთაისის, ოზურგეთის, ცხინვალის, ბაქოსა და სხვა თეატრებში. პარალელურ რეჟიმში უამრავ რეჟისორთან ვთანამშრომლობდი და ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება. გასულ წელს გოგა თავაძის სპექტაკლის გაფორმებისთვის თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო სცენოგრაფიისა და კოსტიუმებისთვის ჯილდოც მივიღე.
ჩემთვის გაურკვეველია, რატომ გამომიშვეს რუსთავის თეატრიდან?! ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. ახალ დირექციასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობდი, არ მქონია კონფლიქტი და არ მიმიღია საყვედური. ივნისის ბოლოს ზვიად დოლიძემ მითხრა, რომ ჩემს შტატს აუქმებდა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მართლაც დამირეკეს კადრების განყოფილებიდან, რომ ბრძანებაზე ხელი მომეწერა. რადგან საკუთარი სურვილით არ წამოვსულვარ, შესაბამისად, არც ხელი მომიწერია. ჩემ მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, თუმცა რა დგას ამის უკან, გაურკვეველია. თანამშრომლებისგან დიდი მხარდაჭერა მქონდა, ყველა გაოგნებულია, დღემდე მირეკავენ და მეუბნებიან, რომ თუ მათი მხარდაჭერა დამჭირდება, ჩემ გვერდით დადგებიან. რამდენიმე მათგანი ჩემ შესახებ დოლიძესაც ესაუბრა, მაგრამ მათი აზრი არ გაითვალისწინა. 500 ლარი მქონდა ხელფასი, ხელზე 400 ლარს ვიღებდი, რატომ დააწვა მძიმე ტვირთად ბიუჯეტს მხოლოდ ჩემი ხელფასი, გაუგებარია. მოგეხსენებათ, რუსთავის თეატრი მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება და შტატის გაუქმების შესახებ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. არ ვიცი, ეს პროცედურა რამდენ ხანს გრძელდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ წინასწარ არ გამაფრთხილეს და მოულოდნელად გამომიშვეს. მცირე ხელფასის მიუხედავად, ეს თანხა ჩემს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეეტყო. იმის გარანტიით, რომ სამსახური მქონდა, ბანკიდან კრედიტი მაქვს აღებული და ამ ზაფხულს, დასვენების პერიოდში, იმაზე ფიქრი მიწევს, ბანკის ვალი როგორ გადავიხადო!
_ მართლაც უცნაურია, ორგანიზაციაში, სადაც თითქმის ორი ასეული თანამშრომელია და ერთადერთი შტატია, რომლის გარეშეც სპექტაკლის დადგმა შეუძლებელია, უქმდება... დისკრიმინაციაზე საუბრობთ, ხომ ვერ გაიხსენებთ, მანამდე თქვენსა და ახალ ხელმძღვანელობას შორის რაიმე სახის უთანხმოება თუ ყოფილა?
_ უთანხმოებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ერთ ფაქტს მაინც გავიხსენებ. ამის შესახებაც, ძირითადად, იმ ადამიანებისგან ვიგებდი, რომლებთანაც დოლიძე საუბრობდა. როდესაც ის თეატრში დირექტორად მოვიდა, მანამდე უკვე ორი სპექტაკლი იყო ჩაშვებული. ხარჯთაღღიცხვა მისი წინამორბედი დირექტორის დროს გავაკეთეთ. რეპეტიციები მიმდინარეობდა, მაგრამ რადგან გარდამავალი პერიოდი იყო და ახალი დირექტორი უნდა მოსულიყო, ბიუჯეტი გაგვიყინეს, არანაირი საშუალება არ იყო, რომ კოსტიუმები შექმნილიყო, ქსოვილები შემოგვეტანა და ტექნიკური მხარე მოგვეგვარებინა. რეპეტიციები არ შეწყვეტილა, თუმცა ეს მხარე ვერ მიგვარდა. როცა ახალი დირექტორი მოვიდა, ინტენსიური ლაპარაკი დაიწყო, რომ სპექტაკლი მოკლე ვადებში უნდა გამოსულიყო. ის ადამიანები, რომლებიც სპექტაკლზე ვმუშაობდით, სამხატვრო ხელმძღვანელთან და დირექტორთან შევედით, ვთხოვეთ, რომ ჩემთვის საშუალება მოეცათ, სპექტაკლი დამემთავრებინა. დირექტორმა გვიპასუხა, მისგან ყველანაირი ხელშეწყობა მექნებოდა, რომ მაღალი ხარისხის სპექტაკლი გამოსულიყო. დავიწყეთ ქსოვილების მოძიება, ჯერ ლილოს ბაზრობაზე წავედი, შაბათ-კვირა დაემთხვა, რადგან თანხის გადარიცხვას 3-4 დღე სჭირდება, ქსოვილები მაშინვე არ გამოგვატანეს. მოკლედ, ლილოში იაფფასიანი ქსოვილები ვერ ვიყიდეთ, მაშინვე დავურეკე დირექტორს, შესყიდვების სამსახურის უფროსს, ბუღალტერს და საქმის კურსში ჩავაყენე. დირექტორს ავუხსენი, რომ რადგან დროში ვერ ვეტეოდით, თბილისში მაღაზიაა და ის დაგვეხმარება-მეთქი. ჩემი პირადი ურთიერთობის საუძველზე მენდობოდნენ, ოღონდ იქ ქსოვილები შედარებით ძვირი ღირდა. ეს რომ დოლიძეს ვუთხარი, მიპასუხა, _ თუ სხვა გზა არ გვაქვს, წამოვიღოთო. ქსოვილები მისი თანხმობით წამოვიღე, ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, მაშინ გადაეწია სპექტაკლის გამოსვლის ვადები. სპექტაკლი ძალიან კარგი ხარისხის გამოვიდა, ყველაფერმა კარგად ჩაირა, მადლობაც გადამიხადა და მეორე სპექტაკლზე დავიწყეთ მუშაობა. მერე კი პრეტენზიით მითხრა, რომ, თურმე, ქსოვილებზე ბევრი თანხა დაიხარჯა. სინამდვილეში, იმ თანხაში ჩავეტიეთ, რომელიც გამოყოფილი იყო. ეს სპექტაკლია _ ან ნაკლები დაიხარჯება, ან _ მეტი, ამას ვერ აკონტროლებ, ყველა თეატრში ასეა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თანამშრომლებისგან კულუარულად მომდიოდა ამბავი, დირექტორი მათთან ლაპარაკობდა, თითქოს ამ საკითხში ჯეროვნად ვერ შევასრულე ჩემი ვალდებულება. სინამდვილეში კი, როგორც გითხარით, ისე იყო, პირიქით, ჩემი პირადი ურთიერთობებით თეატრს დავეხმარე.
_ რას აპირებთ?
_ რა თქმა უნდა, სამართლებრივი მეთოდებით ვაპირებ საკუთარი უფლებების დაცვას. რატომ უნდა გავხდე დისკრიმინაციის მსხვერპლი?! უკვე ავიყვანე ადვოკატი და დოლიძეს სასამართლოში მოუწევს იმის მტკიცება, რატომ მიიღო ასეთი სახის გადაწყვეტილება.
„ქრონიკა+“ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ზვიად დოლიძეს დაუკავშირდა:
- ჯერ ერთი, მხოლოდ მაგ გოგონას შტატი არ გაუქმებულა, დაცვის სამსახურიც სხვამ ჩაიბარა. მეორე, ვადა გაუვიდა მის ხელშეკრულებას.
- რას გულისხმობთ, თეატრს დაცვა აღარ ჰყავს?
- დაცვის სხვა კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება.
- ეს განსხვავებული საკითხია. ხელშეკრულების ვადა მხოლოდ კოსტიუმების მხატვარს გაუვიდა?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. რედაქციაში როდესაც მუშაობთ, კონტრაქტის ვადა რომ გაგივიდეთ და სხვა თანამშრომელი მოიყვანონ...
- სწორედ მაგას გეკითხებით, ძალიან კარგად ვიცნობ რუსთავის თეატრს და ქეთევან ციციშვილის შემოქმედებასაც, ის თავის სფეროში საკმაოდ წარმატებული ადამიანია. რა იყო მიზეზი, რომ ასეთ თანამშრომელს აღარ გაუგრძელეთ ხელშეკრულების ვადა? თანაც ის ერთადერთია, რომელიც თეატრის მიღმა დარჩა...
- კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ ქალბატონ ციციშვილთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შესაძლო ვარიანტია კოსტიუმების მრავალფეროვნებისთვის მოვიწვიოთ სხვადასხვა მხატვარი. გაუვიდა ხელშეკრულების ვადა და აღარ გავუგრძელეთ. მოწვევით მირჩევნია მოვიყვანო კოსტიუმების მხატვრები, რომ გაცილებით მრავალფეროვანი იყოს შემოქმედებითად თეატრის ცხოვრება.
- სცენოგრაფიაზეც ხომ მხატვარი მუშაობს და არ გსურთ მრავალფეროვნებისთვის ისიც მოწვევით გყავდეთ?
- ეს ისეთი მოსაზრებაა, რომელიც არ მინდა საჯაროდ გავამხილო.
- ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ თქვენ აპირებთ სახელი შეუცვალოთ კოსტიუმების მხატვრის პოზიციას და ამ ადგილზე დაასაქმოთ გოგი ქავთარაძის გერი, რომელიც ახლა მისი სპექტაკლის კოსტიუმებზე მუშაობს. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- არანაირად არ შეეცვლება სახელი ამ ეტაპზე და არანაირად არ მოისაზრება ამ ადგილზე გოგი ქავთარაძის გერი თამუნა ლომიძე. ის იმიტომ ავიყვანეთ კოსტიუმების მხატვრად, რომ მას ადრე ამ კონკრეტულ სპექტაკლზე უკვე ჰქონდა შექმნილი კოსტიუმები. შესაბამისად, დრო რომ არ დაგვეკარგა, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გვინდოდა გაგვეკეთებინა სპექტაკლი. ციციშვილის მოხსნა ლომიძის მოყვანასთან კავშირში არ არის, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. მერე რა იქნება, არ ვიცი. თუ რომელიმე რეჟისორი მოითხოვს თამუნა ლომიძეს, ეს შემდგომი ეტაპის საქმეა, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში არანაირად არ უკავშირდება ციციშვილის გათავისუფლებას, შტატის სახელის შეცვლას და მის ადგილზე ლომიძის მოყვანას.
- თქვენი თეატრის რამდენიმე თანამშრომელს გავესაუბრე და ასეთი რამ ახსენეს, რომ თქვენ მათთან პირად საუბრებში ციციშვილის მიმართ პრეტენზიები გქონდათ და ახსენებდით ზედმეტად დახარჯულ თანხას. ამ საკითხზე ჩვენთან ქეთევანმაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე პრეტენზია პირადადაც წაუყენეთ, თუმცა მისი თქმით, ეს არ შეიძლება თეატრიდან მისი გათავისუფლების მიზეზი ყოფილიყო, რადგან ის თეატრს დაეხმარა და არა, რაიმე შეცდომა დაუშვა...
- ვის ესაუბრეთ?
- მათი ინტრესებიდან გამომდინარე, წყაროს დასახელებისგან თავს შევიკავებ...
- პასუხისგან მეც თავს შევიკავებ.
„ქრონიკა+“-ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს გოგი ქავთარაძე.
თამარ ბატიაშვილი