მე-17 საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის ყველა სახლს გარშემო ქვის გალავანი ჰქონდა შემორტყმული. ამ პერიოდს ისტორიკოსები ლეკიანობის ხანას უწოდებენ, რადგან დაღესტნიდან გადმომავალი მოთარეშეები ოჯახებს უვარდებოდნენ და აწიოკებდნენ. ქვიტკირის გალავანი კარგი დამცავი საშუალება გახლდათ _ ოჯახი გამოკეტილი იყო და მტერი ადვილად ვერ შემოვიდოდა ეზო-ყურეში... თუმცა ეს ძველად, დღეს კი ლეკიანობა კახეთსა და ქიზიყში ისტორიას ჩაბარდა.
თუმცა ერთ ქიზიყურ სოფელში მეპატრონემ რამდენიმე თვის წინათ იმხელა გალავანი შემოარტყა სახლს, რომ ყვავსაც კი გაუჭირდება მასზე გადაფრენა. არ ვიცი, სოსო გოგაშვილს ვისი ეშინია _ ლეკების თუ ქართველების _ მაგრამ მის მეზობლებს დიდი ხანია, აღარ უნახავთ, როგორ გამოიყურება სოსოს ეზო...
ზემო მაჩხაანი ლამაზი სოფელია, იქ გულწრფელი ხალხი ცხოვრობს, მეხსიერება ამ სოფელში კარგი აქვთ და არ ავიწყდებათ თანასოფლელი ბიჭი, რომელმაც, ერთ მშვენიერ დღეს, ქუდი დაიხურა და ბედის საძიებლად თბილისს გაეშურა... ბევრი იარა თუ ცოტა, სადღაც იღბალი დახვდა და იღბალმა ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოება ჩააბარა. ეს ამბავი ძალიან ჰგავს იმ ძველ ქართულ ხალხურ ზღაპარს, ასფურცელა რომ ბედს ეძებდა...
ასფურცელამ რაც იპოვა, კი ვიცით, მაგრამ იღბლიანმა გოგაშვილმა, სანამ მეფე თავის ქვეშევრდომად და პირველ ვეზირად გამოაცხადებდა, ხორცის დისტრიბუცია დაიწყო ფარშის დისტრიბუციასთან ერთად. ქალაქში აღებულ ერთ მაღაზიაში მწვანილებსაც ოხრად ყიდდაო, _ ასე გულიანი სიცილით მომიყვნენ მისი მეგობრები... მერე კი დიდი კრახის დროც დადგა და სოსომ ვალები ვალებზე დაიდო... დღეს სოფელში ის გადაუხდელი ვალი ბევრი აქვს, მაგრამ რაა? ახლა შიშით ვერავინ ვეღარ სთხოვს...
ვალების გადამკიდემ იმდენი ტყუილი თქვა, რომ თავისი კარის მომიჯნავე ბიძაშვილები მოიმდურა და დღემდე ტყუილისათვის მისი ძმათა შვილები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან...
სოსო სოფლად იშვიათად ჩადის, სოფელში მისი მშობლები ცხოვრობენ და სახლს კი იმხელა ღობე არტყია და ეზოში იმდენი ძაღლია დაბმული, რას მალავს სუს-ის უფოსი სოფლის ეზო-ყურეში, არავინ იცის...
ყველაზე უამინდო ხანაში გოგაშვილის ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მამაცაშვილი გამოჩნდა. მამაცაშვილს ზემო მაჩხაანში კარგად იცნობენ. იციან, რომ ის სოსოს მფარველი ანგელოზია და რომ არა ის, დღეს სოსო აღარც ფარშის დისტრიბუტორი იქნებოდა და აღარც თბილისელი ბიჭი....
დედოფლისწყარო ერთადერთი რაიონია, სადაც სოსოს არჩევნების ჩატარება ალექსანდროვიჩმა აუკრძალა. ამ რაიონში ისევ სიმამრი თამადობს და პოსტის დათმობას გოგაშვილს არ უპირებს.
სამაგიეროდ, გოგაშვილს სხვაგან აქვს შტაბი გახსნილი.
სოსოს ხაშურის იატაკქვეშეთი
ხაშურის ერთ-ერთ ეკლესიაში, როცა მონასტრის კარი 9 საათზე იკეტება, გვიან გოგაშვილი სტუმრობს და სტუმარსაც სათანადოდ უმასპინძლდებიან. სტუმრობის დროს მხოლოდ გოგაშვილი არ არის მრგვალ მაგიდასთან, საარჩევნო შტაბი სუს-ის უფროსის მოადგილეს სწორედ ამ მონასტერში აქვს მოწყობილი. ძირითად დავალებებს ხაშურში გასცემს და მისი მარჯვენა ხელი ერთ-ერთი მოძღვარი, მისი წამოსვლის შემდეგ, სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლებს იბარებს და სოსოს დანაბარებს გადასცემს.
იატაქვეშეთს ორი დატვირთვა აქვს: ერთი, რომ ყველა რაიონის პოლიტიკური ამინდი აქ ირჩევა და ირკვევა, და მეორე: ყველა ეპარქია სწორედ ამ ღვთის ტაძრიდან იმართება.
მეუფე სვიმონი
2013 წლის 11 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თავმჯდომარეობით, წმიდა სინოდის სხდომა შედგა, რომლის მიერაც განხილულმა და გადაწყვეტილმა საკითხებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან რამდენიმე მღვდელმთავარი პენსიაზე გაუშვეს, თუმცა მათ წოდება და წმიდა სინოდის წევრის სტატუსი შეუნარჩუნდათ.
ამასთან ერთად, საყურადღებო და უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა: შეიქმნა და გაიყო რამდენიმე ეპარქია. გაყოფილ ეპარქიებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რუისისა და ურბნისის ეპარქიის გაყოფამ, რომელსაც მეუფე იობი (აქიაშვილი) ედგა სათავეში 1996 წლის 21 ოქტომბრიდან, 2013 წლის 11 ოქტომბრამდე. სინოდზე ცნობილი გახდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ეპარქია გაიყო.
გამოეყო სურამისა და ხაშურის ეპარქია, რომელსაც ზემო მაჩხაანელი სოსო გოგაშვილის მეუღლის ნათესავი, იღუმენი სვიმონი (ცაკაშვილი) უხელმძღვანელებდა.
მეუფე სვიმონი დაიბადა დედოფლისწყაროს რაიონის ერთ-ერთ სოფელში. დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსია.
1999 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-100 საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. პარალელურად გადიოდა თეოლოგიურ სწავლებას. 2000 წლიდან მშობლიურ რაიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანში სათავეში ჩაუდგა წმინდა გიორგის ტაძრებისა და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრების აღდგენა-რესტავრაციას.
2013 წლის 10 ნოემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად შექმნილი ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს.
ჩემი წყარო
_ მეუფე სვიმონი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც გოგაშვილი ენდობა.
_ რატომ?
_ არ ვიცი, ძალიან ღრმა ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და, ალბათ, მიტომ. მე მეუფის ბიოგრაფიას გადავხედე და მინდა გითხრა, რომ ძალიან წესიერი ახლაგაზრდა ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა, რომელსაც ბევრი კარგი აქვს გაკეთებული.
_ მაგაზე არც ვდაობ.
_ რა თქმა უნდა, მეუფე მართლა კარგი ადამიანია, უბრალოდ, როცა ეს ერთი დიდი, ისტორიულად განუყოფელი რუის-ურბნისის ეპარქია გაიყო, უდიდესი შეცდომა დაუშვეს სინოდის გადაწყვეტილებით. მრევლის აზრი არ გაითვალისწინეს.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ასე ხელაღებით არ შეიძლება, უცებ მოწმენდილ ცაზე გადაწყვიტო და შექმნა ეპარქია, რომელსაც ისტორიული საფუძველი არ გააჩნია, გამოგლიჯო მთავარ ეპარქიას რუისი და ურბნისი.
_ სინოდში მომხრეები ჰყავდა და ვინმე ეწინააღმდეგებოდა?
_ ეს 2013 წლის ნოემბერში მოხდა, რასაც მთელი ექვსთვიანი მოლაპარაკება უძღოდა წინ. ვიცოდით, რომ სახელმწიფოდან ვიღაცა დაჟინებით ითხოვდა, რომ რუის-ურბნისის ეპისკოპოსი გამოცვლილიყო. პატრიარქმა სასტიკი უარი თქვა, ვერ დაითანხმეს. სამაგიეროდ, სინოდის წევრები დაითანხმეს, რომ ეს ერთ მუშტად შეკრული რუის-ურბნისის ეპარქია გაყოფილიყო და ცალკე გამოყოფილიყო, ხოლო სურამისა და ხაშურის ეპარქია _ ცალკე და ეპარქიის ხელმძღვანელად მეუფე სვიმონი დანიშნულიყო
_ მერე?
_ მერე რაც მოხდა, ხედავთ. დღეს მეუფე სვიმონი გოგაშვილის მოვალეა. რომ არა გოგაშვილის მოთხოვნა, რუის-ურბნისი არ დაიშლებოდა...
_ ამით რა სარგებლობა აქვს გოგაშვილს?
_ ეპარქიას უდიდესი ძალა აქვს და ეს ცნობილია, ეპარქიას ბევრი რამ შეუძლია. იცი, რატომ იღუპება ქვეყანა? იმიტომ, რომ გოგაშვილები მართავენ ეპარქიებს _ ქმნიან, ყოფენ, მერე იმ ეპარქიებს ფარული შეხვედრის ადგილებად იყენებენ და საერო ცხოვრების პრობლემებს იქ განიხილავენ, აგვარებენ, ყველაფრის თქმაც აღარ შეიძლება, აღარ!..
P. S. აბა, მე მზად ვარ, გადამეცით ანათემას, მომკვეთეთ, შემრაცხეთ... როგორ გავბედე იმის დაწერა, რასაც ვერ წერთ, ვერ ამბობთ, გულში ინახავთ და ჩემთან იოხებთ გულს...
ხელდასხმის შესრულების წესი ისე უნდა აღსრულდეს, როგორც ნეტარებით მოხსენიებული გიორგი მთაწმინდელის „ახალ კურთხევანშია“ აღწერილი. ეკლესიის კურთხევა, საკურთხევლის დამყარება და ღმერთმყოფელი მირონის განწმენდა ასევე უნდა შესრულდეს, როგორც მასშია მოხსენებული რუის-ურბნისის 1005 წლის კანონით, ოთხი ძეგლისდების მიხედვით.
მაკა მოსიაშვილი