QronikaPlus
უპრეცედენტო საქმე - ივანე მერაბიშვილი და 4 000 მოწმე?!

უპრეცედენტო საქმე - ივანე მერაბიშვილი და 4 000 მოწმე?!

2016-08-06 09:11:11

ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ ვანო მერაბიშვილზე აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და განსხვავებული და არაერთგვაროვანია მისი პიროვნებისადმი დამოკიდებულებაც, თუმცა მისი ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებიც კი თანხმდებიან, რომ ის საინტერესო და მარავალმხრივი, ამავე დროს, თავისებურად გამორჩეული იუმორის მქონე პიროვნებაა, რაც სულაც არაა უმნიშვნელო პოლიტიკური ფიგურისთვის.   სწორედ მერაბიშვილის ხასიათის ამ თავისებურებებმა განაპირობა ის, რომ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის გენმდივანი, 2012 წლის არჩევნებამდე კი ქვეყნის პრემიერი, აქტუალობას მას შემდეგაც ინარჩუნებს, რაც უკვე რამდენიმე წელიწადია, ე. წ. მატროსოვის ციხეშია და ბოლო დროს პოლიტიკურ განცხადებებს აღარც კი აკეთებს. პოლიტიკურ განცხადებებზე ყურადღება შემთხვევით არ გაგვიმახვილებია _ საზოგადოება თითქოსდა შეეჩვია, რომ სანამ სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, ვანო მერაბიშვილის მოსაზრებები, მისი ჟესტებიც კი სასამართლოზე, აქტიური განხილვის საგანი იყო, ხოლო იმ დღეებში, როცა სასამართლო პროცესები არ იმართებოდა, მერაბიშვილის ოფიციალური გვერდი „ფეისბუქზე“ ოპერატიულად და დაუყოვნებლივ ეხმიანებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების პერიპეტიებს. ამ წერილის მიზანი არც ივანიშვილის დემონიზებაა და არც გაიდეალება. „ქრონიკა+“-მა, უბრალოდ, ვანო მერაბიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებული და მის სასამართლო პროცესებზე მომხდარი კურიოზული და საინტერესო ეპიზოდების ერთად თავმოყრა გადაწყვიტა. კაცმა რომ თქვას, კურიოზები ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე მის სასამართლო პროცესებს ვიხილავდით. ვგულისხმობ პროკურატურაში დაბარებული ვანო მერაბიშვილის შენობიდან გამოსვლის დროს გაჯგიმულ შსს-ს დაცვის ახალწვეულს _ თვრამეტიოდე წლის ბიჭს, რომელიც შენობის დაცვის ჯგუფში იმ ცვლაში მორიგეობდა. ის სმენაზე დადგა და ვანო მერაბიშვილს სამხედრო სალამი უძღვნა, როცა იგი პირველი დაკითხვიდან გამოდიოდა. ამ ფოტომ მთელი ქართული ინტერნეტსივრცე მოიარა და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადარჩა ის ბიჭი სტრუქტურიდან დათხოვნას, ან, რაც ნაკლებად სარწმუნოა, ფოტოკადრი არ მისულა ბიძინა ივანიშვილამდე, თორემ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოლიგარქს მსგავსი ფაქტები ძალიან უმძიმებს გულს და ბოღმის ჩახვევაც იცის... „მე მაქვს ამის უფლება, არ მინდა, რომ ჩემი დაკითხვა იწერებოდეს“, _ ვანო მერაბიშვილის ეს ფრაზაც ბევრს, შესაძლოა, ახსოვს, როცა ის ბოლოს იყო დაკითხვაზე და იქიდან უკვე აღარ გამოუშვიათ. ელოდა თუ არა დაპატიმრებას ვანო მერაბიშვილი? სავარაუდოდ, ის ამისთვის მზად იყო. „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე ეპიზოდის შესახებ იმ შეხვედრებიდან, რომელთაც ვანო მერაბიშვილი დაპატიმრებამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საზოგადოებრივად აქტიურ ინტერნეტმომხმარებლებთან ატარებდა. აუდიტორიის შერჩევა ცალკეულ პირებს ევალებოდათ და დღეში მერაბიშვილი ორ-სამ მსგავს ჯგუფს მასპინძლობდა, ჯგუფში კი, დაახლოებით, 25-30 ადამიანი იყო. მერაბიშვილი მათთან გულახდილად საუბრობდა შეცდომებზე, ხედვაზე, საჭირო ცვლილებზე, იხსენებდა კურიოზებსაც და პასუხობდა შეკითხვებსაც. ჩვენთვის გამხელილი ეპიზოდიდან ირკვევა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციის ფლანგზე ყოფნა მერაბიშვილს უკვე მოსწონდა კიდეც. „ძალიან ძნელია, როცა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში ხარ. მაგალითად, ავიღოთ, რომელიმე რეგიონისთვის ჩამოგაქვს ტრაქტორები: უნდა დაუკავშირდე, ვისგანაც მას ყიდულობ, უნდა გაარკვიო ტრანსპორტირების დეტალები, უნდა შეამოწმო და დატესტო, უნდა ჩამოიყვანო და გაანაწილო, მერე კი ერთ პატარა სიუჟეტში გამოჩნდება, რომ, აი, ამ რეგიონს ხელისუფლებამ გადასცა ტრაქტორები. მაგრამ ამის უკან რა შრომა იმალება, ცხადია, არ ჩანს. სამაგიეროდ, ადვილია, როცა ოპოზიციაში ხარ: მოიწვევ ბრიფინგს, დადგები კამერების წინ, უკან ცარიელი ველის ფონი გექნება, გაშლი ხელებს და იტყვი: „სადაა დაპირებული ტრაქტორი?“ ამასთან, იმ პერიოდში, მერაბიშვილი საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მისი ოპტიმიზმი იმის თაობაზე, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში სიტუაცია კარდინალურად შეიცვლებოდა, გამართლდა. მაგალითად, ივანიშვილი პროგნოზირებდა, რომ ენმ ამ ოთხ წელიწადში გაძლიერდებოდა, ხოლო „ოცნება“ დასუსტდებოდა. მის ბოლო წერილშიც, რომელიც ციხიდან გამოაგზავნა, სწორედ ეს განწყობა ჩანს, _ რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ს ალტერნატივა არ გააჩნია. სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა გასჭირვებოდა _ ის წლების განმავლობაში სწორედ ვანო მერაბიშვილს ეხმიანებოდა და მასთან ურთიერთობდა, ხოლო საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ვანო მერაბიშვილმა ივანიშვილისგან არსებული პოტენციური საფრთხეები ჯეროვნად ვერ შეაფასა, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ შეატყობინეს, მერაბიშვილს, თურმე, ეს ამბავი სიცილადაც არ ეყო და თითქმის ოლიგარქის პირველი ეპისტოლის გამოქვეყნებამდე ირწმუნებოდა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავდა. მერე კი იყო მერაბიშვილის დაპატიმრება, მისი სასამართლო პროცესები და არანაკლებ კურიოზული სიტუაციები, ვიდრე ბაჩო ახალაიას სასამართლო სხდომებზე. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მედიაში მაინც ის აზრი მუსირებდა, რომ მერაბიშვილი არა შს მინისტრობის დროს ჩადენილი „ცოდვების“, არამედ საყოველთაო დასაქმების პროცესში არსებული დარღვევებისთვის ისჯებოდა, ეს კი ხალხმა აღიქვა, როგორც იმ ადამიანის დასჯა, ვინც მათ დასაქმებაზე ზრუნავდა. რასაკვირველია, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ამ მუხლებით სასამართლო სხდომების გამართვა მერაბიშვილის რეიტინგს გაამყარებდა, მაგრამ სხვა რა უნდა ექნათ, როცა მერაბიშვილს ბრალს ვერაფერში წაუყენებდნენ? ხოლო სასამართლოზე მოსული პროკურატურის მოწმეები, როგორც კი მერაბიშვილს დაინახავდნენ, ბრინჯივით იბნეოდნენ და წინასწარ დაზეპირებული ტექსტები იქვე ავიწყდებოდათ: „თქვენ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ბატონო ვანო!“ _ ამ სიტყვებს იმეორებდა მათი უმრავლესობა, რასაც ყოფილი პრემიერი ღიმილით ხვდებოდა. 2014 წლის ივნისში უკრაინის შს ყოფილი მინისტრი იური ლუცენკო ვანო მერაბიშვილის სასამართლო სხდომას დაესწრო. მან ვანო მერაბიშვილს მეგობარი უწოდა და თქვა, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლა: ჩვენ არა მხოლოდ საქმე გვაკავშირებდა, არამედ მეგობრული ურთიერთობაც. დღეს აქ ვარ ორი მიზეზის გამო. მე მინდა, მხარი დავუჭირო ჩემს კოლეგას, რეფორმატორს, არაკორუფციული ქართული პოლიციის შემქმნელს, ასევე ჩემს მეგობარს ვანოს~, _ განაცხადა ლუცენკომ, შემდეგ კი საკმაოდ კურიოზული ფრაზა უთხრა ჟურნალისტებს: „მეჩვენება, რომ მოსამართლეს მერაბიშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ვანოს მოსამართლის გადაწყვეტილების“, _ ეს ფრაზა ქართულ ინტერნეტსივრცეში საკმაოდ დიდხანს ტრიალებდა. პარალელურად, მედია ივანიშვილზე სკანდალურ ინფორმაციას ინფორმაციაზე ავრცელებდა. მაგალითად, ციხეში მერაბიშვილის ყოფნიდან ერთი წლის თავზე ზოგიერთი წერდა, თითქოს ივანიშვილს ჰალუცინაციები სტანჯავდა: „ვანო მერაბიშვილს აწუხებს ჰალუცინაციები, მოჩვენებები, ასახელებს გაურკვეველი ადამიანების გვარებს, კამერაში ზის სრულიად შიშველი და ტანსაცმელს აცმევენ ძალით. როდესაც მასთან ადვოკატი შედის, თავს ურტყამს კედელს და ყვირის, _ ვვარჯიშობო“. სინამდვილეში, საქმე ცოტა სხვაგვარად იყო: მერაბიშვილი კედელს კი არ ურტყამდა თავს, დღეში სამჯერ მიდიოდა კედელზე დამაგრებულ ვიდეოთვალთან, მის ქვეშ აკაკუნებდა და ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს ბიძინა ივანიშვილს „გულთბილ“ მოკითხვას უგზავნიდა, რომელიც დაპირებით მთავრდებოდა: „იცოდე, ერთ დღეს მაინც დედას მოგი***ავ!“ _ ამის შესახებ „ქრონიკა+“ ადრე წერდა კიდეც. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბითაც კი პირველი პატიმარია, რომელმაც საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა და ამ განცხადების საფუძველზე გამოძიება მანამ არ დაიწყო, სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია, რომ უნდა დაწყებულიყო. ვანო მერაბიშვილის განცხადებას საკნიდან მისი იძულებით გაყვანისა და იმდროინდელ გენპროკურორთან შეხვედრის შესახებ სხვადასხვაგვარად და საკმაოდ კურიოზულად აფასებდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. იმ შეფასებებიდან მხოლოდ ერთის გახსენებაც იქნება საკმარისი. მაგალითად, ზაქარია ქუცნაშვილი ასე ამბობდა: „მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არაა დანაშაული, დანაშაული იქნებოდა მასზე ფიზიკური ძალადობა“. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია... მერაბიშვილი კიდევ ერთი კრიტერიუმით შეიძლება ჩაითვალოს კურიოზულ პატიმრად _ მის საწინააღმდეგოდ პროკურატურამ, არც მეტი, არც ნაკლები, 4000 მოწმის გამოყენება გადაწყვიტა და განაცხადა, რომ სწორედ ამდენი მოწმეა დაკითხული. ამ დროს მერაბიშვილი სასამართლოზე თბილისიდან ქუთაისში დაჰყავდათ, მოსამართლემ კი გადაწყვიტა, 3000 მოწმე დაკითხულიყო. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მარტო ამდენი მოწმის სიის წაკითხვასაც კი ერთი სასამართლო სხდომისთვის საჭირო დრო უნდოდა და მაშინ, როცა თბილისიდან ქუთაისამდე მერაბიშვილის ტარებაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა იხარჯებოდა, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა მათი მოსმენა. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ყველა მოწმის ჩვენება და შეკითხვებზე პასუხი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. მერაბიშვილი უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა სიმშვიდეს, ბოლოს კი გაბრაზდა: „ქალებს არ მივაყენებდი შეურაცხყოფას და არ დავიგინებდი, მაგრამ რაც ამდენი მოწმე არ დაგიკითხავთ, იმდენი შეგეწეროთ“, _ მიმართა ვანო მერაბიშვილმა ბრალდების მხარეს. „ჩვენი დღევანდელი მოსამართლე შანსს არ უშვებს, რომ ყოველდღიურად დანიშნოს სხდომა, რათა 4 ათასი თუ არა, 300 მოწმე მაინც გამოვიდეს აქ და ამ მოწმეებს ამოეფაროს. აქამდე დაკითხული მოწმეებიდან არც ერთს მიუცია ზურას და ჩემ წინაააღმდეგ ჩვენება და რამდენი ადამიანიც არ უნდა მოვიდეს აქ, ვინც არ უნდა მოიყვანოს ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა, ვერც ერთი ადამიანი მისცემს ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას და ამაში დარწმუნდებით. თქვენი მცდელობა, ამოეფაროთ საქართველოს მოქალაქეებს, აწვალოთ ისინი, უშედეგოდ დასრულდება!..“ _ დაამატა მან იმავე სხდომაზე. საბოლოოდ ასეც მოხდა: არც ერთი „კაციჭამიური“ და სერიოზული ბრალდება ვანო მერაბიშვილისთვის არც წარუდგენიათ და, შესაბამისად, არც დაუმტკიცებიათ. წლების შემდეგ უკვე ბევრი აღიარებს, რომ მერაბიშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილის შეცდომა იყო, თუმცა, ცხადია, საპარლამენტო უმრავლესობის არც ერთი წარმომადგენელი ამას ხმამაღლა არ ამბობს და ეს არცაა გასაკვირი. თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შუბი ხალთაში არ დაიმალება...  

                                                                                                                  ლაშა ბერულავა

   

გაზიარება